ანალიტიკა

ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი

ექსკლუზივი   Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. აშშ ხსენებულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ.

დენიელ ფრიდი საქართველოზე, რუსეთზე, დასავლეთსა და ჩინეთზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დენიელ ფრიდი Europetime-თან განიხილავს სხვა საკითხებთან ერთად საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის თემას, ასევე - „პუტინიზმის დამარცხებას“ - თემას, რომელსაც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ. დენიელ ფრიდის განცხადებით, პუტინიზმის დამარცხება რა თქმა უნდა, შესაძლებელია, საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, აღარ არის. „მისი დამარცხება ნიშნავს უკრაინის დახმარებას, დემოკრატიის დახმარებას, კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და მე ვსაუბრობ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე. საქართველოსთვის პუტინიზმის დამარცხება ნიშნავს თავისუფალ, სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც არის ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ქვეყანას, რომელიც არის რუსეთის ზეწოლისგან თავისუფალი,“ - აღნიშნავს დენიელ ფრიდი. რაც შეეხება ჩინეთს, დენიელ ფრიდის შეფასებით, ზოგიერთმა ქვეყანამ აღმოაჩინა, რომ პეკინის დახმარება ისე არ სრულდება, როგორც მაგალითად თავდაპირველად იყო გათვალისწინებული. დენიელ ფრიდი აფრიკის ქვეყნების მაგალითზე მიუთითებს. „ჩემთვის გასაგებია, რომ საქართველოს სურს, ბევრ ქვეყანასთან დაამყაროს ურთიერთობები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ესაუბრება ისეთ ქვეყნებსაც, როგორიც არიან ლიეტუვა და ჩეხეთი,“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.  დენიელ ფრიდი არის ამერიკელი დიპლომატი. მსახურობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში (2005 წლიდან 2009 წლამდე), იყო შეერთებული შტატების ელჩი პოლონეთში 1997 წლიდან 2000 წლამდე; ფრიდმა სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის თებერვალში, ორმოცწლიანი საქმიანობის შემდეგ დატოვა.

მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი Europetime-თან აცხადებს, რომ სწავლებაში - Agile Spirit, დიდი ბრიტანეთი ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტინგენტით იყო წარმოდგენილი. ელჩის შეფასებით, ეს საქართველოს NATO-ში მისწრაფებისადმი მხარდაჭერის ძლიერი დემონსტრირებაა.  „გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ნამდვილად ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით საქართველოს მხარდასაჭერად. ამას ვაკეთებთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმის, წვრთნებისა და საქართველოს თავდაცვის ძალებთან ჩართულობის გზით. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩატარდა წვრთნები - „Agile Spirit“ (მტკიცე სული) და ჩვენ ვნახეთ, რომ მასში თითქმის 200 ბრიტანელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ეს იყო ყველაზე დიდი კონტინგენტი ამერიკელების შემდეგ. ეს საქართველოს NATO-ში მისწრაფების მხარდაჭერის ნამდვილად ძლიერი და თვალსაჩინო დემონსტრირებაა,“ - განუცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა Europetime-ს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს NATO-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი აქვთ. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის 1919 წელს დამყარდა. 2022 წელს აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი. ასევე წაიკითხეთ: NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს

გობლი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პირობებს ამერიკაც მხარს უჭერს, არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ რუსეთი გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო დეკემბერში, ზუსტად 5 კვირაში მიიღებს, მანამდე კი, საქართველომ „საშინაო დავალების“ შესრულება უნდა განაგრძოს. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ასევე, არჩევნების თემა ახალი არ არის, თუმცა სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ პირველად არის ნახსენები. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ვაშინგტონში გამართული სამიტი და ვაშინგტონის გზავნილი, რომ აშშ და ევროკავშირი საერთო ღირებულებების დასაცავად ერთად დგანან. 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ცნობილია, რომ ევროკავშირის მსგავსად, აშშ-სთვისაც მნიშვნელოვანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ასევე 2024 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, მით უმეტეს, ვაშინგტონმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია გლობალური მასშტაბით არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხეების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დაანონსა. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, 2024 წლის კენჭისყრა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. ამ საერთო სურათზე საკუთარ მოსაზრებას Europetime-თან აფიქსირებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი. ამერიკელი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ აშშ და ევროკავშირი იზიარებენ იმ სულისკვეთებას, რომელიც საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯში ევროკომისიამ ჩაწერა. „ევროკავშირმა საქართველოს განუსაზღვრა გარკვეული პირობები და მათ უკან სწორედ ევროკავშირი დგას და არა აშშ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც მხარს უჭერს ამ პირობებს. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული შეშფოთება არსებობს, რომ რუსეთი და რუსეთის აგენტები გავლენას მოახდენენ (არჩევნების, რედ.) შედეგზე,“ - ამბობს პოლ გობლი. ცნობისთვის, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი

ექსკლუზივი Europetime-თან კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის მიზნების გამოაშკარავების აქტიურ კამპანიას ახალი ინიციატივების მეშვეობით იწყებს. Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უდასტურებს, რომ უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას. „ჩვენთვის დიდი ხანია, ცნობილია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ვცდილობთ, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამ საფრთხის უკეთ გასაგებად, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებამ ის რუსული ოპერაციები განიხილა, რომლის მიზანიც იყო, შეერყია საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ. შედეგად, სადაზვერვო საზოგადოებამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. რუსეთი ცდილობს, დემოკრატიებს შიგნიდან გამოუთხაროს ძირი. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ამ ძალისხმევის შემდგომში გასაგრძელებლად. ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. გავაგრძელებთ მუშაობას დემოკრატიულ ქვეყნებთან, რათა წინ წავწიოთ ჩვენი ქმედებები, მათ შორის ახალი ინიციატივების მეშვეობით - როგორიცაა, ეს მრავალმხრივი გამოაშკარავების კამპანია,“ - უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Europetime-ს შეკითხვას, როგორ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობას ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. მისაღებ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება. აშშ აღნიშნულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ. ამერიკის საელჩო: რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე, ვმოქმედებთ გამჭვირვალედ - ექსკლუზივი  

რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე

პირველ ოქტომბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად, დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, 3 ოქტომბერს განაცხადა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ. „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოგვიანებით, მოკავშირეებს დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერას.“ აშშ-ის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ კონგრესში დავები სერიოზულად უნდა განვიხილოთ, თუმცა გობლი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მათ გამო არ შეფერხდება. „არამხოლოდ თითქმის ყველა დემოკრატი, არამედ, რესპუბლიკელების უმეტესობა, გარდა MAGA-ს ექსტრემისტებისა, უკრაინის მხარდაჭერას ემხრობა,“ განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალურმა წარმომადგენელმა. ინფორმაციისთვის, (MAGA (Make America Great Again - ამერიკული პოლიტიკური სლოგანია, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა დონალდ ტრამპის მიერ 2016 წლის წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის დროს). საგულისხმოა, რომ 4 ოქტომბერს რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 118-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატას ახალი თავმჯდომარე, 14 კენჭისყრის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს. ახლა ახალი სპიკერის არჩევაზე იქნება დამოკიდებული „უკრაინის ბედიც“ - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან. მას ბუშის ადმინისტრაციაში ეკავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა. „რა მოხდება, ამის თქმა შეუძლებელია. წარმომადგენელთა პალატის პირველი ამოცანა არის ახალი სპიკერის არჩევა, რადგან სხდომა ვერ ჩატარდება სპიკერის გარეშე. ამიტომ, სპიკერის გარეშე ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებენ და ვის აირჩევენ სპიკერად, სწორედ ეს განსაზღვრავს, იქნება თუ არა მეტი დახმარება უკრაინისთვის. ერთი კანდიდატია სენატორი ჯიმ ჯორდანი, ტრამპის მომხრე, ის ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას. მან შეიძლება, გაიმარჯვოს და გახდეს შემდეგი სპიკერი და ასეთ შემთხვევაში უკრაინას დახმარება არ ექნება. როგორც იცით, შემდეგ, კონგრესმა უნდა გამოყოს სწორედ ფული პრეზიდენტისთვის, რომ ის გახარჯოს. სხვა კანდიდატი, სტივ სკალიზი ძალიან ემხრობა უკრაინის დახმარების გაგრძელებას და თუ ის გაიმარჯვებს, უკრაინისთვის დახმარება იქნება. ასე რომ, თვალი ადევნეთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მომავალ არჩევნებს. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ვერაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აიძულოს კონგრესი, მიიღოს გადაწყვეტილება. თუ უკრაინისთვის მეტი დახმარება არ იქნება, ეს დამღუპველი აღმოჩნდება უკრაინის ომისთვის. დაახლოებით, 2 თვეზე ცოტა მეტი დროისთვის გათვალისწინებული ფული დარჩა, ამიტომ, პრეზიდენტ ბაიდენს ჯერ კიდევ აქვს 5 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად, ის უკრაინას თვეში დაახლოებით, 2,7 მილიარდით ეხმარება,“ - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. რა ალტერნატიულ გზებს ეძებს თეთრი სახლი უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად, ამ თემას დასავლური მედია აქტიურად განიხილავს. Politico წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განიხილა დაფინანსების ალტერნატიული მეთოდები, რომლებიც კონგრესის დამტკიცებას არ საჭიროებს. „სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტები არის რიგ ვარიანტებს შორის, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს კონგრესში არსებული ჩიხის გვერდის ავლით, დროებით მაინც,“ - განუცხადეს Politico-ს აშშ-ის მთავრობის წყაროებმა. Reuters-ის სტატიიდან კი ირკვევა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება აშშ-ის სამხედრო გაყიდვების (FMS) პროგრამის გამოყენება. ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა, რომელიც გასცემს გრანტებს ან სესხებს, რათა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური თანხმობით, თუ ის თვლის, რომ ეს გააძლიერებს აშშ-ის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობას. შეგახსენებთ, კიევში გამორიცხეს, რომ უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერაში რაიმე ცვლილება იქნება. კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპელი ოფიციალური პირები გაკვირვებულნი არიან ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებით და პირობა დადეს, რომ ბლოკი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის დასამარცხებლად. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტის გამოვლენის საკითხს. უწყებაში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება, თუმცა ხაზს უსვამენ აქტოვობების კანონის უზენაესობის შესაბამისად წარმართვის მნიშვნელობას. „შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ აქტივობების გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად და სანდო კომპანიებთან (vendors) ერთად განხორცილების მნიშვნელობას. შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძლიერი მხარდამჭერია, რადგან ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებს განაცხადი არ წარუდგენიათ. ცნობისთვის, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, ელჩის კომენტარის დონეზე 6 სექტემბერს დააფიქსირა. ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან. „საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს. „ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings). საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ანაკლიის პორტის საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, Europetime გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის, პოლ გობლის შეფასებას. ამერიკელი ანალიტიკოსის თქმით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სომხები ყარაბაღიდან მასობრივად დაიწყებენ გასვლას, რაც რეპუტაციულად აზერბაიჯანს დააზიანებს. რაც შეეხება რუსეთს, გობლის შეფასებით, რუსეთი უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ მისი სამხედროები, ე.წ. სამშვიდობოები არანაირად არ ჩაერთვებიან პროცესებში. „არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სომხების დიდი რაოდენობა დატოვებს ტერიტორიას. ასეთი რამ ნამდვილად დააზარალებს ბაქოს რეპუტაციას. რუსეთი, სავარაუდოდ, დაიჩივლებს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ არცერთი მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობო არ იყოს ჩართული (პროცესებში, რედ.),“ - აღნიშნავს პოლ გობლი. ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება მან დღეს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიასთანაც ისაუბრა. კერძოდ, რაც შეეხება არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს, გობლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს საუბარი: „ამ ბოლო დროს სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან არც ისე კარგია. რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში. ირანს შეუძლია, პრობლემები შექმნას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერიოს,“ - აღნიშნა პოლ გობლმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი და ხუთი გარდაცვლილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, თუმცა აზუსტებს, რომ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.  

სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ანაკლიის პორტისადმი ჩინეთის ინტერესზე

Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ ჩინეთის მიერ ანაკლიის პორტისადმი გამოხატულ ინტერესს. „შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ აქტივობების გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად და სანდო კომპანიებთან (vendors) ერთად განხორცილების მნიშვნელობას. შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძლიერი მხარდამჭერია, რადგან ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, ელჩის კომენტარის დონეზე 6 სექტემბერს დააფიქსირა. გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. კრიტიკოსებს ეს აფიქრებინებს, რომ ანაკლიის პროექტი შესაძლოა, ჩინური ინვესტიციებით განხორციელდეს, რასაც რიგი აქტორები, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიდან, კრიტიკულად აფასებენ, თუნდაც რუსეთთან პეკინის კავშირების გამო.  რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან. „საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს. „ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings). საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

ბენ ჰოჯესი: ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ პუტინიზმი დამარცხდება

Europetime-ს „პუტინიზმის დამარცხების“ მნიშვნელობაზე ესაუბრა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი. ბენ ჰოჯესმა ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი მედია, სასამართლო სისტემა - ეს არის ის, რასაც პუტინი ებრძვის და სძულს ის. მან ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების დასავლურ მისწრაფებებს გაუსვა ხაზი. ამასთან, აღნიშნა, რომ მთავრობის საქმეა, შექმნას მათთვის საუკეთესო შესაძლებლობები. „პუტინიზმი - ეს არის დეზინფორმაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევა, დემოკრატიული ღირებულებების უგულვებელყოფა. თავისუფალი მედია, სასამართლო სისტემა, რომლის მიმართაც ხალხის სანდოობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია -  ეს ყველაფერი სძულს პუტინს და ამიტომაც არ არსებობს ეს რუსეთის შიგნით,“ აღნიშნა ჰოჯესმა. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას, შეეცვალა თუ არა მოლოდინები და აღქმები ომის პირველ წელთან შედარებით, ამის თაობაზე ჰოჯესმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის დამარცხებაში წელს უფრო დარწმუნებულია. „წელს უფრო დარწმუნებული ვარ, რომ პუტინიზმი დამარცხდება. ჩვენ ბევრი მაგალითი ვნახეთ - ვნახეთ, რომ ლიდერები ერთმანეთს არ ენდობიან, ვფიქრობ, ალბათ ამას გარკვეულ ეტაპზე ამას რუსი ხალხიც გააცნობიერებს,“ - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ეველინ ფარკასი საქართელოსთვის მთავარ პრობლემად ვლადიმერ პუტინსა და პუტინიზმს მიიჩნევს. ამის მაგალითად მას ის ფაქტი მოჰყავს, რომ საქართველოს ტერიტორია 15 წელია ოკუპირებულია. ფარკასმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს და მის მოკავშირეებს არ სურთ, ქართველმა ხალხმა თავიანთი ოცნება აისრულონ. თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის თემაა - „პუტინიზმის დამარცხება.“ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ: ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის  

ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს

Europetime-თან ევროკომისია განმარტავს, როდის იქნება მზად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს. ევროკომისიაში უპასუხეს შეკითხვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ევროკავშირის გაფართოების თარიღი პირველად ახსენა.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.  

ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

სომხეთის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აფასებს. ბრაიზა მიიჩნევს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი ძვრებია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში.“ ამერიკელი დიპლომატის დასკვნით, ნიკოლ ფაშინიანს ყოველთვის სურდა დასავლეთისკენ სვლა და რუსეთისგან თავის დაღწევა, რამდენადაც შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ ვერცერთი სომეხი ლიდერი მთლიანად ვერასოდეს გათავისუფლდება რუსეთის „გრავიტაციული ძალისგან.“ ამის დასტურად ის იხსენებს იმ პერიოდს, რამაც „გამოიწვია სერჟ სარქისიანის გადაყენება და ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა, როცა ფაშინიანი ითვლებოდა პროდასავლურ ლიდერად და რუსეთს სომხეთისთვის უსაფრთხოების გასაღებად კი არ თვლიდა, არამედ, დასავლეთთან მანევრირების საშუალებას იტოვებდა.“ ბრაიზას თქმით, ყარაბაღთან დაკავშირებით კი, ფაშინიანი მაინც ზედმეტად დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ერევანს რაიმე სახის მხარდაჭერას შესთავაზებდა, თუმცა გარკვეული იმედგაცრუება განიცადა: „მაგრამ ვფიქრობ, მას ყოველთვის დასავლეთისკენ ძვრა და რუსეთისგან თავის დაღწევა სურდა, რამდენადაც შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ რუსეთის გრავიტაციული ძალისგან მთლიანად ვერცერთი სომეხი ლიდერი ვერასოდეს გათავისუფლდება. ის ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, მაგრამ ასევე შეენარჩუნებინა სამუშაო დონეზე ურთიერთობა რუსეთთან. „ახლა დაძაბულობა იმდენად გაიზარდა ლაჩინის კორიდორის გარშემო, რომ მან მომენტის გამოყენება აირჩია. თავს ესხმიან ოპონენტები და ღალატში ადანაშაულებენ, რადგან 2020 წლის 10 ნოემბერს დათანხმდა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ამდენად, ვფიქრობ, ის ახლა ფარად იყენებს ეროვნულ ერთიანობას, რომელიც აზერბაიჯანთან დაძაბულობამ გამოიწვია ლაჩინის დერეფნის გარშემო, რათა საშუალება მიეცეს, გადადგას ეს რადიკალური ნაბიჯი, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად დაუკავშიროს ევროპასა და შეერთებულ შტატებს, ვიდრე რუსეთს,“- ამბობს მეთიუ ბრაიზა. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანს ნამდვილად სურს საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია. „ამიტომაც, ის და პრეზიდენტი ალიევი უფრო და უფრო უახლოვდებიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, მისი ოპონენტები უფრო და უფრო რადიკალურები ხდებიან, მაგრამ ისინი ჩიხს გვთავაზობენ, როდესაც ამბობენ, რომ სომხეთს დახმარება რუსეთისგან სჭირდება და არა დასავლეთისგან. ახლა ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის, ცოტა უფრო მეტად ტრანსატლანტიკური საზოგადოებისკენ, რისი გაკეთებაც მას თავდაპირველად სურდა, მაგრამ შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ შეძლო,“ - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 5 სექტემბერს სომხეთმა რუსეთის დომინირებით მოქმედი ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ ბიაგოვი გაიწვია. უფრო ადრე ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს

ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე

ექსკლუზივი Europetime-თან საუბრისას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებს. გერმანელი დეიპლომატის შეფასებით, ჩინეთთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს ელჩი ხაზს უსვამს, რომ გერმანია ჩინეთთან ურთიერთობისას რისკების შემცირების პოლიტიკასაც ატარებს. „ჩინეთთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია და შუა დერეფნის კონცეფციას დიდი პოტენციალი აქვს. ეს არის გერმანიის ხედვაც. ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და  მისი არადემოკრატიული სისტემისა და თავდაჯერებული საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით - სისტემური მეტოქე. ამიტომ, გერმანიას ჩინეთთან ურთიერთობისას რისკების შემცირების პოლიტიკა აქვს: რისკების ჩვენს თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგთან, ჩვენს სუვერენიტეტთან და ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით,“ - განუცხადა ელჩმა ფიშერმა Europetime-ს. საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, აშშ კი, კვლავ დარჩება საქართველოს მხარდამჭერად. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დროს, თითოეულმა მოკავშირემ ბალანსი უნდა დაიცვას  

რა ადგილი ეთმობა შავი ზღვის მიმართ აშშ-ის ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტში ანაკლიის პორტის პროექტს  - სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი 

ექსკლუზივი  რა ადგილი ეთმობა შავი ზღვის ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტში საქართველოს და განსაკუთრებით, სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მშენებლობას შავ ზღვაზე. ამასთან, საქართველოს შავიზღვისპირეთში ანაკლიის პორტის მშენებლობა არის თუ არა პრიორიტეტული და ასევე, დაინტერესდება თუ არა ამერიკული მხარე ხსენებული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ინვესტირებით. Europetime-მა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ამ შეკითხვებით მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი იქნება უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოს ეკონომიკასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ხსენებული პროექტის გამჭვირვალობა. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ის სტრატეგია შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და ტერიტორიული მთლიანობისადმი რაიმე საფრთხეებისგან, ეკონომიკური იძულებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალი სივრცე. „ამერიკის შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ეკონომიკასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველოს, რომ პროექტი განხორციელდეს გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის დაცვით და ითვალისწინებდეს საქართველოს მოქალაქეების გრძელვადიან უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. რაც შეეხება შავი ზღვის მიმართ აშშ-ის სტრატეგიას, ის შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და ტერიტორიული მთლიანობისადმი რაიმე საფრთხეებისგან, ეკონომიკური იძულებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალი სივრცე. სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რომ უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს პარტნიორობას იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. უფრო კონკრეტულად კი, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისის განცხადების თანახმად, მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტიანობას. ამასთან, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ასევე, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით. ამავე განცხადების თანახმად, ჩინეთი საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს შეისწავლის. საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან. უფრო ვრცლად, რას გულისხმობს საქართველო-ჩინეთს ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ამ ბმულზე წაიკითხეთ. ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას: საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი ცნობისთვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების საკითხზე Europetime-ის შეკითხვას ჩინეთის ელჩმა გასული წლის ბოლოს უპასუხა. ამერიკული მხარეს კი, ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი

საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამასთან დაკავშირებული განცხადება ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისადმი ნაწილით იხსნება. კერძოდ - პირველივე პუნქტში წერია - მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.  რა მოცემულობას ქმნის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადი საქართველოსთვის, მისი პარტნიორებისთვის გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, ამ საკითხს Europetime-თან ანალიტიკოსები განიხილავენ. ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას შეფასებით, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური შეკითხვა ახლა სტრატეგიულ პარტნიორონასთან მიმართებით, სწორედ ის იყოს, განიხილავენ თუ არა პეკინი და თბილისი თავიანთ შეთანხმებას, როგორც ასახვას საქართველოს უფრო მჭიდროდ დაკავშირებისა რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობასთან, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი „პრინციპში, განცხადება, რომელსაც გავეცანი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, აუცილებლად არ ნიშნავს დიდი ძალების კონკურენციის უფრო მაღალ დონეზე აწევას შავი ზღვის რეგიონში, აშშ-სა და ჩინეთს შორის. საქართველოსა და ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლიდან აქვთ, ხოლო შეერთებული შტატები იზიარებს ჩინეთისა და საქართველოს მიზანს, გააფართოონ შუა დერეფანი, განსაკუთრებით იმ დაბრკოლებების მოხსნით, რომლებიც ამჟამად გარკვეულწილად ზღუდავს მის გამტარუნარიანობას/შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, აშშ-ის პერსპექტივიდან, ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, ალბათ, გარდა ერთისა - საქართველოს მიერ ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ მხარდაჭერისა, რომელიც ვაშინგტონმა შესაძლოა, წესებზე დაფუძნებული გლობალური სისტემისგან დაშორებად აღიქვას. იმ სისტემისა, რომლის განვითარებასაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს,“ - მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, გამოიწვევს თუ არა ახალი შეთანხმება ვაშინგტონის შეშფოთებას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ის.თუმცა ბრაიზა აქვე ხაზს უსვამს, რომ პირიქით, რუსეთიც შეიძლება, შეშფოთებული იყოს, რადგან ცენტრალურ აზიაში გავლენების მოპოვების მიზნით კონკურენცია, ახლა შესაძლოა, შავ ზღვაზეც გავრცელდეს, მიუხედავად რუსეთისა და ჩინეთის მიერ გამოცხადებული - „საზღვრებს გარეშე“ სტრატეგიული პარტნიორობისა. ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-თან ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ალბათ,  პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩათვლიდა, თუმცა ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ჩინეთი და რუსეთი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, და ჩინეთი მაინცდამაინც სახარბიელო როლს არ თამაშობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, პეკინთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ მორიგი შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს და რომ დასავლეთის გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან მჭიდრო ურთიერთობას აგრძელებს.“ ანალიტიკოსის შეფასებით, პირველ რიგში, ეს ზრდის საქართველოს დაუცველობას რუსეთის მიმართ და აშორებს საქართველოს პარტნიორებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეორე - „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივამ აჩვენა, რომ ის შეიძლება, ერთგვარი ტვირთი გახდეს სახელმწიფოების „კისერზე“ და აიძულოს ქვეყნები, გადასცენ მნიშვნელოვანი ეროვნული აქტივები პეკინს. იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს „ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდის მცდელობებს ვერავინ გააპროტესტებს - ამას ყველა დასავლური ქვეყანა, თუნდაც აშშ, ცდილობს, მაგრამ ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს მთავრობა ხელს აწერს უამრავ ჩინურ ინიციატივას და პროექტს, რომლებიც შეიძლება, დანაშაულად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ რეალურად შექმნილია ჩინეთის მმართველობის მოდელის პოპულარიზაციისა და მისი გავლენის გაზრდის მიზნით, აშშ-სა და ევროკავშირის ხარჯზე. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს, თუ რამდენად აფასებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,  მთავრობას უნდა დაუსვან რთული შეკითხვები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას აპირებს ის ამ ახალი პარტნიორობის მეშვეობით,“ განუცხადა Europetime-ს იან ბონდმა. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან. „საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს. „ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings). საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ინფორმაციისთვის, ჩინეთს ($794.8) მლნ), რომელიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში თურქეთს ($1.5 მლრდ), რუსეთსა ($1.3 მლრდ) და აშშ-ს ($820.9 მლნ) მოსდევს, შეერთებული შტატები გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს. „NATO-ს ინტერესების, უსაფრთხოებისა და ფასეულობების გამოწვევას წარმოადგენს ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცხადებული ამბიციები და ძალდატანების პოლიტიკა,“  ნათქვამია თავის მხრივ, NATO-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.“ დასავლეთი პეკინს ხშირად მოუწოდებს, მოახდინოს გავლენა რუსეთზე, რომ მოკსოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს. როგორც ცნობილია, კიევმა და დასავლეთმა პეკინს „სამშვიდობო გეგმა“ დაუწუნეს. აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს. აშშ-ის პოზიცია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

იან ბონდი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე: წლების წინ, პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩავთვლიდი

Europetime-თან საუბრისას ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებს და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ალბათ, პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩათვლიდა, თუმცა ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ჩინეთი და რუსეთი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, და ჩინეთი მაინცდამაინც სახარბიელო როლს არ თამაშობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, პეკინთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ მორიგი შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს და რომ დასავლეთის გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან მჭიდრო ურთიერთობას აგრძელებს.“ ანალიტიკოსის შეფასებით, პირველ რიგში, ეს ზრდის საქართველოს დაუცველობას რუსეთის მიმართ და აშორებს საქართველოს პარტნიორებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეორე - „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივამ აჩვენა, რომ ის შეიძლება, ერთგვარი ტვირთი გახდეს სახელმწიფოების „კისერზე“ და აიძულოს ქვეყნები, გადასცენ მნიშვნელოვანი ეროვნული აქტივები პეკინს. იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს „ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდის მცდელობებს ვერავინ გააპროტესტებს - ამას ყველა დასავლური ქვეყანა, თუნდაც აშშ, ცდილობს, მაგრამ ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს მთავრობა ხელს აწერს უამრავ ჩინურ ინიციატივას და პროექტს, რომლებიც შეიძლება, დანაშაულად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ რეალურად შექმნილია ჩინეთის მმართველობის მოდელის პოპულარიზაციისა და მისი გავლენის გაზრდის მიზნით, აშშ-სა და ევროკავშირის ხარჯზე. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს, თუ რამდენად აფასებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მთავრობას უნდა დაუსვან რთული შეკითხვები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას აპირებს ის ამ ახალი პარტნიორობის მეშვეობით,“ განუცხადა Europetime-ს იან ბონდმა.  

რუმინეთის ელჩი: საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება, ჩვენს ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს შორის კავშირებს აძლიერებს

რუმინეთის ელჩი მიესალმება მის ქვეყანასა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას. ელჩის შეფასებით, რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის ამოქმედება აძლიერებს კავშირს აღნიშნულ ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს შორის. რაზვან როტუნდუ ხსენებული დერეფნის პოტენციალს უსვამს ხაზს. ელჩი ხაზს უსვამს, რომ კონსტანცის პორტი უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს დუნაისთან, რაც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში  ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. „ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ კონსტანცასა და ფოთს შორის საბორნე ხაზის ამოქმედებით. რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება აძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს  შორის. ხსენებული დერეფნის პოტენციალი მაღალია, რადგან მას შეუძლია, უფრო ფართო რეგიონები, ასევე, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია დააკავშიროს ევროკავშირთან. კონსტანცის პორტი გვთავაზობს პირდაპირ კავშირს დუნაისთან, რაც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ბორანი გვთავაზობს მომსახურებას როგორც ტვირთისთვის, ასევე, მგზავრებისთვის“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს წერილობით კომენტარში. ცნობისთვის, აშშ საქართფელოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას მხარს უჭერს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს ექსკლუზიურად განუცხადა. საბორნე მიმოსვლა 27 ივნისს ამოქმედდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში  

სახელმწიფო დეპარტამენტი: სტრატეგიის თანახმად, აშშ შავი ზღვის რეგიონს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე საფრთხეებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალ სივრცედ განიხილავს

სტრატეგიის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე საფრთხეებისა და  მავნე ზეგავლენისგან თავისუფალ სივრცედ განიხილავს. ამასთან, სტრატეგიის მიხედვით, აშშ შავი ზღვის რეგიონს უსაფრთხო, წარმატებულ და ეკონომიკური ზეწოლისგან თავისუფალ ადგილად მოიაზრებს. როგორც Europetime-სთვის არის ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ხსენებული სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი კონგრესს უკვე წარუდგინა. აშშ-ის კონსტიტუცია უფლებას აძლევს კონგრესს, რომ ზედამხედველობა გაუწიოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, თუმცა კონგრესი ამ პოლიტიკას არ აყალიბებს. სახელმწიფო მდივანი კონგრესთან დეპარტამენტის ურთიერთობში მთავარი წარმომადგენელია. საკანონმდებლო საქმეთა ბიურო მხარს უჭერს სახელმწიფო მდივანს საიმისოდ, რომ ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საკანონმდებლო პროცესში აისახოს. „როგორც წესი, ჩვენ არ განვიხილავთ კონგრესთან ჩვენი კომუნიკაციის დეტალებს“, - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. რაც შეეხება სტრატეგიას, ის მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. „შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, სენატორი შაჰინი დაინტერესდა, რა ეტაპზეა სტრატეგიის შემუშავება და როგორ დაეხმარება ის შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის. შესაბამისი შეკითხვით მან სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს მიმართა. ბლინკენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია სავარაუდოდ, ივნისისთვის იქნებოდა მზად. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას. ხსენებულ საკითხზე Europetime-თან არაერთხელ ისაუბრეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა. ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება         კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი  

მეთიუ ბრაიზა NATO-ს სამიტზე, მის შედეგებსა და „არაფორმალურ პირობაზე“

Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე გამოთქვამს ვარაუდს, რომ NATO-ს სამიტზე უკრაინამ არაოფიციალურად მიიღო პირობა, რომ NATO-ში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს. მეთიუ ბრაიზა ხაზს უსვამს, რომ კიევმა G7-სგან აქვს უსაფრთხოების გარანტიების დაპირება, რაც უკრაინას მომავალში რუსული აგრესიისგან დაიცავს. „უკრაინას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები NATO-სგან, მაგრამ „დიდი შვიდეულისგან“ მიიღო უსაფრთხოების გარანტიებისა და ფართო სამხედრო მხარდაჭერის პირობა, რომლის მიზანიც მომავალში რუსეთის შეკავებაა. როგორც ჩანს, შესაძლოა, უკრაინისთვის არაფორმალურად გასცეს დაპირება, რომ ის ომის დასრულების შემდეგ მიიღებს მოწვევას NATO-ში გაწევრიანებაზე, სანაცვლოდ კი, წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი. ბრაიზა წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს არ მიუღია მსგავსი რამ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის შეფასებით, გულდასაწყვეტია, რომ NATO უფრო შორს არ წავიდა. ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც სწორედ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს იკავებდა პოზიციას აშშ-ის ადმინისტრაციაში, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გაიხსენა, რომელმაც მისი შეფასებით, პუტინს მოქმედების საფუძველი მისცა: „რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ უკრაინაში.“ ბრაიზა ხაზს უსვამს, რომ ორივე ქვეყნის საბოლოო მიზანი მაშინაც NATO-ში გაწევრიანება იყო.   ბრაიზას შეფასებით, NATO-ს ახლა უკრაინასთან მიმართებით აქვს მეტი ვალდებულება, რომ ალიანსს შეუერთდეს, საქართველომ კი, რომელმაც „მძაფრი პოლიტიკური პრობლემების ფონზე, თავი ჩაიყენა თამაშგარე ვითარებაში,“ შიდა პოლიტიკური ვითარება უნდა მოაწესრიგოს. ის ხაზს უსვამს, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო მთლიანად უკრაინასა და შვედეთის გაწევრიანებაზე. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე განმარტა, რომ მას ესმის, ომის დროს NATO-ში მიღება გამორიცხულია, თუმცა მკაფიო სიგნალს ითხოვდა. ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს, ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლის განხილვასაც აპირებდა. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელთან დაკავშირებითაც მიღწეული შეთანხმება მან მოგვიანებით, მნიშვნელოვან გამარჯვებად აღიარა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ელოდება დღეს, როდესაც უკრაინას მოკავშირის რანგში მიიღებს და ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევს გაწევრიანების გზაზე ექნება უსაფრთხოების გარანტიები და ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. ვილნიუსში, NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

ექსკლუზივი შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის შენებისთვის და მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წაწიონ არსებითი მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ - ამის შესხებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის აღდგენა და ჩვენი ალიანსების აღორძინება მათ შორის, NATO-ს გაძლიერებით. ნაწილობრივ მისი ლიდერობით, NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის იყო ათწლეულების განმავლობაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის ამ ერთიანობის გამოვლენას ივლისში, ვილნიუსის სამიტზე. საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია -  ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია NATO-ს უახლოესი პარტნიორებისთვის, რომლებიც მსახურობენ ამერიკელ და NATO-ს სხვა ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის შენებისთვის და მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წაწიონ არსებითი მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ცნობისთვის, საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებიც სარგებლობენ მოკავშირეებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაზრდილი შესაძლებლობებით (ე. წ. „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები'), რაც განპირობებულია NATO-ს ოპერაციებსა და ალიანსის სხვა მიზნებში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილით. გაძლიერებული შესაძლებლობების დანარჩენი პარტნიორები არიან ავსტრალია, იორდანია, შვედეთი და უკრაინა. ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები