თეგი: დაგეგმვა

The Washington Post: ჯონ ბოლტონისა და იციკ მოშეს მკვლელობას ერთი დამკვეთი ჰყავს

ამერიკულმა გამოცემამ, The Washington Post-მა ირანის მიერ დაგეგმილ მკვლელობებთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნახსენებია საქართველოში საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშესთან დაკავშირებული გეგმაც, რომელიც ქართულმა სპეცსამსახურებმა აღკვეთეს.  The Washington Post-ი ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ იციკ მოშეს მკვლელობა იგივე პირს სურდა, რომელმაც აშშ-ის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობა დაუკვეთა.  ბოლტონის მკვლელობის დაგეგმვა ბრალად ედება ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) წევრს, შაჰრამ პურსაფის. აშშ-ს ინფორმაციით, პურსაფიმ სოციალური ქსელების მეშვეობით დაიქირავა პირი, რომელსაც $300 000-ის სანაცვლოდ ბოლტონი უნდა მოეკლა, თუმცა, მისი გეგმის ერთ-ერთი მონაწილე ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) შენიღბული ჯაშუში იყო და მკვლელობა ჩაიშალა. ბრალდება პურსაფის შესახებ ცნობილი 2022 წლის აგვისტოში გახდა. აშშ-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პურსაფის სურდა შური ეძია IRGC-ის ელიტური ჯგუფის, ყუდსის ძალების მეთაურის ყასემ სოლეიმანის ამერიკის მიერ მკვლელობაზე, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2019 წლის დეკემბერში მოხდა. პურსაფი FBI-ის ძებნილთა სიაშია.  62 წლის იციკ მოშე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელია.