ახალი ამბები

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი თანამდებობას ტოვებსთანამდებობას ტოვებს

NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია NVIDIA ავრცელებს. კომპანიის განცხადების თანახმად, ჯენსენ ჰუანგმა NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და მის მოვალეობებს დროებით კოლეტ კრესი შეასრულებს. “დირექტორთა საბჭომ დღეს გამოაცხადა, რომ ჯენსენ ჰუანგი დაუყოვნებლივ ტოვებს პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორის და საბჭოს წევრის თანამდებობებს,” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ცნობისთვის, ჯენსენ ჰუანგის თანამდებობიდან გადადგომა სკანდალს მოჰყვა, რომელიც ჰუანგის პირად ცხოვრებას და ჩინეთის სასარგებლოდ შესაძლო ჯაშუშობასთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება. კერძოდ, New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას რომანი ჰქონდა საკუთარი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან. კვირას ჰუანგმა აღიარა რომანი ქალთან, რომელიც, სავარაუდოდ, სხვა კომპანიის წარმომადგენელი იყო და სავარაუდოდ, ჩინელი ჯაშუში იყო. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჯენსენ ჰუანგს კავშირი ჰქონდა ელის ჰუანგთან. ამ უკანასკნელს ამერიკული დაზვერვა ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს. პეკინმა გააფრთხილა აშშ, რომ ჯაშუშობის ბრალდებები არ გამოიყენოს საბაბად ჩინეთში ტექნოლოგიების გაყიდვების კიდევ ერთხელ შეზღუდვისთვის. Reuetrs-ი წერს, რომ  ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია თავის უმსხვილეს მხარდამჭერს კარგავს, გაურკვეველი ხდება იმ ჩიპების მწარმოებელი კომპანიის მომავალიც, რომელიც ჰუანგმა ხელოვნური ინტელექტის სფეროს გიგანტად აქცია.  

ტრამპი: ირანთან შეთანხმება აღარ გვჭირდება, მათი ფული და სრუტეც ჩვენს ხელშია

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონს ირანთან შეთანხმება აღარ სჭირდება. მისი თქმით, აშშ-ს თეირანზე მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტები აქვს, მათ შორის — ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი. „ირანთან შეთანხმება არ გვჭირდება. ის დრო დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა,“ — დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ხელში ჩაიგდო ირანის ფინანსური აქტივები და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე კონტროლი. „მათი ფული — ასობით მილიარდი დოლარი — ჩვენთანაა, ისევე როგორც მათი სრუტე!“ — განაცხადა ტრამპმა. პარალელურად, ირანის პარლამენტის სპიკერის და მთავარი მომლაპარაკებლის თქმით, აშშ-სა და ისრაელთან კონფლიქტის შემდეგ ჰორმუზის სრუტის მართვა ომამდელ პერიოდს აღარ დაუბრუნდება. მისი თქმით, თეირანი და ომანი თანხმდებიან, რომ სრუტის რეგულირება სანაპირო სახელმწიფოების იურისდიქციაში შედის და ნაოსნობის წესები სწორედ ირანმა და ომანმა უნდა განსაზღვრონ. ომის დასასრულებლად თეირანმა ვაშინგტონს შვიდპუნქტიანი წინადადება გაუგზავნა, რაც აშშ-ის საზღვაო ბლოკადისა და სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების განბლოკვას, ყველა ფრონტზე საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და ომის ოფიციალურად დასრულების გამოცხადებას ითვალისწინებს. თეირანი აშშ-ის პასუხს კატარის შუამავლობით ელოდება. ჰორმუზის სრუტე, რომელიც ენერგომატარებლების გადაზიდვის უმნიშვნელოვანესი გლობალური მარშრუტია, დიდი ხანია, ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის კერას წარმოადგენს. ამ საზღვაო გზაზე არსებული ვითარება უდიდეს გავლენას ახდენს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე.  

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო პირველია, რომელმაც სანქციები დააწესა რუსეთის 10 უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის წინააღმდეგ. უახლესი პაკეტი რუსული ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ჩრდილოვანი ფლოტის გემების, მსხვილი ქვანახშირის კომპანიების, „როსნეფტის“ ფლაგმანური არქტიკული ნავთობისა და გაზის პროექტის, „ვოსტოკ ოილის“, და ნავთობის მწარმოებელი „სლავნეფტის“ წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ზომები მიზნად ისახავს რუსეთის ნავთობისა და გაზის მიწოდების ჯაჭვის თითქმის ყველა ეტაპის დაფარვას, წარმოებიდან და ვაჭრობიდან დისტრიბუციამდე და გადაზიდვამდე. სანქციები ცხადდება იმ ფონზე, როდესაც ლიდერები დუბლინში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე შეიკრიბნენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნჰემი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საკითხზე დაგეგმილი შეხვედრის ერთობლივად მასპინძლობას გეგმავენ, სადაც ლიდერები აბუ დაბიში ბოლო დროს გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებს განიხილავენ. ბერნჰემი ასევე გეგმავს, მოუწოდოს თითქმის 50 ქვეყნის ლიდერებს, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე.    

ალან ბერსე: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვას ვაკვირდებით და აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების ერთგულებას გულისხმობს

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. „როგორც იცით, მე ყოველთვის მზად ვიყავი დიალოგისთვის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოსთანაც. ჩვენ ბოლო დროს კონტაქტი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე და გულწრფელი დისკუსიები გვქონდეს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის საჯაროდ არ იქნება,“ - განაცხადა ბერსემ. „ვიცი, რომ ამჟამად განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მიმდინარეობს. ჩვენ ამას ვაკვირდებით და როგორც ყოველთვის, აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების მიმართ ერთგულებას გულისხმობს. ვგულისხმობ, რომ 46-ვე წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე და ასევე, ჩვენ სამოქმედო ჩარჩო გვაქვს, რომლის ფარგლებშიც ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობა შეგვიძლია. მჯერა, რომ ეს კვლავ უნდა დავადასტუროთ, გავაგრძელოთ დიალოგი და ერთად განხილვა იმისა, თუ რის გაკეთებას გავაგრძელებთ, მათ შორის საქართველოსთანაც,“ - აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.  

აბუდაბი-მოსკოვი-დუბლინი - როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დღეს დილით მოსკოვში ჩავიდნენ. მათ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი. კუშნერი და უიტკოფი კრემლში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.  „გვსურს, რომ მშვიდობა მარადიული იყოს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე განაცხადა. „რაც შეეხება მშვიდობის ხანგრძლივობას, მის სიმტკიცესა და საიმედოობას, ჩვენც გვსურს, რომ ეს მშვიდობა მარადიული იყოს,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, იცის, რომ ტერიტორიულ საკითხებზე მხარეებს განსხვავებული ხედვები აქვთ. „ვიცით, რომ უკრაინული მხარე განსახილველად დღის წესრიგში ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს. ეს ყოველთვის განხეთქილების ვაშლი იქნება. ჩვენთვის ერთადერთი გამყოფი ხაზი სახელმწიფო საზღვარია. რადგან მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება: აქ ჩვენ ვართ, იქ კი თქვენ,“ - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინის თქმით, სხვა შემთხვევაში, ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხი მხარეებს შორის უთანხმოების მუდმივ მიზეზად დარჩება. რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსება. მისივე თქმით, უკრაინაში დისლოცირებული უცხოური სამხედრო ძალები რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლება. თავის მხრივ, სტივ უიტკოფმა პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროპელები ფიზიკურად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდნენ. „მართალია, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ ისხდნენ, მაგრამ „ჩვენ მათ ვესაუბრებოდით და კონსულტაციებს გავდიოდით.“ „ჩვენ მათთან ვკონტაქტობდით და ვაწვდიდით ინფორმაციას ყველაფრის შესახებ, რასაც განვიხილავდით. ვფიქრობ, ზოგადად, ჩვენს შორის ძალიან, ძალიან კარგი კოორდინაცია იყო.“ „ევროპელების მხრიდან მნიშვნელოვანი ცვლილება დავინახეთ; ვფიქრობთ, არსებობს ძალიან ძლიერი იმპულსი და სურვილი, რომ ერთობლივად ვიმოქმედოთ. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ მრავალმხრივ ფორმატზე გადასვლა ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარების პროცესში წინსვლას; გვჯერა, რომ ეს ომის დასრულებაშიც დაგვეხმარება,“ - განაცხადა ამასთან, ჯარედ კუშნერმა. მოსკოვიდან უიტკოფი და კუშნერი გაემგზავრებიან დუბლინში, სადაც დაგეგმილია მათი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „თუ ამერიკაში ვიღაც გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ფაქტობრივად, უკრაინულ ტერიტორიას ისე განიხილავს, თითქოს უკრაინული არაა, მაშინ ეს გვეუბნება, თუ სად მიდის საქმე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა. „ცხადად უნდა ვთქვათ, რომ არასდროს და არანაირად არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას,” - განაცხადა ზელენსკიმ. უფრო ადრე, 11 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია ომის შეწყვეტისთვის დონბასიდან გასვლაზე დათანხმდება, ვინაიდან ეს საკითხი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება. “ამერიკულ მხარეს ხშირად წამოუყენებია დონბასის, ჩვენი უკრაინული მიწის ნაწილის, თემა. და, რა თქმა უნდა, საკუთარი ყურადღების ფოკუსირებას ამაზე ახდენენ. ისინი ფიქრობენ, რომ ომის გასაჩერებლად ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ. ეს შეუძლებელია - ასეთი ფორმით გველაპარაკო, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება,” - განაცხადა ზელენსკიმ 11 ნოემბერს ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 11 ნოემბერს, აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა აბუ-დაბიში დაასრულეს ორსაათიანი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 2026 წლის თებერვლის შემდეგ პირველი იყო.  პირველ დღეს, 10 ნოემბერს შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი, რუსეთისას - პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის დელეგაციამ მოლაპარაკება გააგრძელა ევროპელ პარტნიორებთან, რომლებსაც აბუ-დაბიში 10 ნოემბერსაც შეხვდნენ. ისევ მოსთხოვა თუ არა რუსეთმა უკრაინას დონბასიდან გასვლა აბუ-დაბიში, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა არ უპასუხა ჟურნალისტების ამ შეკითხვას. ბუდანოვის თქმით, მოლაპარაკებების დროს დასმული საკითხები მოლაპარაკებების თემაა, მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგია და როცა შედეგი მიღწეული იქნება, ეს საჯაროდ გამოცხადდება. კიევის დელეგაციის წევრმა, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა, რომ არის „კარგი იმპულსი“ გადაწყვეტილებების მოსაძებნად ახალი წლის დადგომამდე. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა რუსტემ უმეროვმა მთავარ შედეგად დაასახელა შეთანხმება „ტყვეთა დიდი გაცვლის“ შესახებ. უმეროვის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა დეტალების შესათანხმებლად და პრაქტიკული რეალიზაციისთვის. უმეროვის განცხადებით, აბუ-დაბიში სამმხრივი ფორმატით განიხილეს მშვიდობის მიღწევისა და ომის შემდგომი აღდგენის საკითხები და ამ გზაზე პირველი ნაბიჯები უნდა იყოს ომის შეწყვეტა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. კიევის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ორი დღის განმავლობაში მხარეებმა წარმოადგინეს პოზიციები საკითხებზე, რომლებზეც არსებითი უთანხმოებებია, წინ დიდი და რთული სამუშაოა და არსებობს მოლაპარაკების პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა. ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ ცენტრალური თემა იყო უსაფრთხოების ევროპული სისტემა: „გავცვალეთ პოზიციები. სადღაც ვიპოვეთ ურთიერთგაგება, სადღაც - არა. ეს საუბარი გაგრძელდება. მსოფლიოს სჭირდება უსაფრთხოების ახალი, თანამედროვე, განახლებული სისტემა, რომელიც არ დააზარალებს ცალკეულ ქვეყნებს. ამაზე ვიმუშავებთ.“ მედინსკიმ მოლაპარაკებების დეტლები არ დააკონკრეტა იმ მოტივით, რომ ვიდრე საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, დეტალები არასდროს განიხილება. პუტინის თანაშემწის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ტყვეთა „მასშტაბურ გაცვლაზე", რომლის პარამეტრები უახლოეს ხანში გამოცხადდება. 11 ნოემბერს, სამმხრივი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ აბუ-დაბიში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო და განიხილეს რთული თემებიც. მან ყველაზე რთულ საკითხად დაასახელა ტერიტორიები. სტივენ უიტკოფის ინფორმაციით, აბუ-დაბიში ძალიან პროდუქტიული დისკუსიები ჰქონდათ ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებთანაც. ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს სურთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპელებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობის ნება დართოს. ასევე, წყაროს თქმით, აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები „დაძაბული და ემოციური იყო.“ Axios-ის ცნობით,  შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში იმის გამო შეიჭრა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წელს მის მიერ გაგზავნილ წერილს არ უპასუხა. წყაროების ცნობით, პუტინი წერილში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თავის შეშფოთებებზე საუბრობდა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, კუშნერმა და უიტკოფმა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მსოფლიო 2021 წლის შემდეგ ძალიან შეიცვალა. კუშნერმა და უიტკოფმა რუსულ მხარეს შესთავაზეს, რომ ახალი წინადადება მოამზადონ, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მათ მოთხოვნებს მოიცავს, ასევე, მოიცავს დეესკალაციისთვის ნაბიჯებს, რომლის გადადგმისთვისაც კრემლი მზად არის, რათა ევროპა დაარწმუნოს, რომ მომავალში თავს არ დაესხმება.~ გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-მა ევროპის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან უსაფრთხოების საკითხზე გარიგებას უკრაინისა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე არ დათანხმდება. ასევე, წყაროს თქმით, აშშ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას რუსეთს ვეტოს უფლებას არ მისცემს.  

ირაკლი კობახიძე: საქართველო რჩება ერთადერთი სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან

მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ირლანდიაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მონაწილეობს. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უამრავი გამოწვევაა მთლიანად კონტინენტის მასშტაბით, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. “ნარკოტიკები არის ერთ-ერთი აქტუალური თემა. რაც შეეხება მრგვალ მაგიდას, მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები. აქ გაქვს საშუალება, ბევრ ლიდერს გაესაუბრო, ხანდახან ეს საუბრები არის ხანმოკლე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძალიან ღირებული. ეს ფორმატი, ეს სამიტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალრიცხოვან ლიდერებს ვესაუბროთ ევროპის მასშტაბით და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კობახიძის განცხადებით, სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრით თქმით, საქართველოს აქვს საკვანძო როლი ამ მიმართულებით. „საქართველოს როლი არის ამ კუთხით საკვანძო, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა აღმოსავლეთის მიმართულებით გზები მას შემდეგ, რაც რუსეთი არის იზოლირებული ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და, ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  

დიმიტრი აბდუშელიშვილი: მერაბმა და საბამ ნამდვილად აჩვენეს, ვისი გორისანი არიან

ბიზნესმენი და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:               „ცხოვრებაშიც, სპორტშიც და ომშიც კი უღირსი საქციელი არ მოსულა. სპორტი, უპირველესად, ჯანსაღი ცხოვრების წესია. ისიც კი, როგორ ექცევი გამარჯვებულს და დამარცხებულს, თვითგამოხატვაა და აჩვენებს, ვინ ხარ და რას წარმოადგენ. მრავალრიცხოვანი ამალით, ტურასავით მიპარული ადამიანები არათუ სპორტულ სულისკვეთებას, ადამიანურ მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ. ჩვენმა ბიჭებმა, მერაბმა და საბამ კი ნამდვილად აჩვენეს ვაჟკაცობის მასტერკლასი და ისიც, ვისი გორისანი არიან! როცა ხანდახან ვერ გაუგიათ ამდენ თავსდატეხილ ქარიშხლებში როგორ გადავრჩით ქართველები, საბას ეს კადრებიც ვაჩვენოთ, თვალი რომ არ დაახამხამა ისე რომ გადაეშვა ჩხუბში მეგობრის დასახმარებლად. ეგეთ მეგობრობას, ეგეთ ქართველობას გაუმარჯოს სპორტში იქნება თუ ცხოვრებაში, საბასნაირი, მეგობრისთვის თავდადებული საქართველო მიყვარს და მეიმედება.“ 🇬🇪❤️ შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.    

ისრაელში ფილტვის გადანერგვის პირველი რობოტიზებული ოპერაცია წარმატებით ჩატარდა

ისრაელში, ბეილინსონის სამედიცინო ცენტრის (Beilinson Medical Center) ქირურგებმა, დოქტორ იური პეისახოვიჩის ხელმძღვანელობით, ფილტვის გადანერგვის პირველი რობოტიზებული ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. Da Vinci-ს რობოტული სისტემის გამოყენებით ჩატარებული ეს ქირურგიული ჩარევა მსოფლიოში დღემდე ჩატარებულ დაახლოებით 20 მსგავს პროცედურას შორის ერთ-ერთია. როგორც წესი, ფილტვის გადანერგვა, 8-დან 10 საათამდე გრძელდება და გულმკერდის სრულ გახსნასა და ნეკნების დაშორებას საჭიროებს, რაც ძლიერი პოსტოპერაციული ტკივილით ხასიათდება, ეს პაციენტისთვის ღრმად ჩასუნთქვასა და ნახველის გამოყოფას ართულებს და ფილტვების ინფექციებისა და გართულებების რისკს საგრძნობლად ზრდის. ხსენებული ოპერაცია კი რამდენიმე მცირე განაკვეთით განხორციელდა. ქირურგებმა რობოტის დახმარებით გადანერგილი ფილტვი პაციენტის სისხლძარღვებსა და სასუნთქ გზებს მინიმალური ტრავმით მიუერთეს, რის შედეგადაც, პაციენტის რეაბილიტაცია მოსალოდნელზე სწრაფად წარიმართა. ახალი მეთოდის გამოყენებამ გამორიცხა მკერდის ძვლის დიდი გაჭრა და ნეკნების გაწევა. მსოფლიოში პირველი ასეთი ოპერაცია 2023 წელს ესპანეთში ჩატარდა.  

Moderna-ს mRNA ვაქცინა მაღალი რისკის მელანომის განმეორებასა და გავრცელებას ამცირებს — კვლევა

კლინიკური კვლევის დროს დადასტურდა, რომ კიბოს mRNA ვაქცინამ მელანომის რეციდივისა და გავრცელების რისკი შეამცირა. შესაბამის განცხადებას კომპანია Moderna ავრცელებს. ამ ფონზე ფარმაცევტული კომპანიის აქციები 160%-ით გაზარდა. ეს არის პირველი წარმატებული შედეგი მრნმ-ის (mRNA) კიბოს ვაქცინის კლინიკური კვლევის ბოლო ეტაპზე. ვაქცინა პაციენტის იმუნურ სისტემას „ასწავლის“, როგორ ებრძოლოს სიმსივნეს — ის მიზანში იღებს სიმსივნურ უჯრედებში არსებულ კონკრეტულ მუტაციებს. კვლევამ ასევე პირველად აჩვენა, რომ Keytruda-სთან {კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიული პრეპარატი} ამ ვაქცინის დამატება უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე მხოლოდ Keytruda-ს გამოყენება. მსგავსი მიდგომები ამჟამად ფილტვის, ძუძუსა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგაც გამოიცდება. Parker Institute for Cancer Immunotherapy-ის ხელმძღვანელმა კარენ კნუდსენმა თქვა, რომ Moderna-ს შედეგებმა შესაძლოა, მყარი სიმსივნეების მკურნალობაში ახალი ეპოქის დასაწყისი მოასწავოს. მისი თქმით, ეს წარმატებული შედეგი იმუნოთერაპიის განვითარების ახალ ეტაპს ხსნის — „ეს მხოლოდ დასაწყისია.“

აშშ-მ პირველად დაადასტურა, რომ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა

აშშ-მ დაადასტურა, რომ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მ ასეთი შეტევითი შესაძლებლობები აღიარა. აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ტროი მეინკმა განაცხადა, რომ „ორბიტაზე“ იარაღის ფლობა აუცილებელი იყო აშშ-ის ძალების მტრული მტრის ქმედებებისგან დასაცავად. მეინკმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა „მზარდი საფრთხეებისთვის“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია იარაღის შესაძლებლობები ან როდის გაიგზავნა ის ორბიტაზე. BBC-ის ცნობით, 1967 წლის ხელშეკრულებით, მასობრივი განადგურების იარაღის ორბიტაზე გამოყენება აკრძალულია. მას შემდეგ სახელმწიფოები — მათ შორის აშშ, რუსეთი და ჩინეთი — ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა შესაძლებლობებს განიხილავენ; მაგალითად, მოწინააღმდეგეთა თანამგზავრების სამიზნეში ამოღებას, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს სამხედრო კომუნიკაციაში, დაზვერვასა და ნავიგაციაში.  

ტვინის სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პირველად ჩატარდა

ლონდონის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ეროვნულ ჰოსპიტალში (UCLH) ნეიროქირურგებმა მსოფლიოში პირველად გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალურ დროში ტვინის სიმსივნის ამოსაკვეთად. ქირურგებმა ოპერაცია ახალი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით ჩაატარეს, რომელიც ტვინის პაწაწინა ანატომიის იდენტიფიცირებას მნიშვნელოვანი სტრუქტურების ფერადი კოდირებით უწყობს ხელს, რათა ქირურგებმა უსაფრთხოდ ამოიცნონ ისინი. ამ ოპერაციამ 48 წლის ბრიტანელ პაციენტს მხედველობის სრული დაკარგვა აარიდა. საავადმყოფო ადრე ამ ტექნოლოგიას კვლევის ინსტრუმენტად იყენებდა, მაგრამ ხსენებული ოპერაცია პაციენტზე პირველად ჩატარდა. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც ოპერაციამდე გადაღებულ მრტ (MRI) სკანირებას ეყრდნობა, AI-სისტემა პირდაპირ აანალიზებდა ქირურგიული კამერიდან მიღებულ გამოსახულებას. პროგრამა ეკრანზე სხვადასხვა ფერით ნიშნავდა ტვინის უმცირეს ანატომიურ ნაწილებს. ის ექიმებს აჩვენებდა უხილავ სისხლძარღვებსა და ნერვებს, რომელთა დაზიანებაც კი ბრმა ზონაში იყო მოქცეული. 11-მილიმეტრიანი ადენომა ჰიპოფიზის მიდამოში მდებარეობდა. ეს ზონა მჭიდროდ არის გარშემორტყმული მხედველობის ნერვებითა და საძილე არტერიებით, სადაც ერთი მილიმეტრის ცდომილებასაც კი შეუძლია, სიბრმავე ან ინსულტი გამოიწვიოს.  

იაპონია ფუკუშიმის ბირთვული კატასტროფის შემდეგ მიღებულ ნიადაგს სხვა ქალაქებში გამოიყენებს

იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, 2011 წლის ფუკუშიმის ბირთვული კატასტროფის შემდეგ დეზაქტივაციის სამუშაოების შედეგად მიღებული ნიადაგი ქვეყნის რამდენიმე რეგიონულ ქალაქში ხელახლა გამოიყენოს. იაპონიის მთავრობის მთავარმა მდივანმა მინორუ კიჰარამ განაცხადა, რომ ნიადაგის ხელახლა გამოყენება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მთავრობის მიზნის მისაღწევად — 2045 წლის მარტამდე ფუკუშიმის ფარგლებს გარეთ მისი საბოლოო განთავსება დასრულდეს. კიჰარამ ასევე მოითხოვა ინიციატივის სხვა რეგიონულ ქალაქებში მთავრობის ფილიალებზეც გაფართოება და ხელისუფლებას მოუწოდა, გააძლიეროს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხელახლა გამოყენებული ნიადაგის უსაფრთხოების შესახებ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბარაკის პრეფექტურაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც იაპონიის აღმოსავლეთი რეგიონები, მათ შორის ტოკიო დააზარალა და სულ მცირე 37 ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის, 9.0 სიმძლავრის მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა ისტორიაში. 2011 წლის 11 მარტს მან უმძლავრესი ცუნამი გამოიწვია, დაანგრია ქალაქები და მათი საკვანძო ინფრასტრუქტურა; გამოიწვია ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგურის განადგურება, რასაც მოჰყვა 18 000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის გადაადგილება.  

თურქეთის მიერ წარმოებულ პირველ ელექტროლოკომოტივს ევროკავშირის სერტიფიკატი მიენიჭა

თურქეთის პირველმა ადგილობრივად დაპროექტებულმა და წარმოებულმა ელექტროლოკომოტივმა, E5000-მა, ევროკავშირის თავსებადობის ტექნიკური სპეციფიკაციების (TSI) სერტიფიკატი მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. აბდულკადირ ურალოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სარკინიგზო ტექნიკის მწარმოებელი TÜRASAŞ-ის მიერ წარმოებული ლოკომოტივი ევროკავშირის სტანდარტებს  აკმაყოფილებს. „ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავყიდოთ [ელექტროლოკომოტივები] როგორც ევროკავშირში, ასევე მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა ურალოღლუმ.

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების ახალი პროექტი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტი ითვალისწინებს „კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის“ (CCAMTAC) საქმიანობის მხარდაჭერას, 2027–2032 წლებში.  CCAMTAC-ის წევრია ცხრა ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ცენტრი წევრი ქვეყნების ტექნიკურ დახმარებას და ტრენინგებს უზრუნველყოფს.  დაფინანსება აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდიდან შესრულდება. ბანკი აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქმენეთს 10,000 აშშ დოლარს გამოუყოფს, ხოლო ყირგიზეთს, მონღოლეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს - 237,500 აშშ დოლარს. ცხრავე ქვეყანაში აზიის განვითარების ბანკის საერთო წვლილი 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ტექნიკური დახმარების ახალი ფაზა, გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს ეკონომიკურ მმართველობას მონაწილე ქვეყნებში და გააუმჯობესებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ პოლიტიკას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.  

ანალიტიკა

„შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში

EXCLUSIVE ევროკავშირმა „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობა დაასრულა. ანგარიში მოიცავს საქართველოსაც, როგორც ინიციატივის მონაწილე შავი ზღვის აუზის ქვეყანას. დოკუმენტში, რომელსაც Europetime გაეცნო, მნიშვნელოვანი ნაწილი ენერგიისა და ტრანსპორტის სფეროს ეთმობა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტრანსპორტის სფეროში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შავი ზღვის მოსაზღვრე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების საერთო საზრუნავი მოიცავს ნაოსნობის თავისუფლებას, საზღვაო უსაფრთხოებასა და საზღვაო გარემოს დაცვას. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა შავი ზღვის რამდენიმე სანაპირო ქვეყანაში საზღვაო ადმინისტრაციის ეფექტიანობა გაძლიერდეს. ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი  - შავი და კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მდგრადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ (BCSEA II), 2022 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. პროექტი ეხება საზღვაო უსაფრთხოებას და შავი ზღვის რეგიონში მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას, თურქეთსა და უკრაინას - საერთო ბიუჯეტი 3,5 მილიონი ევროა. „რუსეთის აგრესიული ომის შედეგები უკრაინის წინააღმდეგ, სცილდება შავი ზღვის რეგიონს და იგრძნობა მთელ მსოფლიოში, რაც გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, მათ შორის, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, როდესაც რუსეთი მუდმივად უმიზნებს საპორტო ინფრასტრუქტურასა და საწყობებს უკრაინაში. „შავ ზღვაში რუსეთი ხელს უშლის ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებას, უკრაინის შავი ზღვის პორტების საზღვაო ბლოკადის მცდელობით. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში მდებარე შავი ზღვის პორტში, ოჩამჩირეში რუსეთის მიერ მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებამ უსაფრთხოების რისკები და გამოწვევები შემატა.“ ინფორმაციისთვის, ენერგეტიკული გაერთიანება მოიცავს ევროკავშირს, უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს წევრებად, ხოლო თურქეთსა და სომხეთს დამკვირვებლებად.“ ვკითხულობთ დოკუმენტში. მისივე თანახმად, „მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და უკრაინა, ასევე აქტიური პარტნიორები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობაში - მთავარ დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავს, დააჩქაროს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება, დაკავშირებადობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, მწვანე და ციფრულ გადასვლებს, ასევე - გაზრდილ თანამშრომლობას ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი. საქართველო „ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საქართველო აქტიური მონაწილე იყო „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივაში, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო საზღვაო დღის წესრიგი და სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების ზონის მიმართულება,“ ამბობს Europetime-თან საუბარში ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო. სტანო ხაზს უსვამს, რომ „შავი ზღვის სინერგია“ არის ევროკავშირის ძირითადი რეგიონული პოლიტიკის ჩარჩო შავი ზღვის რეგიონისთვის და ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი რეგიონში ევროკავშირის ჩართულობისთვის. „ის ხელს უწყობს თანამშრომლობას პოლიტიკის ფართო სპექტრში, მათ შორის, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასევე შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ ამბობს პიტერ სტანო. ანგარიში Europetime რამდენიმე საკვანძო თემას გთავაზობთ კავშირები ევროკავშირის სხვა პოლიტიკასთან ან სტრატეგიებთან, რომლებიც აქტუალურია შავი ზღვის რეგიონისთვის „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და რეგიონში არსებული სხვა გამოწვევების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობამ დააახლოვა უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო ევროკავშირთან - გრძელდება რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორ ქვეყნებში სხვადასხვა სფეროებში. EaP კვლავაც იყო ნორმატიული მამოძრავებელი ტრანსფორმაცია პარტნიორებისთვის რეგიონში.“ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა - შავი ზღვის აუზის პროგრამა „2024 წლის იანვარში პროგრამამ დასაფინანსებლად შეარჩია 33 პროექტი, 110-ზე მეტი პარტნიორით. ისინი საქმიანობას უკვე 2024 წლიდან დაიწყებენ. წინადადებების მეორე მოწოდება 2024 წლის მარტში დაიწყო. შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის სხვა პრიორიტეტებთან და რეგიონში განხორციელებულ ინიციატივებთან სინერგიით მუშაობს. 11 მილიონი ევრო დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და გააძლიერებს სახელმწიფო ხელისუფლებების შესაძლებლობების განვითარებას, რაც ასევე შეესაბამება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებს. სულ ახლახან, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებით და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამა სულ უფრო სასარგებლო პლატფორმად იქცევა, რათა მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნების გაწევრიანების გზას და ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას თანამშრომლობის საკითხებში, მათ შორის, შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებათა გაძლიერებით.“ ენერგია და ტრანსპორტი შავი ზღვის ყველა მეზობელი ვალდებულია, სისრულეში მოიყვანოს წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევა 2050 წლისთვის/ ან დაახლოებით 2050 წელს. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, ისევე როგორც მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შეუერთდნენ გლობალურ დაპირებას, გაასამმაგდეს განახლებადი ენერგიის სიმძლავრე და 2030 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით გაორმაგდება ენერგოეფექტურობა. რუმინეთი და ბულგარეთი  შავ ზღვაში ოფშორული ქარის ენერგიის დარგში განვითარების პერსპექტივაზე მუშაობენ, როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი ტურბინებით. 16-მდე კომპანია ევროკავშირიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაერთიანდა, რათა ევროკავშირის დაფინანსებით შეიმუშაოს 5 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ქარის ტურბინის დემონსტრატორი, რომელიც შავი ზღვის პირობებზე იქნება ადაპტირებული. მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირებადობის ხელშეწყობისთვის, კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ბაზრის ინტეგრაციის მიზნით. მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობა 2022 წელს დაიწყეს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა, სადაც გაწევრიანების ინტერესებს უფრო მეტი რეგიონული პარტნიორი იჩენს. მიმდინარეობს კვლევა, რუმინეთისა და საქართველოს სანაპიროებს შორის მაღალი ძაბვის გადამცემი წყალქვეშა კაბელის შესაძლო გაყვანის თაობაზე, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი სარგებლისთვის, ასევე სხვადასხვა შესაძლო სავაჭრო მარშრუტებზე რეგიონის მასშტაბით - ისეთი განახლებადი საწვავისთვის, როგორიცაა, წყალბადი. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონალურ პროექტებში, როგორიცაა, შავი ზღვის ელექტრო კაბელი. ევროკავშირმა შეიმუშავა მეთანის სფეროს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავს პოლიტიკასა და აქტივობებს, რომლებიც გლობალურ დონეზე Global Methane Pledge-ის მექანიზმის განხორციელებას შეუწყობს ხელს. სომხეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი შეუერთდნენ Global Methane Pledge-ს და ამ ქვეყნებმა ყოვლისმომცველი შიდა გეგმა უნდა მიიღონ. ბევრი რამ არის გასაკეთებელი დაპირების მისაღწევად, პოლიტიკიდან დაწყებული ფინანსებით დამთავრებული, ანგარიშგების მონიტორინგამდე და გადამოწმებამდე, დაშავი ზღვის მიმდებარე დანარჩენ ქვეყნებთან ჩართვა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც წიაღისეულ საწვავს  აწარმოებენ. საქართველო და უკრაინა უერთდებიან ამ პარტნიორობას, რომელიც ბულგარეთს, რუმინეთსა და თურქეთს მოიცავს. ეს პარტნიორობა მხარს უჭერს ინვესტიციებს ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სხვა ერთობლივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს მკვლევრების ჩართულობის წახალისებას შავი ზღვის სანაპიროს ყველა ქვეყნიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. რა არის „შავი ზღვის სინერგია ევროკომისიამ საზოგადოებას 2007 წელს გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას. ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ზემოთ აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა: (i) შავი ზღვის კავშირის პროექტების სწრაფი განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც შექმნილია ევროკავშირის დამატებითი პოლიტიკის მიხედვით; (ii) გააძლიერა და გაამარტივა თანამშრომლობა რეგიონის სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ჯონ ბასი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს წევრობის ვალდებულებები

Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც თან სდევს წევრობას. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა 2009, 2010 და 2012 წლების სამიტებზე. 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას არაერთხელ მოგვისმენია თქვენი კომენტარები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. როგორ შეესაბამება თქვენი ადრინდელი ვარაუდები/მოლოდინები ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის დღევანდელ დინამიკასა და პროცესს? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ჯონ ბასს. “დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში დრო დავყავით ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც რუსეთი კვლავ ცდილობდა, ეკარნახა, როგორ უნდა ეცხოვრა მეზობელ ქვეყანას და ჰქონდეს თუ არა ამ ქვეყანას თავისუფალი არჩევანი, თავისი უსაფრთხოების დასაცავად იურთიერთოს, ამ შემთხვევაში NATO-სთან - ძალიან შემაშფოთებელია ევოლუციის დანახვა ბოლო წლებში, და განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის ბოლო თვეებში. თუ ვინმე პირდაპირ იკითხავს, თუ როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი - ამაზე პასუხი არის ის, რომ საქართველო გახდება წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც თან სდევს წევრობას, მათ შორის, დაიცვას პრინციპები, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპების ჩათვლით, რომ ხალხი თავისუფალია, აირჩიოს საკუთარი ლიდერები. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე ვიყავი ელჩი საქართველოში, ჩვენ არ გვინახავს საქართველოს პროგრესი ამ მიზნებისკენ. სამწუხაროდ, ბევრი უკუსვლა ვნახეთ,“ - აღნიშნა ბასმა საერთაშორისო და ქართული მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე. „როგორც აშშ-ის ელჩისთვის, რომელიც ბევრს მუშაობდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოფილიყო პირობები, რათა "ქართული ოცნებისთვის" სამართლიანი კონკურენცია ყოფილიყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ღრმად შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ იგივე ჯგუფი ახლა ანადგურებს დემოკრატიული მმართველობისა და საზოგადოების საფუძვლებს. და ბოლოს, ვიტყოდი, რომ ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის დანახვა, რომ მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია,“ - განაცხადა ჯონ ბასმა. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში, საქართველოში ამერიკის ელჩი იყო. ის აშშ-ის სენატმა 2021 წლის 17 დეკემბერს დაამტკიცა მენეჯმენტის საკითხებში მდივნის მოადგილედ. სახელმწიფო მდივანმა კი, 2024 წლის 23 მარტს დანიშნა ჯონ ბასი პოლიტიკურ საკითხებში მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. აშშ საქართველოს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე მიიწვევს NATO-ს ურთიერთობები საქართველოსთან  

სახელმწიფო დეპარტამენტი: ამერიკის შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიას უკვე ახორციელებს

EXCLUSIVE Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უდასტურებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყოვლისმომცველი სტრატეგია უკვე აამოქმედა. სტრატეგია, რომელსაც Europetime გაეცნო, გულისხმობს გაზრდილ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩართულობას და სხვა მნიშვნელოვან აქტივობას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ხედვას ეფუძნება. „შეერთებული შტატები ამ სტრატეგიას უკვე ახორციელებს და მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო კოორდინაციას გავაგრძელებთ, რათა სტრატეგია, საერთო მიზნების მისაღწევად წინ წავწიოთ. მისი განხორციელების ვადები მიზანზე ან აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი ზოგიერთი მიზანი, როგორიცაა, გაზრდილი პოლიტიკური ჩართულობა და შეტყობინებების გაგზავნა, მიმდინარე პროცესია; ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია. ჩვენი სტრატეგია უზრუნველყოფს მთლიანი მთავრობის ხედვას და ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მიმდინარე ძალისხმევა, განვავითაროთ სამომავლო ინიციატივები და განვაცხადოთ დაფინანსების მოთხოვნის შესახებ, მისი განხორციელების მხარდასაჭერად,“ განუცხადა Europetime-ს  სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. რა არის შავი ზღვის სტრატეგია? სახელმწიფო დეპარტამენტში, Europetime-თან ამბობენ, რომ 2023 ფისკალური წლის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (NSC) აშშ-ის კონგრესი სთხოვდა, შავი ზღვის რეგიონის მხარდასაჭერად, შეემუშავებინა და განეხორციელებინა სტრატეგია, რომელიც გვთავაზობდა უსაფრთხო, აყვავებულ, ურთიერთდაკავშირებულ და მავნე ზეგავლენისგან, ეკონომიკური იძულებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრთხისგან თავისუფალ გარემოს, NSC-მ სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშის შემუშავების უფლებამოსილება უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე გადასცა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა გაზარდონ პოლიტიკური და დიპლომატიური ჩართულობა, უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. „შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ამერიკის მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ აცხადებენ აშშ-ის საგარეო უწყებაში. ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია - ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ეკონომიკური ზონა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები

ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს

Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ეტაპზე, აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის. ვაშინგტონი ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მასშტაბირების საჭიროებაზე მიუთითებს. „ზოგადად, ჩვენ მივესალმებით და ვახალისებთ მრავალმხრივ ძალისხმევას, დასავლეთ ევროპისკენ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული კავშირის მხარდასაჭერად. ასეთი ძალისხმევა ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო, მდგრადი და აყვავებული რეგიონის შექმნას. ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის “ინვესტორთა ფორუმი, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის საკოორდინაციო პლატფორმა და USAID Trade Central Asia მხოლოდ რამდენიმეა იმ პროგრამებიდან, რომლითაც შეერთებული შტატები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციის მხარდაჭერას აგრძელებს, ცენტრალურ აზიაში ჩვენს პარტნიორებთან კავშირის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით. C5+1 დიპლომატიური პლატფორმის მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონული თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, რომელიც ეხმარება რეგიონს, გადაჭრას საერთო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი (ცენტრალურ) აზიელი პარტნიორების ავტონომია და სუვერენიტეტი. 2023 წლის სექტემბერში გამართული C5+1 საპრეზიდენტო სამიტის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა, რომლის მიზანიცაა PGI-ის მეშვეობით, ტრანსკასპიური დერეფნის დაკავშირებადობა, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მასშტაბირება, ეკონომიკური განვითარების დაჩქარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. PGI-ის მეშვეობით, შეერთებული შტატები ამჟამად აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება, ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ინფორმაციისთვის, PGI (აშშ) არის კოორდინატორის ოფისი გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების პარტნიორობისთვის (PGI) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აშშ-ის პრეზიდენტის G7+ ფლაგმანურ ინიციატივას სტრატეგიული, ღირებულებებზე ორიენტირებული და მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების განვითარებისთვის დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.  ასევე წაიკითხეთ: ბულგარეთის ელჩი: საბორნე მიმოსვლის ხელშეკრულებას უფრო კონკრეტული და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს  

„რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან

ორი წელი ომიდან: პუტინმა აღიარა, რომ მიზანს ჯერ ვერ მიაღწია; უკრაინა აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია; ბაიდენის ადმინისტრაცია, კიევის დახმარების საკითხის გარშემო, კონგრესში მიმდინარე დავის ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ „გამანადგურებელ სანქციებს“ აანონსებს. ომის მეორე წლისთავის წინ, პირველ თებერვალს კიევმა ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა. თუმცა რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, კიევი კვლავ აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. ომიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში „მიზანს ჯერ ვერ მიაღწია.“ კიევი და მისი მთავარი პარტნიორი - აშშ, რომელმაც ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება გაიღო უკრაინისთვის, ახლა რესურსების შეფერხების უარყოფით გავლენებზე უკვე მიუთითებენ. ბრძოლის ველზე მძიმე სურათია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი მიიჩნევს, რომ „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს, რადგან მას კატასტროფული მომავალი ექნება“: „რადგან მოსკოვს ნომინალური კონტროლის საზღვრებში 40 მილიონი მტერი ეყოლება,“ ამბობს გობლი Europetime-თან. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, ვიდრე კრემლი არ გააცნობიერებს, რომ ვერ გაიმარჯვებს,“ - მიიჩნევს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. მისი განცხადებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და მას მიეწოდოს ყველაფერი, რაც სჭირდება. პოლ გობლს, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, არ სჯერა, რომ პუტინი ოდესმე წაგებას აღიარებს. „პუტინი გააგრძელებს საკუთარი ქვეყნის მსხვერპლად შეწირვას, რათა ძალაუფლება სიკვდილამდე შეინარჩუნოს,“ ამბობს პოლ გობლი. ბაიდენის ადმინსტრაცია და უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებენ, რომ კონგრესი უკრაინისთვის კრიტიკულ დახმარებას დაამტკიცებს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ავდიივკის დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგია. მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა რუსეთის თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა, ვიდრე საბრძოლო მასალა არ დაუმთავრდა. „განსაკუთრებით საბრძოლო მასალის საარტილერიო სახეობები, რომლებიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული ძალებისთვის უკრაინულ თავდაცვით ხაზებამდე მისვლასა და ამ პოზიციების დაპყრობაში შეეშალა ხელი,” - განაცხადა კირბიმ. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ავდიივკას არ დაკარგავდა იმ შემთხვევაში თუ კიევი „მიიღებდა ყველა საჭირო საარტილერიო ჭურვს, რომლებიც დაცვისთვის სჭირდება.“ „ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონპროექტის მიღება - ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცები ფრონტზე გაიგზავნოს, დროა საჭირო. და სანამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, პლუს გაითვალისწინეთ ლოგისტიკა, მთელი ეს დრო ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ თავს გაწირავენ ფრონტზე, რუსეთის უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ დაცვაში,“ - განაცხადა კულებამ. აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი აღნიშნავს, რომ ახლა თითოეული დღე გადამწყვეტია. „ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ. NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა თავის მხრივ, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა. გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსი სამხედროების მიერ ავდეევკის დაკავებას არ ექნება არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობა სიტუაციაზე. „ჩემზე, ისევე, როგორც ყველაზე, შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის გამძლეობამ, რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა უმაგრებდა ზურგს, თუმცა ეს უკანასკნელი, მაგრამ არა პირველი, გარკვეულწილად, მცირდება,“ აღნიშნავს პოლ გობლი Europetime-თან. უკრაინაში აშშ-ის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება, მათ შორის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცდილობს, დააჩქაროს ახალი დაფინანსების დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ არ არსებობს „გეგმა B“ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი უარს იტყვის ინიციატივის მხარდაჭერაზე. „ომი ჩიხშია და გარკვეული პერიოდია, ასე გრძელდება. როგორც ჩანს, გადამწყვეტი წინსვლა არცერთ მხარეს არ შეუძლია,“ ამბობს Europetime-თან კლაუს ლარესი - ჩრდილოეთ კაროლინის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, ვუდრო უილსონის საერთაშორისო ცენტრის ანალიტიკოსი, ლარესი ასევე გახლდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების მოწვეული მეცნიერი. ანალიტიკოსის შეფასებით, პუტინს სურს, დაელოდოს აშშ-ის არჩევნების შედეგს ნოემბერში. „შესაძლოა, ტრამპმა უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ დანამდვილებით ეს ჯერ არ ვიცით,“ - აღნიშნავს კლაუს ლარესი. ამერიკელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ შტატების დახმარება სიტუაციას ახლა ალბათ, შეცვლიდა, თუმცა დანამდვილებით, პროგნოზების გაკეთება რთულია. შტატებს უკვე მზად აქვს იმ დახმარების ჩამონათვალი, რომლის გაგზავნას უკრაინისთვის სასწრაფოდ გეგმავს, მას შემდეგ, თუ კონგრესი უკრაინისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის პაკეტს დაამტკიცებს. 23 თებერვალს, ომის მეორე წლისთავზე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ გამაბადგურებელი სანქციები დააანონსა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. რუსთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზეა საუბარი 2024 წლის იანვარში, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშიც, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას ეხება. ორგანიზაცია ახალი დასკვნების საფუძველზე წერს, რომ 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის - ბევრი აშკარად უკანონო თავდასხმების შედეგად. „რუსული ძალების მიერ მარიუპოლის განადგურება და უკრაინული კულტურის წაშლის მცდელობა, უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავია. საერთაშორისო ორგანოებმა და მართლმსაჯულების ერთგულმა მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებაზე, რომლებიც შესაძლოა, მარიუპოლში სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი,“ წერს HRW. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ რუსული ძალების მიერ მარიუპოლში საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი აშკარა სამხედრო დანაშაულების გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ომი დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო „გააცნობიერებს პუტინის საფრთხეს.“

„მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 19 მარტს თავისი ტურნე სამხრეთ კავკასიაში, ერევანში, სომხეთში ვიზიტით დაასრულა, სადაც პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ეს ამ რანგში სტოლტენბერგის სავარაუდოდ, ბოლო ვიზიტი იყო, რადგან ის NATO-ს გენმდივნის პოსტს წელს დატოვებს. ფოტო - ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტოლტენბერგის ვიზიტზე კომენტირებისას, კრემლმა სამშაბათსვე განაცხადა, რომ ბლოკის მცდელობებმა, „გააფართოოს თავისი ყოფნა ამ ტერიტორიაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეუწყოს სტაბილურობას.“ კრემლს ხშირად შეახსენებენ, რომ NATO დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია და მისი კარი ღიაა სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის, რომლებიც თავად წყვეტენ, შეუერთდნენ თუ არა NATO-ს. NATO არასოდეს აიძულებს ვინმეს, ალიანსში გაწევრიანდეს. „ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება,“ ამბობენ ალიანსში. როგორც ცნობილია, იენს სტოლტენბერგმა სამდღიანი ვიზიტისას მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ლიდერებთან.“ საგულისხმოა, რომ სტოლტენბერგს სამივე ქვეყანაში ერთი გამოკვეთილი გზავნილი ჰქონდა - მეტი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად.  „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მისი აგრესია აქ არ შეჩერდება და სხვა ავტორიტარული აქტორები გათამამდებიან,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა დღეს, სომხეთში ვიზიტისას, სტოლტენბერგმა NATO-ს ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს თავის აგრესიულ ომში.“ მან გაიმეორა ის, რაც თქვა მათ შორის, თბილისში, რომ „ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.“ ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს. ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა. მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“ აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო. NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე.  „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი აზერბაიჯანში - “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის“ სტოლტენბერგმა ბაქოში განაცხდა, რომ მოუთმენლად ელის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. „მშვიდობა ამ რეგიონში ძალზე მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რეგიონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის, ჩრდილო ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, მშვიდობა, სტაბილურობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ აქ, არამედ, უსაფრთხოება - უფრო ფართოდ. „სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას წლების განმავლობაში კონფლიქტის შემდეგ. მე ვაფასებ იმას, რასაც ამბობთ, რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე. და მე შემიძლია, უბრალოდ, მოგიწოდოთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად,“ განმარტა სტოლტენბერგმა. ამასთან, NATO-ს გენდმივანმა უკრაინასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ საჭირო მხარდაჭერას. მან თბილისისა და ერევნის მსგავსად, ბაქოშიც გაიმეორა, რომ უკრაინისთვის მეტი დახმარებაა საჭირო. სტოლტენბერგმა რეგიონის ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, როცა უფრო ფართო რეგიონს ვუყურებთ, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა. ეს არის NATO-ს პარტნიორი ქვეყანა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოკავშირეები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მიმდინარე ომის შედეგებით და მხარს უჭერენ უკრაინას. მივესალმები იმ საჭირო მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანიც უწევს უკრაინას. ასევე, როდესაც საქმე ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ეს ძალიან საჭიროა, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. აზერბაიჯანში ვიზიტისას მან ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „ენერგეტიკა მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანი ავითარებს უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს NATO-ს რამდენიმე მოკავშირესთან და რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში NATO-ს მთავარი მოკავშირეებისთვის არამარტო გაზის, არამედ, მომავალში ელექტროენერგიის მიწოდებაში და, შესაბამისად, თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ჩვენი საზოგადოებების გამძლეობისთვის,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი საქართველოში - „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სტოლტენბერგის ჩამოსვლას საქართველოში „საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილებია,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა NATO-ს ცნობით. მან მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და დასძინა, რომ რუსეთის მიერ “არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა. ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და მათ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს. "რუსეთი აგრძელებს იმპერიული ამბიციებისკენ სწრაფვას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. „მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს, ხელახლა გახსნას მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ აღნიშნა NATO-ს გენმდივანმა. ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა განიხილა საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები. ალიანსი აძლიერებს თანამშრომლობას საქართველოსთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა NATO-ს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. აღსანიშნავია, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული, აპირებს, საბოლოოდ გახდეს NATO-ს წევრი, ხოლო აზერბაიჯანს მჭიდრო კავშირები აქვს NATO-ს წევრ თურქეთთან. სომხეთის შეფასებით კი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, რეგიონში ვითარებას ცვლის. NATO-ს გენერალურმა მდივანმა თბილისს ვიზიტის დროს გადასცა, რომ რასაც ის აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ ქვეყანა NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე გახდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივნის ტურნეს შეფასება ვთხოვეთ, ამბობს რომ სტოლტენბერგმა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით ხაზი გაუსვა, რომ გლობალურად მზარდია რუსული საფრთხე დასავლეთისთვის და სწორედ მასზე საპასუხო ზომების ირგვლივ პარტნიორების კოორდინაციას ცდილობს სტოლტენბერგი.  „მჯერა, რომ ეს იყო ხაზგასმა გლობალურად მზარდი რუსული საფრთხისა დასავლეთისთვის და ასევე ერთგვარი ინფორმირება დასავლეთის მხრიდან საპახუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გახდეს ხილვადი ყველასთვის, ვინც შეიძლება, ამ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს და აქედან გამომდინარე, მათ სურთ თანამშრომლობა,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილმა ანალიტიკოსმა პოლ გობლმა.