ეკონომიკა
„შუა დერეფანი, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა“ — რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში
28 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში — „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“, მსოფლიო ბანკი ცხრა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას აფასებს. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შუა დერეფანი საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე შეფასებით, შუა დერეფანი საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას გამოიწვევს. „ანგარიში განიხილავს, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ მსოფლიო დონის ვაჭრობა და ლოჯისტიკა შუა დერეფნის მეშვეობით. ანგარიშის თანახმად, ვაჭრობის მოცულობა ოთხმაგად გაიზრდება, დერეფნის გავლის დრო 66%-ით შემცირდება, 2 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო რეგიონის მშპ საშუალოდ, 3.3%-ით გაიზრდება. საქართველოს შემთხვევაში, პროგნოზის თანახმად, 2040 წლისთვის მშპ 3.6%-ით გაიზრდება. ასევე, დასაქმების მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაიზრდება,“ - განაცხადა როლანდ პრაისმა. ანგარიშის მიხედვით, ინფრასტრუქტურაში დაგეგმილმა ინვესტიციებმა "შუა დერეფანში" ტვირთების მოცულობა შესაძლოა, სამჯერ და მეტად გაზარდოს, ხოლო გადაზიდვის დრო დაახლოებით გაანახევროს. თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საზღვარზე, საბაჟოზე, ციფრულ სისტემებსა და ტრანსპორტის მართვაში რეფორმებიც დაემატება, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლისთვის ტვირთბრუნვა შეიძლება, დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდოს, ხოლო გადაზიდვის დრო ორი მესამედით შემცირდეს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ძირითადი ინფრასტრუქტურული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად რეგიონს 2040 წლამდე, სულ მცირე, 25 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ესაჭიროება. დამატებით დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ინვესტიცია — დერეფანთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტივობის ხელშესაწყობად, მათ შორის პორტებთან და მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზებისა და რკინიგზის, ლოგისტიკური ჰაბებისა და ტერმინალებისთვის. ასევე, ისეთ აუცილებელ ლოგისტიკურ აღჭურვილობას, როგორიცაა მოძრავი შემადგენლობა, ტვირთის დამუშავების ტექნიკა და ციფრული სისტემები. საქართველოს საზღვაო პორტები ფოთის პორტი საქართველოს ორი მოქმედი პორტიდან ყველაზე დიდია და ქვეყნის მასშტაბით კონტეინერების გადამუშავების საერთო მოცულობის 85%-ს უზრუნველყოფს. 2023 და 2024 წლებში პორტის გამტარუნარიანობა კონტეინერების კუთხით 600 000 TEU-ს შეადგენდა, ხოლო ფაქტობრივმა გადამუშავებამ, შესაბამისად, 592 589 და 545 297 TEU შეადგინა; შედეგად, სიმძლავრის ათვისების მაჩვენებელი აღნიშნულ წლებში 99% და 91% იყო. 2025 წელს, საოპერაციო ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის გამტარუნარიანობა მცირედით გაიზარდა და 650 000 TEU-ს მიაღწია; იმავე წელს დაფიქსირებულ ფაქტობრივ მაჩვენებელთან (636 466 TEU — რაც პორტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია) შედარებით, სიმძლავრის ათვისების დონემ 98% შეადგინა. ეს მიუთითებს კონტეინერების გადატვირთულობის მაღალ რისკსა და საქართველოში პორტის გამტარუნარიანობის გაზრდის გადაუდებელ აუცილებლობაზე. კონტეინერული და არაკონტეინერული ტვირთების გათვალისწინებით, საქართველოს ორი მოქმედი შავიზღვისპირა პორტის — ფოთისა და ბათუმის — სიმძლავრის ჯამურმა ათვისებამ 2023 წელს 65% შეადგინა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ ათვისების ეს საერთო დონე გაიზარდა. ახალი ბორნებისა და პორტის გადამუშავების ინფრასტრუქტურის დანერგვის შემთხვევაში, კასპიის ზღვის გავლით გადაზიდვების სეგმენტს უფრო დიდი მოცულობების გატარება შეეძლება, მათ შორის — ყაზახეთიდან დასავლეთის მიმართულებით ლითონის ექსპორტის და სომხეთიდან თუ საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით (აღმოსავლეთით) სპილენძის ექსპორტის. შედარებისთვის, ბათუმის პორტის კონტეინერული გამტარუნარიანობა 200 000 TEU-ს, ხოლო ფაქტობრივი გადამუშავება 109 579 TEU-ს შეადგენდა (ათვისების მაჩვენებელი — 55%, წილი ქვეყნის საერთო მოცულობაში — 15%). იმ ფონზე, როდესაც: (1) მოქმედ პორტებს შორის შესაძლებლობების მხრივ დისბალანსია; (2) ფოთის პორტმა კონტეინერული ოპერაციების კუთხით მაქსიმალურ გამტარუნარიანობას მიაღწია; და (3) მოსალოდნელია TCTC-ის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) კონტეინერული ტვირთნაკადისა და საქართველოს პორტებში შემომავალი გემების საშუალო ზომის ზრდა, — საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული ეს შეუსაბამობა აღმოფხვრას მიზნობრივი გამტარუნარიანობის გაზრდით და, ამავდროულად, პორტების სექტორში კონკურენცია გააძლიეროს. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტს ავითარებს — ეს არის ფოთის ჩრდილოეთით მდებარე ღრმაწყლოვანი პორტი (ე.წ. „greenfield“ პროექტი), რომლის ექსპლუატაციაში გაშვება 2029 წლისთვის იგეგმება; პორტს ექნება განვითარების ფართო პოტენციალი, შეძლებს შავ ზღვაში მოძრავი ყველაზე დიდი ზომის გემების მიღებას და უზრუნველყოფს მულტიმოდალურ კავშირს მომსახურების არეალთან. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტი „ლენდლორდის“ (landlord) მოდელის საფუძველზე შენდება, რაც პორტების სექტორის მართვის ისეთ მიდგომას ნერგავს, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას და პრეცედენტი არ აქვს საქართველოს ზოგადი დანიშნულების ტვირთებზე ორიენტირებულ საზღვაო პორტებში. მოსალოდნელია, რომ ეს მიდგომა მოიზიდავს კერძო სექტორის ინვესტიციებს სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნების პარალელურად, უზრუნველყოფს მსოფლიო დონის მომსახურების გაწევას და ხელს შეუწყობს დროთა განმავლობაში ამ პორტში რამდენიმე ტერმინალისა და მათი ოპერატორის განვითარებას; შედეგად, შეიქმნება კონკურენცია არამხოლოდ სხვა პორტებთან (ფოთსა და ბათუმთან), არამედ თავად ანაკლიის პორტის შიგნითაც. შავი ზღვის მიმართულება ამჟამად ორ განშტოებას მოიცავს; ორივე მათგანი საქართველოს სარკინიგზო და საზღვაო-საპორტო ქსელების ნაწილია. მოსალოდნელია, რომ 2030-იანი წლების დასაწყისისთვის ამ ქსელებს მესამე განშტოებაც დაემატება. კერძოდ, ტვირთის გადაზიდვა შესაძლებელია ფოთის (რომელიც ამჟამად წამყვანი პორტია) ან ბათუმის პორტის გავლით; ორივე მათგანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი. მომავალში შავი ზღვის მიმართულებით მოქმედი გადამზიდავებისთვის დამატებითი არჩევანიც გაჩნდება, რადგან საქართველო ანაკლიაში ახალ, ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, რომელიც მულტიმოდალური კავშირებით იქნება უზრუნველყოფილი. ანაკლიის პორტის მშენებლობა (მათ შორის, შიდა ტერიტორიებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა) სავარაუდოდ, 2030-იანი წლების დასაწყისისთვის დასრულდება და პორტი ბაზარზე ოპერირების საწყის ეტაპზე გადავა.
როგორ იმოქმედებს სომხეთი, თუ რუსეთი გაზის ფასს გაზრდის
სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა კომენტარი გააკეთა იმ ვარაუდებზე, რაც რუსული იმპორტირებული გაზის ფასის შესაძლო ზრდას უკავშირდება. სიმონიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ როგორ იმოქმედებს სომხეთის ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაზის ფასის გაზრდას გადაწყვეტს. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და კვლავაც ვიცავთ პოზიციას, რომ გვყავს ოთხი მეზობელი ქვეყანა და თუ მეხუთე ქვეყანა შემოგვთავაზებს გაზის ტრანზიტს, ამ წინადადებას განვიხილავთ. გაზის ფასი პოლიტიკურ კომპონენტსაც მოიცავს. ჩვენ არ ვართ და არც მომავალში ვიქნებით მზად, დამოკიდებულნი ვიყოთ ერთ მილსადენზე ან ზეწოლის ერთ ბერკეტზე; ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთის ეკონომიკის ყველა სექტორის დივერსიფიკაციის პროცესს,“ — განაცხადა სიმონიანმა. უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი ქვეყანაა. „სომხეთის რესპუბლიკა შეინარჩუნებს სუვერენიტეტს. რუსეთის ფედერაციაში ჩვენი პარტნიორებიც მუდმივად აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების მიღება ჩვენი სუვერენული უფლებაა. სომხეთის რესპუბლიკას საკუთარი ინტერესები არც დაუთმია და არც დათმობს,“ — განაცხადა სიმონიანმა. ამჟამად სომხეთში ერთ კუბურ მეტრ გაზში 143,7 დრამს იხდიან, ხოლო სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის მოქმედებს სუბსიდირებული ტარიფი — 100 დრამი. ცნობისთვის, 14 სექტემბერს რუსულმა გაზის კონცერნმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ სომხეთს გაზის მიწოდება შეუწყდებოდა 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე. ოფიციალურ მიზეზად რუსეთის ტერიტორიაზე „სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა“ დასახელდა. გაზის მიწოდება უკვე აღდგა. სომხეთი გაზის უდიდეს ნაწილს რუსეთიდან იღებს: 2026 წელს რუსულმა ბუნებრივმა აირმა შეადგინა სომხეთის მიერ მოხმარებული აირის 82%. 11 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი გაზის წყაროების დივერსიფიკაციის სტრატეგიის რეალიზებას იწყებს და ეს პროცესი არ იქნებოდა დამოკიდებული რუსული გაზის ახალ ფასზე, რომელიც „გაზპრომმა“ 2027 წლისთვის უნდა დაადგინოს. სომხეთისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება „გაზპრომსა“ და მის შვილობილ სტრუქტურას, სს „გაზპრომ არმენიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტრანზიტი კი საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება. სომხეთს აქვს მიწისქვეშა გაზსაცავი, რომელიც ერევანს “გაზსადენის რემონტით“ გამოწვეული კრიზისის შერბილებაში ეხმარება.
ევროკავშირის საბჭომ სომხური პროდუქციისთვის ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომოფიციალურად დაამტკიცა სომხური პროდუქციისთვის ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთის ეკონომიკას რუსეთის მიერ ახლახან დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების ფონზე. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ეს ზომები უზრუნველყოფს ევროკავშირში სომხური ექსპორტის დაახლოებით 80%-ის ლიბერალიზაციას და აუქმებს იმპორტის გადასახადებს პროდუქციის ფართო სპექტრზე, მათ შორის გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო საქონელზე. ეს დროებითი საშეღავათო რეჟიმი ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს. აღნიშნული დროებითი ზომები ხელს შეუწყობს სომხეთიდან ევროკავშირის მიმართულებით სავაჭრო ნაკადების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, რაც შეესაბამება ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) მიზნებს. შეღავათიანი რეჟიმი გარკვეულ პირობებს ეფუძნება და მოიცავს დამცავ ზომებს ევროკავშირის ბაზრის დასაცავად იმ შემთხვევისთვის, თუ იმპორტი უარყოფით გავლენას მოახდენს ევროკავშირის მწარმოებლებზე. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს კომისიის წინადადებას ყოველგვარი ცვლილების გარეშე. „ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას სომხეთისა და მისი ხალხის მიმართ, რომლებმაც, მიუხედავად გარე ზეწოლისა, მკაფიოდ აირჩიეს პროევროპული გზა. დღევანდელი გადაწყვეტილება დაეხმარება სომხეთის ეკონომიკას, რომელიც სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალდა, და აჩვენებს, რომ ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ, ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ,“ — განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ჰელენ მაკენტმა.
SOCAR-ი უზბეკეთიდან მსოფლიო ბაზრებზე საქართველოს გავლით დიზელის გატანას განიხილავს — მედია
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR უზბეკეთიდან მსოფლიო ბაზრებზე დიზელის საწვავის საქართველოს შავი ზღვის პორტ ყულევში მდებარე საკუთარი ტერმინალის გავლით ტრანზიტს განიხილავს. ამის შესახებ Report-ს SOCAR-ის გლობალური ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თოღრულ ქოჩარლიმ განუცხადა. „SOCAR Trading ამჟამად უზბეკეთიდან ნაფთას (ნავთობქიმიური ნედლეულის) ტრანსპორტირებას და შავი ზღვის პორტებში მიწოდებას ახორციელებს. განხილვის საგანია დიზელი. საუბარია უზბეკეთში წარმოებულ დიზელის საწვავზე. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მისი ექსპორტიც ყულევში მდებარე ჩვენი ტერმინალის გავლით განხორციელდება,“ — აღნიშნა ქოჩარლიმ. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყაზახეთისა და თურქმენეთისგან განსხვავებით, რომლებიც აზერბაიჯანის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორები არიან საერთაშორისო ბაზრებზე ეროვნული ნავთობპროდუქტების ტრანზიტისა და ექსპორტის კუთხით, ტაშკენტთან თანამშრომლობა ამ სფეროში მხოლოდ წელს დაიწყო. „ფაქტობრივად, ერთობლივი მუშაობის საფუძველი გაცილებით ადრე ჩაეყარა მხარეებს შორის შექმნილი სამწლიანი ენერგეტიკული პროექტის — „ტურანის“ ფარგლებში. თუმცა მისი პრაქტიკული განხორციელება და აქტიური საოპერაციო საქმიანობა სწორედ წელს დაიწყო,“ — განმარტა ქოჩარლიმ.
საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი თურქეთთან ენერგეტიკული ინტეგრაციის საკითხს განიხილავენ — მედია
თბილისში, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის (WFER IX) ფარგლებში, სომხეთის საჯარო მომსახურების მარეგულირებელი კომისიის (PSRC) თავმჯდომარე მესროპ მესროპიანი შეხვდა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პრეზიდენტ პედრო ვერდელჰოსა და პროგრამა EU4Energy-ის წარმომადგენლებს. სომხური მედიის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) თავმჯდომარე დავით ნარმანია და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტოს (AERA) საბჭოს თავმჯდომარე სამირ ახუნდოვი. მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგოსისტემების უფრო მეტი ინტეგრაციისა და რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონის ენერგოსისტემების თურქეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიმართულებით გადასადგმელი შესაძლო ნაბიჯების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემები ერთმანეთთან დაკავშირებას „TRIPP“-ის პროექტის ფარგლებში გეგმავენ.
ნიგერიელი მილიარდერი უდიდესი ნავთობქარხნის აქციებს მოქალაქეებს სთავაზობს
ნიგერიელმა მილიარდერმა თავისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) დაიწყო, რაც აფრიკაში აქციების გაყიდვის ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა. შეთავაზების მიზანი ქარხნის გაფართოებისთვის 2.1 მილიარდ დოლარამდე მოზიდვაა. აფრიკის უმდიდრესმა ადამიანმა ალიკო დანგოტემ განაცხადა, რომ მიზანი რიგითი ნიგერიელებისთვის ქარხნის წარმატებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემაა. ქარხანამ მის პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნით ისარგებლა, რაც ირანთან დაკავშირებული ომის გამო მიწოდების შეფერხებებმა გამოიწვია. ამან ქარხანას საშუალება მისცა, საავიაციო საწვავი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაეყიდა. ცნობისთვის, აქციების პირველადი განთავსება (ინგლისურად Initial Public Offering (IPO)) არის კომპანიის მიერ აქციების პირველი საჯაროდ გაყიდვა.
ევროკომისია შუა დერეფნისთვის €12 მილიარდის მობილიზებას გეგმავს
ევროკომისია „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის 12 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „დღეს შემიძლია, გამოვაცხადო ახალი საერთაშორისო პროექტი სატრანსპორტო დაკავშირებულობის სფეროში. ის პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპულ ბაზართან — იმას, რასაც ჩვენ „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ,“ — აღნიშნა ლაიენმა. მისი თქმით, დაფინანსების მოზიდვა ინიციატივა „Global Gateway“-ის (გლობალური კარიბჭე) ფარგლებში იგეგმება: „ჩვენ განზრახული გვაქვს, მოვიზიდოთ 12 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიცია. ჩვენი მიზანია მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების გასამმაგება და ტვირთების ტრანზიტის დროის მნიშვნელოვნად შემცირება 2030 წლისთვის,“ — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც რეგიონის რამდენიმე ქვეყანას გადის და აზიას ევროპასთან აკავშირებს. ის ტრადიციული „ჩრდილოეთისა“ და „სამხრეთის“ დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და ცენტრალური აზიის ქვეყნებს გადის. შემდეგ ის კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, ვიდრე ევროპამდე მიაღწევდეს. შუა დერეფნის სახმელეთო მარშრუტი აზიის აღმოსავლეთ რეგიონებს (მათ შორის ჩინეთს) ევროპასთან აკავშირებს.
ყაზახეთი შუა დერეფნის გამტარუნარიანობის 20 მილიონ ტონამდე გაზრდას გეგმავს
ყაზახეთი გეგმავს, „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაზარდოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიისა და კორეის რესპუბლიკის პირველ სამიტზე განაცხადა. ინფორმაციას „Report“-az-ი ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, გლობალური მიწოდების ჯაჭვების ცვლილების ფონზე, ცენტრალური აზიის, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვანი რგოლის როლი იზრდება. თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი მიზნად ისახავს თავისი ტერიტორიის გავლით ტრანზიტული ტვირთების საერთო მოცულობის წელიწადში 100 მილიონ ტონამდე გაზრდას. ამ კონტექსტში ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს „შუა დერეფნის“ განვითარებას. „ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამ მარშრუტზე ტვირთების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა. უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ მისი გამტარუნარიანობის წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაზრდას,“ — განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი“ პოტენციურად შეიძლება, ინტეგრირდეს სატრანსპორტო ინიციატივა TRIPP-თან, რომელიც „ტრამპის მარშრუტის“ (Trump Route) სახელითაა ცნობილი. „შუა დერეფანი“ ჩინეთს ევროპის ქვეყნებთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს. ყაზახური მხარის მონაცემებით, ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვა 2025 წელს 62%-ით გაიზარდა, ხოლო კონტეინერების გადაზიდვა 2,7-ჯერ — 56 500 კონტეინერამდე. „შუა დერეფნის“ ამჟამინდელი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ტონა ტვირთსა და 182 000-მდე კონტეინერს შეადგენს. ყაზახეთი გეგმავს, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაზარდოს.
სომხეთი „ტრამპის მარშრუტში“ ყაზახეთის მონაწილეობას განიხილავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 27 აგვისტოს დაადასტურა, რომ ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტში ყაზახეთის მონაწილეობას განიხილავს. ფაშინიანის განცხადებით, პროექტში მესამე ქვეყნების მონაწილეობა შესაძლებელია აშშ-სა და სომხეთის თანხმობით. მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანა პროექტში მონაწილეობით არის დაინტერესებული და ამ საკითხზე კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები უნდა განიხილონ. მედიის ინფორმაციით, ერევანი ყაზახეთსა და ყირგიზეთს TRIPP-ის განვითარების კომპანიაში სომხეთის კუთვნილი წილიდან თითოეულს 5%-ის გადაცემას სთავაზობს. ამ ეტაპზე სომხეთის წილი კომპანიაში 26% უნდა იყოს, ხოლო აშშ-ის — 74%. ამასთან, ყაზახეთის მიერ აღნიშნული წილის შეძენისა და პროექტში ოფიციალურად შესვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. სომხური Yerevan Today 24 აგვისტოს წერდა, რომ ფაშინიანმა რუსეთს მოუწოდა, სომხეთის რკინიგზის მართვის უფლება მესამე ქვეყანას გადასცეს, რომელიც მისაღები იქნება როგორც ერევნისთვის, ისე მოსკოვისთვის. გარდაა ამისა, ყირგიზული გამოცემა მიხედვით, რომ ტოყაევმა და ფაშინიანმა განიხილეს ყაზახეთის მიერ სომხეთის რკინიგზის ქსელის მართვის რუსეთის რკინიგზისგან (RZhD) გადაბარების შესაძლებლობა. ეს სტრატეგიული ობიექტი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ახალი საგარეო პოლიტიკის კონცეფციის მნიშვნელოვანი ელემენტია. 24 აგვისტოს სომხეთის პარლამენტში, მთავრობის 2026-31 წლების სამოქმედო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რკინიგზაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები „საერთაშორისო ინვესტორებს“ აფრთხობს და უბიძგებს, უარი თქვან სომხეთის სარკინიგზო ქსელის სატრანზიტო მიზნებისთვის გამოყენებაზე, რადგან რკინიგზა რუსეთის კონტროლქვეშაა. საუბარია სომხეთის რკინიგზის ორ მონაკვეთზე, რომლებიც სომხეთს აზერბაიჯანთან და თურქეთთან აკავშირებს. სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული. „იმის გამო, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის კონტროლქვეშაა, ახლა ვდგავართ იმის რისკის წინაშე, რომ დავკარგოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ სომხეთი საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში ინტეგრირდეს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ისტორიული შესაძლებლობის დაკარგვა. ვთხოვთ ჩვენს რუს პარტნიორებს, გამოიჩინონ მოქნილობა და მართვის უფლება მიჰყიდონ მესამე ქვეყანას, რომელიც მისაღები იქნება როგორც სომხეთისთვის, ისე რუსეთისთვის,“ - განაცხადა ფაშინიანმა. თუმცა მოსკოვი უარს აცხადებს სომხეთის რკინიგზის დათმობაზე და დასავლეთს „სომხეთიდან რუსეთის გაძევების წახალისებაში“ სდებს ბრალს. 26 აგვისტოს მოსკოვმა კვლავ უარით უპასუხა ერევნის მოწოდებას, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სამართავად დაუბრუნოს ან „მესამე, ნეიტრალურ მხარეს“ გადასცეს „სომხეთის რკინიგზა.“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ „ერევნის არგუმენტებსა და რეალობას შორის სრული შეუსაბამობაა.“ „ამ საკითხზე ყველა განმარტება სხვადასხვა დონეზე უკვე იქნა წარმოდგენილი,“ - განუცხადა სამინისტროს პრესცენტრმა რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიმეორა პოზიცია, რომ ფაშინიანი რკინიგზაზე რუსეთის ადმინისტრირების მოშორებას „დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის გამო ცდილობს“ — ძალების, რომლებიც „სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნით არიან დაინტერესებული.“ სომხეთის სარკინიგზო ქსელს „რუსეთის რკინიგზა“ მართავს. სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული — ხელშეკრულება 2008 წელს 30 წლის ვადით დაიდო. აშშ-მ TRIPP-თან დაკავშირებული ფონდის დაფინანსება გააორმაგა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, ევროკავშირმა სომხეთს მხარდაჭერა აღუთქვა ფაშინიანი: CSTO-ს მიმართ ინტერესი ამოწურულია, კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაციიდან გაგვრიცხავენ სომხეთმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განსაზღვრა — რა წერია დოკუმენტში საქართველოსა და ფართო რეგიონის სხვა ქვეყნებზე ფაშინიანის თქმით, სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს მალე შეიტანს
ყაზახეთი კასპიის ზღვაზე $1 მილიარდის ღირებულების ახალ პორტს ააშენებს
ყაზახეთი კასპიის ზღვაზე $1 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ პორტს ააშენებს. მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 6-15 მილიონ ტონას შეადგენს. შემდგომ ეტაპებზე დაგეგმილია სიმძლავრის გაზრდა წელიწადში 25 მილიონ ტონამდე. პროექტი მოიცავს შვიდ ნავმისადგომს, დაახლოებით 3-კილომეტრიან ტალღისმჭრელ ნაგებობას, საერთო ჯამში 7,5 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ლიანდაგებს, ასევე, გემთმშენებელ და გემთსარემონტო კომპლექსს.
ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე საბორნე მიმოსვლას განაახლებენ
ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე სამგზავრო საბორნე მიმოსვლის აღდგენას გეგმავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანში ყაზახეთის ელჩმა ალიმ ბაიელმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ყაზახურმა მხარემ აზერბაიჯანს შესთავაზა სამგზავრო საბორნე მიმოსვლის აღდგენა მარშრუტზე: პორტი კურიკი – პორტი ბაქო – პორტი კურიკი. აღნიშნული მიმოსვლა 2020 წლამდე ფუნქციონირებდა, თუმცა ის COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა. ალიმ ბაიელმა აღნიშნა, რომ მიმოსვლის შეჩერებამდე კასპიის ზღვაზე საბორნე მარშრუტით წელიწადში დაახლოებით 1 500 მგზავრი სარგებლობდა. ის იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში ამ მარშრუტით მგზავრობით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება. საბორნე მიმოსვლის აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სამგზავრო კავშირების განვითარებას, ტურისტული ნაკადების ზრდას და „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) შესაძლებლობების გაფართოებას. ელჩმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ყაზახეთის წინადადებას მხარი დაუჭირა. ამჟამად ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყებები მუშაობას შეუდგნენ, რათა სამგზავრო მიმოსვლა რაც შეიძლება მალე აღდგეს.
მიხეილ ლომთაძის Kaspi-მ თურქეთში ბანკი შეიძინა
ყაზახურმა ფინტექ-ჯგუფმა Kaspi.kz-მა ახლახან შეძენილ თურქულ ბანკს Rabobank A.Ş.-ს სახელი გადაარქვა [Hepsi Bank] და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Hepsiburada-ს მარკეტპლეისთან მისი ინტეგრაცია დაიწყო. კომპანია თურქეთში ფინანსური მომსახურების ბიზნესს აფართოებს. რებრენდინგის შესახებ Kaspi.kz-ის 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ ანგარიშში გამოქვეყნდა. Kaspi.kz-მა პირველად Rabobank A.S.-ის 100%-ის შეძენის გეგმები 2025 წლის მარტში გამოაცხადა.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველა სავაჭრო და ფინანსური საქმიანობა შეაჩერა
არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა (UAE) ირანთან ყველა სახის სავაჭრო საქმიანობა და ფინანსური ტრანზაქცია „შემდგომ შეტყობინებამდე“ შეაჩერა. იტყობინება UAE-ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორზე დაყრდნობით. ჯერჯერობით დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა. თუმცა განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც UAE-ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ორი ირანული ბალისტიკური რაკეტა აღმოაჩინა, რომლებიც საზღვაო ნავიგაციას იღებდნენ მიზანში. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს. საპასუხოდ, თეირანმა რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის UAE-ზე, სადაც აშშ-ის აქტივებია განთავსებული, დარტყმები განახორციელა. ივნისის შუა რიცხვებში ირანმა და აშშ-მ პაკისტანის შუამავლობით ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანიც ომის დასრულება და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იყო. თუმცა მოლაპარაკებები მემორანდუმის პირობებთან და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციასთან დაკავშირებით მიმდინარე დავების გამო ჩაიშალა.
ყაზახეთი და სინგაპური შუა დერეფნის განვითარების მიზნით თანამშრომლობას გააფართოებენ
ყაზახეთი და სინგაპური მულტიმოდალური ტრანსპორტის, ვაჭრობისა და დიგიტალიზაციის სფეროში თანამშრომლობას გააფართოებენ — ძირითადი აქცენტი შუა დერეფანზე გაკეთდება. მემორანდუმს ხელი მოეწერა Middle Corridor Multimodal Ltd-სა და Singapore Cooperation Enterprise-ს შორის, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბექტენოვისა და სინგაპურის სახელმწიფო მინისტრ ლი სიან ლუნის შეხვედრის შემდეგ. დოკუმენტი ითვალისწინებს ტრანსპორტისა და სავაჭრო ეკოსისტემების განვითარების თანამედროვე მიდგომების დანერგვას, ლოგისტიკური პროცესების დიგიტალიზაციას და მულტიმოდალური ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შუა დერეფნის პოტენციალის გამოვლენას, რომელიც ჩინეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზრებთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით აკავშირებს. შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები. 2026 წლის პირველ ექვს თვეში ყაზახეთსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვამ 777 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5-იანი ზრდაა. 2025 წლისთვის სინგაპურიდან ყაზახეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი შემოდინება დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიულ სფეროებად ასევე გამოიკვეთა დიგიტალიზაცია, ხელოვნური ინტელექტი, აგროსამრეწველო კომპლექსი და ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორი.
საქართველომ და უზბეკეთმა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისთვის ელექტრონული ნებართვების სისტემა დანერგეს
უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტრომ, საქართველოსთან თანამშრომლობით, საერთაშორისო საავტომობილო ტვირთების გადაზიდვისთვის, ელექტრონული ნებართვის სისტემა (E-permit) დანერგა. უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, უზბეკეთის გადამზიდავებს, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო სატვირთო რეისებს ახორციელებენ, ამიერიდან საჭირო ნებართვების ონლაინ მიღება შეეძლებათ. რას მოიცავს ელექტრონული ნებართვა? ეს ეხება ორმხრივი გადაზიდვების, სატრანზიტო ფრენების და მესამე ქვეყნებს შორის გადაზიდვების ნებართვებს. ადრე ამ ნებართვებისთვის ქაღალდის ფორმები გამოიყენებოდა. ტრანსპორტის სამინისტრო იმედოვნებს, რომ ელექტრონულ ნებართვაზე გადასვლა დოკუმენტების დამუშავების დროს შეამცირებს.
BTC-ით ნავთობის ტრანსპორტირება მაისთან შედარებით 10%-ით გაიზარდა, გასული წლის ივნისთან შედარებით კი 5%-ით შემცირდა
BTC-ით ნავთობის ექსპორტი გაიზარდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2026 წლის ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის დღიური ექსპორტი საშუალოდ 547 000 ბარელს შეადგენდა. BTC მილსადენით ნავთობისტრანსპორტირება მაისთან შედარებით 10%-ით, დღეში 48 000 ბარელით გაიზარდა. თუმცა ივნისში მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 5%-ით, დღეში 31 000 ბარელით შემცირდა. BTC მილსადენი ოფიციალურად 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა. მისი საერთო სიგრძე 1 768 კილომეტრია, საიდანაც 443 კილომეტრი აზერბაიჯანზე, 249 კილომეტრი საქართველოზე და 1 076 კილომეტრი თურქეთზე გადის.
იტალიურმა CESI-მ და GECO Power-მა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების გეგმა განსაზღვრეს
„მწვანე ენერგიის დერეფნის“ ენერგოკომპანიის (GECO Power) ერთობლივმა საწარმომ და იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ (შავი ზღვის ენერგია) პროექტის განხორციელების შემდგომი ნაბიჯები დასახეს. GECO Power-ის ცნობით, კომპანიებმა, პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად, მე-2 სამუშაო ნაკადისადმი მიძღვნილი შეხვედრა გამართეს, სადაც ყურადღება გაამახვილეს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლიდან განვითარების ფაზაში გადასვლისას საჭირო ძირითად აქტივობებზე. განხილვები შეეხო შემდეგი ეტაპის ძირითად ტექნიკურ, ეკონომიკურ და განხორციელების ასპექტებს, მათ შორის განვითარების სტრატეგიისა და შესყიდვების სტრატეგიის მიდგომებს, ასევე მონაწილე ქვეყნებსა და პროექტის პარტნიორებს შორის მომავალი აქტივობების კოორდინაციას. GECO Power-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მე-2 სამუშაო ნაკადი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის დასკვნების სტრუქტურირებულ განვითარების ჩარჩოში გადატანისა და მწვანე ენერგიის დერეფნის განხორციელების გზის განსაზღვრის მიმართულებით. პროექტი „მწვანე ენერგიის განვითარებისა და ტრანსპორტირების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ბუქარესტში 2022 წელს. კასპიის ზღვისა და შავი ზღვისა და ევროპის მწვანე ენერგიის დერეფნის ერთობლივი საწარმო საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის 25 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს და გააერთიანებს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემებს. წყალქვეშა კაბელის სიგრძე 1,115 კმ იქნება წყალქვეშ და 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა 525 კვ და გამტარუნარიანობა 1,300 მეგავატი. შავ ზღვაზე წყალქვეშა ენერგოკაბელის დასრულება 2032 წლისთვისაა დაგეგმილი. პროექტი შეტანილია ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში. ევროკომისია გეგმავს 2.3 მილიარდი ევროს გამოყოფას მისი განხორციელებისთვის.
CPC-ის შეფერხების ფონზე, ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებად BTC-სა და ბაქო-სუფსას განიხილავს
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენებს, ასევე კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად განიხილავს. ამის შესახებ მედია ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სამინისტრომ „ინტერფაქს-ყაზახეთს“ განუცხადა, რომ მიმდინარეობს სამუშაო ექსპორტის ნაკადების გადანაწილებაზე. „განიხილება ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სისტემის გავლით, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით ტვირთების გადაზიდვა, ასევე ბაქო-სუფსას მარშრუტი“, — განაცხადა სამინისტრომ. ალტერნატიული მარშრუტების განხილვა „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ობიექტების მუშაობის შეფერხებას მოჰყვა. კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე, ნოვოროსიისკის რაიონში მდებარე ინფრასტრუქტურას უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს. „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” აქციონერები რუსულ და ყაზახურ კომპანიებთან ერთად არიან რამდენიმე ევროპული და ამერიკული კომპანია, მათ შორის Chevron-ი. კონსორციუმის მილსადენებით ძირითადად, დასავლეთ ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება. 2026 წლის ივლისში ყაზახეთმა საექსპორტო ნაკადები გადაანაწილა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მიწოდება გაიზარდა ატირაუ-სამარის მიმართულებით და ჩინეთში. ყაზახეთის „თენგიზის“ ნავთობსაბადოს ოპერატორმა მარტის შემდეგ პირველად განაახლა ნავთობის ექსპორტი ბათუმის პორტის გავლით — Reuters
რუმინეთში AGRI-ის პროექტის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ
რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის (AGRI) პროექტის გაცოცხლების ინიციატივით გამოდის, რათა ხელი შეეწყოს თურქმენული ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებას. „ინიციატივა რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ მიხაი დარაბანსა და რუმინეთში თურქმენეთის ელჩ ანამამეტ ანნაევს შორის გამართულ შეხვედრაზე გახმოვანდა,“ - ნათქვამია რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCIR) მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. პალატის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკის სექტორსა და კონსტანცისა და თურქმენბაშის პორტებს შორის პორტებს შორის თანამშრომლობაზე. დარაბანმა ასევე გაიმეორა თავისი წინადადება AGRI-ს პროექტის განახლების შესახებ, რომელიც ევროპის ბაზრებისთვის კასპიის რეგიონიდან ბუნებრივ გაზზე წვდომას უზრუნველყოფს. „აზერბაიჯანსა და საქართველოში არსებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან, ხოლო შემდგომ BRUA-ს გაზსადენთან დაკავშირების შემთხვევაში, კონსტანცის პორტი შეიძლება, ევროპაში თურქმენული ბუნებრივი აირის შესვლის წერტილი გახდეს,“ — განაცხადა დარაბანმა. შეგახსენებთ, AGRI (აზერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთის ინტერკონექტორი) წლების განმავლობაში განხილვადი პროექტია, რომლის მიზანიც კასპიის ზღვის რეგიონის ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებაა. პროექტის მიხედვით, გაზი საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე უნდა მიეწოდოს, იქ გათხევადდეს, შემდეგ ტანკერებით რუმინეთის კონსტანცის პორტში გადაიტანონ და ევროპელ მომხმარებლებს მიეწოდოს. მიწოდებული მოცულობების ევროპულ ბაზრებზე განაწილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად BRUA-ს გაზის დერეფანი (ბულგარეთი–რუმინეთი–უნგრეთი–ავსტრია) განიხილება, რომელიც რუმინეთის სატრანსპორტო სისტემას ცენტრალური ევროპის ბაზრებთან აკავშირებს. პროექტი ევროპის გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასა და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება. ამ ფონზე, ბოლო თვეებში თურქმენეთმა ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შესაძლებლობების განვითარებაზე მუშაობა გაააქტიურა. აპრილში ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა განაცხადა, რომ აშხაბადის ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული პრიორიტეტი ევროპული ბაზრებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაა. „15-20 წლის წინ ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა ევროპელ პარტნიორებთან და ბევრი რამ გავაკეთეთ თურქმენული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდების არაერთი იდეის პრაქტიკულად განსახორციელებლად,“ — განაცხადა მერედოვმა. ამასთან, გაზეთ „Türkmen Dünýäsi“-ს მთავარმა რედაქტორმა ბატირ მურადოვმა Trend-ს განუცხადა, რომ თურქმენეთი აზერბაიჯანის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს.
თურქეთმა და ერაყმა ნავთობსადენის ფუნქციონირებაზე შეთანხმება გაახანგრძლივეს
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, თურქეთმა და ერაყმა ორ ქვეყანას შორის ნავთობსადენის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად ერთწლიანი შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმება ინარჩუნებს ნავთობის ექსპორტის სტრატეგიულ მარშრუტს, რომლის დღიური გამტარუნარიანობა 750 000 ბარელამდე შეადგენს, მხარეები გრძელვადიან შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. გახანგრძლივდა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი ორმხრივი შეთანხმების ვადა, რომელსაც მოქმედება ამოეწურა და რომელიც ბაღდადის ერთადერთი მოქმედი საექსპორტო ნავთობსადენის — ერაყი–თურქეთის ნავთობსადენის (Iraq-Turkey Pipeline, ITP) ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თურქეთის სახელმწიფო მილსადენების ოპერატორმა BOTAS-მა, ასევე ერაყის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა — SOMO-მ (ნავთობის მარკეტინგის სახელმწიფო ორგანიზაცია) და NOC-მ (ჩრდილოეთის ნავთობკომპანია). შეთანხმება ანკარაში, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარსა და ერაყის ნავთობის მინისტრ ბასიმ მუჰამედ ხუდაირს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაფორმდა. ბაირაქტარის განცხადებით, ეს შეთანხმება თურქეთსა და ერაყს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში არსებული კრიზისის ფონზე, სადაც სპარსეთის ყურეში ყოველდღიურად დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი შეფერხებულია, აღნიშნული მილსადენი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მინისტრის თქმით, თურქეთი მილსადენის 1,5 მილიონი ბარელი დღიური გამტარუნარიანობის სრულად გამოყენებას ისახავს მიზნად.