თეგი: დაკავებაა

თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აპრილს თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოთხივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი დაჭრილი – 1979 წელს დაბადებული გ.ს. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე პასუხისგებაში 4 პირი მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, საქონლის ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს და გამოიყენეს, რა გზითაც 270 000 ლარზე მეტი ოდენობის ყალბი აქტივი შეიქმნეს, რომელიც შემდგომში ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს. ბრალდებულებმა, ამავე კომპანიების საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი დარიცხვებისაგან თავის არიდების მიზნით, აღურიცხავ საქონელზე საქონლის შეძენის დამადასტურებელი ყალბი შესყიდვის აქტები დაამზადეს და მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პირს, რომელმაც თბილისში ნათესავი ქალი მოკლა და მსხვერპლის ბინიდან ტელევიზორი წაიღო, 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში, ანგარების მოტივით ბრალდებულმა ნათესავი ქალი, მისსავე ბინაში დანით კისრის არეში დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაეუფლა გარდაცვლილის კუთვნილ ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.