თეგი: ექსპონატები

ქუთაისში არგონავტების დროინდელი კოლხური ექსპონატები აღმოაჩინეს

ქუთაისში არქეოლოგიური კვლევები და აღმოჩენები ძველი კოლხური კულტურის მიმართულებით ბევრ რამეს შეცვლის არამხოლოდ ქუთაისის, არამედ მსოფლიო ისტორიაში, - აცხადებენ ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური კვლევითი ჯგუფის მეცნიერები, რომლებმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ქუთაისში აღმოჩენილი ექსპონატები წარუდგინეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია, არქეოლოგიურ მისიაში - ქართველი და პოლონელი სპეციალისტები სამეცნიერო საქმიანობას ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ახორციელებენ. „არგონავტების დროინდელი კოლხური მასალა: ჭურჭელი, ცნობილი კოლხური ცულების ჩამოსასხმელად გამოყენებული მასალა, ანტიკური სამყაროდან იმპორტირებული ნივთები, ე.წ. ეკოლოგიური არტეფაქტები, ბერძნული ნივთები, რომლებიც ბერძნულ ცივილიზაციასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო სისტემის არსებობაზე მიუთითებს - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც ქუთაისის ცენტრალურ პარკში და მიმდებარედ გათხრებისას აღმოაჩინეს, თხრილის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. 14-13-12 საუკუნეებით თარიღდება, შესაბამისად არგონავტების დროინდელია. პრეზიდენტის პატრონაჟით მომუშავე არქეოლოგიური მისია ქუთაისში სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევით ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე ფუნქციონირებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რომელსაც რეაბილიტაცია პოლონური მხარის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა. პრეზიდენტს ცენტრში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა რონალდ ისაკაძემ უმასპინძლა და პრეზიდენტს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძესა და ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თეა წულუკიანი: არ ვარ მეცნიერი, მაგრამ როდესაც პროცესს ვმართავ, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ექსპონატი დაკარგულია

ექსპონატების დიდი რაოდენობა გამქრალია, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. „არის სხვა ექსპონატები, ასეულობით, რომლებიც არ არის ადგილზე, მაგრამ ვიცით, სად შეიძლება, იყოს. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ რომელიღაც საელჩოში გაიგზავნა, თვის დროზე. შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ მათ დაბრუნებას, ვაბრუნებთ და შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ სხვადასხვა კეთილსინდისიერი ელჩის თანმიმდევრობაში ეს ექსპონატები იქნა შემონახული და სრულად ბრუნდება. ზოგჯერ, სრულად ვერ ბრუნდება, მაგრამ, როდესაც ვამბობთ, რომ გამქრალია, აქ ვგულისხმობთ არა იმას, რომ ვიცით, სად შეიძლება, ვეძებოთ, არამედ არც კი ვიცით, სად ვეძებოთ. ვიცით, რომ მუზეუმში არსებობდა და კვალი იკარგება“, – განაცხადა წულუკიანმა. კულტურის მინისტრის თქმით, იმისთვის, რათა დადგინდეს, როდის დაიკარგა ეს ექსპონატები, საჭიროა მოკვლევა და გამოძიება. „ფაქტია, ინვენტარიზაცია ბოლო მინიმუმ, თხუთმეტი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდიდან, როდესაც ეროვნული მუზეუმის გაერთიანება შეიქმნა, ეროვნული მუზეუმის გაერთიანების შესაბამის ხელმძღვანელობას სრულფასოვნად არასოდეს ჩაუტარებია ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციები ტარდებოდა, მაგრამ საკმაოდ ზედაპირულად. ამას ადასტურებს სწორედ ეს შედეგი“, – განაცხადა წულუკიანმა. თეა წულუკიანის თქმით, როდესაც პრობლემაა, მას ურჩევნია, ყოველთვის ხმამაღლა ისაუბროს. „მესმის, როდესაც ხარ ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელობაში, შეიძლება, რაღაცებზე ხმამაღლა საუბარი არ გინდოდეს, მაგრამ, როდესაც საზოგადოებას ესმის, რომ ზოგიერთი კადრის გათავისუფლება ხდება, მინისტრი არ არის კომპეტენტური, ამ მინისტრმა კარგად იცის პოლიცია, იუსტიცია და ციხე, მაგრამ არ იცის მუზეუმი, რა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ ფაქტებით. მე არ ვარ მეცნიერი, არც პალეონტოლოგი, არც პალინოლოგი, მაგრამ შემიძლია, ვმართო პროცესი, ხოლო როდესაც პროცესს ვმართავ, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ექსპონატი არის დაკარგული“, – განაცხადა წულუკიანმა.