სამართალი

„აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს ყალბ ისტორიას და სავიზო დოკუმენტებს უქმნიდნენ“ - პროკურატურამ 9 ადამიანს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი ისტორიის (ქეისის) შექმნას და მათთვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. ასევე, აშშ-ის და კანადის ვიზის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადებას. 2 ივნისს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოს 366 მოქალაქეს შეუქმნეს ყალბი ისტორია, თითქოს ისინი საქართველოში სხვადასხვა ნიშნით იდევნებოდნენ და მათ დაუმზადეს ყალბი დოკუმენტები. პროკურატურის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა.  „ჯგუფის წევრებმა საქართველოს 65 მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად, დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112 000 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს," - აცხადებს პროკურატურა. უწყებაში აცხადებენ, რომ "წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა", გამოვლინდა "სიყალბე", რის გამოც ყველა მოქალაქეს, რომელთაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გაუუქმდა. „2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისგან მიიღეს 142 786.43 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო." პროკურატურა აცხადებს, რომ აშშ-ის ვიზების მისაღებად საჭირო ყალბი დოკუმენტების დამზადების გარდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.  

სუს-ი: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საჯარო მოხელე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაღრაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას. „დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან. გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედია სფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის, რეგიონის ქვეყნების მიმართულებით. აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა,“ - განაცხადა ლაშა მაღრაძემ. სუს-ის მიერ დადასტურებული ცნობით, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს, დაკავებულია გიორგი უძილაური, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. „რუსთავი 2-ის" ცნობით, მას ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 აპრილსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანის“ ბრალდებით დააკავეს უწყების ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით „ფულის გათეთრებაში.“ მას 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო. გიორგი ხაინდრავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ვასილ მხეიძეს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჩამოერთვა ნივთმტკიცებად ცნობილი საგნები. ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა -  4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და ერთი წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა. ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. ხსენებული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობას.  ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 25-182- მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვა. ხსენებული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა. „სინანული რომ ახალგაზრდა ადამიანი გიგა ავალიანი არასრუწლოვანი ბრალდებულების ქმედებით დაიღუპა, არ არის… ერთი სიტყვა მომხდართან დაკავშირებით არ მომისმენია, სინანული არის იმაზე, რომ ციხეში არიან და არა იმაზე, რაც მოხდა. მობილური ტელეფონით გადაიღეს, სასწრაფოში არ დაურეკავთ ამ ტელეფონით, მიზანი იყო ადამიანი რომელიც დააზიანეს, გადაეღოთ… ყოველივე ეს სისასტიკეზე მიუთითებს და არანაირი სინანული ქმედების დროს, სასამართლოს განმავლობაში და დასკვნით სიტყვაში არ მოგვისმენია… მოვისმინეთ ბევრი შეურაცხმყოფელი დაზარალებულის ოჯახის მიმართ…მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი შესვენების დროს დაზარალებულის ოჯახის წევრებს თვალებს უქაჩავენ და ასეთ ქმედებებს ჰქონდა ადგილი... სასჯელი, რომელსაც გამოვაცხადებ, იქნება დამაფიქრებელი ყველა იმ მერყევი ელემენტისთვის, რომელსაც აგრესია ნორმად მიაჩნია. მოკვდინება მხოლოდ ფიზიკურად არ ხდება, სიტყვითაც ხდება და იმედია, ამას გაითვალისწინებენ სოციალურ ქსელში თუ სხვაგან,“ - განაცხადა რომეო ტყეშელაშვილმა სხდომაზე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი, 6 წელსა და 9 თვეს. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, დემეტრე ჩიქოვანი კი ერთი მუხლის ორ ნაწილში დამნაშავედ 4 აპრილს ცნო. კერძოდ კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში. სასჯელის განსაზღვრის სხდომას ალექსანდრე გაბაშვილი და დემეტრე ჩიქაოვანი ესწრებოდნენ, გიორგი რიკაძემ კი სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა. მსჯავრდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, რომ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწოვნების მიმართ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება „სამაგალითოდ იქცევა ქართული მართლმსაჯულების“ სისტემაში. ავალიანის დედა ამ განაჩენით კმაყოფილია.  „მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა დღეს ჩემი მდგომარეობა თავის ბოლო ნაწილში... ველოდები სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები... ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, სადაც მან ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე... გიგას წაართვეს სხეული, ნიკას [მეორე შვილს] წაართვეს სული და ჩააყოლეს სამარეში - მე ორ შვილს ვტიროდი. მე უნდა მებრძოლა ჩემი შვილის ღირსებისთვის. მადლობა რომეო ტყეშელაშვილს!“ - თქვა ეკა კუპატაძემ.  ცნობისთვის, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. დემეტრე ჩიქოვანს, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ "დიდი დიღმის" ეპიზოდზეც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.  

შსს ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქართველოში დაკავებული ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. კერძოდ, საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ქართული მხარე უარს აცხადებდა მის ექსტრადიციაზე, თუმცა ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა. „ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა. საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამავდროულად, სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან,” - განმარტავს უწყება. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. შსს აცხადებს, რომ სასამართლომ გაითვალისწინა შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა. გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. ადვოკატი და საია დარღვევებზე მიუთითებენ.   

ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 36 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ კრეტაზე საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში - ირანის ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოდ. Greekreporter-ი საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულს „პირდაპირი კავშირი ჰქონდა ირანში წყაროებთან სპეციალური, დაშიფრული აპლიკაციით. კაცი ათენის აეროპორტში ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. წყარომ, რომელიც საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ტელეფონში აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები იპოვეს და ხელისუფლება მობილური აპლიკაციის საშუალებით ირანში მყოფ პირთან პოტენციურ კავშირებს იძიებს.  კაცი საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეში სუდას ბაზის მახლობლად მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა. წყაროების ცნობით, მას ბრალდებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია. ეს ბაზა ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს სტრატეგიული ობიექტია და NATO-ს ყველაზე დიდი ბაზაა ხმელთაშუა ზღვაში.  ბაზას ცოტა ხნის წინ, მარაგების შესავსებად, აშშ-ის ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ეწვია, შემდეგ კი ის ახლო აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა. საზღვაო ბაზების შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში შარშან მაისშიც დააკავეს საქართველოსთან დაკავშირებული ორი პირი. იმავე პერიოდში საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეც, - გამოძიება ახლანდელი დაკავების ამ ინციდენტთან დაკავშირებასაც განიხილავს. მასზე მუდმივად იმყოფება 1000-მდე ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივებთან ერთად, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, ამერიკელები და არასამხედრო პერსონალი. ბაზა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა არამხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ, ალიანსისა და შეერთებული შტატებისთვის. ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა შაბათს ირანზე დარტყმები განახორციელეს.  

მედიის ცნობით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს

აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნავთობტანკერი Marinera-ს იგივე Bella 1-ის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ში ბრალი ოფიციალურად 12 თებერვალს წაუყენეს. ავთანდილ კალანდაძეს ბრალი ორი ფედერალური დანაშაულისთვის წაუყენეს. კერძოდ, პირველი ბრალდება ხომალდზე გაიანას დროშის აღმართვას ეხება, მაშინ, როდესაც გემი გაიანაში რეგისტრირებული არ იყო, ხოლო მეორე ბრალდება აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას უკავშირდება. ცნობისთვის, ვენესუელასთან დაკავშირებული და რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera იგივე Bella 1 ირანიდან 2025 წლის აგვისტოში გავიდა და ვენესუელისკენ მიცურავდა. აშშ-მა ნავთობტანკერის დაკავება 21 დეკემბერს კარიბის ზღვაში ვენესუელის ბლოკადის დროს სცადა. ამერიკელმა სამხედროებმა ნავთობტანკერი ისლანდიასთან ახლოს 7 იანვარს დააკავეს. დაკავების შემდეგ ნავთობტანკერი და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის გემის ქართველი კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ქართველი კაპიტნის მეუღლემ მისი დაკავების გასაჩივრება დიდი ბრიტანეთის სასამართლოში სცადა. სულ ტანკერზე საქართველოს 6 მოქალაქე, ასევე, უკრაინის, რუსეთისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიიდან წაიყვანა. ქართველი კაპიტნის მეუღლის ადვოკატმა განაცხადა, რომ კალანდაძე „აშშ-ის მთავრობამ ფაქტობრივად გაიტაცა“.  

პროკურატურა: ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, მას ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. „საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა. ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა,“ – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ყველა ის უფლება, რაც აქვს ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის, შეწყალების. ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.  

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. შესაბამისად, შსს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით სრულად გახსნილად აცხადებს. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დროთა განმავლობაში დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს. ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი - ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შემდეგაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა. მოცემულ საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ათეულობით ექსპერტიზა, გამოიკითხულია ათეულობით მოწმე, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება და მსგავსი საქმეების გამოძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით, მოპოვებულია როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელის, ასევე მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ჩადენის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის უშუალო ამსრულებელი გელა უძილაური მკვლელობის ჩადენიდან მალევე დააკავეს. მის მიმართ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე ასევე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც იყო წარსულში რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი. მითითებული ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს: მას, პროკურორის მიერ გამოტანილი შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე სასამართლოს ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა, “ განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.  

სუს-ი სურსათის ფასების საკითხის შესწავლას იწყებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გააკეთა. ლაშა მაღრაძის თქმით, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ აცხადებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას სასურსათო ფასების შესახებ. მანამდე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.  

აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში “წინასწარი პატიმრობა“ შეეფარდა

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ საქართველოს მოქალაქესა და სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს „ორთვიანი წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. აქტივისტს „ბრალი“ წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რომელიც ჯაშუშობას გულისხმობს და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუ დანაშაული „ჩადენილია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ.“ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო მოსმენა 24 დეკემბერს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ჟურნალისტები და ბრალდებულის ოჯახის წევრები სხდომაზე არ შეუშვეს. გამოცემა „საპას“ ცნობით, აქტივისტი უარყოფს ბრალდებებს და მან შიმშილობა გამოაცხადა. „თამარ მეარაყიშვილის დაკავება მისი მიმართ განხორციელებული, 8-წლიანი დევნისა და შევიწროების პრაქტიკის გაგრძელებაა,“ – განაცხადა 23 დეკემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც აქტივისტის უფლებებსა და ინტერესებს იცავს. „უკვე 8 წელია, ცხინვალის ხელისუფლება მას სრულ იზოლაციაში ამყოფებს და გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების გარეშე ტოვებს.“ „მიუხედავად მუდმივი შევიწროებისა, ამ წლების განმავლობაში თამარს არ შეუწყვეტია ადგილობრივი უწყებების კრიტიკა – იგი საჯაროდ ამხელდა მათ კორუფციასა და უფლებების დარღვევებში, რაც მისი კიდევ ერთხელ დაკავების საფუძველი გახდა,“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. დაპატიმრებამდე მეარაყიშვილმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დააანონსა ოკუირებულ ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრა მოითხოვა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას მეარაყიშვილისთვის ჩამორთმეული ჰქონდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტები და მას ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდა.  

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. შესაბამისი განცხადება გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. "საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის. მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი. მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ. მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა. ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები. გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ქართველი სამართალდამცველები ვაგრძელებთ კორუფციასთან ბრძოლას მისი ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანის და მაქსიმალური პრევენციის მიზნით", - განაცხადა გვარაკიძემ. როგორც ცნობილია, ბრიფინგამდე, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.  

აშშ-მ ჰააგის სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლე, მათ შორის, გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველ მოსამართლეს გოჩა ლორდქიფანიძეს სანქციები დაუწესა. ლორთქიფანიძის გარდა, ასევე, დასანქცირდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მონღოლი მოსამართლე, ერდენებალსურენ დამდინი. შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს. „ეს პირები პირდაპირ არიან ჩართულნი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მცდელობებში გამოიძიონ, დააპატიმრონ, დააკავონ ან გაასამართლონ ისრაელის მოქალაქეები, ისრაელის თანხმობის გარეშე... საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო აგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიზებულ ქმედებებს, რაც სახიფათო პრეცედენტს ქმნის ყველა ქვეყნისთვის... სასამართლოსადმი ჩვენი მესიჯი ცხადია: შეერთებული შტატები და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერები და, შესაბამისად, უარყოფენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას," - განაცხადა რუბიომ. 2024 წლის ნოემბერში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცეს, რის მიზეზადაც ღაზის კონფლიქტის დროს ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სახელდება. ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე დაუწესა სანქციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ცხრა მოსამართლეს და პროკურორს.  

ევროსასამართლომ რუსეთს განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე, საქართველოსთვის 253 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) დაადგინა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ე.წ.ბორდერიზაციით გამოწვეული ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რუსეთმა საქართველოს 253 მილიონ ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს. საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 14 ოქტომბერს გამოტანილ გადაწყვეტილებაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დააკისრა რუსეთს 253,018,000 ევროს გადახდა 29,000-ზე მეტი დაზარალებულისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები. ამდენად, რუსეთის ფედერაციას ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების მსხვერპლი 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს: 224,25 მილიონი ევრო მინიმუმ 23 000 ეთნიკური ქართველისთვის სახლზე, მიწასა და ოჯახებზე წვდომის უკანონო შეზღუდვისთვის (მე-8 მუხლის - პირადი, ოჯახური და საცხოვრებლის პატივისცემის უფლებისა და პირველი ოქმის პირველი მუხლის - საკუთრების დაცვის - დარღვევა); 20 მილიონი ევრო მინიმუმ 4000 ეთნიკური ქართველისთვის ქართულ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევისთვის (პირველი ოქმის მე-2 მუხლის - განათლების უფლების - დარღვევა); 5, 172 მილიონი ევრო მინიმუმ 2 586 ეთნიკური ქართველის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დაკავების შემდეგ (მე-5 მუხლის - პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების - დარღვევა); 1,98 მილიონი ევრო რუსეთის ან დე ფაქტო აფხაზური და სამხრეთოსური ძალების მიერ დაკავებული მინიმუმ 76 ეთნიკური ქართველის წამებისა და არასათანადო მოპყრობისთვის, ასევე ამ ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობისთვის (მე-3 მუხლის - არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის - დარღვევა); 1,3 მილიონი ევრო მინიმუმ 20 ეთნიკური ქართველისგან შემდგარი ჯგუფის წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის (მე-2 მუხლის - სიცოცხლის უფლების - დარღვევა); 320 000 ევრო მინიმუმ 64 ეთნიკური ქართველის გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვისთვის (მე-4 ოქმის მე-2 მუხლის - გადაადგილების თავისუფლების - დარღვევა). მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს. 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო.  საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. მასში ნათქვამი იყო „ქართული მოსახლეობის მასობრივი შევიწროების“, ასევე, „დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციული პრაქტიკის“ შესახებ ცენტრალური მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და საოკუპაციო გასწვრივ. კერძოდ, საქმე ეხებოდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიკვდილს. 2008 წლის ომში ჰოლანდიელი ჟურნალისტის დაღუპვის საქმეზე, ევროსასამართლომ რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა  

გაერთიანებული სამეფოს სააპელაციო სასამართლომ „კრედიტ სუისის“ საქმეზე, ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ძალაში დატოვა

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, იგივე ლონდონში ბაზირებულმა უზენაესმა სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი. სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო ჯვარედინი საჩივარი. ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა. “საიდუმლო საბჭო ერთხმად უარყოფს CS Life-ის სააპელაციო საჩივარს ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ზიანის ანაზღაურების ზუსტი დაწყების თარიღისა. საბჭო ასევე უარყოფს თანმხვედრ აპელაციას. საბჭოს დასკვნების შედეგად, CS Life-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გარდა ერთი ასპექტისა. ეს ეხება ზიანის შეფასების დაწყების თარიღებს. მოსარჩელეებისთვის მინიჭებული ზიანის ანაზღაურება ხელახლა უნდა გამოითვალოს, Meadowsweet-ის პოლისისთვის 2011 წლის 31 ოქტომბრიდან (2011 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად) და Sandcay-ის პოლისისთვის 2012 წლის 30 ნოემბრიდან (2012 წლის 30 სექტემბრის ნაცვლად). გამოთვლების ჩატარებისას, ამ დაწყების თარიღებზე აქტივების ფაქტობრივ ღირებულებას უნდა დაემატოს ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი არაავტორიზებული ტრანზაქციით იმ პერიოდში, როდესაც პრემია CS Life-ს ეკუთვნოდა პოლისის დაწყებამდე“, - აღნიშნულია ლონდონის უზენაესი სასამართლოს პრესრელიზში, რომელსაც სასამართლო საქმეზე - შ.პ.ს. Credit Suisse Life (ბერმუდა) (მომჩივანი) ბიძინა ივანიშვილის და 6 სხვა პირის (მოპასუხეების) წინააღმდეგ - მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ავრცელებს. ამასთან, რაც შეეხება თანმხვედრ აპელაციას, მოსარჩელეები საბჭოსგან მოითხოვდნენ, მთავარი მოსამართლის გადაწყვეტილების აღდგენას, რომლის მიხედვითაც მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება თაღლითური არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ისინი ამტკიცებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ეს გადაწყვეტილება გააუქმა. სასამართლოს დოკუმენტში განმარტებულია, რომ თანმხვედრ საჩივართან დაკავშირებული საკითხებია: მართალი იყო თუ არა სააპელაციო სასამართლო, როდესაც დაადგინა, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან: მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ბატონ ივანიშვილს ჰქონდა მისთვის წარდგენილი განცხადებების შესახებ რაიმე შეგნებული ინფორმაცია. ასევე,სარჩელი ექვემდებარებოდა ხანდაზმულობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას და წარდგენილი იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, აპელაციის შემტანი მხარე შ.პ.ს. Credit Suisse Life (Bermuda) ბერმუდის სადაზღვევო კომპანია, Credit Suisse AG-ის („ბანკი“) სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია იყო. „ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სააპელაციო საჩივარში პირველი მოპასუხე, არის ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ბანკის რჩევით, ბატონმა ივანიშვილმა 2011 და 2012 წლებში CS Life-ს გადაურიცხა ნაღდი ფული და სხვა აქტივები, რომლებიც ნდობით იყო დაცული, სიცოცხლის დაზღვევის ორი პოლისის პრემიის სახით. პოლისის აქტივები ცალკე ანგარიშზე უნდა ყოფილიყო შენახული. ბატონ ივანიშვილს ჰქონდა არჩევანი, ინვესტირება მოეხდინა დისკრეციულ, თუ არა დისკრეციულ საფუძველზე. 2015 წელს ბატონმა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ Credit Suisse-ში მისი ურთიერთობების მენეჯერი, ბატონი პატრის ლესკოდრონი, ბანკის თანამშრომელი, თაღლითურად მართავდა პოლისის აქტივებს. ბატონი ლესკოდრონი შვეიცარიაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და 2018 წლის თებერვალში სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს. მოგვიანებით მან თავი მოიკლა. 2017 წელს ბატონმა ივანიშვილმა, მისი ოჯახის წევრებმა და ორმა კომპანიამ, რომლებიც დასახელებულ დაზღვეულებს წარმოადგენენ, სარჩელი შეიტანეს ბერმუდის კუნძულებზე CS Life-ის წინააღმდეგ, ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ბრალდებით. 2020 წელს მათ ასევე მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება თაღლითური არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ეს პრეტენზიები წარმატებით დასრულდა ბერმუდის მთავარი მოსამართლის წინაშე. სააპელაციო სასამართლომ უარყო CS Life-ის სააპელაციო საჩივარი ხელშეკრულების დარღვევისა და ფიდუციური მოვალეობის დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებულ სარჩელზე. ეს გადაწყვეტილება CS Life-მა საიდუმლო საბჭოში გაასაჩივრა. მოსარჩელეებმა თანმხვედრი აპელაცია შეიტანეს არასწორი ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით მათი საჩივრის უარყოფის წინააღმდეგ,“ - აღნიშნულია პრესრელიზში. წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენით, ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაეხადა.   

რა ტიპის არის თურქეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდა

11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. Lockheed C-130 Hercules-ს, რომელსაც თურქეთის საჰაერო ძალები 1963 წლიდან იყენებს, აქტიურად გამოიყენება 60-ზე მეტ ქვეყანაში. რა მახასიათებლები აქვს C130 სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს? რამდენი მგზავრის გადაყვანა შეუძლია, რა დიაპაზონისაა, რა სიჩქარის და რომელ ქვეყანას ეკუთვნის? ამ საკითხზე მოამზადა სტატია თურქულმა მედია, რომლის მიხედვითაც, ხსენებული თვითმფრინავი შექმნილია სამხედრო ტვირთის, ჯარისკაცების და საევაკუაციო პერსონალის გადასაყვანად და შეერთებულ შტატებში 1956 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. Lockheed C-130 Hercules არის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ოთხი ტურბოპროპელერიანი ძრავით, რომელიც შექმნილი და წარმოებულია ამერიკული Lockheed Martin-ის მიერ. ის მალევე გამოიყენა მრავალმა ქვეყანამ, განსაკუთრებით - ავსტრალიამ. თავისი ექსპლუატაციის განმავლობაში, Hercules-ი მონაწილეობდა მრავალ სამხედრო, სამოქალაქო თუ ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციაში. 2007 წელს ის გახდა მეხუთე თვითმფრინავი, რომელიც თავის თავდაპირველ მომხმარებელს, აშშ-ის საჰაერო ძალებს, 50 წლის განმავლობაში უწყვეტად ემსახურებოდა. 2024 წლის მონაცემებით, მისი წარმოების 70 წელი შესრულდა, რაც მას უწყვეტი წარმოების ყველაზე ხანგრძლივ სამხედრო თვითმფრინავად აქცევს. 1954 წლიდან სულ წარმოებულია 2500-ზე მეტი თვითმფრინავი და მას 60-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, აშშ, კანადა და ავსტრალია აქტიურად იყენებენ. თურქეთის საჰაერო ძალები 1963 წლიდან იყენებს ამ თვითმფრინავს, რომელსაც სრულად აღჭურვილი 74 ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლია. ფრენის დიაპაზონი 2,000 კმ-ია. მაქსიმალური სიჩქარე: 620 კმ/სთ. ტევადობა: 92 მგზავრი/72 სრულად აღჭურვილი ჯარისკაცი/ 64 მედესანტე.  

თურქეთის თვითმფრინავს, რომელიც საქართველოში ჩამოვარდა, F-16-ების სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა - მედია

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, თურქეთის სამძებრო-სამაშველო და ავარიების გამოძიების ჯგუფმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით დაიწყო საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ნარჩენების შესწავლა. კატასტროფის შედეგად, თურქეთის საჰაერო ძალების C-130 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ნარჩენები ქოლაგირის მონასტრის მახლობლად იყო მიმოფანტული და პირველად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ავიაციის უსაფრთხოების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. გამოძიება კოორდინირებული წესით, თურქეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირი მხარდაჭერით მიმდინარეობს. თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნებისას საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ასაფეთქებელი ნივთიერებები ან ასაფეთქებელი მოწყობილობები არ ყოფილა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო apa იუწყება. სააგენტოს მიერ ინფორმირებული წყაროსგან ექსკლუზიურად მოპოვებული ცნობებით, თვითმფრინავი დატვირთული იყო მხოლოდ გამანადგურებლების, F-16 სათადარიგო ნაწილებით და ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ. თურქეთის არმიის F-16-ები 8 ნოემბერს ბაქოში მონაწილეობდნენ ყარაბაღისთვის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დაესწრო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც. სააგენტო apa ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი 10 ნოემბერს დაეშვა აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტში, ეკიპაჟს აეროპორტის ტერიტორია არ დაუტოვებია, თურქეთში გაფრენამდე კი, უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდა შემოწმების პროცედურა, რაც აეროპორტის ვიდეოკამერებითაა დაფიქსირებული. სააგენტოს წყაროს ცნობით, თვითმფრინავის(მისი ბოლო კაპიტალური რემონტი 2020 წელს ჩატარდა) კატასტროფის მიზეზთა გამოძიება კონცენტრირებულია ორ შესაძლო ვერსიაზე - ხანგრძლივ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობა და კორპუსის შესაძლო კოროზია, რომელსაც მაღალი წნევის ზემოქმედებით შესაძლოა, კონსტრუქციის დაშლა მოჰყოლოდა და ტვირთის არასწორად დამაგრება, რასაც ტურბულენტობის ან მკვეთრი მანევრის დროს შესაძლოა, გამოეწვია ტვირთის გადაადგილება და სერიოზული შიდა დაზიანება. ცნობისთვის, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბორტზე 20 პირი იმყოფებოდა. მომხდარს გამოეხმაურა NATO-ს გენმდივანი. "ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ჩვენს მოკავშირე თურქეთს და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს. ჩვენ პატივს ვცემთ მათ სამსახურს და ღრმად მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რასაც თურქეთის შეიარაღებული ძალები და ალიანსის ყველა, ჩვენს სამხედრო ფორმაში მყოფი კაცი და ქალი ყოველდღიურად აკეთებენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად," - წერს მარკ რუტე X-ზე. დღეს, 12 ნოემბერს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელები გამოაქვეყნა. The Associated Press-ი თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20-ვე პირი დაიღუპა. „ჩვენი გმირი თანამებრძოლები 2025 წლის 11 ნოემბერს დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან აფრინდა და ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა იაშარ გულერმა. ამასთან, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს და ფოტოებს ავრცელებს. რა ტიპის არის თურქეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდა  

სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „საქაერონავიგაციამაც“, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც, ძებნა-შველის სამუშაო დაიწყო. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. ერდოღანი: „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა“  

თურქეთი საქართველოში, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის

სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას თურქეთი საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო ავრცელებს. მედია წერს, რომ საქართველოში თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) საძიებო-სამაშველო ჯგუფი მიემართება. ვინაიდან, თვითმფრინავი მთიან რეგიონში ჩამოვარდა, საქართველოში განსაკუთრებული ტიპის სამაშველო ჯგუფი მიემართება. ამავე ინფორმაციით, თურქეთმა საძიებო-სამაშველო სამუშაოში დასახმარებლად, Akıncı-ს დრონი გამოუშვა, რომელიც საძიებო სამუშაოს რამდენიმე საათში შეუერთდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა  

ერდოღანი: „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა“

„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება,“ -  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. “დღეს დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება. ღვთის ნებით, ამ კატასტროფას მინიმალური დანაკარგებით გადავიტანთ. ღმერთმა შეინდოს ჩვენი დაღუპულები და მათთან ერთად ვართ ლოცვებში,” - განაცხადა ერდოღანმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მედიის ცნობით, საქართველოს საზღვართან ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ილჰამ ალიევმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა. ერდოღანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა უთხრა სატელეფონო ზარისთვის და გამოთქმული მწუხარებისთვის. „სატელეფონო საუბრის დროს აღინიშნა რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები კონტაქტში იმყოფებიან ინციდენტთან დაკავშირებით”, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა და დახმარება შესთავაზა საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის.