თეგი: გამოცდები

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც გორგოძემ აღნიშნა, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა. მისივე განმარტებით, ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და ასევე გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს ეძლევათ. მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება. „საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება. აბიტურიენტების საყურადღებოდ: რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: ძირითად ეტაპზე - 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოამზადა 2023 წლის გამოსაცდელებისათვის სპეციალური ელექტრონული კრებულები, რომლებშიც მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია. ცნობარი აბიტურიენტებისათვის - აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. გზამკვლევი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის - კრებულში განთავსებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ, აგრეთვე ტესტური დავალებების ნიმუშებს. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ საგანში ცვლილებები შედის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 3 საგნის ფორმატში მცირედი ცვლილება არის შესული და სჯობს, აბიტურიენტები ამ სიახლეებს გაეცნონ. როგორც გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები ისტორიის, უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებს შეეხება. „წელს ფორმატის მცირედი ცვლილება არის მხოლოდ 3 საგანში, ეს გახლავთ ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში. ფორმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ აბიტურიენტებისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ გაეცნონ. საგამოცდო დრო არ შეცვლილა", - განაცხადა გორგოძემ. ამასთან, მისივე თქმით, რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურში წელს ახალი საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. „ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობისგან და გათვალისწინებული იქნა ეს მოთხოვნა. ამის თაობაზე 2 წლის წინ დაიწყო საუბარი, მუშაობა და წელს შევძელით, რომ ეს გაგვეკეთებინა", - განაცხადა გორგოძემ. მისი განმარტებით, საგამოცდო ცენტრების რაოდენობა ყოველ წელს მცირედით იცვლება. როგორც სოფიო გორგოძემ განაცხადა, წელს 27 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.  

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლამდე გადავადდა - განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის დასაწყისამდე გადავადდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და წამყვანი და მენტორ მასწავლებლებს 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე არაერთი შეხვედრა ჩავატარე მასწავლებლებთან მათი მოსაზრებების, სურვილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით. არაერთი საინტერესო იდეა მოვისმინე და ყველა მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც პირველ რიგში მასწავლებლის პროფესიის აღიარებით, დაფასებით და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნით უნდა დავიწყოთ. მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც დამატებით მოგვცემს საშუალებას სწორად გავაანალიზოთ საჭიროებები. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია გადავადდეს 2024 წლის დასაწყისში. თუმცა, ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა. ეს პერიოდი გვინდა გამოვიყენოთ პროცესზე დასაკვირვებლად, რომელიც პირველად მიმდინარეობს სისტემაში. გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები არ იყოს ორიენტირებული მოკლევადიანი ამოცანების გადაჭრაზე, არამედ ეფუძნებოდეს გრძელვადიან სისტემურ ხედვას. ბუნებრივია, მასწავლებლის პროფესიული განვითარება მისი ყოველდღიური საქმიანობის პროცესია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს მუდმივად ჰქონდეთ სრული მხარდაჭერა სისტემის ყველა რგოლისგან პროფესიული განვითარებისთვის და ასევე, ყოველწლიურად ჰქონდეთ მრავალმხრივი შესაძლებლობა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელონ კარიერული წინსვლა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.