საზოგადოება
ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით გათიშვის შემდეგ, ნაწილობრივ აღდგენილია
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება. ამავე ცნობით, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, "ენგურჰესზე" მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია. "ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება," - წერია განცხადებაში. საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა
გერმანულმა „დოიჩე ველემ“ ქართული სამსახური შექმნა
გერმანიის საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ (DW) 2026 წლის 3 აგვისტოდან ქართულენოვანი სამსახური გახსნა. ქართულენოვანი სამსახური საწყის ეტაპზე 18 თვის განმავლობაში იმუშავებს. DW-ს ქართული სამსახური საქართველოს, ევროპისა და მთელი მსოფლიოს ამბებს ჯერ მხოლოდ ინსტაგრამზე, მოგვიანებით კი, Facebook-სა და „იუთუბზეც“ გააშუქებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და„ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ ნაწილია. ამავე ინიციატივის ფარგლებში, DW-ს პარტნიორმა ორგანიზაციებმა ფრანგულმა მაუწყებელმა France Médias Monde-მ და პოლონურმა საერთაშორისო მაუწყებელმა TVP World-მა მაუწყებლობა სომხური და აზერბაიჯანული აუდიტორიებისათვის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც დაიწყეს. ცნობისთვის, 2026 წლის აპრილის ბოლოს პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი სამსახური შექმნა.
FiFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდგომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო
FiFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდგომ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო ნებისმიერი მოთამაშე ან მწვრთნელი, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, შეიძლება, დისკვალიფიკაციით დაისაჯოს, ხოლო არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია (AFA) ასევე შეიძლება, დააჯარიმონ.
შეეხება თუ არა „თელასს“ Inter RAO-სთვის დაწესებული სანქცია — ეროვნული ბანკის განმარტება
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, კომერციული ბანკები „თელასის“ ეროვნულ ვალუტაში მომსახურებას გააგრძელებენ. სებ-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „თელასის“ არაპირდაპირი მფლობელი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი რუსული „Inter RAO“-ა, თავად „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის. სებ-ის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა დაცული იყოს სანქციების მოთხოვნები და გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების გავრცელების საკითხს და განვმარტოთ, რომ აღნიშნული კომპანია წარმოადგენს სს „თელასის“ არაპირდაპირ მფლობელს. ამასთან, თავად სს „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის. საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს სანქციების მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა. ამასთან, სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული გარემოებები, მათ შორის განსახორციელებელი ოპერაციების ხასიათი და მიზანი. შესაბამისად, ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად,” - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში. ევროკავშირმა რუსული კომპანია “ინტერ რაო” დაასანქცირა
საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაო და ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებს ეტაპობრივად უბრუნდებათ. განცხადების თანახმად, ავარიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს ადგენენ და „გავრცელებული ვერსიების ნაწილი დეზინფორმაციაა.“ "დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად, უმოკლეს ვადაში სრულად აღდგება. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს. ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას," - წერია განცხადებაში. ელექტროენერგია საქართველოში 00:12 საათზე გაითიშა.
საფრანგეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც 15 წლამდელებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს
საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას კრძალავს. საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა ხდება, რომელმაც ბავშვებს აუკრძალა ისეთი აპლიკაციების გამოყენება, როგორიცაა TikTok. პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, აკრძალვა მისი ბოლო ვადის მნიშვნელოვან რეფორმად აქცია და პირობა დადო, რომ სექტემბრისთვის აღასრულებდა მას. „საფრანგეთი ევროპაში ლიდერობს ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების დაცვის საკითხში,“ - ამბობს მაკრონი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში. საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მარეგულირებელმა გასულ წელს განაცხადა, რომ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა TikTok, Snapchat და Instagram, საზიანოა მოზარდებისთვის, განსაკუთრებით გოგონებისთვის, თუმცა ეს არ იყო მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების ერთადერთი მიზეზი. აკრძალვის გამონაკლისები გათვალისწინებულია ისეთი საიტებისთვის, როგორიცაა ონლაინ ენციკლოპედიები და საგანმანათლებლო პლატფორმები. გასული წლის დეკემბერში, მსოფლიოში [Facebook-ზე, Snapchat-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე] პირველი აკრძალვა 16 წლამდელებისთვის ავსტრალიაში ამოქმედდა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ამერიკულ პარტნიორებთან ერთად, „მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი და მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის ოფიციალურ სპიკერად შეარჩია
საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ამერიკულ პარტნიორებთან ერთად, „მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი და მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი კამპანიის ოფიციალურ სპიკერად შეარჩია. კამპანიის ფარგლებში სწორედ ვლადიმერ კუბლაშვილი წარმოადგენს ქართულ ღვინოს ამერიკულ მედიასთან ინტერვიუებსა და სხვადასხვა საკომუნიკაციო აქტივობაში. როგორც ვლადიმერ კუბლაშვილმა Europetime-თან განაცხადა, ეს მისთვის დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და აღიარებაა იმ მრავალწლიანი შრომის, რომელსაც „მეღვინეობა ხარება“, მისი დამფუძნებლები და მთელი გუნდი 1995 წლიდან სწევენ. „საქართველოში ღვინო მხოლოდ წარსულის დიდებული ისტორია არ არის. ჩვენ ღვინის სამშობლო დღესაც ვართ — ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, უნიკალური მეღვინეობის კულტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით. მეამაყება,რომ უკვე 20 წელია, „მეღვინეობა ხარებაში“ ვმუშაობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ხარებას“ ღვინო ქართული ღვინის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია საერთაშორისო ბაზარზე. ვფიქრობ, როდესაც ვამბობთ — „საქართველო ღვინის სამშობლოა“, „მეღვინეობა ხარება“ ამ ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი და ქართული ღვინის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია,“ – ამბობს ვლადიმერ კუბლაშვილი. ვლადიმერ კუბლაშვილი არის “მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი, ენოლოგი, ღვინის ინდრუსტრიის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, WSET 4 დიპლომის კანდიდატი, საერთაშორისო ღვინის მსაჯი, სპიკერი და ასევე ქართული ღვინისა და “მეღვინეობა ხარებას“ აქტიური ელჩი საერთაშორისო ასპარეზზე.
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობისთვის, ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს. მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.
„მწვანე ბარათზე“ განაცხადის შეტანის წესში ცვლილებაა
აშშ-ში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა „მწვანე ბარათის“ მისაღებად, განაცხადი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა შეავსონ. აშშ-ის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურმა ახალი წესის შესახებ გამოაცხადა: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც უკვე აშშ-ში იმყოფებიან და რომლებსაც „მწვანე ბარათის“ მიღება სურთ, განაცხადის შეტანა საკუთარი ქვეყნიდან მოუწევთ და არა აშშ-დან. აქამდე მოქალაქეებს შეეძლოთ აშშ-ში ყოფნისას შეეცვალათ სტატუსი და იქვე მიეღოთ მუდმივი ბინადრობა („Adjustment of Status“). ახალი პოლიტიკა ამ პრაქტიკას ზღუდავს და მოქალაქეს საკონსულო პროცედურის გასავლელად, უკვე სამშობლოში დაბრუნებას ავალდებულებს. ახალი წესი განსაკუთრებით ეხება დროებითი ვიზით მყოფ ადამიანებს — სტუდენტებს, სამუშაო ვიზის მფლობელებს (მაგალითად H-1B), ტურისტებს და სხვებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკა შეიძლება, ოჯახების დაშორებისა და ზოგი ადამიანისთვის საფრთხის შემცველიც კი გახდეს. ახალ წესში წერია, რომ „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ გამონაკლისები შეიძლება, დაუშვან, მაგრამ ეს პუნქტი ჯერ ზუსტად არ არის განმარტებული. ასევე ბოლომდე გარკვეული არ არის: იმოქმედებს თუ არა ახალი წესი უკვე შეტანილ განაცხადებზე, რამდენ ხანს მოუწევთ ადამიანებს ქვეყნის გარეთ ყოფნა, ყველა კატეგორიას ერთნაირად ეხება თუ არა ახალი პოლიტიკა.
კვლევის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 71% ემხრობა
საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის 2026 წლის შედეგებით, ქართველთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა (71%) კვლავ ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო კიდევ უფრო დიდ ნაწილს (79%) სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს. კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. EU NEIGHBOURS EAST პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს. ევროკავშირი ქართველებისთვის კვლავ რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად. კერძოდ, მას გამოკითხულთა 67% ენდობა. თუმცა იკლო იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს (ეს მაჩვენებელი 2025 წელს 63%-ს შეადგენდა, წელს კი 60%-ზე ჩამოვიდა). მაშინ, როცა გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 49%-ს სჯერა, რომ საქართველო წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მიიწევს. 56% კი, ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი კანონები უარყოფითად აისახება გაწევრიანების პროცესზე. იმავე დროს, 87% თანხმდება, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს. საქართველოსადმი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობა კვლავ მაღალ ნიშნულზე, 70%-ზე რჩება და გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია. მოქალაქეების აზრით, ევროკავშირმა უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს განათლებისა და უწყვეტი განათლების (38%), ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის (34%) და ჯანდაცვის (33%) მიმართულებებით. მაშინ, როცა ევროკავშირთან დაკავშირებულ სარგებელზე დადებითი აღქმა კვლავ მაღალია (76% ევროკავშირთან სიახლოვეს ახალ შესაძლებლობებთან აკავშირებს, ხოლო 75% ამბობს, რომ გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს), გამოკითხულთა ყურადსაღები ნაწილი შეშფოთებასაც გამოთქვამს (43% ამბობს, რომ ევროკავშირი საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს და 51%-ს სჯერა, რომ ევროკავშირს ფარული ინტერესები აქვს). გამოკითხვამ ასევე ცხადყო, რომ ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობა შემცირებულია. კერძოდ, მხოლოდ 40% აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გასცნობია ევროკავშირთან დაკავშირებულ ინფორმაციას (ეს მაჩვენებელი 2025 წელთან შედარებით 14 პროცენტული პუნქტითაა დაკლებული). გამოკითხულებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება დეზინფორმაციაზე, რომელსაც 86% ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. საზოგადოებრივი აზრის კვლევას პროგრამა EU NEIGHBOURS East საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში 2016 წლიდან ყოველწლიურად ატარებს.
ბიზნესმენმა და საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა სპორტული ჟურნალისტი, ლელოს რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე დააჯილდოვა
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესმენმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა გაზეთ „ლელოს“ რედაქტორს, ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, ბატონ თენგიზ გაჩეჩილაძეს მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობისათვის სპეციალური ჯილდო გადასცა. ასევე ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი. ამასთან, ქართული სპორტული მედიისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ბარათაშვილს „სპორტის რაინდის“ საპატიო წოდება მიენიჭა. გალა-დაჯილდოებაზე ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში.
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. მის სახელს საქართველოში არაერთი პროექტის განხორციელება უკავშირდება: „ჰოლიდეი ინნ“, Rooms-ის სასტუმროები თბილისში, ყაზბეგში, კოხტასა და ბათუმში, სასტუმრო „სტამბა“, „ლოლიტა“, ჰოსტელი „ფაბრიკა“, „უდაბნო“ და სხვა ბიზნესობიექტები საქართველოში. თემურ უგულავას მფლობელობაში იყო „აჭარა ჯგუფი“, რომელიც სტუმარმასპინძლობის სექტორში საქმიანობს. Adjara Group-ი წერს, რომ თემურ უგულავას წვლილი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში „განსაკუთრებულია“: „მან შექმნა პროექტები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სტუმარ-მასპინძლობის, არამედ ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სახე შეცვალა. წლების განმავლობაში აჭარა ჯგუფის თითოეული ბრენდის უკან თემურის იდეები, ენთუზიაზმი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იდგა. მისი სურვილი იყო, საქართველოს ჰქონოდა უნიკალური, საინტერესო, ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი სივრცეები, სადაც თითოეული ადამიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმარი, საკუთარ ადგილს იპოვიდა. მას გულწრფელად სჯეროდა საქართველოს უნიკალურობის და სურდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება და შესაძლებლობები. მისი პროექტების დამსახურებით საქართველო ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა და შეიყვარა. ჩვენი ტკივილი განუზომელია და დღეს გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, აჭარა ჯგუფის მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მემკვიდრეობა, გავაგრძელოთ მისი დაწყებული საქმე და ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორისაც თავად სჯეროდა. მისი ხედვა, ღირებულებები და სიყვარული საქართველოს მიმართ ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად,“ - წერია კომპანიის განცხადებაში.
მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა. BBC-ის ცნობით, 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა გიორგი ჭყოიძეს, 3-3 წლიანი - ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს და მირიანი მოდებაძეს და ცხრათვიანი - ლაშა ლომიძეს. ამასთან, 9 - წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს გუნდის ყოფილ მთავარ ექიმს ნუცა შამათავას. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტო საქართველოს ნაკრების ექიმს ნუცა შამათავას წინასწარ ატყობინებდა მოსალოდნელი ტესტების შესახებ, ხოლო ის ამ ინფორმაციას შემდეგ გუნდის საერთო ჩატში აზიარებდა. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, World Rugby, რომელმაც 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების ნიმუშებში ანომალიები დააფიქსირა, მიიჩნევს, რომ ნიმუშების შეცვლის ეს სქემა რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების დაფარვას ემსახურებოდა.
2025 წელს ევროკავშირიდან დეპორტირებულთა რაოდენობით, საქართველო მეორე ადგილზეა
ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის ტერიტორიიდან დაბრუნებულთა და მესამე ქვეყანაში დეპორტირებულთა რაოდენობით, საქართველო მეორე ადგილზეა. გასული წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში 10 475 პირი დაბრუნდა. მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა შორის ყველაზე მეტი — თურქეთის მოქალაქეა 13 405 პირი, მესამე ადგილს იკავებს სირია — 8 370 პირი და მას მოჰყვება ალბანეთი — 8020 პირი. ევროსტატის მონაცემებით, მესამე ქვეყნის ყველაზე მეტი მოქალაქე — 29 295 პირი ქვეყნიდან გერმანიამ დააბრუნა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი — 14 940 პირი, მესამე ადგილს კი, შვედეთი იკავებს, რომელმაც ქვეყნიდან 11 250 პირი გააძევა. 2025 წლის განმავლობაში ევროკავშირში შესვლაზე უარი 132 600 მესამე ქვეყნის მოქალაქეს ეთქვა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (123 835 ადამიანი) 7,1%-ით აჭარბებს. აქედან ევროკავშირში შესვლაზე უარი ჯამში საქართველოს 4 785 მოქალაქეს ეთქვა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი ადამიანის რაოდენობამ 21,7%-ით დაიკლო, რაც იმას ნიშნავს, რომ არალეგალთა რაოდენობა 918 525 პირიდან 719 395 პირამდე შემცირდა. 2025 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქე 16 230 არალეგალი ცხოვრობდა. ევროსტატის მონაცემების თანახმად, შესაბამის ბრძანების გამოცემის შემდეგ, მესამე ქვეყანაში 135 460 ათასი მესამე ქვეყნის მოქალაქე დაბრუნდა. აღნიშნული მონაცემი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 21%-ით არის გაზრდილი.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება შედგა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა. 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებულ კრებაზე, რომელსაც საერთო ჯამში 1200 დელეგატი ესწრებოდა ჩვენი ეკლესიის ყველა ეპარქიიდან, წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 22 ხმით აირჩია მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) ჯვარ-პანაღია და კვერთხი. ასევე, პატრიარქის აღსაყდრების ძირითადი ნაწილის ბოლოს, ახალარჩეულ პატრიარქ შიო III-ს დაადგეს უძველესი საპატრიარქო მიტრა. სრულიად საქართველოს ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია საზეიმო წირვით დაიწყო, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები აღასრულებდნენ.
“ეხო კავკაზა“ დაიხურა
2026 წლის პირველი მაისიდან მუშაობა შეწყვიტა რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა განყოფილებამ — “ეხო კავკაზა“, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება „ეხო კავკაზას“ რედაქციამ 3 მაისს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, RFE/RL-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციის აუცილებლობით ახსნა. რადიო „ეხო კავკაზა“ 2009 წლის 2 ნოემბერს შეიქმნა. 2022 წლიდან „ეხო კავკაზას“ ვებგვერდი რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკილი იყო. მას შემდეგ, რაც RFE/RL რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, რედაქცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში წყაროებთან მხოლოდ ანონიმურ ფორმატში მუშაობდა. „ეხო კავკაზას“ რედაქციის განცხადებით, ვებსაიტი www.ekhokavkaza.com აღარ განახლდება, თუმცა ის ხელმისაწვდომი დარჩება არქივის რეჟიმში. რედაქცია იმედოვნებს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი მასალები მომავალშიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროდ დარჩება მათთვის, ვინც რეგიონს იკვლევს. ცნობისთვის, 31 მარტს „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ“ ბულგარეთში, რუმინეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში მომუშავე სამსახურები დახურა.
ვენეციის ბიენალეს ჟიურის თავმჯდომარე და წევრები ღონისძიების გახსნამდე 9 დღით ადრე გადადგნენ
ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ვენეციის ბიენალეს ჟიურის თავმჯდომარე და წევრები ღონისძიების გახსნამდე 9 დღით ადრე გადადგნენ. ბიენალეს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში დასახელებული არ არის გადადგომის მიზეზი. ჟიურის წევრებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ჯილდოებზე წარსადგენად არ განიხილავდნენ ხელოვანებს იმ ქვეყნებიდან, რომელთა ლიდერებსაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ადანაშაულებს. ვენეციის ბიენალე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა რუსეთს ღონისძიებაზე პავილიონის ხელახლა გახსნის უფლება მისცეს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ბიენალეს წერილი გაუგზავნა, რომლითაც აცნობა 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის შეწყვეტის ან შეჩერების განზრახვის შესახებ, მას შემდეგ, რაც მათ მოსკოვის მონაწილეობის უფლება მისცეს. „თავიდანვე, ვენეციის ბიენალეს მხდლური არჩევანი, ეღიარებინა რუსეთი, სამარცხვინო იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აგრძელებს ის ვენეციის ბიენალესთვის ზიანის მიყენებას. უკრაინა მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც, მორალური პასუხისმგებლობითა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით ხელმძღვანელობით, უარს ამბობს ამ სირცხვილის მიღებაზე. მოვუწოდებთ ვენეციის ბიენალეს, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და არ დაუშვას რუსეთი. ჯერ კიდევ არის დრო, რომ დავუბრუნდეთ პრინციპულ პოზიციას, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო საზოგადოება ინარჩუნებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან,“ - აცხადებს თავის მხრივ უკრაინის საგარეო საქმეთ მინისტრი ანდრი სიბიჰა. ცნობისთვის, ვენეციის ბიენალე - თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ვენეციის 61-ე ბიენალე წელს 9 მაისს იხსნება და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ვის ეკუთვნოდა გაეროსთვის გადაცემული ვეფხისტყაოსნის უნიკალური ვერსიის გამოცემის იდეა და ვინ არის გუჯი ამაშუკელი, ვისი ნამუშევრებიც საფრანგეთმა ეროვნულ საგანძურად აღიარა
ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობამ ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციას სამუზეუმო ექსპონატად, ვეფხისტყაოსანის უნიკალური გამოცემა გადასცა. ტრადიციის თანახმად, ორგანიზაციას ყველა ქვეყანა, თავისი ისტორიის და კულტურის წარმოსაჩენ საჩუქარს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ გაეროს მუზეუმს, ყოველწლიურად, მილიონობით დამთვალიერებელი ჰყავს. როგორც Europetime-მა გაარკვია, ვეფხისტყაოსნის ამ უნიკალური ვერსიის გამოცემის და გაეროს მუზეუმში განთავსების იდეის ავტორი, ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილია, რომელიც ფრანგული პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. Europetime დაინტერესდა, როგორ დაითანხმა ქართველმა მეცენატმა მსოფლიოს უდიდეს ხელოვანად აღიარებული გუჯი ამაშუკელი, ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის ყდის მოჭედვაზე ემუშავა, როცა მანამდე, არაერთი მცდელობის მიუხედავად, გუჯი მუდმივად უარს ამბობდა ქართულ მხარესთან თანამშრომლობაზე. Europetime პროექტის ორგანიზატორს მაია ძირკველიშვილს ესაუბრა. როგორც გაეროსთვის შექმნილი უნიკალური ვეფხისტყაოსნის პროექტის ორგანიზატორი მაია ძირკველიშვილი აღნიშნავს, გუჯის ნამუშევრები დაცულია ვატიკანში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმებში, ნანტის თომას დობრეს მუზეუმში, მანდეტის მუზეუმში და ა.შ. მისი შემოქმედების ნიმუშები ასევე დაცულია ფრანსუა მიტერანის, ჟაკ შირაკისა და ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კოლექციებში. გუჯი ამაშუკელის ნამუშევრები საფრანგეთმა ეროვნულ საგანძურად აღიარა, მისი შექმნილია რომის პაპის სარიტუალო ნივთები. 1970-იან წლებში კი, საფრანგეთის პრეზიდენტი პომპიდუ მისი ემიგრაციის თხოვნით, ბრეჟნევთან პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მაია ძირკველიშვილის ცნობით, ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის შექმნის იდეა ხელოვნების განვითარების ფონდს (ITM) ეკუთვნის. თუმცა ამ შემთხვევაში გაეროს თემა თავდაპირველი ჩანაფიქრი არ ყოფილა. ფონდს სურდა, ახალი ხელნაწერი გაკეთებულიყო, რომელსაც ჭედური ყდა ექნებოდა. „გაეროსთვის ხელნაწერის გადაცემის იდეა ეკუთვნის ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილს. სწორედ მისი იდეა იყო, რომ ასეთი ექსკლუზიური და უნიკალური ნივთი საქართველოს სახელმწიფოს გაეროსთვის გადაეცა საჩუქრად. საჩუქრის გადაცემა გაეროს წევრი სახელმწიფოებისგან მიღებული პრაქტიკაა. ზოგადად, გაეროში ეს ტრადიცია რამდენიმე ათეული წელია, არსებობს. ყველა წევრი ქვეყანა თავისი სახელით გადასცემს ხელოვნების ნიმუშს, რომელიც არის იმ ქვეყნის კულტურის, იმ ქვეყნის ისტორიის გამომხატველი ნივთი და ერთგვარად, ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ხოლმე. გაეროს ათეულობით სახელმწიფოების მიერ გადაცემული უნიკალური ნივთების, ექსპონატების ძალიან დიდი კოლექცია აქვს. ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში, მისი დათვალიერება შეუძლია არამხოლოდ გაეროს სტუმრებს და დელეგაციებს, არამედ, ტურისტებსაც.“ საქართველო დიდი ხანია, საჩუქრის შერჩევის პროცესში იყო. რატომღაც, წლების განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს, რა უნდა ყოფილიყო ის ექსპონატი, რომელიც ქვეყნის სახელით, გაეროს გადაეცემოდა. ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის იდეა სწორედ ეს იყო. მან გამოიჩინა ინიციატივა საქათველოს, გაეროს Art-კოლექციისთვის ხელნაწერი, ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემა გადაეცა, ძვირფასი თველებით მოჭედილი ყდით. დიმიტრი აბდუშელიშვილმა 2017 წელს, ქვეყნის პირველ პირებს გააცნო საკუთარი ინიციატივა. მათაც მოეწონათ იდეა. პროექტი მთლიანად მისი პირადი თანხებით დაფინანსდა და მისივე ორგანიზებით განხორციელდა. 2017 ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. ამ შემთხვევაში, მე ვარ პროექტის ხელმძღვანელი. მუშაობის პროცესს მე ვხელმძღვანელობდი. გუჯი ამაშუკელის გარდა, რომელმაც უნიკალური ჭედური ყდა დაამზადა, ბევრი ადამიანი იყო ჩართული პროექტში. ორმა მხატვარმა და ხუთმა საუკეთესო კალიგრაფისტმა იმუშავა. ხელით არის გადაწერილი. ახალგაზრდა კალიგრაფისტები შევარჩიეთ, მათ შორის ყველზე პატარა ასაკის იყო, 14 წლის, სკოლის მოსწავლე. ესენი არიან: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი. ტექსტი ხუთ ნაწილად გაიყო. ყველამ თავისი ნაწილი შეასრულა, გადაწერა და მერე აიკინძა.“ შიდა ილუსტრაციაზე მხატვრებმა სოფიო კინწურაშვილმა და თამაზ ვარვარიძემ იმუშავეს. მათ ეკუთვნით ხელნაწერებში არსებული ორიგინალური მხატვრობა, მინიატურები. საბოლოო ჯამში, 400-მდე მხატვრობის ნიმუშია შესული. როცა 360 გვერდიანი ხელნაწერი გადაიწერა, მოიხატა და აიკინძა, შიდა ტყავის ყდაში ჩასმული საფრანგეთში წავიღეთ და გუჯი ამაშუკელს გადავეცით. რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ჭედური ყდის დამზადებაზე. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, გუჯი ამაშუკელის ავტორობით, შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა: სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდნის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი... ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები. ყველა ეს ხარჯი დიმიტრი აბდუშელიშვილმა გაიღო. Europetime-მა ექსკლუზიურად ამ თემაზე ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის კომენტარიც მოიპოვა. როგორც მეცენატი აცხადებს, მას ვეფხისტყაოსნის ასეთი მაშტაბური გამოცემის იდეა მუდამ ჰქონდა. „მამა დიპლომატი და დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი იყო, სხვათაშორის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს შორის ერთ-ერთია. საბჭოთა მემკვიდრეობის მერე, ბევრი სამუშაო იყო გასაწევი,რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და დიდი კულტურის მქონე ერი უცხოელებს გაეცნოთ. ამის განხორციელების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, ჩემი აზრით, კულტურაზე გადის. შენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ვინ ხარ და რა შეგიქმნია შენი ისტორიის განმავლობაში. ვეფხისტყაოსანი კი, სწორედ ის ნაწარმოებია ნებისმიერი ქვეყანა რომ იამაყებდა. საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს უცხოელებთან ურთიერთობა და ყოველთვის მინდოდა, ამ საოცარი ნაწარმოების ორიგინალური და ორენოვანი სასაჩუქრე ვერსია გამეკეთებინა. თავდაპირველად, სასაჩუქრე ვერსია საკმაოდ მოცულობითი ტირაჟით, ინგლისურ-ქართული ვარიანტები გამოვეცით, ხოლო შემდეგ დამებადა იდეა, შექმნილიყო უნიკალური, ერთადერთი ვერსია ვეფხისტყაოსნის, რომელიც გაეროს მუზეუმში დაიდებდა ბინას და ამ გამოცემის საშუალებით, გაეროს სათაო ოფისის ყველა ვიზიტორი გაეცნობოდა საქართველოს და ქართველი ხალხის კულტურას. ეს იდეა გავუზიარე გუჯი ამაშუკელს, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ხელოვანია, სწორედ მისი ჭედურობითაა ეს უნიკალური გამოცემა შექმნილი. მოხარული ვარ, რომ სწორედ იქაა ეს გამოცემა, სადაც გამოფენილი ექსპონანტები მსოფლიო ერების კულტურაზე და ისტორიაზე მოუთხრობს ვიზიტორს და დამთვალიერებელს,“ - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას დიმიტრი აბდუშელიშვილმა. გამოცემა 2018 წლის შემოდგომაზე უკვე მზად იყო. ერთი კვირა ეროვნულ მუზეუმშიც გამოიფინა. 2018 წლის ოქტომბერში კი, ფრანკფურტში წიგნების საერთაშორისო ფესტივალზეც წარვადგინეთ, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყანა გახლდათ. ფრანკფურტის წიგნების ფესტივალის შემდეგ, ხელნაწერი სახელმწიფოს გადაეცა. გუჯი ამაშუკელის საბჭოთა ემიგრაციის უცნობი დეტალები და საფრანგეთის პრეზიდენტის ჩართულობა სამწუხაროდ, გუჯი ამაშუკელი, ამ დრომდე საქართველოში იმდენად კარგად არ იყო ცნობილი, როგორც ევროპასა და ამერიკაში. ქართულმა საზოგადოებამ ის, ვეფხისტყაოსნის აღნიშნული გამოცემის პროექტის შემდეგ გაიცნო. მთელ მსოფლიოში კი, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ხელოვანად ითვლება, თავის დარგში. ლუვრის მუზეუმის კოლექციის მთავარი პასუხისმგებელი პირის დანიელ აკლუფის შეფასებით, „გუჯი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ოქრომჭედელია.“ 1968 წელს, ცნობილი ფრანგი რეჟისორის ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე, კეტრინზე ქორწინების შემდეგ, გუჯი ამაშუკელის საფრანგეთში გადასვლითა და იქ მოღვაწეობით, ფრანგული მხარეც აქტიურად იყო დაინტერესებული. სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტმა პომპიდუმ უშუამდგომლა ხელოვანს მაშინდელ საბჭოთა კავშირის ლიდერ ბრეჟნევთან, რათა მას შესძლებოდა საბჭოთა კავშირის დატოვება და შემოქმედებითი კარიერის საფრანგეთში გაგრძელება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთმა გუჯი ამაშუკელის ნამუშევრები ეროვნულ საგანძურად აღიარა. 1974 წელს საბჭოთა კავშირში, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა. პომპედუს და ლეონიდ ბრეჟნევის შეხვედრიდან ორ კვირაში დარეკეს „ოვირიდან” და კატრინ ბარსაკს უთხრეს, რომ გუჯი ამაშუკელს ორი კვირა ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად – სამუდამოდ. „გუჯი ამაშუკელზე ამ ყველაფერმა გარკვეული გავლენა მოახდინა, ამიტომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი, ის თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან,“ - აღნიშნავს მაია ძირკველიშვილი Europetime-თან საუბარში. „47 წელია, ემიგრანტია. ამ ხნის განმავლობაში ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა საქართველოსთან. რამდეჯერმე იყო მცდელობა საქართველოში ჩამოეყვანათ, მაგრამ თავს იკავებდა. დიდ ინტერეს არ იჩენდა. სწორედ ჩვენი პროექტი იყო პირველი შემთხვევა, როცა დათანხმდა, ქართულ მხარესთან ეთანამშრომლა და საქართველოსთვის შეექმნა რაიმე ნივთი. ვეფხისტყაოსნის ყდა არის ერთადერთი ნივთი, რომელიც საქართველოსთვის დაამზადა. ჰონორარზეც უარი თქვა და საჩუქრის სახით გადასცა ქვეყანას. მისი ნამუშევრები დაცულია, ვატიკანში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ნოტრდამის კათედრალში. მას ეკუთვნის რომის პაპის სარიტუალო ნივთები, გუჯი ამაშუკელი დღემდე აქტიურად მუშაობს ვატიკანის სამუზეუმო კოლექციებზე. თავის დარგში, მსოფლიოს უდიდეს ხელოვანად ითვლება. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა,“ - ამბობს მაია ძირკველიშვილი. გუჯი ამაშუკელი 1941 წელს ბორჯომში დაიბადა და ბავშვობა ბათუმში გაატარა. ამაშუკელი იხსენებს, როგორ მოიხიბლა ბათუმში ბერძნების სამჭედლოთი და ბერძენი მჭედლების ოსტატობით. თბილისის სამხატვრო აკადემიის მესამე კურსზე იყო, ქანდაკების ფაკულტეტზე, როცა მოსკოვში გადავიდა. 22 წლის ასაკში სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა. 23 წლისა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. 1974 წლეს კი, საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, პირველი სახელოსნო მონმარტზე გახსნა. პირველი საგამოფენო ნივთები ემიგრაციაში, დედის მიერ გადაცემული ვერცხლის ოთხი კოვზისგან შექმნა. კგბ-ს ჩუმად ხელის თხოვნა და აკრძალული ქორწინება ფრანგ კატერინთან, რკინის ფარდის მიღმა. მომავალი მეუღლე 1967 წელს გაიცნო. მაშინ კატრინ ბარსაკი საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა და ე.წ. გეტოში ცხოვრობდა. დასახლება ჩეკას მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო. „შენობებიც ისმინებოდა. როდესაც კატრინს დაქორწინება შევთავაზე, დავუწერე, რომ არავის მოესმინა. თავიდან პისტოლეტი დამიხატა, ხომ არ გაგიჟდიო. შემდეგ, ეს ქაღალდი დავწვით.“ - იხსნებეს ცნობილი ქართველი ხელოვანი. ქორწინებისთვის თანხმობის მისაღებად ბევრი იბრძოლეს. რთული გზის გავლის შემდეგ, საბოლოოდ, ნებართვა მიიღეს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დატოვებაზე უარი უთხრეს. პროცესი 5 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. მისი სიმამრი, ანდრე ბარსაკი, გავლენიანი ადამიანი იყო რეჟისორი და პარიზის ერთ-ერთი თეატრის დირექტორი. ის პირადად იცნობდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ჟორჟ პომპიდუს და წერილი მისწერა შუამდგომლობის თხოვნით. საფრანგეთის პრეზიდენტის პირადმა შუამდგომლობამ წყვილს საშუალება მისცა, რკინის ფარდის მიღმა გადასულიყვნენ. როგორც ევროპულ პრესასთან ინტერვიუებში გუჯი ამაშუკელი იხსნებს, როდესაც მას საფრანგეთის სალეჩოს თანამშრომელი კატრინ ბარსაკი შეუყვარდა, მათ სიყვარულს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. დიდი ბრძოლით მოპოვებული ქორწინების ნებართვის შემმდეგ, კატრინმა ვიზის მისაღებად დახმარება, საფრანგეთის კულტურის ატაშეს სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. „ცოტა ხნის წინ, ამ კაცმა გვნახა და ბოდიში მოგვიხადა, ამდენი წლის წინანდელი საქციელის გამო. მეუბნებოდნენ, არ გასულელდესო, ვიღაც გაიძვერა პიროვნებაა და ამ ქორწინებით სარგებლობს, რომ საბჭოთა კავშირიდან წავიდესო. ამიტომ, არ უნდოდა ამ კაცს, ჩვენი ქორწინება შემდგარიყო და როცა გაიგო, რომ ამდენი წელია, ერთად ვართ და კარგი ოჯახი გვაქვს, შერცხვა,” - იხსენებს ამაშუკელი. გუჯის მაშინ ბევრი რამ დააბრალეს, წერდა კიდეც —„თქვენ არ იცით ეს პერიოდი რას ნიშნავს.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! ქრისტე აღდგა! დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო! მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა! აღდგა უფალი, დაიმსხვრა საკვრელნი ბოროტებისა და განქარდა ძალი ეშმაკისა! აღდგა უფალი და მოეფინა მარადიული ნათელი ყოველსა ქვეყანასა ზედა! აღდგა უფალი ღმერთი ჩვენი და სიყვარულმა განაღო ყოველი დახშული და კაცთათვის განუხსნელნი კარნი! დღეს განეცხადა კაცობრიობას გონებამიუწვდომელი საიდუმლო, აღდგომა მაცხოვრისა, ლოდსაკიდური ჩვენი რწმენისა, რამეთუ ბრძანებს მოციქული პავლე: „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი“ (1 კორ. 15,17). დღეს ჩვენ გამო განკაცებული, ჯვარცმული და საფლავად დადებული მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს კაცობრივ ბუნებას, შემუსრავს ჯოჯოხეთის ძალაუფლებას და ცოდვის ტყვეობისგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ დასაბამიერ, სამოთხისეულ ნეტარებას აზიარებს. დიდია ამ მოვლენით გამოწვეული სიხარული, ზეიმობს მოაზროვნე ქმნილება და ყველა ერთად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებთან თანახმიერნი ვღაღადებთ: „დღეს მიეცემა ხსნა სოფელს, როგორც ხილულს, ასევე უხილავს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, თანააღდექით!.. გათავისუფლდით ცოდვის ბორკილებისგან! ჯოჯოხეთის ბჭენი განიხსნება და სიკვდილი შეიმუსრება, ძველი ადამი განიშორება და ახალი განსრულდება“ (თექვსმეტი სადღესასწაულო სიტყვა. სიტყვა XLV). ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან; ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლადმოწყალე უფალს, ღირსნი გავმხდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28). თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი… მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს… არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. მისი მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომლის მსგავსად, განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუძღოდა ერს, ამხნევებდა დაცემულს, აერთიანებდა განბნეულს და უფლისკენ მოაქცევდა მათ გულებს; მისი სიტყვა და ლოცვა იყო ის სვეტი, რომელმაც ერს გზა უჩვენა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლისას (გამოს. 13, 21). უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი სწავლებები, მისი ღვაწლი დღესაც უწყვეტად, დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში, რომელთა ღვთისკენ მიმართული გულები ერთობით ადიდებს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს… ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული. სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით… ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის! ვმადლობთ მათ, ვისაც არ მიეცა მსახურებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყო და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდა… სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება. დაე, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს მტკიცე რწმენა, სიყვარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და გონიერება! მაშ, განვიხაროთ და ერთობით ვადიდოთ უფალი, რამეთუ „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთარს შევეტკბოთ… და ესრეთ ღმრთივბრწყინვალედ ღაღადვყოთ: ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა“ (ზატიკი). ქრისტე აღდგა! თბილისი აღდგომა ქრისტესი, 2026 წელი.“
„უცნობია ასეთი ინფორმაციის საფუძველი“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე
„მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად,“ - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, „უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი.“ ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას და ამჯერად აპირებს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს“. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა. „ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის დაწინაურება სურს, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებს. ბართლომეოსი ამ როლისთვის კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). ის მათ თავის უახლოეს გარემოცვაში წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.