ახალი ამბები
ფაშინიანი: რუსმა კოლეგებმა ვერ წარმოადგინეს მაგალითი, როგორ აზიანებს მათ ინტერესებს სომხეთის თანამშრომლობა ევროკავშირთან
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსმა კოლეგებმა ვერ შეძლეს, წარმოედგინათ მაგალითი, როგორ დაზიანდა მათი ინტერესები ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობის გამო. ფაშინიანის განმარტებით, რუსეთში მისი ვიზიტისას, რუსეთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობა რუსეთის ინტერესებს დააზიანებს, თუმცა კონკრეტული მაგალითი ვერავინ მოიყვანა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, არჩევნების მონაწილეები და დამკვირვებლები, მათ შორის, სომხეთის ფარგლებს გარეთ მყოფები ცდილობენ, ამ არჩევნებს გეოპოლიტიკური კონტექსტი ან ქვეტექსტი მიაწერონ, მაგრამ ამ არჩევნებს არ შეიძლება, ჰქონდეს გეოპოლიტიკური კონტექსტი ან ქვეტექსტი, რადგან სომხეთი დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს. „ჩვენს პოლიტიკაში არ არსებობს შეთქმულება, არავის წინააღმდეგ არანაირი ქმედება. ჩვენთვის ნათელია, რომ სომხეთს და მის ხალხს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ალტერნატივები. არსებობს ევროკავშირი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ჩვენს ხალხს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა და შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, რომელი სტრატეგიაა მათთვის ყველაზე პერსპექტიული და სასარგებლო. არ არსებობს უკმაყოფილების ან დავების მიზეზი. ჩვენ არ ჩავერთვებით დავებში,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე განმარტებით, სომხეთმა თქვა, რომ ის არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, მაგრამ არ გადადგამს არანაირ ნაბიჯს, რომ თავად აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ. „ჩვენ ეს ნათლად განვუცხადეთ ჩვენს კოლეგებს როგორც რუსეთიდან, ასევე ევროკავშირიდან. ჩვენ არ გვინდა რუსეთისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ თუ ვიგრძნობთ, რომ რაიმე ნაბიჯის გადადგმა სანქციებს გამოიწვევს, ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ. ევროკავშირს ეჭვი ჰქონდა, რომ ჩვენ ანტირუსულ სანქციებს გვერდს ვუვლიდით, თუმცა ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამას არ ვაკეთებთ,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ყაზახეთი და თურქეთი შუა დერეფანს ერთობლივი პროექტებით განავითარებენ
ყაზახეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ შუა დერეფნის პოტენციალი რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებით გააძლიერონ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ასტანაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენს ქვეყნებს შეიძლება, ვუწოდოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მტკიცედ დამაკავშირებელი ხიდი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს საერთო უპირატესობა. ამიტომ, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად შევთანხმდით, რომ გავზარდოთ შუა დერეფნის პოტენციალი რამდენიმე პროექტის განხორციელებით. მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება ორივე ერის ინტერესებს,“ - აღნიშნა თოყაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო ტრანსპორტი და ტვირთების გადაზიდვა თანამშრომლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებად რჩება. მანვე აღნიშნა, რომ TAV Airports Holding გეგმავს ალმატის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალური აზიის ლოჯისტიკურ ცენტრად გადაქცევას. „ჩვენ მზად ვართ, ამ პროექტს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა გავუწიოთ. ასევე, ველით თურქ ინვესტორებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში სხვა ინიციატივების განსახორციელებლად. ყაზახეთის მთავრობა მზადაა, თურქულ ბიზნესს განსაკუთრებული შეღავათები შესთავაზოს,“ - განმარტა თოყაევმა. ცნობისთვის, შუა დერეფანი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რამდენიმე ქვეყნის გავლით აკავშირებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადის ცენტრალურ აზიაში, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და აღწევს ევროპას, რაც უფრო მოკლე სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელი საზღვაო მარშრუტებისთვის. ერდოღანი ყაზახეთში: ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობა ყოველდღიურად უფრო გასაგები ხდება
რა საკითხები განიხილეს ტრამპმა და სი ძინპინმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან მოლაპარაკებებს, რომელიც პეკინში თითქმის ორი საათი გაგრძელდა, „შესანიშნავი“ უწოდა. BBC- წერს, რომ ჩინეთმა ტრამპს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო და ეს ჩინურ დიპლომატიაში არა უბრალო შექება, არამედ, რეალური წონის მანიშნებელია. როგორც BBC წერს, ტარიფებსა და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ღრმა უთანხმოება კვლავ რჩება. სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტაივანის საკითხი ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.“ “თუ საკითხი სწორად იქნება წარმართული, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. თუ ის სწორად არ იქნება წარმართული, შესაძლოა, ორი ქვეყანა ერთმანეთს შეეჯახოს ან კონფლიქტშიც კი შევიდეს, რაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს ძალიან საშიშ მდგომარეობაში ჩააყენებს,“ - აღნიშნა სი ძინპინმა. Reuters-ის ინფორმაციით, ლიდერები ირანთან ომის, ასევე, ტაივანისა და ბირთვული იარაღის საკითხებს განიხილავდნენ. დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის ფოკუსში ასევე იყო იშვიათი მინერალების შესახებ გასულ წელს მიღწეული შეთანხმების გახანგრძლივება — სავაჭრო ომში მინი-ზავის შეთანხმების საკითხი, რომელიც ჩინეთიდან აშშ-ში იშვიათი მინერალების მიწოდების საშუალებას იძლევა. განცხადებები შეხვედრამდე ტრამპმა სი ძინპინს მეგობარი და შესანიშნავი ლიდერი უწოდა. მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს. აშშ-ის ლიდერის თქმით, მიაჩნია, რომ ურთიერთობა „უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე.“ თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-აშშ-ს სტაბილური ურთიერთობა კარგია მსოფლიოსთვის. „ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საერთო ინტერესები აჭარბებს განსხვავებებს. ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების სტაბილურობა კარგია მსოფლიოსთვის. მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. შეხვედრას შეერთებული შტატების მხრიდან, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან, სახაზინო მდივან სკოტ ბესენტთან და სავაჭრო წარმომადგენელ ჯეიმსონ გრირთან ერთად, ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც 2020 წლიდან პეკინის მიერ არის სანქცირებული. ჩინეთმა მის სახელთან/მართლწერასთან დაკავშირებული ცვლილება განახორციელა, რათა სანქციებთან დაკავშირებული პრობლემა თავიდან აერიდებინა. სენატორობის დროს, რუბიო ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთის მთავრობის მხრიდან უიღურების დევნასა და ჰონგ კონგის დემოკრატიული მოძრაობის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას. ირანი მიუხედავად იმისა, რომ პეკინი აგრძელებდა მაღალტექნოლოგიური და განახლებადი ენერგიის ინდუსტრიების სწრაფ განვითარებას, ირანის ომის დაწყებიდან მალევე, ჩინეთმა წლიური ეკონომიკური ზრდის მიზანი 1991 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შეამცირა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, ეს პეკინს მით უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, განსაკუთრებით, თუ ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა დაბლოკილი დარჩება. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა დღეს, 14 მაისს განაცხადა, აშშ და ჩინეთი ხუთშაბათს შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა იყოს. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პეკინში სახელმწიფო ვიზიტით 13 მაისს ჩავიდა. 14 მაისს სი ძინპინმა დონალდ ტრამპს პეკინში დაათვალიერებინა მე-15 საუკუნის ძეგლი, ცის ტაძარი. ორი ლიდერი დღეს საღამოს სახელმწიფო ბანკეტზე კვლავ შეხვდება.
ერდოღანი ყაზახეთში: ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობა ყოველდღიურად უფრო გასაგები ხდება
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა კასპიის ზღვის ტრანზიტის აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობას და მას „აბრეშუმის გზის თანამედროვე ეკვივალენტი“ უწოდა. ყაზახეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ დერეფნის მნიშვნელობა დღითიდღე უფრო და უფრო მეტად ესმით. მან პირობა დადო, რომ ყაზახეთთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ტვირთების გადაზიდვისა და ენერგორესურსების დასავლეთში ტრანსპორტირებისთვის, ანკარა დერეფნის პოპულარიზაციას გააგრძელებს. „ჩვენ გვსურს, რომ ყაზახეთიდან, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნედლი ნავთობის ექსპორტიორიდან, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის უფრო დიდი მოცულობები ჩვენი ქვეყნის გავლით გავიტანოთ,“ - განაცხადა ერდოღანმა. ყაზახეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ხუთშაბათს ხელი მოაწერეს ყაზახეთსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
ანაკლია შესაძლებელია, შავი ზღვის საკვანძო საკონტეინერო ჰაბად ჩამოყალიბდეს, რაც შუა დერეფნის მნიშვნელობას გაზრდის — აზერბაიჯანის რკინიგზა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება შესაძლოა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შავი ზღვისა და შუა დერეფნის უფრო ფართო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმაციულ ლოგისტიკურ პროექტად იქცეს Trend-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის მარკეტინგისა და სატარიფო პოლიტიკის დეპარტამენტის მარკეტინგის განყოფილების უფროსის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს. მისივე შეფასებით, ევრაზიის სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციის გაგრძელების პარალელურად, ანაკლიას აქვს პოტენციალი, გააძლიეროს სტრატეგიული კავშირი ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კასპიის რეგიონს, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის. „ანაკლიას საბოლოოდ შეუძლია, უშუალოდ მოემსახუროს უფრო დიდ კონტეინერმზიდ გემებს, როცა შავი ზღვის მრავალი რეგიონული პორტი კვლავ შეზღუდვების წინაშე დგას. ეს ქმნის პოტენციურ სარგებელს, როგორიცაა, კონტეინერების დამუშავების ეფექტიანობის გაზრდა, გადაზიდვების სისტემებზე დამოკიდებულების შემცირება, შავი ზღვა-ევროპის ტვირთების უფრო სწრაფი ინტეგრაცია, რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტს შორის მულტიმოდალური კოორდინაციის გაუმჯობესება და რეგიონული მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაზრდა. შუა დერეფნის პერსპექტივიდან, ანაკლია არ არის უბრალოდ კიდევ ერთი პორტის პროექტი; ის შეიძლება, გახდეს სტრატეგიული დამაბალანსებელი კვანძი აღმოსავლეთ-დასავლეთის ტვირთების მოცულობის ზრდისთვის, რადგან ტრანსკასპიური დერეფნის გავლით ტვირთბრუნვა აგრძელებს ზრდას და პორტების, რკინიგზისა და საბაჟო სისტემების ინფრასტრუქტურული ზეწოლა გარდაუვლად გაიზრდება. ამ გარემოში, შავი ზღვის მხარეს, დამატებითი საზღვაო სიმძლავრე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხდება,“ - აღნიშნა მამედოვმა. მისი თქმით, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, კასპიის მიმწოდებელ ოპერაციებს, საქართველოს მოდერნიზებული რკინიგზისა და ციფრული საბაჟო ინტეგრაციის სისტემებს შორის სამომავლო სინქრონიზაციამ შეიძლება, მნიშვნელოვნად გააძლიეროს შუა დერეფნის ოპერატიული კონკურენტუნარიანობა. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გეოპოლიტიკური დივერსიფიკაცია. გლობალური მიწოდების ჯაჭვები სულ უფრო მეტად მიმართავენ ალტერნატიულ სავაჭრო დერეფნებს, ამცირებენ ერთმარშრუტიან ლოგისტიკაზე დამოკიდებულებას, იყენებენ მოქნილ მულტიმოდალურ სატრანსპორტო მოდელებს და ეძებენ უფრო სწრაფ ევრაზიულ სატრანზიტო გადაწყვეტილებებს. ეს ტენდენცია განსაზღვრავს სამხრეთ კავკასიის გრძელვადიან სტრატეგიულ მნიშვნელობას. ჩემი აზრით, რეგიონულ ლოგისტიკურ არქიტექტურაში ეფექტიანი ინტეგრაციით, ანაკლია შეიძლება, გახდეს შავი ზღვის უდიდესი საკონტეინერო ჰაბი, ასევე, სპარსეთის ყურის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირის ზრდის ძირითადი ინფრასტრუქტურული საყრდენი,“ - აღნიშნა მამედოვმა. მისი შეფასებით, უფრო ფართო კონტექსტში, ანაკლიის მომავალი როლი შეიძლება, გაცილებით გასცდეს მხოლოდ სატრანსპორტო ფუნქციას: „პროექტს აქვს პოტენციალი, შეცვალოს რეგიონული სავაჭრო ლანდშაფტი, გააძლიეროს სატრანზიტო ეკონომიკა და გაზარდოს შუა დერეფნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ევრაზიის კონტინენტზე.“ ცნობისთვის, შუა დერეფანი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რამდენიმე ქვეყნის გავლით აკავშირებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადის ცენტრალურ აზიაში, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და აღწევს ევროპას, რაც უფრო მოკლე სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელი საზღვაო მარშრუტებისთვის. ევროკომისიის კვლევა: ანაკლიას შეუძლია, საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოოს და შუა დერეფნის განვითარებას ხელი შეუწყოს
საქართველო და სომხეთი საზღვრისპირა სარკინიგზო მომსახურების გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ
„სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ კომპანიების წარმომადგენლებს შორის ერევანში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მგზავრთა გადაყვანის საკითხზე რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს. „კერძოდ, მიღებულია გადაწყვეტილება 2026 წლის ზაფხულის სეზონზე ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით ექსპრეს მატარებლის გაშვების შესახებ. მხარეებმა დაამტკიცეს მატარებლის განრიგი 2026 წლის 14 ივნისიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდისთვის, რომელიც დღეგამოშვებით იმოძრავებს. ასევე შეთანხმდნენ ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლაზე, რათა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მატარებლის დგომის დრო შემცირდეს,“ - იტყობინება „არმენპრესი“ კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზაზე“ დაყრდნობით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ჩეხური კომპანია „Gepard Express“-ის დაკვეთით 4-12 ივლისის პერიოდში ერევანი-ბათუმი-ერევნის ტურისტული რეისის განხორციელებაზე. დაგეგმილია ძირითადად ჩეხეთიდან ჩამოსული ტურისტების ჯგუფის გადაყვანა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ვაგონებში განთავსებით; მგზავრობისას გათვალისწინებულია გაჩერებები, რომელთა დროსაც, ტურისტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სომხეთისა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პირველი მსგავსი რეისი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ წარმატებით 2025 წელს განახორციელა.
ანდრი ერმაკს საპატიმრო გირაო შეეფარდა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრი ერმაკს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. მას 60 დღით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გირაოს გადახდის შესაძლებლობით. უკრაინული მედიის ცნობით, ანტიკორუფციულმა სასამართლომ გირაოს სახით 140 მილიონი გრივნა დააწესა. გირაოს გადახდის შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს გაათავისუფლებენ და მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ერმაკს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია ფულის გათეთრების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში. ხსენებული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის განცხადებით, ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდებს. ერმაკის თქმით, გირაოს შესატანად საჭირო თანხა არ აქვს და შეეცდება, თანხა „მეგობრებსა და ნაცნობებს შორის“ მოიძიოს. ანდრეი ერმაკმა პროცესზე აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებას უარყოფს. „მე უკრაინაში ვრჩები. დასამალი არაფერი მაქვს. ყველაფერი, რაც ამ პროცესის ირგვლივ ხდებოდა, იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა,“ - განაცხადა ერმაკმა სასამართლო პროცესზე. ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისს 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა 2025 წლის ნოემბერში დატოვა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში „მასშტაბური კორუფციის გამოვლენის“ შემდეგ. „მიდასის" სახელით ცნობილ ამ საქმეში ერმაკიც ფიგურირებს.
ლატვია რუსეთსა და ბელორუსში ყველა სახის ავტობუსის მომსახურების აკრძალვას გეგმავს
არარეგულარული ავტობუსების მარშრუტების აკრძალვა 2025 წლის პირველი ნოემბრიდან შევიდა ძალაში. ახლა კი, ლატვიის ტრანსპორტის სამინისტრომ შეიმუშავა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ასევე აიკრძალება რეგულარული მომსახურება - მათ შორის მარშრუტები, რომლებიც ტრანზიტის დროს უბრალოდ ლატვიის ტერიტორიაზე გადიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Delfi. ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფო საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ ბრძანებებს, რომლებიც ადმინისტრაციული საპროცესო კანონის შესაბამისად, კონკრეტული გადამზიდავებისთვის ნებართვებს გააუქმებს. სამინისტროს განმარტებით, ლიცენზიების დაკარგვის შემთხვევაში, გადამზიდავებს ექნებათ კომპენსაციის მიღების უფლება, ხოლო გადახდები ადმინისტრაციული საპროცესო კანონის შესაბამისად განხორციელდება. განმარტებითი დოკუმენტების თანახმად, გადამზიდავი Ecolines-ი რუსეთსა და ბელორუსში მარშრუტების აკრძალვით მიღებულ პირდაპირ ზარალს წელიწადში დაახლოებით ოთხ მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო უმოქმედო ავტობუსებით გამოწვეული დამატებითი ზარალი წელიწადში დაახლოებით ორ მილიონ ევროს შეადგენს. ლატვიის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მცხოვრებლებს, თავი აარიდონ რუსეთსა და ბელორუსში მოგზაურობას, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეები გააფრთხილა რეკრუტირების რისკების შესახებ. ლატვიასა და რუსეთს, ლატვიასა და ბელორუსს შორის ავტობუსები ხშირად სახელმწიფო სასაზღვრო გადასასვლელებზე მრავალი საათის განმავლობაში დგანან, ვიდრე საბაჟო და სასაზღვრო შემოწმება ტარდება.
ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შემდეგ, იაპონიაში აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის პირველი პარტია შევიდა
აზერბაიჯანიდან — ცენტრალური აზიის ალტერნატიული მომარაგების წყაროდან — ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი სამშაბათს, 13 მაისს, იაპონიაში, იოკოჰამაში ჩავიდა. ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, ეს არის ნედლი ნავთობის პირველი პარტია, რომელიც ცენტრალური აზიიდანარის იმპორტირებული ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირების შემდეგ. ნავთობის მსხვილმა საბითუმო მოვაჭრე Eneos Corp.-მა შეიძინა პარტია, რომელიც იოკოჰამაში, ნეგიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მიიღეს. ტვირთის მოცულობა დაახლოებით 45,000 კილოლიტრი იყო, რაც იაპონიის მოხმარების დაახლოებით 0.16 დღის ექვივალენტურია. თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის კონფლიქტის დაწყებამდე, იაპონია ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 95%-ს ახლო აღმოსავლეთიდან იღებდა. თუმცა, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობაზე საპასუხო შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ეს გადაზიდვები, რამაც იაპონია აიძულა, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია მოეხდინა.
უკრაინა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა სიას 5-დან 29 ქვეყანამდე აფართოებს
უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომლითაც შესწორებები შევიდა იმ სახელმწიფოების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც ორმაგი მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. სიას დაემატა რუმინეთი და მრავალი სხვა სახელმწიფო. ცვლილებამდე სიაში მხოლოდ ხუთი სახელმწიფო შედიოდა — კერძოდ, სიაში იყვნენ კანადა, გერმანია, პოლონეთი, აშშ და ჩეხეთი. ახალ სიაში, თავდაპირველი ხუთი სახელმწიფოს გარდა, შედიან ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია და შვედეთი. ახალი რეგულაციების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს მეორე მოქალაქეობის მიღება უკრაინის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე შეუძლიათ. ის ასევე საშუალებას აძლევს ამ სახელმწიფოების ეთნიკურ უკრაინელებს გამარტივებული პროცედურის მეშვეობით გახდნენ უკრაინის მოქალაქეები. როგორც რუმინული მედია წერს, მოქალაქეობასთან დაკავშირებული წინა კანონი უკმაყოფილებას იწვევდა რუმინულ თემში, რომელიც უკრაინაში სიდიდით მესამე ეთნიკური ჯგუფია.
Politico: რუმინეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები მზად არიან, აშშ-ის ჯარები გერმანიიდან გასვლის შემთხვევაში, საკუთარ ტერიტორიაზე განათავსონ
Politico-ს ცნობით, რუმინეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ემხრობიან ამერიკული ჯარების რაოდენობის გაზრდის საკითხს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა და აშშ-ის სხვა ოფიციალურმა პირებმა გერმანიიდან ჯარების შესაძლო გაყვანაზე ისაუბრეს. გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გერმანიიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული ძალების ტრადიციული მასპინძელია, 5000 ან მეტ ჯარისკაცს გაიყვანს. ამერიკული გამოცემის ცნობით, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და რუმინეთმა საჯარო განცხადებებისა და კერძო ლობირების გზით გამოთქვეს ინტერესი აშშ-ის ჯარების რაოდენობის გაზრდის საკითხში. ოფიციალური მთავრობის მონაცემებით, მარტის მონაცემებით, ხუთივე ქვეყანას ამერიკელი ჯარისკაცების მოკრძალებული რაოდენობა ჰყავდა. შედარებისთვის, გერმანიას თითქმის 36 000 ამერიკელი ჯარისკაცი ჰყავს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანას.
მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა. BBC-ის ცნობით, 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა გიორგი ჭყოიძეს, 3-3 წლიანი - ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს და მირიანი მოდებაძეს და ცხრათვიანი - ლაშა ლომიძეს. ამასთან, 9 - წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს გუნდის ყოფილ მთავარ ექიმს ნუცა შამათავას. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტო საქართველოს ნაკრების ექიმს ნუცა შამათავას წინასწარ ატყობინებდა მოსალოდნელი ტესტების შესახებ, ხოლო ის ამ ინფორმაციას შემდეგ გუნდის საერთო ჩატში აზიარებდა. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, World Rugby, რომელმაც 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების ნიმუშებში ანომალიები დააფიქსირა, მიიჩნევს, რომ ნიმუშების შეცვლის ეს სქემა რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების დაფარვას ემსახურებოდა.
2025 წელს ევროკავშირიდან დეპორტირებულთა რაოდენობით, საქართველო მეორე ადგილზეა
ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის ტერიტორიიდან დაბრუნებულთა და მესამე ქვეყანაში დეპორტირებულთა რაოდენობით, საქართველო მეორე ადგილზეა. გასული წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში 10 475 პირი დაბრუნდა. მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა შორის ყველაზე მეტი — თურქეთის მოქალაქეა 13 405 პირი, მესამე ადგილს იკავებს სირია — 8 370 პირი და მას მოჰყვება ალბანეთი — 8020 პირი. ევროსტატის მონაცემებით, მესამე ქვეყნის ყველაზე მეტი მოქალაქე — 29 295 პირი ქვეყნიდან გერმანიამ დააბრუნა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი — 14 940 პირი, მესამე ადგილს კი, შვედეთი იკავებს, რომელმაც ქვეყნიდან 11 250 პირი გააძევა. 2025 წლის განმავლობაში ევროკავშირში შესვლაზე უარი 132 600 მესამე ქვეყნის მოქალაქეს ეთქვა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (123 835 ადამიანი) 7,1%-ით აჭარბებს. აქედან ევროკავშირში შესვლაზე უარი ჯამში საქართველოს 4 785 მოქალაქეს ეთქვა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი ადამიანის რაოდენობამ 21,7%-ით დაიკლო, რაც იმას ნიშნავს, რომ არალეგალთა რაოდენობა 918 525 პირიდან 719 395 პირამდე შემცირდა. 2025 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქე 16 230 არალეგალი ცხოვრობდა. ევროსტატის მონაცემების თანახმად, შესაბამის ბრძანების გამოცემის შემდეგ, მესამე ქვეყანაში 135 460 ათასი მესამე ქვეყნის მოქალაქე დაბრუნდა. აღნიშნული მონაცემი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 21%-ით არის გაზრდილი.
სერბეთი და NATO პირველ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
სერბეთის რესპუბლიკისა და NATO-ს პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები „სამხრეთის“ ბაზასა და „ბოროვაჩის“ საწვრთნელ პოლიგონზე, ბუიანოვაცის [სერბეთი] მახლობლად ტარდება. წვრთნები არმიის სარდლობისა და ნეაპოლის ერთობლივი სარდლობის მიერ არის ორგანიზებული. წვრთნაში, სახელწოდებით NATO–Serbia, დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს - მათ შორის არიან სერბეთის შეიარაღებული ძალების, თურქეთის, რუმინეთისა და იტალიის სამხედროები. სამხედრო დაგეგმვას უზრუნვოლყოფენ და დამკვირვებლების სტატუსით არიან წარმოდგენილები საფრანგეთი, გერმანია, მონტენეგრო, გაერთიანებული სამეფო და აშშ. ორგანიზატორების განცხადებით, ეს ტაქტიკური დონის წვრთნები 23 მაისამდე გაგრძელდება, რაც სერბეთის შეიარაღებული ძალების და NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წევრებს გამოცდილებისა და სამუშაო პრაქტიკის გაცვლის შესაძლებლობას აძლევს. სერბეთი თითქმის 20 წელია ჩართულია, NATO-ს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“, თუმცა ბალკანეთზე მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, NATO-ს წევრი არ არის, რასაც ხელისუფლება ნეიტრალიტეტის პოლიტიკით ხსნის. მას მეგობრული ურთიერთობები აქვს რუსეთთან. ცნობისთვის, კოსოვოში, რომელსაც ბელგრადი სახელმწიფოდ არ აღიარებს, NATO-ს ხელმძღვანელობით განთავსებულია საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტი.
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე შეზღუდვები მოხსნა
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შესახებ განაცხადა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2026 წლის 11 მაისის მდგომარეობით, ყველა საჭირო ბიუროკრატიული პროცედურა დასრულებულია. ამდენად, ათწლეულების შემდეგ პირველად, თურქეთი სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობას იწყებს. ორ ქვეყანას შორის საერთო საზღვრის გახსნის ტექნიკური და ბიუროკრატიული სამუშაო კი, გრძელდება. თავის მხრივ, ერევანი „მიესალმება თურქეთის გადაწყვეტილებას სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაში ბარიერების მოხსნის შესახებ, რაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის კიდევ ერთი შედეგია.“ „ეს გადაწყვეტილება აუცილებელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ბიზნესკავშირების გაფართოების, რეგიონში ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობის და მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის სრული და ნორმალური ურთიერთობების განვითარებისკენ, რომელიც ლოგიკურად შეიძლება გაგრძელდეს სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნით და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით,“ – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში. ახალი რეგულაციების თანახმად, თურქეთიდან სომხეთში, მესამე ქვეყნების გავლით, საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილად ან წარმოშობის ქვეყნად, შეიძლება, მითითებული იყოს სომხეთი ან თურქეთი. ანკარამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქეთი გააგრძელებს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას რეგიონის ყველა ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ.“ ცნობისთვის, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი თავდაპირველად 1993 წელს, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს ჩაკეტა.
აშშ-ის ხელმძღვანელობით, ევროპაში დაიწყო ყველაზე მასშტაბური სპეციალური ოპერაციების წვრთნები, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს
აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობამ ევროპის მასშტაბით, მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების ძალების წვრთნები — „ტროას ნაკვალევი 2026“ დაიწყო. აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ხელმძღვანელობით ევროპაში ეს ყველაზე მასშტაბური სპეციალური ოპერაციების წვრთნებია, რომელშიც დაახლოებით 3000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს აშშ-დან, NATO-ს მოკავშირეებიდან და პარტნიორი ქვეყნებიდან. წვრთნები ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში, 23 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან, დაახლოებით, 1000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და სპეციალური ოპერაციების 2000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. წვრთნები ევროპის მასშტაბით მრავალ სასწავლო ლოკაციაზე ტარდება და მასში მონაწილეობენ ბულგარეთის, ხორვატიის, ესტონეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთისა და რუმინეთის ძალები. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, წვრთნების მიზანია კოლექტიური მზადყოფნის დემონსტრირება და მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების ძალების რთულ ოპერატიულ გარემოში სწრაფი მოქმედების უნარის გაუმჯობესება. „ტროას ნაკვალევი 2026“ აშშ-ის საჰაერო ძალების, არმიის, საზღვაო ქვეითთა კორპუსის, საზღვაო ფლოტისა და კოსმოსური ძალების პერსონალს მოკავშირეთა სპეციალური ოპერაციების დანაყოფებთან ერთად აერთიანებს. სარდლობის ცნობით, წვრთნები ურთიერთქმედების გაძლიერებას, რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერებას და ერთობლივი ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ევროპისა და NATO-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურმა რიჩარდ ენჯელმა განაცხადა: „ჩვენ ვმოქმედებთ წარმოუდგენლად ძლიერ სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად ყველა სფეროში, რაც ქმნის რეგიონისთვის სპეციფიკური ტაქტიკის, ტექნიკისა და პროცედურების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გაცვლას.“ წვრთნების მიზანია, რომ გაზიარებული გამოცდილებისა და პრაქტიკაში გაკვეთილების გამოყენების შედეგად, ყველა მონაწილე გამოვიდეს უფრო ძლიერი, უფრო მოქნილი და სრულად გაერთიანებული ჩვენს კოლექტიურ თავდაცვაში.“ თავის მხრივ, ინფორმაციას წვრთნების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს. უწყების ცნობით, მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნული სწავლება — „ტროას ნაკვალევი 2026“ ოფიციალურად გაიხსნა. მრავალეროვნულ სწავლებას საქართველო მეოთხედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთისა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა რეტ კრისტენსენმა და სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა. მათ სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის საერთაშორისო წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამხედროებს წვრთნების წარმატებით განხორციელება უსურვეს. გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წევრები დაესწრნენ. „ტროას ნაკვალევი 2026“ სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლებაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ტარდება. „ტროას ნაკვალევი 2026“-ის ფარგლებში, საქართველო „შავი ზღვის კარიბჭე 2026-ს“ მასპინძლობს, რომელიც მოიცავს როგორც სახმელეთო, ისე — საზღვაო ოპერაციებს. საქართველოს თავდაცვის ძალებიდან საერთაშორისო წვრთნებში ჩართულია სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონი, სპეციალური ოპერაციების აღმოსავლეთის და დასავლეთის ბატალიონები, სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ წარმომადგენლები, ეროვნული გვარდიის დაზვერვის ასეულები და ტერიტორიული რეზერვის პირადი შემადგენლობა. საქართველოში მრავალეროვნული წვრთნა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობისა (SOCEUR) და საქართველოს თავდაცვის ძალების ერთობლივი ორგანიზებით იმართება, რომელსაც სპეციალური ოპერაციების სარდალი ხელმძღვანელობს. „ტროას ნაკვალევი“, რომელიც პირველად, 2016 წელს ჩამოყალიბდა, წარმოადგენს ფართომასშტაბიანი გლობალური წვრთნების ჩარჩოს ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს მრავალეროვნული მზადყოფნისა და სანდო შეკავების შესაძლებლობების შენარჩუნებას. აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის ცნობით, წვრთნები ხაზს უსვამს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საერთო უსაფრთხოებისთვის.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება შედგა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა. 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებულ კრებაზე, რომელსაც საერთო ჯამში 1200 დელეგატი ესწრებოდა ჩვენი ეკლესიის ყველა ეპარქიიდან, წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 22 ხმით აირჩია მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) ჯვარ-პანაღია და კვერთხი. ასევე, პატრიარქის აღსაყდრების ძირითადი ნაწილის ბოლოს, ახალარჩეულ პატრიარქ შიო III-ს დაადგეს უძველესი საპატრიარქო მიტრა. სრულიად საქართველოს ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია საზეიმო წირვით დაიწყო, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები აღასრულებდნენ.
დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა
დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. BBC-ის ცნობით, თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზუბირ აჰმედმა. გადადგომის შესახებ პირველად, მინისტრმა მიატა ფანბულემ განაცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ქვეყანა ცვლილებებისკენ ისწრაფვის: „მაგრამ „საზოგადოებას არ სჯერა, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ცვლილებების წარმართვა - და არც მე.“ როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ სტარმერის გადადგომის ან მისი გადადგომის ვადის დადგენის მოწოდებით პარლამენტის წევრების რიცხვიც იზრდება, პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერასაც უცხადებენ. პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიის“ 110-მა წევრმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადეს. „ერთად ვიმუშაოთ იმ ცვლილებების მისაღწევად, რაც ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება... ახლა ლიდერობის კონკურსის დრო არ არის“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ კირ სტარმერს მისი „სრული მხარდაჭერა“ აქვს და ლეიბორისტ კოლეგებს მოუწოდა, უკან დაიხიონ და „ჩაისუნთქონ“. „ჩვენ ქვეყანა პარტიაზე წინ უნდა დავაყენოთ,“ - განაცხადა ლემიმ. ის აღნიშნავს, რომ ვინც სტარმერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას სთავაზობს, „უნდა თქვან, რომელი კანდიდატი იქნება უკეთესი.“ ცნობისთვის, 7 მაისს, დიდ ბრიტანეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში, მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ დამარცხდა. 136 ადგილობრივ საბჭოში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ნაიჯელ ფარაჯის პარტიამ — „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ 1453 ადგილი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 1068 ადგილი მოიპოვა და წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით, მისი მანდატების რაოდენობა 1496-ით შემცირდა. „ლიბერალ-დემოკრატებმა“ 844 ადგილი მოიპოვეს, რაც წინა მაჩვენებელზე 155-ით მეტია. „კონსერვატორებმა“ 801 მანდატი მიიღეს და მათი მაჩვენებლები 563-ით შემცირდა. „მწვანეთა პარტიამ“ 587 მანდატი მიიღო და წინა არჩევნებთან შედარებით მათი მაჩვენებელი 411-ით გაიზარდა.
კევინ ჰამილტონი თბილისში: ბუქარესტის სამიტზე მეტად, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლია მნიშვნელოვანი
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი 7-8 მაისს, თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმყოფებოდა საოკუპაცი ხაზთან. სტუმრობდა NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრს (JTEC). ჰამილტონმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა NATO-ს მხარდაჭერაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, თავსებადობისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ეს ხორციელდება ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა, ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამა, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) და NATO-ს სამხედრო კომიტეტის სამუშაო გეგმა საქართველოსთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები კვლავაც წაახალისებენ საქართველოს, შეინარჩუნოს და გააღრმაოს რეფორმები, მათ შორის, დემოკრატიული მმართველობა, რაც არსებითი დარჩება ქვეყნის გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის. მან ასევე განიხილა ორმხრივი ინტერესის მქონე რეგიონული უსაფრთხოების განვითარების საკითხი. როგორც ჰამილტონმა განაცხადა, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან შეხვედრაზე განიხილა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული პროგრესი, ასევე — უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ურთიერთობების სამომავლო დღის წესრიგი.“ ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას „NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, თბილისში კონსტრუქციული და დეტალური განხილვა ჰქონდა.“ „შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი. საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, NATO-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი,“ - წერია თავის მხრივ, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ვიზიტს, ჰამილტონის თქმით, NATO ყოველთვის მხარს დაუჭერს ერთიან, თავისუფალ საქართველოს — საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის დონე და კომპლექსურობა ძალიან, ძალიან მაღალია. თუმცა აქ ერთი საკითხიცაა: ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის გარკვეული ნაწილი კონკრეტული მოკავშირე ქვეყნების მიერ ფინანსდება და არა მთლიანად NATO-ს ალიანსის მიერ. ამ ინდივიდუალური მოკავშირეებიდან ზოგიერთმა გადაწყვიტა, ნაწილობრივ შეეჩერებინა ან შეემცირებინა ეს თანამშრომლობა. ასე რომ, ეს უკვე ის სივრცეა, სადაც პოლიტიკური პრობლემები სამხედრო სფეროშიც “გადაიღვრება.” ცხადია, როგორც NATO-სთვის, ისე საქართველოსთვის, როგორც NATO-ს პარტნიორისთვის, საუკეთესო რამ იქნებოდა, თუ ამ კონკრეტული სამხედრო აქტივობების სრულად აღდგენას შევძლებთ. თუმცა ამას ქართული მხრიდან შესაბამისი ქმედებები დასჭირდება. „პრაქტიკული გადმოსახედიდან, ვიტყოდი, რომ საქართველო დღეს უფრო ახლოსაა NATO-სთან ვიდრე 10 წლის წინ იყო. ჩვენი ინსტიტუციური და სამხედრო თანამშრომლობის სიღრმისა და კომპლექსურობის კუთხით საქართველო ნატოსთან უფრო ახლოს არის. ეს კავშირები მხოლოდ გაღრმავდა. ამასთან, დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში, გულწრფელად რომ ვთქვათ, NATO-ს გაფართოების მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ არსებობს - არც საქართველოს და არც სხვა რომელიმე ქვეყნის შემთხვევაში. მაგრამ ჩვენს ქართველ პარტნიორებს იმასაც ვურჩევდი, რომ მხოლოდ წევრობაზე ან გაწევრიანების პროცესზე ზედმეტად არ კონცენტრირდნენ. ჩვენ გვაქვს უამრავი ინსტრუმენტი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობისთვის უკვე არსებული ფორმატების ფარგლებში. სრული წევრობის მიღმაც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია,“ - განაცხადა ჰამილტონმა მოგვიანებით რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ბუქარესტის სამიტის დაპირება [რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი] ისევ ისეთი შეუქცევადია? ჰამილტონის თქმით, ბუქარესტის სამიტზე მეტად, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლია მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს „ღია კარის“ პოლიტიკას: „ეს NATO-ს დნმ-ის ნაწილია. მაგრამ ამის გარდა, დიახ - ბუქარესტის სამიტის გზავნილიც კვლავ ძალაში რჩება. კონკრეტული ვადები არ არსებობს, თუმცა NATO-ს მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ნება და განზრახვა არსებობს. საქართველო, მიუხედავად ნებისმიერი პრობლემისა ამა თუ იმ მთავრობის პირობებში, NATO-სთვის მაინც უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. და ეს არის პარტნიორობა, რომლის შენარჩუნებაც და წინ წაწევაც გვინდა.“ [რედ] ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლი: „მხარეებს შეუძლიათ, ერთსულოვანი შეთანხმებით მოიწვიონ ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ამ ხელშეკრულების პრინციპებს და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში, რათა შეუერთდეს ამ ხელშეკრულებას. ნებისმიერი ასეთი მოწვეული ქვეყანა NATO-ს წევრი ხდება მაშინ, როცა თავისი გაწევრიანების ოფიციალურ დოკუმენტს შეერთებული შტატების მთავრობას გადასცემს. შეერთებული შტატების მთავრობა თითოეულ მხარეს აცნობებს ასეთი გაწევრიანების დოკუმენტის დეპონირების შესახებ.“ ვიზიტის დროს, ელჩი ჰამილტონი ასევე შეხვდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
რა საკითხები განიხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში ვიზიტისას
7 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი საქართველოში ერევნიდან ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თვის ბოლოს აშშ-დან კვლავ ელიან დელეგაციას, რომლის დროსაც, უფრო დეტალურად იქნება განხილული თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.“ მთავრობის ადმინისტრაციაში, სონატა კოლტერთან გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. „პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული,“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ონფორმაციაში. მისივე ცნობით, შეხვედრისას „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში.“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ვიზიტი „ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა.“ „შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე,“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა. „ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან,“ – აღნიშნა მინისტრმა. მოგვიანებით, 8 მაისს, ბოჭორიშვილმა კოლტერთან შეხვედრა საგარეო უწყებაში გამართა. „შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „მხარეებმა განიხილეს მომავალი ნაბიჯები და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მზაობა,“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრა ოპოზიციასთან 8 მაისს, კოლტერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთა შორის იყვნენ “ოპოზიციის ალიანსის” ლიდერები, ასევე, კოალიცია „ლელო/ძლიერი საქართველოს“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ძალიან გულწრფელი საუბარი იყო, თუ რა არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტი როგორც გლობალურად, ასევე, ჩვენს რეგიონსა და საქართველოში. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუ ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის აშშ-სთან ურთიერთობები.” „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ კოლტერს გადასცა „ძალიან მკაფიო გზავნილი“, რომ „ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით.” თავის მხივ, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლიასტრატეგიულ პარტნიორებთან სწორი და მწყობრი ხედვის მიტანა, თუ რატომ არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა.” კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ მედიას განუცხადა, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირთან შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ-ის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. “ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობებს, რომელთაც ვხედავთ შეერთებული შტატების მხრიდან, რომ იყოს უფრო მეტად ჩართული, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში.“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა კი განაცხადა: „კანონის უზენაესობის გარეშე არცერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც შეუძლებელია სტაბილურობაზე ვისაუბროთ. ის რომ სტაბილურობა აუცილებელია, ეს არის საქართველოს და აშშ-ის თანმხვედრი ინტერესები.” 6 მაისს, სონატა კოლტერი სომხეთში იმყოფებოდა. ერევანში ის შეხვდა პრემიერ-მინისტრის უფროს მრჩეველს ლილიტ მაკუნცს; სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს. „ორივე მხარემ კმაყოფილებით გავუსვით ხაზი ვაშინგტონის შეთანხმებებს და აღვნიშნეთ მათ ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის ხელშესახები შედეგები,“ - დაწერა გრიგორიანმა X-ზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტზე. „გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე,“ - აღნიშნა გრიგორიანმა. კოულტერთან შეხვედრას „პროდუქტიული“ უწოდა ლილიტ მაკუნცმა და განაცხადა, რომ მასთან განიხილა „აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაძლიერების და სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობების გაფართოების საკითხები.“ 6 მაისს სონატა კოლტერი ერევანში ასევე შეხვდა ევროკავშირის ელჩს სომხეთში ვასილის მარაგოსს. ისაუბრეს კვირის დასაწყისში ერევანში გამართულ მაღალი რანგის ევროპულ სამიტზე, სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობასა და ევროკავშირის მიერ სომხეთის „მდგრადობის, რეფორმებისა და დაკავშირებადობის მხარდაჭერაზე.“ „როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს“ - სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის ვიზიტი