უცხოეთი
იტალია თითქმის 40 წლის შემდეგ ატომური ენერგიის წარმოებას აღადგენს — სენატმა კანონი დაამტკიცა
იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც ქვეყანაში ბირთვული ენერგიის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძველს ქმნის — თითქმის 40 წლის შემდეგ, რაც 1987 წლის რეფერენდუმის შედეგად იტალიამ ბირთვულ ენერგიაზე უარი თქვა. იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მემარჯვენე მთავრობა ცდილობს, ეკონომიკა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებით გამოწვეული ენერგიის ფასების ზრდისგან დაიცვას და უცხოურ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. „მდგრადი ბირთვული ენერგია, განახლებად ენერგიასთან ერთად, იტალიას უსაფრთხო, დამოუკიდებელ და კონკურენტუნარიან ქვეყნად აქცევს,“ — განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა ჯილბერტო პიჩეტო ფრატინმა. იტალია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთში, ბირთვული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. თუმცა ბირთვული ენერგიის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების საკითხები და ახალი რეაქტორების მშენებლობისთვის საჭირო ხანგრძლივი პერიოდი ამ სექტორის აღდგენის შესაძლო სარგებელს გადაწონის. იტალიელები ამ საკითხზე კვლავ გაყოფილები არიან. Demopolis-ის მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 51% ბირთვული ენერგიის წარმოების განახლებას მხარს უჭერს, თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება. გასულ წელს, როდესაც მთავრობამ გეგმა წარადგინა, მისი შეფასებით, 2050 წლისთვის იტალიის ენერგეტიკულ ბალანსში ბირთვული ენერგიის მინიმუმ 11%-იანი წილი დეკარბონიზაციის ხარჯებს 17 მილიარდი ევროთი (19 მილიარდი დოლარით) შეამცირებდა. იტალიის ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის მიხედვით, ბირთვული ენერგიის წილმა საბოლოოდ შესაძლოა, 22%-ს მიაღწიოს. კანონი მთავრობას 12-თვიან ვადას აძლევს ბირთვული ენერგიის წარმოების განახლებისთვის საჭირო აღმასრულებელი აქტების მისაღებად. კანონში ასევე გათვალისწინებულია ძველი ობიექტების ექსპლუატაციიდან გამოყვანისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის საკითხები. ცენტრისტულ-მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიებმა კანონპროექტს ძირითადად მხარი არ დაუჭირეს და მთავრობას მოუწოდეს, ახალი რეაქტორებისთვის დამატებითი მიწის ნაკვეთები არ გამოყოს. „ნებისმიერი ახალი ატომური ელექტროსადგური, პირველ რიგში, უკვე განვითარებულ, დეგრადირებულ ან ყოფილი სამრეწველო საქმიანობის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს, რათა დამატებითი მიწის რესურსის ათვისება არ გახდეს საჭირო,“ — განაცხადა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ სენატორმა ელენა სირონიმ.
ევროკავშირმა ორ რუს ოლიგარქს სანქციები მოუხსნა
ევროკავშირმა სასანქციო სიიდან ამოიღო რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი. ამავდროულად, ბლოკმა მომდევნო სამი წლის ვადით გაახანგრძლივა შეზღუდვები იმ თითქმის 3000 ფიზიკურ და იურიდიულ პირთან მიმართებით, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაში არიან დადანაშაულებულნი. მათ შორისაა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ვადა უპრეცედენტო ვადით - 36 თვით გაახანგრძლივა. აქამდე, ამ ზომების განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდებოდა, რაც წევრ სახელმწიფოებს რეგულარულ შესაძლებლობას აძლევდა, დათმობები მოეთხოვათ. რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების სიის მოქმედების ვადის ამოწურვის მოახლოების ფონზე (რაც სამშაბათს იწურებოდა), ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ კომპრომისს მიაღწია: გადაწყდა ორი ოლიგარქის სიიდან ამოღება, მიუხედავად იმისა, რომ ამ შედეგს ძალიან ცოტა ქვეყანა უჭერდა მხარს. როგორც ცნობილია, ევროკავშირის სანქციები ერთსულოვან დამტკიცებას მოითხოვს. მიმდინარე თვეს, საფრანგეთმა „ეროვნული უსაფრთხოების“ მოტივით მოითხოვა რუსეთ-უზბეკეთის მოქალაქე უსმანოვის სიიდან ამოღება; გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოთხოვნა უკავშირდებოდა საფრანგეთის მოქალაქეების მონაწილეობით აზერბაიჯანთან გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც პატიმართა გაცვლას ითვალისწინებდა. ამის შემდეგ ლუქსემბურგმა ანალოგიური ნაბიჯი მოითხოვა რუსეთ-ისრაელის მოქალაქე მიხაილ ფრიდმანისთვის, რომელიც აქტივების გაყინვის გამო, საჰერცოგოს 16 მილიარდი დოლარის (12 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) ოდენობის კომპენსაციას ედავება. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, სლოვაკეთი დიდი ხანია, ასევე გამოდის უსმანოვისა და ფრიდმანის სანქცირებულთა სიიდან ამოღებისკენ მოწოდებით. ამგვარმა გამონაკლისებმა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია, სადაც მიიჩნევენ, რომ ეს ქმედება ცუდ პრეცედენტს ქმნის, რადგან წევრ ქვეყნებს ეროვნული ინტერესების დაცვის საბაბით სანქციების შესუსტების საშუალებას ეძლევათ. თვის მხრივ, უკრაინამ აღნიშნული პირების სანქციების სიიდან ამოღება მიუღებლად მიიჩნია. გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „სანქციების სიაში არცერთი სახელი არ მოხვედრილა შემთხვევით: თითოეული მათგანი იმ მიზეზს წარმოადგენს, რის გამოც ეს ომი დაიწყო და დღემდე გრძელდება.“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ გადაწყვეტილებას „სამარცხვინო და გაუმართლებელი“ უწოდა. სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება კვირის დასაწყისშივე იყო მოსალოდნელი, თუმცა ლატვიის მთავრობამ ორშაბათს, ბოლო მომენტში გამოთქვა წინააღმდეგობა სიებიდან პირთა ამოღების საკითხზე. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა ორშაბათს გვიან ღამით განაცხადა, რომ ვერ დათანხმდებოდა შემოთავაზებულ კომპრომისს და საგარეო საქმეთა მინისტრს პარიზსა და ბრიუსელთან, გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებებს გამართვა დაავალა. დიპლომატების თქმით, ლატვია საბოლოოდ დათანხმდა, თავი შეეკავებინა კენჭისყრისგან იმ ორ პირთან დაკავშირებით, რომელთა სიიდან ამოღებაც განიხილებოდა. ევროკავშირის უფრო მკაცრად განწყობილი ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, მკვეთრად დაუპირისპირდნენ სანქციების შემსუბუქებას და ამტკიცებენ, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. მეტალურგიული მრეწველობის მაგნატი უსმანოვი და საბანკო სექტორის მაგნატი ფრიდმანი იმ ათობით ბიზნესმენს შორის იყვნენ, რომლებმაც ევროკავშირს სანქციების გამო სასამართლოში უჩივლეს. ორივე მათგანი სანქცირებულთა სიაში 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მალევე შეიყვანეს იმ ბრალდებით, რომ მათი ბიზნესები კრემლისთვის მნიშვნელოვან შემოსავლებს უზრუნველყოფდა. იგივე გადაწყვეტილება 2022 წელს მიიღეს გაერთიანებულმა სამეფომ და 2023 წელს - შეერთებულმა შტატებმა. Reuters: ევროკავშირი რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს უსმანოვსა და ფრიდმანს სანქციებს მოუხსნის
ლატვიამ უსმანოვისა და ფრიდმანისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნის გეგმა დაბლოკა
ლატვია მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას, თუმცა არ ეთანხმება გარიგებას, რომლის მიხედვითაც, ამის სანაცვლოდ რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი სანქციების სიიდან უნდა ამოიღონ. ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის განცხადებით, ლატვიამ მხარი არ დაუჭირა ირლანდიის თავმჯდომარეობის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილების პროექტს. „ვითარება რთულია. სანქციების ვადის გაგრძელება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობას მოითხოვს. თუ დადგენილ ვადამდე შეთანხმება ვერ შედგება, საფრთხის ქვეშ დადგება სანქციების შენარჩუნება მთელი სიისთვის და არა მხოლოდ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანისთვის. სანქციების ვადის 36 თვით გახანგრძლივება სწორი ნაბიჯი იქნება, თუმცა, ამის საფასური არ უნდა იყოს აღნიშნული ორი პირის სანქციების სიიდან ამოღება. ლატვია ასეთ წინადადებას ვერ მიიღებს,” - აცხადებს ლატვიის პრემიერი. კულბერგსის თქმით, ლატვია გააგრძელებს მუშაობას ბრიუსელსა და პარიზთან ლატვიის ინტერესების შესაბამისი გამოსავლის პოვნის მიზნით. “საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟესთან ერთად ვიმუშავებთ ბრიუსელსა და პარიზთან, რათა ვიპოვოთ ლატვიის ინტერესების შესაბამისი გამოსავალი. ვეცდებით, მოვიპოვოთ ევროკავშირში მხარდაჭერა ლატვიის პოზიციისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალისთვის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოვიწვიე,” - აცხადებს ლატვიის პრემიერი. მისივე თქმით, ვიდრე რუსეთი ომს აგრძელებს, ევროპის ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. „ევრონიუსი“ გასულ კვირას წერდა, რომ საფრანგეთი ალიშერ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას ცდილობს, რათა აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლებას მიაღწიოს. უსმანოვი რუსეთის გარდა უზბეკეთის მოქალაქეა, სადაც ის დაიბადა. Reuters: ევროკავშირი რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს უსმანოვსა და ფრიდმანს სანქციებს მოუხსნის
ტრამპი: აშშ კალიუმის შესყიდვის საკითხზე ბელორუსთან მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ კალიუმის შესყიდვის საკითხზე ბელორუსთან მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს. „აშშ ბელორუსისგან პოტაშის (კალიუმის სასუქი) შესყიდვასთან დაკავშირებით მასშტაბურ შეთანხმებაზე მუშაობს. ფასი გაცილებით დაბალი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ახლა კანადა ვუხდით, რაც ძალიან კარგი ამბავია ჩვენი ფერმერებისთვის,“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე. ცნობისთვის, აშშ-მ ბელორუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ გასულ წელს გამოაცხადა. გარიგების ვადების, მოცულობებისა თუ პირობების შესახებ დეტალები უცნობია. ასევე არ არის ცნობილი, დათანხმდა თუ არა მინსკი რაიმე სახის შეთანხმებას. კანადა კალიუმის სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში და აშშ-სთვის ამ სასუქის ძირითადი მომწოდებელია. კანადის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს კანადამ თითქმის 25 მილიონი ტონა კალიუმის სასუქი აწარმოა, რაც მსოფლიო წარმოების 32,8%-ს შეადგენდა, ხოლო ბელორუსი დაახლოებით 12,1 მილიონი ტონით (მსოფლიო წარმოების 15,9%) მესამე ადგილზე გავიდა.
Reuters: ევროკავშირი რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს უსმანოვსა და ფრიდმანს სანქციებს მოუხსნის
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხზე შეთანხმდნენ. Reuters-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს სანქციებს მოუხსნიდა, იმ პირობით, თუ მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის არცერთი მთავრობა არ გამოთქვამდა წინააღმდეგობას. დიპლომატების ცნობით, შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი ათასობით რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს სამი წლის ვადით გაახანგრძლივებს. როგორც ცნობილია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გახანგრძლივებას ხელს სწორედ უსმანოვისა და ფრიდმანის სიიდან ამოღების საკითხი უშლიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთი სიიდან ორივე მათგანის ამოღებას ითხოვდა, ხოლო საფრანგეთმა უსმანოვის საკითხი დააყენა. ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა 22 სექტემბერს, შუაღამისას იწურება.
BBC: რუსეთის არჩევნებს დიდი სიურპრიზები არ მოჰყოლია, თუმცა გადამწყვეტია, როგორ გამოიყენებს კრემლი მიღებულ შედეგებს
BBC რუსეთის არჩევნებმა დიდი სიურპრიზები არ მოიტანა, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ გამოიყენებს კრემლი მიღებულ შედეგებს. კრემლის მიერ მკაცრად კონტროლირებად პოლიტიკურ სისტემაში ფართოდ იყო მოსალოდნელი, რომ მმართველი პარტია — „ერთიანი რუსეთი“ — პარლამენტში უმსხვილეს ძალად დარჩებოდა და მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვებდა. წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტ პუტინის მხარდაჭერის მქონე „ერთიანი რუსეთი“ სახელმწიფო სათათბიროში (დუმაში) საკონსტიტუციო უმრავლესობას, წინა არჩევნებთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი მანდატით შეინარჩუნებს. პარტიები, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ლიდერს, მაგრამ 5%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში მოხვდნენ, წინა მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ წარმოდგენილნი. პარტია „იაბლოკო“ პარლამენტში ვერ მოხვდა. „იაბლოკო“ იყო ერთადერთი, ომის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს, თუმცა კენჭისყრისთვის რეგისტრაციის გავლიდან სულ რაღაც 12 დღეში, უზენაესმა სასამართლომ პარტია საარჩევნო სიიდან ამოიღო. ხელისუფლება შიშობდა, რომ „იაბლოკოს“ მშვიდობის მომხრე გზავნილი საზოგადოებაში სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენდა. მიუხედავად იმისა, რომ „იაბლოკო“ პარტიული სიიდან ამოიღეს, მისმა დაახლოებით ასმა კანდიდატმა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა მაინც განაგრძო. წინასწარი მონაცემებით, მანდატი ვერცერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა. პარტია აცხადებს, რომ მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. კენჭისყრის ბოლო დღის წინა დღეს უკრაინამ მოსკოვის მიმართულებით დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. მოსკოვის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა, დედაქალაქში კი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი უკვე მეხუთე წელს ითვლის. ამ არჩევნების შედეგი წინასწარ იყო ცნობილი. გაცილებით ბუნდოვანია, რა მოხდება შემდეგ. სავარაუდოდ, კრემლი ამ შედეგს იმის მტკიცებისთვის გამოიყენებს, რომ რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობამ პრეზიდენტს მხარი დაუჭირა; ამავდროულად, ეს საფუძვლად დაედება სამომავლო პოლიტიკისა და ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული შემდგომი გადაწყვეტილებების გამართლებას.
სამხრეთ კორეული კომპანიები ცენტრალური აზიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ერთვებიან
სამხრეთ კორეა და ცენტრალური აზიის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში კორეული კომპანიების მონაწილეობას ხელი შეუწყონ. ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ხსენებული შეთანხმება აისახა სეულის დეკლარაციაში, რომელიც სამხრეთ კორეა-ცენტრალური აზიის პირველი სამიტის შედეგად მიიღეს. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზაციისა და მულტიმოდალური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. „ლიდერები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ კორეული კომპანიების მონაწილეობას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, მოდერნიზაციაში, ექსპლუატაციასა და მართვაში, ასევე — ციფრალიზაციასა და „ჭკვიანი მობილობის“ სისტემების განვითარებაში,“ — ნათქვამია დეკლარაციაში. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სატრანსპორტო მარშრუტებისა და მდგრადი ტრანსპორტის განვითარების, ასევე — რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობას. ცნობისთვის, 16-17 სექტემბერს სეულში, ცენტრალური აზია-კორეის რესპუბლიკის პირველი სამიტი გაიმართა. სამიტი აერთიანებს სამხრეთ კორეისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის — ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებს. სეულის განცხადებით, სამიტის მიზანი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და მონაწილე ქვეყნებისთვის პრაქტიკული შედეგების უზრუნველყოფაა.
იაპონიაში 100 წლის ან ამ ასაკს გადაცილებულთა რაოდენობამ 100 000-ს პირველად გადააჭარბა
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იაპონიაში 100 წლის ან მეტი ასაკის ადამიანთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 100 000-ს. სტატისტიკური მონაცემებით, იაპონიაში ამჟამად 107 677 ას წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; მათგან 88% ქალია. ყველაზე ხანდაზმული ქალია კიოტოს მკვიდრი, 114 წლის ფუიო კიშიმოტო, ხოლო ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი — კუმამოტოს მკვიდრი, 112 წლის ჰიკარუ კატო. ექსპერტები იაპონელთა სიცოცხლის ხანგრძლივობას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის — ჯანსაღ კვებასა და აქტიური ცხოვრების წესს. ამ კუნძულოვანი ქვეყნის სამზარეულო ძირითადად თევზის, ბოსტნეულისა და ბრინჯისგან შედგება და დასავლური კვების რაციონისგან განსხვავებით, ნაკლებად გაჯერებულ ცხიმს შეიცავს. ხანდაზმულები ასევე რეგულარულად დადიან ფეხით, ველოსიპედით, სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ვარჯიშობენ.
აშშ-მ პირველად დაადასტურა, რომ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა
აშშ-მ დაადასტურა, რომ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მ ასეთი შეტევითი შესაძლებლობები აღიარა. აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ტროი მეინკმა განაცხადა, რომ „ორბიტაზე“ იარაღის ფლობა აუცილებელი იყო აშშ-ის ძალების მტრული მტრის ქმედებებისგან დასაცავად. მეინკმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა „მზარდი საფრთხეებისთვის“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია იარაღის შესაძლებლობები ან როდის გაიგზავნა ის ორბიტაზე. BBC-ის ცნობით, 1967 წლის ხელშეკრულებით, მასობრივი განადგურების იარაღის ორბიტაზე გამოყენება აკრძალულია. მას შემდეგ სახელმწიფოები — მათ შორის აშშ, რუსეთი და ჩინეთი — ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა შესაძლებლობებს განიხილავენ; მაგალითად, მოწინააღმდეგეთა თანამგზავრების სამიზნეში ამოღებას, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს სამხედრო კომუნიკაციაში, დაზვერვასა და ნავიგაციაში.
NATO-ს გამანადგურებლებმა ლიეტუვაში დრონი ჩამოაგდეს
ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, NATO-ს გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს დრონი, რომელიც ღამით ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ოფიციალური პირების თქმით, დრონი, სავარაუდოდ, მეზობელი ბელორუსიდან ლიეტუვის სამხრეთ ნაწილში — ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ კაუნასთან — სამშაბათს, შუაღამის შემდეგ მალევე შევიდა. კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, დრონის წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NATO-ს თვითმფრინავმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო. სამშაბათს, დღის პირველ ნახევარში, დედაქალაქ ვილნიუსსა და მიმდებარე რეგიონში დრონთან დაკავშირებული განგაშის სიგნალები გაისმა. ადგილობრივი დროით, შუაღამის შემდეგ მალევე (21:00 GMT) რეგიონში მცხოვრებთა ტელეფონებზე გაიგზავნა შეტყობინებები, რომლებიც დრონის შესაძლო შემოჭრის შესახებ აფრთხილებდა მოსახლეობას და მოუწოდებდა მათ, „უსაფრთხო ადგილი მოეძებნათ.“ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას NATO-ს წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში, ფინეთში, რუმინეთსა და პოლონეთში და ასევე, მოლდოვაში არაერთხელ შეიჭრნენ რუსული დრონები. იყო შემთხვევებიც, როცა სხვა სახელმწიფოების, მათ შორის ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეებში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეაღწიეს. კიევში განაცხადეს, რომ ეს დრონები კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად.
სომხეთი „ტრამპის მარშრუტში“ ყაზახეთის მონაწილეობას განიხილავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 27 აგვისტოს დაადასტურა, რომ ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტში ყაზახეთის მონაწილეობას განიხილავს. ფაშინიანის განცხადებით, პროექტში მესამე ქვეყნების მონაწილეობა შესაძლებელია აშშ-სა და სომხეთის თანხმობით. მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანა პროექტში მონაწილეობით არის დაინტერესებული და ამ საკითხზე კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები უნდა განიხილონ. მედიის ინფორმაციით, ერევანი ყაზახეთსა და ყირგიზეთს TRIPP-ის განვითარების კომპანიაში სომხეთის კუთვნილი წილიდან თითოეულს 5%-ის გადაცემას სთავაზობს. ამ ეტაპზე სომხეთის წილი კომპანიაში 26% უნდა იყოს, ხოლო აშშ-ის — 74%. ამასთან, ყაზახეთის მიერ აღნიშნული წილის შეძენისა და პროექტში ოფიციალურად შესვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. სომხური Yerevan Today 24 აგვისტოს წერდა, რომ ფაშინიანმა რუსეთს მოუწოდა, სომხეთის რკინიგზის მართვის უფლება მესამე ქვეყანას გადასცეს, რომელიც მისაღები იქნება როგორც ერევნისთვის, ისე მოსკოვისთვის. გარდაა ამისა, ყირგიზული გამოცემა მიხედვით, რომ ტოყაევმა და ფაშინიანმა განიხილეს ყაზახეთის მიერ სომხეთის რკინიგზის ქსელის მართვის რუსეთის რკინიგზისგან (RZhD) გადაბარების შესაძლებლობა. ეს სტრატეგიული ობიექტი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ახალი საგარეო პოლიტიკის კონცეფციის მნიშვნელოვანი ელემენტია. 24 აგვისტოს სომხეთის პარლამენტში, მთავრობის 2026-31 წლების სამოქმედო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რკინიგზაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები „საერთაშორისო ინვესტორებს“ აფრთხობს და უბიძგებს, უარი თქვან სომხეთის სარკინიგზო ქსელის სატრანზიტო მიზნებისთვის გამოყენებაზე, რადგან რკინიგზა რუსეთის კონტროლქვეშაა. საუბარია სომხეთის რკინიგზის ორ მონაკვეთზე, რომლებიც სომხეთს აზერბაიჯანთან და თურქეთთან აკავშირებს. სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული. „იმის გამო, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის კონტროლქვეშაა, ახლა ვდგავართ იმის რისკის წინაშე, რომ დავკარგოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ სომხეთი საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში ინტეგრირდეს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ისტორიული შესაძლებლობის დაკარგვა. ვთხოვთ ჩვენს რუს პარტნიორებს, გამოიჩინონ მოქნილობა და მართვის უფლება მიჰყიდონ მესამე ქვეყანას, რომელიც მისაღები იქნება როგორც სომხეთისთვის, ისე რუსეთისთვის,“ - განაცხადა ფაშინიანმა. თუმცა მოსკოვი უარს აცხადებს სომხეთის რკინიგზის დათმობაზე და დასავლეთს „სომხეთიდან რუსეთის გაძევების წახალისებაში“ სდებს ბრალს. 26 აგვისტოს მოსკოვმა კვლავ უარით უპასუხა ერევნის მოწოდებას, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სამართავად დაუბრუნოს ან „მესამე, ნეიტრალურ მხარეს“ გადასცეს „სომხეთის რკინიგზა.“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ „ერევნის არგუმენტებსა და რეალობას შორის სრული შეუსაბამობაა.“ „ამ საკითხზე ყველა განმარტება სხვადასხვა დონეზე უკვე იქნა წარმოდგენილი,“ - განუცხადა სამინისტროს პრესცენტრმა რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიმეორა პოზიცია, რომ ფაშინიანი რკინიგზაზე რუსეთის ადმინისტრირების მოშორებას „დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის გამო ცდილობს“ — ძალების, რომლებიც „სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნით არიან დაინტერესებული.“ სომხეთის სარკინიგზო ქსელს „რუსეთის რკინიგზა“ მართავს. სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული — ხელშეკრულება 2008 წელს 30 წლის ვადით დაიდო. აშშ-მ TRIPP-თან დაკავშირებული ფონდის დაფინანსება გააორმაგა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, ევროკავშირმა სომხეთს მხარდაჭერა აღუთქვა ფაშინიანი: CSTO-ს მიმართ ინტერესი ამოწურულია, კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაციიდან გაგვრიცხავენ სომხეთმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განსაზღვრა — რა წერია დოკუმენტში საქართველოსა და ფართო რეგიონის სხვა ქვეყნებზე ფაშინიანის თქმით, სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს მალე შეიტანს
ყაზახეთი კასპიის ზღვაზე $1 მილიარდის ღირებულების ახალ პორტს ააშენებს
ყაზახეთი კასპიის ზღვაზე $1 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ პორტს ააშენებს. მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 6-15 მილიონ ტონას შეადგენს. შემდგომ ეტაპებზე დაგეგმილია სიმძლავრის გაზრდა წელიწადში 25 მილიონ ტონამდე. პროექტი მოიცავს შვიდ ნავმისადგომს, დაახლოებით 3-კილომეტრიან ტალღისმჭრელ ნაგებობას, საერთო ჯამში 7,5 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ლიანდაგებს, ასევე, გემთმშენებელ და გემთსარემონტო კომპლექსს.
რა მისიით ჩავიდა CIA-ის დირექტორი მოსკოვში
CBS-ის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი მოსკოვში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა. არც ვაშინგტონმა და არც მოსკოვმა არ დაადასტურეს ჯონ რეტკლიფის ვიზიტის ხასიათი ან ის თუ, ვისთან შეხვედრას აპირებდა ამერიკელი მაღალჩინოსანი. მონაცემები ადასტურებს, რომ სამშაბათს აშშ-დან რუსეთში ლატვიის გავლით დიდი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი გაემგზავრა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტს. ვიზიტის მიზანი საჯაროდ არ არის ცნობილი. CIA-სა და კრემლს შეხვედრის კონკრეტული დეტალები არ დაუდასტურებიათ. FlightRadar24-ის მონაცემებით, ის რიგის აეროპორტიდან GMT-ის 05:50 საათზე გაემგზავრა და, როგორც ჩანს, რუსეთის დედაქალაქში დაახლოებით GMT-ის 07:04 საათზე დაეშვა. უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ვიზიტის დაწყებამდე აშშ-მ უკრაინას აცნობა, რომ მოსკოვში მაღალი რანგის დელეგაცია გაემგზავრებოდა და კიევს სთხოვა, შეტევები შეეჩერებინა მათ წასვლამდე. „ამერიკელები, როგორც წესი, ასეთ მაღალი რანგის თანამდებობის პირს მოსკოვში მოულოდნელად და მოკლე ვადაში არ აგზავნიან, თუ რამე არ მოხდა,“ - განაცხადა ჯონ ფორმანმა, რომელიც 2019-დან 2022 წლამდე მოსკოვში ბრიტანეთის სამხედრო ატაშედ მუშაობდა. ფორმანის თქმით, ვიზიტი შესაძლოა, ასევე ეხებოდეს რუსეთში ამჟამად დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას. განახლება: CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი ნახევრად რუტინულია, შესაძლოა რამე გამოვიდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. “ის აქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო… არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება,” - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, აშშ “დაუღალავად მუშაობს” უკრაინაში ომის დასასრულებლად დარომ რეტკლიფის მოსკოვში მოგზაურობიდან “შესაძლოა, რამე გამოვიდეს”. ცნობისთვის, რეტკლიფმა მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ამერიკის მოქალაქე ქსენია კარელინას გათავისუფლების მოლაპარაკებებში, რომელიც რუსეთში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში უკრაინის მხარდაჭერის ბრალდებით. CIA ასევე მონაწილეობდა რუსეთთან 2024 წელს პატიმრების გაცვლის შეთანხმებაში, რომლის ფარგლებშიც გაათავისუფლეს Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ასევე ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი და რუსეთ-ამერიკის მოქალაქე, ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა.
აშშ-მ, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
აშშ-მ, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ორშაბათს ხუთდღიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. მისი მიზანი სხვადასხვა სფეროში ოპერატიული და ერთობლივი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებაა. მანევრები სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუს აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე საერთაშორისო წყლებში მიმდინარეობს. წვრთნებში სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ძირითადი საზღვაო და საჰაერო აქტივები ჩაერთვება, ერთობლივი წვრთნების კონტროლის ჯგუფი კი ოპერაციებს ზედამხედველობას გაუწევს. კორეელი სამხედროების თქმით, ერთობლივი წვრთნების მიზანია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების შეკავებისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვის პარალელურად.
გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია AfD-მ გაიმარჯვა
წინასწარი შედეგებით, გერმანიის აღმოსავლეთში მდებარე საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ -„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - ხმების 43.8%-ით გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა. კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტიამ ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) ხმების 17.2% მიიღო, მემარცხენე პარტიამ - 8.6%, ალიანსი 90/მწვანეებმა - 8.9% და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) - 9.3%. პარლამენტში ასევე მოხვდა სარა ვაგენკნეხტის კავშირი, ხმების 5.3%-ით. თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ (FDP) და სხვა პარტიებმა კი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. არჩევნებში აქტივობამ 77.8% შეადგინა. საქსონია-ანჰალტის პარლამენტში 83 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 39 მანდატს მიიღებს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ - 15-ს, „მემარცხენე პარტია“, „ალიანსი 90/მწვანეები“ და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SDG) - რვა-რვა ადგილს, „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ კი - 5-ს. საქსონია-ანჰალტის მხარის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი 35 წლის ულრიხ ზიგმუნდია. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ „ღრმად შოკირებულია“ AfD-ის გამარჯვებით. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებამ მისი პარტია, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ საფუძვლიანად შეარყია და აჩვენა, რომ პარტიაში სერიოზული გადაფასების საჭიროება დადგა. „ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს. ჩვენ უბრალოდ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ - ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა,“ - განაცხადა მერცმა. მისივე შეფასებით, კენჭისყრამ აჩვენა, რომ საჭიროა სიღრმისეული რეფორმები, მაგრამ მერცმა ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები კვლავ ძალაშია. „მინდა დავარწმუნო ჩვენს ქვეყანაში ყველა: ჩვენი ინსტიტუტები მდგრადი და სტაბილურია. ჩვენი ძირითადი კანონი ამ წესრიგის გარანტია. ეს გზავნილი ასევე მიმართულია ჩვენი მეგობრებისკენ ევროპასა და მთელ მსოფლიოში,“ - აღნიშნა მერცმა. მედიის ინფორმაციით, მერცმა დღეს პარტიაში შეხვედრა მოიწვია, რათა განეხილათ, როგორ უპასუხონ საქსონია-ანჰალტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ფედერალური არჩევნები 2029 წელს არის დანიშნული.
ნორვეგიამ რუსული გემი დააკავა
ნორვეგიამ უკრაინის მოთხოვნის შემდეგ რუსული გემი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია “ნაფტოგაზი” ავრცელებს. ნორვეგიაში, “ნაფტოგაზის” მოთხოვნით, დააკავეს რუსული გემი “პროფესორ მოლჩანოვი”. გადაწყვეტილება 31 აგვისტოს ნურ-ტრუმსოსა და სენიას საოლქო სასამართლომ გამოიტანა. გემი რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის და კომერციული საექსპედიციო კრუიზებისთვის გამოიყენება. “ნაფტოგაზი”ითხოვს 4,22 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდის აღსრულებას იმ აქტივებისთვის, რომლებიც მოსკოვმა მიითვისა, როდესაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა. რუსეთმა განაცხადა, რომ არ ცნობს სასამართლოს იურისდიქციას ამ საქმეში და არ აპირებს თანხის გადახდას. 71 მეტრის სიგრძის „პროფესორ მოლჩანოვზე“, რომელიც ფინეთში 1982 წელს აიგო, ეკიპაჟის 32 წევრია დასაქმებული და მას 52 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. Cruisemapper-ის ვებგვერდის მიხედვით, გემს აქვს ბიბლიოთეკა, საუნა, ბარი და ორი რესტორანი. ის გამოიყენება სამეცნიერო ექსპედიციებისა და კომერციული კრუიზებისთვის. „ნაფტოგაზმა“ განაცხადა, რომ რუსული აქტივების დევნას გააგრძელებს, ვიდრე რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდის. მან ჩამოთვალა რამდენიმე იურისდიქცია, მათ შორის აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ასევე ფინეთი, სადაც რუსული აქტივები გაყინულია.
ლაიენი ლაიფციგის აეროპორტში მომხდარზე: თავდასხმა რუსმა აგენტებმა განახორციელეს
პირველ სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთი ლაიფციგის აეროპორტზე თავდასხმის მცდელობაში მონაწილეობაში. გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში "რუსული სახლისა" და ბონში გერმანიაში არსებული რუსეთის ბოლო გენერალური საკონსულოს დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2026 წლის 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში დრონი აღმოაჩინეს. გერმანელი გამომძიებლების თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად აღმოაჩინეს. მოგვიანებით კიდევ ერთი დრონი და დაახლოებით 50 გრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს. საპასუხოდ, სერგეი ლავროვმა გერმანიის ხელისუფლების დასკვნებს „დაშვება და „ვარაუდი“ უწოდა, რადგან, როგორც მან განაცხადა, ლაიფციგში „რაღაც ჩამოვარდნილი დრონი“ აღმოაჩინეს და გადაწყვიტეს, რომ ის „რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული დრონების მსგავსი“ იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანაში გერმანული გოეთეს ინსტიტუტის სამივე ფილიალი დაიხურება. მან დაამატა, რომ ეს „კულტურული ყოფნა“ ბოლო წლებში შენარჩუნებული იყო „რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში არსებული ყველა უკრაინული პერიპეტიის მიუხედავად.“ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს თავდასხმა რომ წარმატებით განხორციელებულიყო, უზარმაზარ ზიანს და შესაძლოა, მსხვერპლსაც გამოიწვევდა. „ამიტომ, მინდა ძალიან ნათლად განვაცხადო, თუ რა იყო ეს. ეს იყო თავდასხმა სამხედრო დანიშნულების მასალების გამოყენებით, რომელიც რუსმა აგენტებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე განახორციელეს და ჩვენ ამას არ შევეგუებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას. და თუ მიზანი იყო, ორჯერ დავფიქრებულიყავით უკრაინის მხარდაჭერაზე, შემიძლია გითხრათ, რომ ამან მხოლოდ გაამყარა ჩემი სიმტკიცე. დაშინება არ იმუშავებს და სწორედ ამიტომ ვხვდები დღეს ნატოს გენერალურ მდივანს. ჩვენ ერთიანები ვართ. ევროპა და NATO არამხოლოდ გააგრძელებენ ზეწოლას რუსეთზე, არამედ გავზრდით მას და არ გავჩერდებით მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინაში უდანაშაულო ბავშვების, მამაკაცებისა და ქალების დაბომბვას და მკვლელობას,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ლაიფციგის თავდასხმა ევროპის ტერიტორიაზე ახალ ესკალაციას აღნიშნავს, რაც პირდაპირ რუსეთს უკავშირდება. ლაიენის თქმით, ევროკავშირმა უნდა დახუროს სანქციების გვერდის ავლის ყველა გზა, რომელსაც რუსეთი იყენებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ დღეს ირლანდიაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალ სასანქციო სიებს განიხილავენ.
ტვინის სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პირველად ჩატარდა
ლონდონის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ეროვნულ ჰოსპიტალში (UCLH) ნეიროქირურგებმა მსოფლიოში პირველად გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალურ დროში ტვინის სიმსივნის ამოსაკვეთად. ქირურგებმა ოპერაცია ახალი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით ჩაატარეს, რომელიც ტვინის პაწაწინა ანატომიის იდენტიფიცირებას მნიშვნელოვანი სტრუქტურების ფერადი კოდირებით უწყობს ხელს, რათა ქირურგებმა უსაფრთხოდ ამოიცნონ ისინი. ამ ოპერაციამ 48 წლის ბრიტანელ პაციენტს მხედველობის სრული დაკარგვა აარიდა. საავადმყოფო ადრე ამ ტექნოლოგიას კვლევის ინსტრუმენტად იყენებდა, მაგრამ ხსენებული ოპერაცია პაციენტზე პირველად ჩატარდა. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც ოპერაციამდე გადაღებულ მრტ (MRI) სკანირებას ეყრდნობა, AI-სისტემა პირდაპირ აანალიზებდა ქირურგიული კამერიდან მიღებულ გამოსახულებას. პროგრამა ეკრანზე სხვადასხვა ფერით ნიშნავდა ტვინის უმცირეს ანატომიურ ნაწილებს. ის ექიმებს აჩვენებდა უხილავ სისხლძარღვებსა და ნერვებს, რომელთა დაზიანებაც კი ბრმა ზონაში იყო მოქცეული. 11-მილიმეტრიანი ადენომა ჰიპოფიზის მიდამოში მდებარეობდა. ეს ზონა მჭიდროდ არის გარშემორტყმული მხედველობის ნერვებითა და საძილე არტერიებით, სადაც ერთი მილიმეტრის ცდომილებასაც კი შეუძლია, სიბრმავე ან ინსულტი გამოიწვიოს.
რეფერენდუმი: ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია
ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი RUV-ი იუწყება, რომ 225 031 ამომრჩევლიდან 52.8%-მა მთავრობის წინადადების წინააღმდეგ მისცა ხმა, 47.2%-მა კი მოლაპარაკებების განახლებას მხარი დაუჭირა. RUV-ის ინფორმაციით, რეფერენდუმში, რომელიც გუშინ ჩატარდა, აქტივობამ 82.5%-ი შეადგინა. ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების განცხადებით, გაწევრიანება ისლანდიისთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი იქნება. მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ გაწევრიანება ისლანდიის სუვერენიტეტსა და სათევზაო წყლებზე კონტროლს საფრთხეს შეუქმნის. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სრულად სცემენ პატივს ისლანდიელი ხალხის არჩევანს. ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირმა განაცხადა, რომ ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება. მისი თქმით, ისლანდია გააგრძელებს ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას. „ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, რაც მტკიცედ არის დაფუძნებული ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმებაზე,“ - აღნიშნა ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ისლანდიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი პირველად 2009 წელს, მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე წარადგინა. თუმცა მოლაპარაკებები 2013 წელს შეჩერდა, ხოლო 2015 წელს — ოფიციალურად გაიყინა.
სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტით
სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ფაშინიანის თქმითმ, სომხეთი იკვლევს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობებსაც. „ელექტროენერგიის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმი არსებობს. ზოგჯერ ქვეყნებს აქვთ ჭარბი რაოდენობა, ზოგჯერ კი - საჭიროება. ხელოვნური ინტელექტის სფეროში სომხეთის ინვესტიციების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავიგოთ, შესაძლებელია თუ არა ელექტროენერგიის იმპორტი სადმე, მათ შორის აზერბაიჯანიდან,“ - აღნიშნა ფაშინიანმა, ლაჩინში სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის საკითხებს შეეხებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთი ამ საკითხებს განიხილავს საქართველოსთან, თურქეთთან და ირანთან. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზღვართან სპეციალური გარდაქმნის სადგური შენდება, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის პროცესს გაამარტივებს. ცნობისთვის, 25 აგვისტოს ლაჩინში ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია Azerenergy-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგიის მიმოცვლის პერსპექტივები და სახელმწიფო საზღვარზე ენერგოინფრასტრუქტურის მიერთების შესაძლო ვარიანტები განიხილებოდა.