მეცნიერება

მეცნიერებმა დაადგინეს, რამ გამოიწვია წელს ძლიერი მიწისძვრები სანტორინიზე

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წელს საბერძნეთის კუნძულ სანტორინის მახლობლად მომხდარი ათიათასობით მიწისძვრის „გროვა“ სამი თვის განმავლობაში, მიწისქვეშა არხში გამდნარი ქანების ამოტუმბვით იყო გამოწვეული. მათ გამოიყენეს ფიზიკა და ხელოვნური ინტელექტი, რათა ზუსტად გაერკვიათ, თუ რამ გამოიწვია 25 000-ზე მეტი მიწისძვრა, რომლებმაც ჰორიზონტალურად დაახლოებით 20 კმ-ში (12 მილი) გაიარა დედამიწის ქერქში. წელს საბერძნეთის კუნძულ სანტორინთან დაფიქსირებული ათიათასობით მცირე მიწისძვრის მიზეზი საბოლოოდ გაირკვა: მეცნიერების თქმით, ეს ბიძგები მიწისქვეშა არხში მოძრავმა მაგმამ გამოიწვია, რომელიც სამი თვის განმავლობაში ნელ-ნელა მიიწევდა წინ. მკვლევრებმა ფიზიკის მეთოდებისა და ხელოვნური ინტელექტის კომბინაციით დეტალურად გაანალიზეს 25 000-ზე მეტი ბიძგი. თითოეული მიწისძვრა მათთვის ერთგვარი „ვირტუალური სენსორი“ იყო, რის მეშვეობითაც, შეძლეს გაერკვიათ, რომ მაგმა დაახლოებით 20 კილომეტრის სიგრძეზე გადაადგილდებოდა დედამიწის ქერქში. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი სტივენ ჰიქსი (UCL) ამბობს, რომ ფიზიკისა და ხელოვნური ინტელექტის ასეთი გაერთიანება მომავალში შეიძლება, ვულკანური ამოფრქვევების უფრო ზუსტად წინასწარ განჭვრეტაში დაგვეხმაროს. სეისმური აქტივობა საბერძნეთის კუნძულების, სანტორინის, ამორგოსისა და ანაფის ტერიტორიაზე 2025 წლის იანვარში დაიწყო. კუნძულებზე ათიათასობით მიწისძვრა მოხდა, რომელთაგან ბევრი 5.0 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის იყო.  

თურქი არქეოლოგების მოსაზრებით, არტანუჯის ციხე-სიმაგრეში აღმოჩენილია სავარაუდოდ, ქართველი მეფის, აშოტ კურაპალატის სამარხი

Van Yüzüncü Yıl უნივერსიტეტისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არტანუჯის ციხე-ქალაქში პეტრესა და პავლეს ეკლესიის ნანგრევების ქვეშ აღმოაჩინა სამარხი, რომელიც, მათი თქმით, სავარაუდოდ დიდ ქართველ მეფეს-აშოტ I (კურაპალატს) ეკუთვნის. „იმის გათვალისწინებით, რომ სამარხში არ იყო ნეშტი და არც რაიმე სახის წარწერა, ქართველ მკვლევართა აზრით, სამარხის აშოტ კურაპალატისადმი კუთვნილების დასადასტურებლად, აღმოჩენას დამატებითი კვლევა და ანალიზი სჭირდება. სააგენტო მიესალმება თურქი კოლეგების ძალისხმევას, მეცნიერულად შეისწავლონ არტანუჯის ციხე, რომელიც წარსულში ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა,“ - ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში, რომლის თანახმად, სააგენტოს სპეციალისტები პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ არქეოლოგიური გათხრების ადგილზე, სადაც თურქმა კოლეგებმა გააცნეს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაო და ახალი მნიშვნელოვანი აღმოჩენები, მათ შორის, გამოვლენილი სამარხიც.  

ასტრონომებმა აღმოაჩინეს გიგანტური უცხო პლანეტა, რომელიც დედამიწაზე 35-ჯერ მასიურია

space.com-ის ცნობით, მეცნიერებმა, ცნობილ ვარსკვლავურ სისტემაში — Kepler‑139 — დაფარული უცხოპლანეტა Kepler‑139f აღმოაჩინეს. პლანეტა დედამიწიდან დაახლოებით 2000 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია, სისტემაში სხვა უხილავი პლანეტებიც არსებობდეს, თუმცა მათი პოვნა ახლა მეცნიერებისთვის გამოწვევაა. Kepler-139f-ის აღმოჩენა ეგზოპლანეტური კვლევის სფეროში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და ადასტურებს ჰიბრიდული აღმოჩენის ტექნიკის ეფექტიანობას. მიუხედავად უზარმაზარი მასისა, ეს პლანეტა აქამდე მეცნიერების თვალთახედვის მიღმა რჩებოდა. მისი აღმოჩენა თავიდან აყალიბებს ჩვენს წარმოდგენას Kepler-139-ის სისტემაზე და მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მრავალი მასიური, არატრანზიტული ეგზოპლანეტა ჯერ კიდევ აღმოსაჩენი იყოს.  

კოფეინის ზემოქმედების შესახებ კვლევა ჩატარდა

კოფეინი შესაძლოა, ხელს უწყობდეს ქრონიკული სტრესით გამოწვეული დეპრესიის პრევენციას, ნაწლავებისა და ტვინის ურთიერთკავშირის გავლენით — ასეთია ჩინეთის ჩუნცინის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნა. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში European Journal of Pharmacology (EJP). ექსპერიმენტისას, რომელიც ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარდა, მეცნიერებმა მოახდინეს ქრონიკული სტრესის სიმულაცია — რაც ადამიანებში დეპრესიულ სიმპტომებთან ასოცირდება. ერთ ჯგუფს ექსპერიმენტის დაწყებამდე კოფეინი მიაწოდეს. მათი ქცევა, ნაწლავის მდგომარეობა და ანთებითი მარკერები შეადარეს იმ თაგვებს, რომლებიც სტრესის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მაგრამ კოფეინი არ მიუღიათ. შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა: კოფეინის მიღების მქონე თაგვები ისე აქტიურად იქცეოდნენ, როგორც კონტროლის ჯგუფის თაგვები, რომლებიც სტრესს არ გამოუცდიათ. მათ არ დაუკარგავთ ინტერესი ტკბილი წყლის მიმართ, არ დაუკარგავთ წონა და არ ჰქონიათ დეპრესიის ნიშნები. ამავე ჯგუფში არ დაფიქსირდა ნაწლავის ბარიერის დაზიანება, ანთებითი მოლეკულების დონე კი, სისხლსა და ჰიპოკამპში (ტვინის ის ნაწილი, რომელიც განწყობას აკონტროლებს) ნორმის ფარგლებში დარჩა. ნაწლავის კედლის მთლიანობისთვის პასუხისმგებელი ცილების დონე არ შემცირებულა, ხოლო მათი ნაწლავის მიკრობიოტა ჯანმრთელ თაგვებთან მსგავსად შენარჩუნდა. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა ჯერ კიდევ წინასწარ ეტაპზეა. ის მიანიშნებს კოფეინის პრევენციულ ეფექტზე — ჯერჯერობით არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა მას უკვე არსებული დეპრესიის შემსუბუქება. თუმცა აღმოჩენები აძლიერებს მოსაზრებას, რომ საჭიროა დამატებითი კვლევა კვებას, ნაწლავის მიკრობიოტასა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კავშირის გასარკვევად.  

ასტრონომებმა ვარსკვლავის გარშემო პლანეტარული სისტემის დაბადება პირველად დააფიქსირეს

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი, ვარსკვლავების გარშემო პლანეტარული სისტემის დაბადების მოწმე გახდა — მომავალში ის შეიძლება, ჩვენს მზის სისტემას დაემსგავსოს. „პირველად ჩვენ დავაფიქსირეთ ის ყველაზე ადრეული მომენტი, როცა პლანეტების ფორმირება ვარსკვლავის გარშემო იწყება — მზის გარდა სხვა ვარსკვლავის გარშემო,“ — აცხადებს მელისა მაკლური, ნიდერლანდების ლაიდენის უნივერსიტეტის მკვლევარი და ჯგუფის ხელმძღვანელი. მეცნიერებმა პლანეტარული სისტემის დაბადების მომენტი ზუსტად განსაზღვრეს — მაშინ, როდესაც მატერიის ნაწილაკებმა ახალგაზრდა ვარსკვლავ HOPS-315-ის გარშემო ფორმირება დაიწყეს. ვარსკვლავი დედამიწიდან დაახლოებით 1,300 სინათლის წლითაა დაშორებული, და სწორედ ამ მატერიიდან უნდა ჩამოყალიბდეს მომავალში პლანეტები. ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთება შესაძლებელი გახდა ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, უდაბნოში მდებარე ALMA-ის რადიოტელესკოპების ქსელის (66 ტელესკოპი) მონაცემებისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებების შედეგად.  

მზის სრული დაბნელების ნახვა დღეს 31,5 მილიონ ადამიანს შეუძლია

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილში მზე სრულად დაბნელდა. როგორც СNN წერს, მზის დაბნელება მალე ხილვადი იქნება აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ მდებარე ზოგიერთ ქალაქში. NASA-ს ცნობით, ეს მოვლენა იშვიათია, რადგან ის მოიცავს რამდენიმე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს, სადაც 31,5 მილიონ ადამიანს შეეძლო მზის სრული დაბნელების ნახვა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა. მზის დისკო მთვარემ 4 წუთისა და 48 წამის განმავლობაში სრულად გადაფარა. მსგავსი მოვლენა კონტინენტზე 2044 წლამდე აღარ განმეორდება. დაბნელებას მზის, მთვარისა და დედამიწის კოსმოსური განლაგება იწვევს.  

კიბოს საწინააღმდეგო თვისებების გარდა, ბროკოლის კიდევ ერთი უდიდესი სარგებელი აღმოაჩნდა

ქიმიურმა ნაერთმა, რომელიც ბროკოლიში ბუნებრივად გვხვდება, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ინსულტის გამომწვევი სისხლის თრომბებისგან დაგვიცვას — ამჟამად მსოფლიოში სიკვდილიანობის მეორე მთავარი მიზეზისგან. სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ტესტირების მთელი სერია ჩაუტარა მცენარეებში არსებულ 23 სხვადასხვა ნაერთს, რათა დაედგინათ მათი მიდრეკილება ჩვენი სისხლის თრომბოციტების შეკავშირებისადმი. თრომბოციტები კრიტიკულ როლს ასრულებენ ჭრილობების შეკვრაში, რათა სისხლდენა შეწყდეს. მაგრამ გარკვეულ გარემოებებში შეიძლება ასევე წარმოქმნას სახიფათო თრომბები, რომლებიც სისხლის მიმოქცევას მთლიანად ბლოკავენ. სიცოცხლისთვის გადამწყვეტ ქსოვილებში, მაგალითად თავის ტვინსა და გულში, ჟანგბადის დაკარგვის ყოველი წამი გამოუსწორებელ ზიანს ნიშნავს. ქიმიურმა ნაერთმა, რომელიც ჯვაროსნების ოჯახის ბოსტნეულში გვხვდება, მაგალითად, ბროკოლიში, ყვავილოვან კომბოსტოში და ბროკოლის ყლორტებში, ანტიკოაგულაციური (შედედების საწინააღმდეგო) პოტენციალი აჩვენა. ამ ნაერთს სულფორაფანი (SFN) ეწოდება და წარსულში უკვე მიიქცია მეცნიერთა ყურადღება კიბოს პრევენციისა და ქოლესტერინის დონის შემცირების პოტენციალით. მოლეკულურ დონეზე სულფორაფანის ზემოქმედების დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მას თრომბების შეჯგუფების შენელება შეუძლია; ამავე დროს, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას იმავე გარემოში, რაც ჩვენს არტერიებშია. ამას ის აშკარად ახერხებს ცილის, სახელად PDIA6-ის მოდიფიცირების გზით. „ბროკოლის ეს ნაერთი არა მხოლოდ ეფექტიანია ინსულტის შემდეგ მკურნალობისას თრომბის დამშლელი მედიკამენტების მოქმედების გაუმჯობესებაში, არამედ შესაძლებელია საპრევენციო აგენტად გამოყენება ინსულტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერი სუიუ ლიუ. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ სულფორაფანი, როგორც ინსულტის რისკის შემცირების გზა მისადმი ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში — ნამდვილად ღირს კვლევებისთვის. განსაკუთრებით გასათვალისწინებელი ისაა, რომ ის ბუნებრივად გვხვდება საკვებში, მათ შორის ბროკოლიში, რომელიც ისედაც კარგია გულის ჯანმრთელობისთვის. სულფორაფანის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს გადაუდებელ შემთხვევებშიც — ინსულტის მქონე პაციენტებში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ტვინზე ზემოქმედება. მკურნალობის ასეთმა საშუალებამ შეიძლება მრავალი სიცოცხლე გადაარჩინოს. თრომბის დამშლელი საშუალება, რომელიც მედიცინაში ამჟამად გამოიყენება, სახელად ქსოვილის ტიპის პლაზმინოგენური აქტივატორი (tPA), ტვინს დაზიანებისგან შემთხვევათა მხოლოდ 20 პროცენტში იცავს. თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, როდესაც სულფორაფანი მკვლევრებმა tPA-სთან კომბინაციაში გამოიყენეს, წარმატების მაჩვენებელი 60 პროცენტამდე გაიზარდა. საინტერესოა, რომ ამ ბუნებრივმა ნაერთმა სისხლდენის არანაირი ნიშნები არ გამოიწვია, რაც სისხლის გამათხელებელი სამკურნალო საშუალებების საკმაოდ გავრცელებული გვერდითი ეფექტია“, — ამბობს ლიუ. კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა და ადამიანებზე ჯერ არ დატესტილა. მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, საკმარისი იქნება თუ არა ინსულტის რისკის შესამცირებლად მხოლოდ ბროკოლით მდიდარი კვების რაციონი. თუმცა, ეს საკითხი ნამდვილად ღირს სამომავლო კვლევებისთვის. ფაქტი კი ის არის, რომ ინსულტი მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს ემართება, საიდანაც თითქმის მესამედი შემთხვევა ფატალურად სრულდება, მესამედს კი სამუდამოდ რჩება გარკვეული სახის უნარშეზღუდულობა. „ძლიერ გახარებული ვართ, რომ გამოვყავით ბუნებრივი ნაერთი, რომელსაც შეიძლება უზარმაზარი სასარგებლო ეფექტები ჰქონდეს. ამ მიმართულებით კვლევებს გავაგრძელებთ“, – ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერი სუიუ ლიუ. წყარო  

ბალტიის ზღვის ქვეშ გამყინვარების ხანის ქვის კედელი აღმოაჩინეს

მკვლევრების აზრით, მათ აღმოაჩინეს ადამიანის მიერ შექმნილი უძველესი სტრუქტურა. კედელი 10 000 წელზე მეტი ხნისაა. თითქმის 1 კილომეტრის სიგრძის ქვის კედელი გერმანიის სანაპიროზეა აღმოჩენილი. კედელი, რომლის შესახებაც მკვლევრებმა პირველად 2021 წელს შეიტყვეს, შეიძლება, აღმოჩნდეს ადამიანის მიერ შექმნილი უძველესი ნაგებობა, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ ბალტიის ზღვის რეგიონში. ეს ტერიტორია დაახლოებით 8500 წლის წინ დაიფარა წყლით. სტრუქტურა მდებარეობს აღმოსავლეთ გერმანიის შტატის მეკლენბურგ-დასავლეთ პომერანიის სანაპიროდან დაახლოებით 10 კილომეტრში, 21 მეტრის სიღრმეზე. იგი შედგება თითქმის 1700 ჩოგბურთის და ფეხბურთის ზომის ქვისგან, ძირითადად მეტრზე ნაკლები სიმაღლის. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ კედელი აშენდა ირმის დასაჭერად, რომლებზეც ნადირობდნენ.

ხელოვნური ინტელექტის სისტემამ შესაძლოა, აუტიზმი ბავშვებში ადრეულ ასაკში დაადგინოს

ჩიკაგოში ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე ამ კვირაში წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ახალმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ შესაძლოა ადრეულ ასაკში დაადგინოს აუტიზმი ბავშვებში. ახლად შემუშავებულმა სისტემამ 24-დან 48 თვემდე ასაკის ბავშვებში 98,5%-იანი სიზუსტით დასვა დიაგნოზი. მონაცემთა ნაკრები მოიცავდა 126 აუტიზმით დაავადებული ბავშვის და 100 ჩვეულებრივ განვითარებადი ბავშვის სურათს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თერაპიულმა ჩარევამ სამი წლის ასაკში შეიძლება, გამოიწვიოს უკეთესი შედეგები, მათ შორის, აუტიზმის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, მიაღწიონ უფრო მეტ დამოუკიდებლობას და უფრო მაღალ IQ-ს. სპეციალისტების თქმით, ჯერ არ არსებობს მონაცემები იმის საჩვენებლად, თუ რამდენად შეამცირებს ტექნოლოგია ფსიქოლოგების დატვირთვას.   

მეცნიერებმა ჟღალი თმის წარმომავლობა დაადგინეს

ირლანდიის კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის პალეონტოლოგებმა მეცნიერთა საერთაშორისო გუნდთან ერთად, ჟღალი თმის წარმომავლობა დაადგინეს. მათ დაათვალიერეს ბაყაყის ნამარხები, რომლებიც დაახლოებით 10 მილიონი წლით თარიღდება და აღმოაჩინეს, რომ ისინი შეიცავდნენ ფეომელანინს - პიგმენტს, რომელსაც წითური თმაც შეიცავს. ექიმმა ტიფანი სლეიტერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, განაცხადა, რომ ეს „აღმოჩენა ძალიან ამაღელვებელია, რადგან ის პალეონტოლოგებს საშუალებას მისცემს, მელანინის სხვადასხვა პიგმენტი ბევრ სხვა ნამარხშიც აღმოაჩინონ.“  

ინდოეთი დისტანციურად მართვად წყალქვეშა აპარატს გამოცდის

ინდოეთის ოკეანის ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი ავითარებს დისტანციურად მართვად წყალქვეშა აპარატს, რომელსაც  6000 მეტრის სიღრმეზე სამი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. Matsya 6000 თავის პირველ საზღვაო ცდებს 2024 წლის პირველ ნახევარში გაივლის. თითოეული მოგზაურობა მაქსიმუმ 12-დან 16 საათამდე გაგრძელდება. ნავზე შესაძლებელი იქნება გადაუდებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის ჟანგბადის 96 საათის განმავლობაში უზრუნველყოფა. ინსტიტუტის სპეციალისტებმა „ტიტანის“ ტრაგედია გაითვალისწინეს და რისკფაქტორები გათვალეს.  

ინდოეთი მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა

ინდოეთმა თავისი კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3 მთვარეზე დასვა, რითაც მსოფლიოში გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც ასეთი წარმატება მიითვალა. CNN წერს, რომ ამ მისიით ინოდეთს შეუძლია, გლობალური სუპერსახელმწიფოს სტატუსი გაამყაროს. ამასთან, BBC-ის ცნობით, ინდოეთი გახდა პირველ ქვეყანა, რომლის კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს დაეშვა. ხომალდი მისიას უეკიპაჟოდ ასრულებდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, რომელიც ამჟამად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება BRICS-ის სამიტზე, ხომალდის დასმას ვირტუალურად უყურებდა.   „ამ სასიხარულო დღესასწაულზე...მინდა, მივმართო მსოფლიოს ყველა ადამიანს. ინდოეთის წარმატებული მისია მთვარეზე მხოლოდ ინდოეთის არ არის. ერთი დედამიწის, ერთი ოჯახის, ერთი მომავლის შესახებ ჩვენი მიდგომა მთელ მსოფლიოში ისმის.“ „ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა საყოველთაოდ მისასალმებელია. ჩვენი მისია სწორედ ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას ეფუძნება. აქედან გამომდინარე, ეს წარმატება მთელ კაცობრიობას ეკუთვნის და ის მომავალში სხვა ქვეყნების მთვარეზე მისიების განხორციელებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ინდოეთის პრემიერმა.   ინფორმაციისთვის, თავის დროზე მხოლოდ ყოფილმა საბჭოთა კავშირმა, აშშ-მ და ჩინეთმა წარმატებით შეასრულეს მისიები მთვარეზე.   აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ამ წარმატებულ მისიამდე სამი დღით ადრე, 20 აგვისტოს რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა და განადგურდა.  

მთვარეზე წარმატებული მისიის შემდეგ, ინდოეთმა ხომალდი მზის შესასწავლად გაუშვა

Reuters-ის ცნობით, მთვარეზე წარმატებული მისიის შემდეგ, ინდეოთმა ხომალდი მზის შესასწავლად გაუშვა. ეს იდოეთის პირველი ასეთი მისიაა. კოსმოსურ ხომალდ Aditya-L1-ს გაშვებას ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის YouTube არხზე 3,7 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. მის მოგზაურობას დაახლოებით, ოთხი თვე დასჭირდება. აპარატის ამოცანაა მზის გარე ფენებზე დაკვირვება, ასევე კოსმოსურ ამინდზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა. ინდოეთი 23 აგვისტოს გახდა მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა.  

ულტრაიისფერი სინათლის გამოყენებით, ახალი აღთქმის ერთი თავის აქამდე უცნობი თარგმანი აღმოაჩინეს

ვატიკანის ბიბლიოთეკაში, ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით აღმოაჩინეს ბიბლიის ერთ-ერთი თავის ძველი ვერსია, რომელიც 1500 წელიწადზე მეტხანს იმალებოდა ძველქართულად, ნუსხურად შესრულებული ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის ქვეშ. მეცნიერთა განცხადებით, ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით აღმოაჩინეს ბიბლიის ერთ-ერთი თავის ძველი ვერსია, რომელიც 1500 წელიწადზე დიდხანს იმალებოდა ძველქართულად, ნუსხურად შესრულებული ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის ქვეშ. ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსი გრიგორი კესელი აღმოჩენის შესახებ ჟურნალ New Testament Studies-ში გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება. New Testament Studies წარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის რეცენზირებამდელ აკადემიურ ჟურნალს. კესელის ცნობით, მან ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით სცადა ენახა, რა ეწერა პალიმფსესტზე შესრულებული სიტყვების სამი შრის ქვეშ. პალიმფსესტი არის უძველეს ხელნაწერთა ტიპი, რომელსაც სხვა ნაწერებზე მაღლიდან გადასაწერად იყენებდნენ, მაგრამ ხშირად მაინც რჩებოდა თავდაპირველი ნაწერის კვალი. პალიმფსესტებს ძველად პერგამენტის სიმწირის გამო იყენებდნენ. ამ მასალაზე სიტყვებს განმეორებით წერდნენ იქამდე, ვიდრე ქვეშ მოქცეულ სიტყვებს რამდენიმე შრე არ დაფარავდა. კესელის აღმოჩენაში აღწერილი ტექსტი წარმოადგენს მათეს სახარების მე-12 თავის დიდი ხნის უნახავ ვერსიას, რომელიც თავდაპირველად, დაახლოებით 1500 წლის წინ, ბიბლიის ძველსირიულ თარგმანში შედიოდა. კესელის განცხადებით, ტექსტი მან ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერში აღმოაჩინა. აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ხელნაწერი მკვლევრებს „უნიკალურ კარიბჭეს“ სთავაზობს ბიბლიის ტექსტუალური ევოლუციის ადრეული ფაზების შესასწავლად. ჩანს ტექსტის თანამედროვე თარგმანისგან გარკვეული სხვაობებიც. მაგალითად, პრესრელიზის მიხედვით, მათეს 12:1-ის თავდაპირველ ბერძნულ ვერსიაში წერია: „ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა“. ახლად აღმოჩენილ სირიულ თარგმანში კი ოდნავ სხვაგვარად წერია: „დაიწყეს თავთავების კრეფა, ხელებით სრესა და ჭამა“. პალიმფსესტზე შესრულებული ხელნაწერი, რომლის ქვეშაც ძველსირიულად თარგმანი აღმოაჩინეს, ძველქართულად, ნუსხურად არის შესრულებული და ვატიკანის ბიბლიოთეკაში ის მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მოხვდა. ქართველი მკვლევრის, მიხეილ თარხნიშვილის მოკლე ჩანაწერის წყალობით, მეცნიერებმა მის შესახებ უკვე 1953 წელს იცოდნენ. ამ წლის შემდეგ, ხელნაწერი დაიკარგა. 2010 წელს ის ხელახლა აღმოაჩინეს, 2020 წელს კი გააციფრულეს და ვატიკანის ციფრულ ბიბლიოთეკაში განათავსეს. ვატიკანში დაცული ეს ხელნაწერი თავდაპირველად სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცულ ქართულ ხელნაწერს ეკუთვნოდა (სახელით Sin. geo. 49), რომელიც შეიცავდა იადგარსაც. ეს ქართული ხელნაწერი პალიმფსესტს წარმოადგენს და შედგენილია სხვადასხვა ენაზე შესრულებული თავდაპირველად დამოუკიდებელი ხელნაწერების მრავალი ნაწილისგან. ქართული ხელნაწერი არასრულყოფილია და მრავალი ნაწილი აკლია, მათ შორის, კოლოფონიც (წიგნის ბოლოს დართული მხატვრის ან გამომცემლის გვარები და სხვა ცნობები). მიუხედავად ამისა, ხელნაწერის ანალიზების საფუძველზე, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მე-10 საუკუნის ცნობილი ქართველი მწიგნობრის, იოანე-ზოსიმეს მიერ არის შესრულებული. იოანე-ზოსიმე თავდაპირველად მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან — სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. მომზადებულია phys.org-ის მიხედვით. წყარო - საზოგადოებრივი მაუწყებელი  

2023 წლის პირველი მზის დაბნელება

მზის ჰიბრიდული დაბნელება 2023 წლის 20 აპრილს მოხდება. მზის დაბნელება გრძელდება 3 საათი 19 წუთი 40 წამი. დაბნელება შეინიშნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ავსტრალიაში, წყნარ ოკეანეში, ინდოეთის ოკეანეში და ანტარქტიდაზე. 2023 წლის მეორე მზის დაბნელება 14 ოქტომბერს მოხდება. მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის გაივლის. ამ დროს, მთვარე მზის სინათლეს თანდათან ბლოკავს.  

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის ცხვირის სპრეი დაამტკიცა

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სპრეი პაციენტებს საშუალებას მისცემს, სწრაფად მოქმედი პრეპარატის გამოყენებით ტკივილსგან გათავისუფლდნენ. კლინიკური ცდების მესამე ფაზის დროს, ადამიანებში ტკივილის დონე დაახლოებით 15 წუთში შემსუბუქდა. მეცნიერების თქმით, Zavzpret-ი მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებად მიიჩნევა პაციენტებისთვის, რომლებიც პრეპარატებს პირღებინების გამო ვერ იღებენ. სპრეი შაკიკის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად Pfizer-მა კომპანია Biohaven-ისგან გასულ წელს, 10 მილიარდ დოლარად შეიძინა. „(Pfizer) პრეპარატს ორი მთავარი უპირატესობა აქვს: ის უსაფრთხოა გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებისთვის და მეორე, ჭარბი გამოყენებისას არ იწვევს თავის ტკივილს“, - განაცხადა კლივლენდის კლინიკის ფსიქიატრმა დოქტორ ემად ესტემალიკმა. შაკიკის კვლევის ფონდის თანახმად, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 39 მილიონი ადამიანი იტანჯება მისგან გამოწვეული ტკივილით. ახალი პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.  

SpaceX-მა საიდუმლო თანამგზავრი კიდევ ერთხელ გაუშვა

მილიარდერ ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა კიდევ ერთხელ გაუშვა საიდუმლო სამხედრო თანამგზავრები, იუწყება Space.com. ფრენა, სახელწოდებით USSF-67, NASA-ს ფლორიდის კოსმოსური პორტიდან განხორციელდა. SpaceX-მა რაკეტა ადგილობრივი დროით, 17:56 საათზე გაუშვა, რომელსაც სამხედრო საკომუნიკაციო თანამგზავრი და  ხუთი მცირე ტვირთი გადაჰქონდა. ამ საიდუმლო მისიას USSF-67 ეწოდა. SpaceX-მა საიდუმლო ამერიკული თანამგზავრი ნოემბერშიც გაუშვა.  

ახალმა რევოლუციურმა თერაპიამ 13 წლის გოგო მწვავე ლეიკემიისგან განკურნა

თინეიჯერი გოგო უკურნებელი კიბოსგან რევოლუციური, ახალი ტიპის მეთოდის პირველივე გამოყენებისას განიკურნა. ალისას ლეიკემიის ყველა სხვა მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა. Great Ormond Street Hospital-ის ექიმებმა „საბაზისო ჩასწორების" ტექნიკა გამოიყენეს, რათა გენური ინჟინერიის საშუალებით, ახალი ცოცხალი წამალი შეექმნათ. მკურნალობიდან ევსი თვის შემდეგ, კიბო აღარ ვლინდება, თუმცა პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 13 წლის ალისას ლესტერიდან, გასული წლის მაისში დაუსვეს T-უჯრედოვანი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი. კიბო აგრესიული იყო. ქიმიოთერაპიამ და შემდეგ, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციამ ვერ შეძლო მისი ორგანიზმის გათავისუფლება.

ჩინელი ასტრონავტები „წარმატებული“ ექვსთვიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ - Reuters

ჩინელი ასტრონავტების ეკიპაჟი ჩინურ კოსმოსურ სადგურზე ექვსთვიანი მისიის შემდეგ 4 დეკემბერს დედამიწაზე დაბრუნდა. იუწყება ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი. სამმა ასტრონავტმა, რომლებიც კოსმოსური სადგურის მშენებლობის ბოლო, გადამწყვეტ პერიოდს მეთვალყურეობდნენ, განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობენ.  კოსმოსური სადგურის აგება ნოემბერში დასრულდა. კოსმოსური სადგური ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური პროგრამის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რომელიც პირველად, 1992 წელს დამტკიცდა. სადგურის მშენებლობა გასული წლის აპრილში დაიწყო.  

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები დასახელდა

Economist Intelligence Unit (EIU) ყოველწლიური კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები ნიუ-იორკი და სინგაპური არიან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნიუ-იორკი რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს. გასული წლის პირველი ნომერი, თელავივი, ახლა მესამე ადგილზეა. კვლევის ავტორების თქმით, მთლიანობაში, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში ცხოვრების საშუალო ღირებულება წელს 8.1%-ით გაიზარდა. ომი უკრაინაში და COVID19-ის გავლენა ფასების ზრდის ფაქტორებად დასახელდა. ინფლაცია განსაკუთრებით მაღალი იყო სტამბოლში, სადაც ფასები გაიზარდა 86%-ით; ბუენოს აირესში (64%) და თეირანში (57%). სიის სათავეში ნიუ-იორკის მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზი, აშშ-ში მაღალი ინფლაცია გახდა. ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო ასევე მოხვდნენ ათეულში. ამ წლის დასაწყისში, აშშ-ში ინფლაცია 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალია. ათეული ასეთია: 4) ჰონგ კონგი; ლოს ანჯელესი 6) ციურიხი 7) ჟენევა 8) სან ფრანცისკო 9) პარიზი 10) სიდნეი; კოპენჰაგენი.