თეგი: დევნილები

„ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო

დევნილთა სააგენტომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. ასევე, იძულებით გადაადგილებულმა 7-მა ოჯახმა, განსახლების ალტერნატიული მოდელი აირჩია და თავად მოიძიეს საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდის. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა. "განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებლი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება. დევნილთა სააგენტო აქტიურად მუშაობს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა ოჯახისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის საკითხზე და მათ განსახლების ორი გზას სთავაზობს: დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში; დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, 2022 წლის განმავლობაში, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახების ნაწილმა უკვე დაიწყო აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი: ყველა დევნილის დასაქმების პროგრამას ვიწყებთ

უკრაინის მთავრობა დევნილთა დასაქმების პროგრამას იწყებს. მის ფარგლებში კომპანიები, რომლებიც დევნილებს დაასაქმებენ, ყოველ დევნილზე 6 500 გრივნას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა.„ყველა დევნილის დასაქმების პროგრამას ვიწყებთ. ამისთვის სახელწმიფო იმ დამსაქმებლებს, რომლებიც დაზარალებული რეგიონების დევნილებს სამსახურში მიიღებენ, თითოეულ დასაქმებულზე 6 500 გრივნას გადაუხდის(220 დოლარი)“, - განაცხადა შმიჰალმა.

თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. განაცხადების მიღება 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სააგენტოს ცნობით, დევნილები და ეკომიგრანტები თავად შეარჩევენ 2 000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ. „პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება. იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 100 პირი დაფინანსდება. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;გორი, სამების ქ. N1; რუსთავი,  კოსტავას ქ. N20; ქუთაისი,  აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი,  აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ  ელექტრონულ ფოსტაზეც -info@idp.gov.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

“ბინების არასამართლიანი განაწილების რისკი” – აუდიტმა შესყიდვებისა და განაწილების პროცედურების შესაბამისობა შეისწავლა

დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის სახელმწიფო აუდიტის ანგარიში 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიავს. მისი მიხედვით, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მოქმედ კანონმდებლობასთან, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული შესყიდვების და განაწილების პროცედურების შესაბამისობა შეისწავლა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: „თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, მენაშენის მოთხოვნით, სამშენებლო რესურსებზე ფასების ზრდის საფუძვლით, გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება. ფასების ზრდის პერიოდისთვის, სააგენტოს მიერ 100%-ით იყო გადახდილი ავანსი, რომელიც სრულად ფარავდა მშენებლობის თვითღირებულებას. ამასთანავე, არ მომხდარა გარემოებათა სხვა არსებითი ცვლილება, რომელიც შესაძლებელი იყო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდაზე შეთანხმების საფუძველი გამხდარიყო. შედეგად, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ანგარიშის თანახმად, გორში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, კომპანიას დაუსაბუთებელი მიზეზებით (მიწოდების ვადის შეზღუდვის და მშენებლობის ნებართვის ვადის ამოწურვის გამო), უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე. შედეგად, დაიკარგა 120.0 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. „როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არსებობდა შეძენის აუცილებლობა და დაფინანსების წყარო, ამასთანავე, არ არსებობდა მიწოდების ვადის შეზღუდვის აუცილებლობა, ხოლო კომპანია თანახმა იყო მიემართა შესაბამისი უწყებისთვის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე. შედეგად, დაიკარგა 120.0 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა,“ - წერია ინფორმაციაში. დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილებასთან დაკავშვირებით: დაბალი ქულის მქონე დევნილი ოჯახების მიმართ, წარმოებდა ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება, რაც ადეკვატური კონტროლის არარსებობის პირობებში, წარმოშობს დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს. „რიგ შემთხვევებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების საჭიროების სრულყოფილი შესწავლისა და ასევე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, კრიტერიუმის გამოყენების გარეშე მიღებული არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილება წარმოებდა შეფასების ჯამური ქულის გაუთვალისწინებლად. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ საცხოვრებელი ბინების განაწილების პროცესში, დაბალი ქულის მქონე დევნილი ოჯახების მიმართ, წარმოებდა ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება, რაც ადეკვატური კონტროლის არარსებობის პირობებში, წარმოშობს დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული არიან ოჯახები, რომლებიც საკითხის განხილვის მომენტისთვის არ საჭიროებდნენ გრძელვადიან განსახლებას. კერძოდ, რიგი დევნილი ოჯახებისა, ბინების განაწილების წინა პერიოდებში, მესამე პირებთან დებდნენ გარიგებებს, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების ჩუქების, თუ ნასყიდობის ფორმით, რამაც შექმნა საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი სტატუსის კრიტერიუმის შეუსაბამოდ მიღების წინაპირობა.“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიშის შესაბამისად დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ კონკრეტული რეკომენდაციები გასცა. „საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც მიმწოდებლის მხრიდან სახელშეკრულებო ღირებულების ზრდის ინიცირების პირობებში, უზრუნველყოფს შეცვლილი გარემოებების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებას. საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც დევნილთა ოჯახების საჭიროების და დაფინანსების არსებული რესურსის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ბინების სახით არსებული აქტივების შექმნის პროცესში, უზრუნველყოფს კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას. დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების სამართლიანი და ობიექტური განაწილების მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს: საცხოვრებელი ბინების კრიტერიუმის (ჯამური ქულის) მიხედვით განაწილებას; ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენებას: კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში კრიტერიუმის გარეშე საცხოვრებლის განაწილების დროს; დასაბუთებული ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით საცხოვრებელი ბინების განაწილებას; ისეთი დევნილი ოჯახების იდენტიფიცირებას, რომლებიც საკითხის განხილვის ეტაპისათვის არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას,“ - აღნიშნულია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში. სრულად აუდიტის ანგარიშს შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.