პოლიტიკა

ესტონეთმა ერევანში საელჩო გახსნა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და მისმა ესტონელმა კოლეგამ მარგუს ცაჰკნამ ერევანში, ესტონეთის რეზიდენტი საელჩო გახსნეს. წარმომადგენლობის გახსნის ცერემონია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თავის გამოსვლაში მირზოიანმა საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანად ნაბიჯად შეაფასა, რომელიც სომხეთთან კავშირების გაღრმავების მიმართ ესტონეთის ერთგულებას ასახავს. „ეს მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთ-ესტონეთის ურთიერთობებში,“ - განაცხადა მირზოიანმა და აღნიშნა, რომ რეზიდენტი საელჩოს დაარსების გადაწყვეტილებას ესტონეთის მთავრობაში მნიშვნელოვანი ძალისხმევა და კოორდინაცია სჭირდებოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი აჩვენებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას სომხეთის დემოკრატიის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის კეთილდღეობის მიმართ. მირზოიანმა ასევე ხაზი გაუსვა ესტონეთის მიერ სომხეთისადმი თანმიმდევრულ მხარდაჭერას არამხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ფარგლებშიც. თავის მხრივ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საელჩოს გახსნა „ისტორიულ მოვლენად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ესტონეთი აფართოებს თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. მან შეაქო „სომხეთის გზა მშვიდობის, ევროპული ღირებულებებისა და კეთილდღეობისკენ“ და კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ერევანს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი თბილისიდან ერევანში გადაიყვანა და საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტა.  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე განმარტა, რომ ესტონეთს დიდი ხანია, წვლილი შეაქვს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. თუმცა „საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისგან სისტემატური დაშორების გათვალისწინებით, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი აღარ არის.“ ესტონეთი „კვლავაც უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის განვითარებას.“ თბილისიდან წასვლის წინ ელჩმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა: „თუ მეკითხებით, ჩემი წასვლის ფაქტი ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს ასახავს. ამის დამალვა არ შემიძლია. ასე მუშაობს დიპლომატია.“  ესტონეთი საქართველოში საელჩოს არ ხურავს. „ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი აქ და საელჩოს მუშაობას ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაუძღვება. ტალინში დიპლომატიურ სიას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ საქართველოს ასევე აქვს საელჩო ტალინში, რომელსაც უძღვება დროებითი რწმუნებული. ასეთია მდგომარეობა,“ - განაცხადა მარგე მარდისალუ-კაჰარმა. „ელჩების ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანაში განსაკუთრებული არაფერია, თუ თავად ესტონური მხარე არ აძლევს ამას რაიმე მნიშვნელობას,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 14 თებერვალს. ესტონეთის საელჩო თბილისში 2006 წლის დეკემბერში გაიხსნა. საქართველომ კი,  ტალინში საელჩო 2007 წლის აპრილში გახსნა.  

შუა დერეფნის შესაძლებლობების შესასწავლად, გერმანია აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ბიზნეს მისიას გზავნის

გერმანიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, NRW.Global Business, 29 ივნისიდან 3 ივლისამდე აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ბიზნეს მისიას გაგზავნის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მისიის მიზანია შუა დერეფნის [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის] დინამიკური განვითარების კაპიტალიზაცია. NRW.Global Business აღნიშნავს, რომ დერეფანში ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ეს მოცულობა 2030 წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება. „კომპანიებისთვის ეს მიმზიდველ ბიზნეს შესაძლებლობებს წარმოადგენს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2030 წლისთვის დაახლოებით 20 მილიარდი ევროს პროგნოზირებული საინვესტიციო საჭიროებებია,“ - განაცხადა სააგენტომ. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემები ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის სტაბილურ ზრდას აჩვენებს: 2019 წელს 759,000 ტონა, 2020 წელს 783,000 ტონა, 2021 წელს 586,000 ტონა, 2022 წელს 1,485 მილიონი ტონა, 2023 წელს 2,764 მილიონი ტონა და 2024 წელს 4,484 მილიონი ტონა. თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მონაცემებით, შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 2025 წელს 4,7 მილიონ ტონას მიაღწია.  

ალიევის ვიზიტის ძირითადი გზავნილები

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტისას შეხვედრები გამართა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. დღის ბოლოს ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა. „ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში“ ალიევის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრეს „ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში,“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, როდესაც „მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები.“ „ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი. მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს. ის შეთანხმებები, რომლებსაც [სომხეთთან] ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ სამომავლოდ, ყველა ნაბიჯი ამ მშვიდობას უნდა აძლიერებდეს. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ხელშეწყობისთვის,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.  თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „საქართველო მიესალმება. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს.“ „ჩვენ, საჭიროებისამებრ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს.“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები. „მეგობრული, მეზობლური და ძმური ურთიერთობების განვითარებაში ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. მანვე აღნიშნა, რომ „საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო.“ ენერგეტიკა „ჩვენი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაკვირდებით გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის “შუა დერეფნის” მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის, როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას. ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას. საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის, საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. ეს ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით, განვავითარეთ და გავაფართოეთ სატრანსპორტო დერეფნები. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართომასშტაბიანია, მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერს განვახორციელებთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას. ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს და მეგობრობას, ეს არის კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით მუდამ. მინდა, ვუსურვო ქართველ ძმურ ერს მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა,“ - განაცხადა თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევთან ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. მათ შორის, აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.  ალიევის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის როლს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამასთან, ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განხორციელებული ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობას და აღნიშნეს მათი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა. ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ასევე, პირისპირ საუბრისას „ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.“ ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ აზერბაიჯანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით.  აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისს დღეს ეწვია.  

„რუსული პასპორტის მქონე პირებს არ შეუძლიათ სომხეთის არჩევნებში მონაწილეობა“ - ფაშინიანი პუტინს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, სომხეთში თანამდებობებისთვის იყარონ კენჭი. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა მუდმივი პოლიტიკური აქტივობით. „პრაქტიკაში, ჩვენ წელიწადში ორჯერ ვატარებთ არჩევნებს - მუნიციპალურ არჩევნებს - და ისინი ძალიან პოლიტიზებულია, რადგან ხალხი ჩვენი რეფორმების შედეგად, პოლიტიკურ პარტიებს უჭერს მხარს ან მის წინააღმდეგ აძლევს ხმას,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მანვე განმარტა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობის მაღალი დონე ორაზროვნად აღიქმება. „ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე მიიჩნევს, რომ სომხეთი მეტისმეტად დემოკრატიულია, მაგრამ ეს ჩვენთვის პრინციპის საკითხია,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა საინფორმაციო სივრცეში თავისუფლების დონეს. „მაგალითად, სომხეთში სოციალური მედია 100%-ით თავისუფალია. ბევრი მოქალაქე ამას გადაჭარბებულად მიიჩნევს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მომავალ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნები განსაზღვრავს პარლამენტის შემადგენლობას და, ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრის ვინაობასაც. მანამდე, ამავე შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ „სომხეთში არსებული პრორუსული პოლიტიკური ძალები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.“ პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას საუბარი სწორედ სომხეთის არჩევნების თემით დაიწყო. „ჩვენ სომხეთში ბევრი მეგობარი გვყავს. ასევე, რუსეთის ფედერაციაში ბევრი სომეხი ცხოვრობს. 2 მილიონზე მეტი. ამის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. [სომხეთში] ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულია. გვსურს, რომ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს არჩევნების დროს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეეძლოს. ვიცით, რომ ბევრი მათგანი ციხეებშია, მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსული პასპორტები აქვთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია და ჩვენ არ ვერევით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გვსურს, რომ მათ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეძლონ,“ - განაცხადა პუტინმა კრემლში გამართული შეხვედრისას, რითაც მედიის ცნობით, მკაფიოდ მიანიშნა ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანზე, რომელიც პატიმრობაშია. ამის საპასუხოდ, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ფიგურების სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკა არ არსებობს. „ზოგადად, ჩვენ ციხეებში არ გვყავს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეები,“ - განაცხადა ფაშინიანმა და განმარტა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ. ფაშინიანმა კანდიდატებისთვის კონსტიტუციურ მოთხოვნებზე გაამახვილა ყურადღება: „მინდა, აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ. სრული პატივისცემით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, რუსული პასპორტის მქონე პირები არ შეიძლება, რომ პარლამენტში დეპუტატობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები იყვნენ,“ - ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რუსეთთან კავშირებმა ბოლო წლებში სერიოზული გამოცდა გაიარა. „100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ იცით, რომ ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ისევე როგორც ჩვენი პირადი ურთიერთობები, მრავალი გამოცდის წინაშე იყო,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს „კონსტრუქციული და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგის შენარჩუნებისთვის.“ „ძალიან მიხარია და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ შექმნილი ნდობის ატმოსფეროსთვის.“ ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთში დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი არჩევნების შემდეგ და რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკურად განვითარება გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა წელს გაფრთხილება გამოთქვა, რომ „გარე აქტორები“ ცდილობდნენ სომხეთის პოლიტიკაში ჩარევას, რაც ანალიტიკოსების აზრით, რუსეთზე მინიშნება იყო. ამასთან, ევროკავშირი სომხეთში, საარჩევნოდ, ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის. პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ასევე განუცხადა, რომ შეუძლებელია, სომხეთი ერთდროულად იყოს ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი.  „ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთში მიმდინარეობს დისკუსია ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების შესახებ. ჩვენ ამას სრულიად მშვიდად ვუყურებთ, გვესმის, რომ ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობიდან. თუმცა აშკარა უნდა იყოს, გულახდილად და წინასწარ, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირთან საბაჟო კავშირში ყოფნა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ შეუძლებელია. და ეს საკითხი პოლიტიკურიც კი არ არის, არამედ, წმინდა ეკონომიკური ხასიათისაა. რადგან ზოგიერთი საკითხი დიდ ერთობლივ მუშაობას მოითხოვს, რაც წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას. ფაშინიანმა პუტინს უპასუხა, რომ სომხეთი იაზრებს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) და ევროკავშირში წევრობა შეუთავსებელია, თუმცა ჯერჯერობით შესაძლებელია, რომ ორივე გზას მიჰყვეს. „რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ ვიცით, რომ პრინციპში, ორ კავშირში წევრობა შეუთავსებელია. თუმცა ჩვენი ამჟამინდელი დღის წესრიგით, ისინი თავსებადია - ეს ფაქტია. და ვიდრე არსებობს შესაძლებლობა, გავაერთიანოთ ეს დღის წესრიგი, ჩვენ ამას გავაკეთებთ. როდესაც პროცესები მივა იმ წერტილამდე, სადაც გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ანუ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში, ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს ყოფილა და არც არასოდეს დადგება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ეს კავშირები და ურთიერთობები ძალიან ღრმაა და განხილვას არ ექვემდებარება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა ამავე შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთთან სარკინიგზო კავშირები, ასევე რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით იმპორტი - და მომავალში ექსპორტი - აძლიერებს სომხეთის ეკონომიკურ კავშირებს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. მისივე თქმით, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა და არც არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ იმის გამო, რომ ერევანი ევროკავშირთან თანამშრომლობდა.  ამავე შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი გაზს სომხეთს ევროპაში საწვავის ამჟამინდელ ფასებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად აწვდის. „რაც შეეხება ენერგეტიკას, იმედი მაქვს, რომ აქაც გამოსწორდება სიტუაცია. დღეს, როგორც იცით, ევროპაში ენერგიისა და გაზის ფასები 1000 კუბურ მეტრზე 600 დოლარს აჭარბებს. რუსეთი სომხეთს გაზს 1000 კუბურ მეტრზე 177,5 დოლარად აწვდის. სხვაობა უზარმაზარია,“ - განაცხადა პუტინმა.  მანვე აღნიშნა, რომ ის და ფაშინიანი ხშირად კამათობენ ენერგიის ფასებსა და მიწოდებაზე. „ვიცი, რომ თქვენ ენერგიის ფასების განსაზღვრის სხვა მეთოდებს ითხოვთ. თუმცა ეს მაინც სხვა მასშტაბია: 600 დოლარი 177,5 დოლარის წინააღმდეგ,“ - განაცხადა პუტინმა. რაც შეეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სომხეთმა 2024 წელს გაყინა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ალიანსის, CSTO-ს წევრობა და იმავე წელს გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესი, რითაც კიდევ უფრო გაამწვავა უთანხმოება მოსკოვთან. კრემლში გამართული შეხვედრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ მონაწილეობს CSTO-ს მუშაობაში, რადგან ხელისუფლებას არ შეუძლია, აუხსნას სომეხ ხალხს, თუ რატომ არ ჩაერია ორგანიზაცია ყარაბაღში შექმნილ ვითარებაში. პუტინმა უპასუხა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) არ შეეძლო ყარაბაღის სიტუაციაში ჩარევა სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ პრაღაში 2022 წელს გაკეთებული განცხადებების შემდეგ. „ვფიქრობ, ასევე აშკარაა, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ 2022 წელს პრაღაში აღიარეთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია, სრულიად შეუფერებელი იქნებოდა CSTO-სთვის ჩარევა ამ პროცესში, რომელმაც შიდა აზერბაიჯანული განზომილება მიიღო,“ - განაცხადა პუტინმა რუსეთ-სომხეთის მოლაპარაკებების დროს. რუსეთის პრეზიდენტმა ყარაბაღი ყველაზე მგრძნობიარე საკითხად მოიხსენია. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად მხოლოდ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებების შემდეგ აღიარა. მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა ხანგრძლივი ძალისხმევისა და მრავალი საერთაშორისო აქტორის ჩართულობის შედეგად. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა რუსეთის როლს ურთიერთობების ნორმალიზებაში. ფაშინიანმა ასევე მადლობა გადაუხადა „რუსეთს სამშვიდობო პროცესში მხარდაჭერისთვის.“ „როგორც უკვე ვთქვი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და თქვენ პრეზიდენტ ტრამპის სახელი ახსენეთ და აშკარაა, რომ მან თავისი წვლილი შეიტანა ამ პროცესში, მაგრამ ასევე აშკარაა, რომ თქვენ პირადად ასევე თამაშობდით და აგრძელებთ მნიშვნელოვან, ძალიან მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში. თქვენ ყოველთვის უჭერდით მხარს ყველა ამ პროცესს, ჩვენ ყოველთვის მჭიდრო კონტაქტში ვიყავით, რეგულარულად გაცნობებდით მიმდინარე პროცესების შესახებ. სხვათა შორის, გასული წლის აგვისტოში, როდესაც ვაშინგტონიდან დავბრუნდი და დაგიკავშირდით, მაშინ ვთქვი, რომ ვაშინგტონში მომხდარი ასევე ახალ შესაძლებლობებს ხსნის ჩვენი ურთიერთობებისთვის. „რაც შეეხება ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებს, მე უკვე ძალიან გამჭვირვალედ და საჯაროდ განვაცხადე სომხეთის რესპუბლიკაში, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ „ყარაბაღის მოძრაობა“, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა უკვე დამყარდა და სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარეს 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ორმხრივად ვაღიარებთ, რომ დამოუკიდებელი სომხეთი 100%-ით იდენტურია საბჭოთა სომხეთისა, ხოლო დამოუკიდებელი აზერბაიჯანი 100%-ით იდენტურია საბჭოთა აზერბაიჯანისა.“ ჩვენ არაერთხელ განვიხილეთ ყარაბაღის საკითხი, ძირითადად სამუშაო ფორმატში. დიახ, ჩვენ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ვაღიარეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთეთ, რაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ორჯერ საჯაროდ განაცხადა ამის შესახებ და, გახსოვთ, ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამაზე. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს ჩვენი პრობლემები CSTO-სთან დაკავშირებით, რადგან 2022 წელს ჩვენ გვქონდა კონკრეტული სიტუაცია. და, ჩემი აზრით, CSTO-ს მექანიზმები უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ისინი არ ამოქმედდა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის სიტუაცია, რაც გვაქვს CSTO-სთან ურთიერთობებში. ჩვენ ამჟამად არ ვმონაწილეობთ CSTO-ს მუშაობაში მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ავუხსნით ჩვენს ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს, რატომ არ უპასუხა CSTO-მ და არ უპასუხა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად,“ - თქვა ფაშინიანმა.  ფაშინიანი 2026 წლის არჩევნებში მთავრობის ყოფილი წარმომადგენლებისა და ოლიგარქების დამარცხებას პროგნოზირებს განახლება: სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვში მისი ვიზიტი „ძალიან წარმატებული“ იყო. „ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებას ჩვენი დღის წესრიგის ყველა სფეროში, კულტურიდან დაწყებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით დამთავრებული,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს 2 აპრილს. „და მე ვიზიტს ძალიან წარმატებულად ვაფასებ,“ - თქვა ფაშინიანმა. რკინიგზაზე შეთანხმება არ შედგა ლიდერების მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სომხეთის რკინიგზის რუსული მმართველობიდან ჩამორთმევასთან დაკავშირებით. სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული [კონცესიის ხელშეკრულება არის გრძელვადიანი ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მესამე მხარეს შორის]. ფაშინიანს სურს რკინიგზის გარკვეული მონაკვეთების აღდგენა - ეს მისი ამბიციური „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ნაწილია, რაც შეავსებს „ტრამპის მარშრუტის“ ინიციატივასაც. ფაშინიანმა შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთi ჯერ არ გეგმავს რკინიგზის მართვის შესახებ შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტას. „სომხეთის რესპუბლიკას ეს ბერკეტი [რკინიგზის დაბრუნება] აქვს, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ და არც გვინდა ასეთი გზით წასვლა,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმ-მინისტრმა.   

მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ განიხილეს საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება,“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ,” - წერს თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.  

ალიევი: სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში, გზატკეცილის დაახლოებით 90% და რკინიგზის დაახლოებით 70% მზადაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში გზატკეცილის დაახლოებით 90 პროცენტი და რკინიგზის დაახლოებით 70 პროცენტი მზად არის. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება. ალიევი ასევე მიესალმა ყარსი-ნახიჩევანის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაწყებას თურქეთში და აღნიშნა, რომ ამ პროექტების კოორდინაცია და განხორციელება ახალ მნიშვნელოვან საერთაშორისო დერეფანს გახსნის. „ეს იქნება შუა დერეფნის განშტოება. ჩვენ მიერ მშენებარე რკინიგზის ინფრასტრუქტურა პირველ ეტაპზე 15 მილიონი ტონა ტვირთის გადასაზიდად არის გათვლილი. თუმცა ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, სავარაუდოდ, მომავალშიც გაიზარდოს. ნებისმიერ შემთხვევაში, 15 მილიონი ტონა ტვირთის ახალი დერეფნის გახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე ფართო გეოგრაფიისთვის. ჩვენ აქ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ და პასუხისმგებლიან პოზიციას – როგორც საკუთარ ინტერესებს ვიცავთ, ასევე მსოფლიოს ახალ სატრანსპორტო მარშრუტებს ვთავაზობთ,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, შუა დერეფანი, „ზანგეზურის დერეფანი“ და სხვა დამაკავშირებული პროექტები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.  

თურქეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ალი ქაან ორბაიმ დიპლომატიური მისია დაასრულა. საქართველოში თურქეთის ახალ ელჩად მუსტაფა თურქერ არი დაინიშნა.  მუსტაფა თურქერ არი 2019–2022 წლებში ნიგერიში თურქეთის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა.  სხვადასხვა დროს მუშაობდა ნიდერლანდებში, ბულგარეთში, მაროკოში, იტალიაში, ავღანეთსა და NATO-სთან დაკავშირებულ სტრუქტურებში.  ასევე იყო გენერალური კონსული შტუტგარტში. მუსტაფა თურქერ არი კარიერული დიპლომატია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო უსაფრთხოების, NATO-სთან თანამშრომლობისა და სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკურ- ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.  დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის განმავლობაში სხვადასხვა დროს საქმიანობდა ნიდერლანდებში, ბულგარეთში, მაროკოში, იტალიასა და ავღანეთში, სადაც მისი საქმიანობა ძირითადად დაკავშირებული იყო ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასთან, ასევე, უსაფრთხოების საკითხებთან. ავღანეთში, NATO-ს მისიის ფარგლებში, ჩართული იყო ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ადგილობრივი მმართველობის პროექტის მხარდაჭერაში. ელჩის მისიის დასრულების შემდეგ, ნიგერის სახელმწიფომ  მუსტაფა თურქერ არი ორდენით დააჯილდოვა დიპლომატიურ საქმიანობასა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მუსტაფა თურქერ არი დიპლომატიურ სამსახურში 1994 წლიდან მუშაობს. თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანს ალი კაან ორბაი შეცვლის  

საქართველოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა

საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა.  ირანის ელჩის განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ პირველი აპრილის თარიღით არის გამოქვეყნებული. „დღეს, ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე. შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს. ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს. ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას. ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას. რეალობა მარტივია: რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა,” - წერს ირანის ელჩი. ირანის ელჩი საქართველოში: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან საგარეო უწყებას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.   

ირანის ელჩი საქართველოში: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან

საქართველოში ირანის ელჩის განცხადებით, „ზოგიერთი ქვეყანა უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას როდესაც გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს.“ შესაბამის განცხადებას  სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ელჩი მოჯანი ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ "ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან, ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ." „დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს. დღეს ნიშნები აშკარაა: საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება და საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის, ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - ეს ყველაფერი პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე დგას. ახლა, ომის ოცდამეთორმეტე დღეს, თეთრი სახლი იმასაც კი განიხილავს, რომ ამ კონფლიქტის ხარჯების ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს დაეკისროთ. სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და მცდარი გათვლები გრძელვადიან გამოწვევებად იქცევა. ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ. ეს მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა, როცა ხსნიდა ახალ ფრონტებს. დღეს კი თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე „ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას“ ირჩევს. ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან. კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს,“ - წერს სეიედ ალი მოჯანი ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ არაბულმა ქვეყნებმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი დააფინანსონ. ლევიტს ჰკითხეს, არის თუ არა დონალდ ტრამპი დაინტერესებული, რომ არაბულ ქვეყნებს მოუწოდოს, დააფინანსონ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში, რაზეც ლევიტმა აღნიშნა, რომ არ სურს მოვლენებს წინ გაუსწროს, თუმცა ტრამპს ეს იდეა აქვს. „ეს იდეა, ვიცი, მას აქვს და ამის შესახებ მისგან კიდევ ბევრს გაიგებთ,“ – აღნიშნა ლევიტმა. მას ასევე ჰკითხეს ომის ხანგრძლივობაზეც, რაზეც უპასუხა, რომ პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ ირანში ოპერაცია დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე გაგრძელდებოდა. „დღეს ოცდამეათე დღეა. ასე რომ, გამოთვალეთ, რამდენი დრო რჩება პენტაგონს ოპერაციის, „ეპიკური მრისხანების“ მიზნების სრულად მისაღწევად,“ – განაცხადა ლევიტმა. 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.  

მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს დატოვებას მხარი დაუჭირა

მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ შეთანხმების, მისი პროტოკოლისა და დსთ-ს წესდების დენონსაცია მოახდინა. გადაწყვეტილებას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. „აღნიშნული შეთანხმებების დენონსაციის ინიციატორი საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ დსთ-ს ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები არ არის დაცული. კერძოდ, დებულება, რომლის მიხედვითაც წევრი ქვეყნები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და არსებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს. ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო დსთ-ს შექმნას, ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, განახორციელა აგრესიული აქტები საქართველოს წინააღმდეგ და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ძალები უკანონოდ ჰყავს განლაგებული,“ - ნათქვამია მოლდოვის პარლამენტის განცხადებაში. მოლდოვა დსთ-დან გასვლის ეტაპზეა ცნობისთვის, მოლდოვის საწევრო შენატანი დსთ-ის ბიუჯეტში, ყოველწლირად, 150 ათას ევროზე მეტს შეადგენდა.   

შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესა. შესაბამის განცხადებას შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. „3 აპრილიდან, შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ,“ - ნათქვამია განცხადებაში. გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ პირველი აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო. გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და ის საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება. ამასთან, „შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის წესის გამარტივებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეჩერებულია.“ „ევროკავშირმა ახლახან მესამე ქვეყნებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმი გააძლიერა, რაც საშუალებას აძლევს, რომ სავიზო მოთხოვნები ახალ საფუძველზე დაყრდნობით დროებით დააწესოს. ეს მოიცავს ადამიანისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, მესამე ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობების გაუარესებას. ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით ამ დებულებების ამოქმედება გადაწყვიტა. გასულ წელს საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა. ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას, რომლის მიღებაც შვეიცარიის ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას გულისხმობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 2026 წლის 6 მარტიდან ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის.  

ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ვიზიტის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი დახვდა. უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვს პირველ აპრილს ეწვეოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხურ-რუსული მოლაპარაკებები შედგება, რომლის დროსაც ორი ქვეყნის ლიდერი ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარების საკითხებს განიხილავს. სომხეთის პარლამენტის სპიკერი „ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას აბსურდულად მიიჩნევს ფაშინიანი: არ მახსოვს, მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით, მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ  

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი ასევე დაინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად. „ილია დარჩიაშვილი 2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2017-2021 წლებში - პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ილია დარჩიაშვილს ეკავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობები. აგრეთვე, მუშაობდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში." ილია დარჩიაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს

სომხეთის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო თანხმობა“, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საპარლამენტო არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინა. ფაშინიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიამ შიდა კენჭისყრის ორი ტური ჩაატარა და შედეგები საბოლოოდ დადასტურდა. მისივე თქმით, კენჭისყრის შედეგებზე საჩივარი არ შეტანილა. „მადლობას ვუხდი ჩემს ყველა თანაპარტიელს კიდევ ერთხელ ნდობის გამოხატვისთვის და ჩემთვის პატივის მონიჭებისთვის, რომ პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ საარჩევნო სიას ვუხელმძღვანელო და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს არის დაგეგმილი. მმართველმა „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიამ კანდიდატების სია ორრაუნდიანი შიდა საარჩევნო პროცესის მეშვეობით განსაზღვრა. ცნობისთვის, 2026 წლის 9 თებერვალს სომხეთში ვიზიტისას, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა დაგეგმილ არჩევნებში. 2026 წლის მარტის შუა რიცხვებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ გაგზავნას, რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში. „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ მიზნების ამსახველი დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთი „ინტენსიური ჰიბრიდული აქტივობების წინაშე დგას.“  

თურქეთმა საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობას საბრძოლო მასალა გადასცა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობას თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოებული საბრძოლო ტყვია-მასალა გადაეცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიღება-ჩაბარების ცერემონია ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. „შესაბამის აქტს ხელი სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და თურქეთის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ილჰან ოქთენდურალიმ მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე არსებულ სასროლეთზე გადაინაცვლეს, სადაც საჩვენებელი სროლა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გასულ 2025 წელს თურქეთის მხარემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების სარდლობას მოიერიშე შაშხანებიც გადასცა,“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რა წერია NATO-ს გენმდივნის წლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით, მოკავშირეებმა NATO-ს მიერ საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს.“ „შედეგად, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის, „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობა ხელახლა განისაზღვრა,“ - ნათქვამია მარკ რუტეს ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა, რასაც მაისში ჩატარებული NATO-საქართველოს წვრთნები ადასტურებს. „თბილისში NATO-ს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს,“ - წერია რუტეს ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში NATO-ს მრჩევლების დიდი გუნდი ქართველ კოლეგებთან მუშაობას აგრძელებდა, რათა თავდაცვის შესაძლებლობები და ალიანსთან თავსებადობა გაიზარდოს. ანგარიშში ასევე საუბარია კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაზე, რომელიც თავდაპირველად, 2007 წელს შეიქმნა. 2025 წელს პროგრამის ფარგლებში გრძელდებოდა პარტნიორებისთვის სტრატეგიული რჩევების, პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების მიწოდება - თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებისთვის, კარგი მმართველობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობის, თავდაცვის რესურსების მართვის გაძლიერებისა და კორუფციის პრევენციის მიზნით.  „2025 წელს პროგრამამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, რომელიც ფოკუსირებული იყო NATO-უკრაინის ურთიერთქმედებასა და თავდაცვის შესყიდვებზე. აქტიური მხარდაჭერა ასევე გაეწია სომხეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოლუმბიას, საქართველოს, ერაყს, იორდანიას, მოლდოვის რესპუბლიკასა და ტუნისს.“    

ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში. პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). კობახიძის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა. პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, „რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.“ „ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არამხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე. დემოკრატიამ უნდა სძლიოს გარე ჩარევას უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში. მსურს, პირადად გადავუხადო მადლობა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი; მისი სიტყვები და ქმედებები მუდმივად გამოხატავს პატივისცემასა და ზრუნვას ქართველი ხალხისადმი. რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   

ერდოღანმა ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. „პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს,“ - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. სასულიერო ლიდერები, პოლიტიკური ფიგურები, საერთაშორისო ორგანიზაციები სამძიმრის წერილებს ავრცელებენ  

ევროკავშირი სომხეთში, საარჩევნოდ, ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი სომხეთში 7 ივნისის არჩევნების წინ, საფრთხეებთან გასამკლავებლად ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის. ჩვენს სამეზობლოში დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერა კვლავ აუცილებელია. ჩვენ არ დავტოვებთ სომხეთს მარტო უცხოური ჩარევის წინაშე. ზეწოლის ქვეშ მყოფ დემოკრატიებს შეუძლიათ ევროპაზე დაყრდნობა,“ - განაცხადა კალასმა საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 2025 წლის დეკემბერში კალასმა განაცხადა, რომ სომხეთმა ევროკავშირის დახმარება ითხოვა 2026 წლის საყოველთაო არჩევნების წინ „მავნე გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლაში მედია: სომხეთმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირს ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფის გაგზავნა სთხოვა  

NATO-მ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

NATO-მ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად კევინ ჰამილტონი დანიშნა. ჰამილტონი პასუხისმგებელი იქნება ალიანსის პოლიტიკის გატარებაზე ამ ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში. ის ასევე არის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პარტნიორობის, ასევე, პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში. ალიანსის ცნობით, ჰამილტონი კანადის საგარეო საქმეთა სამსახურის კარიერული დიპლომატია, 2023 წლიდან 2026 წლამდე ის თურქეთში კანადის ელჩად მუშაობდა, ამავე დროს, აკრედიტებული იყო აზერბაიჯანსა და საქართველოში. მანამდე, რუმინეთში, ბულგარეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში ელჩად მუშაობდა (2016–2020). 2020 წლიდან 2023 წლამდე, კანადის გლობალურ საქმეთა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის გენერალური დირექტორის პოზიცია ეკავა, პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობებზე, NATO-სა და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ჩრდილოეთ ამერიკის თავდაცვის თანამშრომლობაზე, ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ასევე, შეიარაღების კონტროლზე. 2013 წლიდან 2016 წლამდე, ჰამილტონი აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორი იყო - მისი პასუხისმგებლობის არეალი მოიცავდა კანადის პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს 19 ევროპულ და ევრაზიულ ქვეყანასთან, დასავლეთ ბალკანეთიდან ცენტრალურ აზიამდე. კევინ ჰამილტონი 2010 წლიდან 2013 წლამდე  ლიეტუვაში კანადის საელჩოს მისიას ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, ესტონეთსა და ლატვიაში გახლდათ აკრედიტებული. მისი ადრინდელი თანამდებობები მოიცავდა პოლიტიკური მრჩევლის პოზიციას კანადის უმაღლეს კომისარიატში, გაერთიანებულ სამეფოში; იყო კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის დამყარების ჯგუფის დირექტორის მოადგილე და პოლიტიკის დაგეგმვის საკითებში შტაბის დირექტორის მოადგილე. ასევე მუშაობდა კანადის საელჩოებში, თელ-ავივსა და სარაევოში. ჰამილტონის წინამორბედი ხავიერ კოლომინა 2024 წლის ივლისში დაინიშნა სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. კოლომინა 2021-2024 წლებში მუშაობდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. ელჩმა ჰამილტონმა მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში Norman Paterson-ის სკოლიდან Carleton-ის უნივერსიტეტში (ოტავა) და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან (ვანკუვერი).