თეგი: კონსილიუმი

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა ცნობილია. სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც სახალხო დამცველის მიერ არის შექმნილი, პრესკონფერენცია 27 აპრილს გამართა. 22 აპრილის ვიზიტის შედეგები ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ და თერაპევტმა (შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა) გრიგოლი ხურციძემ. ვიზიტის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა ონლაინ დისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღეს სხვა ექსპერტებმა, კერძოდ: გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგმა), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგმა), აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგმა, კლინიკურმა ონკოლოგმა, ინტერნისტმა, პალიატიური მედიცინის სპეციალისტმა), ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგმა). პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს - ერთგვარი თვითმონელება). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი - ანორექსია). ძირითადი საყურადღებო საკითხები და რეკომენდაციები იანვრის ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს მანკიერი წრის ჩამოყალიბება: რეზისტენტული პოსტ-ტრავმული სტრესული დაავადება, დეპრესია და ანორექსია; საკვების მიღების შემცირება (იღებს დღე-ღამეში საჭირო კალორიებზე გაცილებით ნაკლებს, დღიური დოზის 1/4-1/3-მდე, 8 კგ. წონის კარგვით 1 თვეში) და შერჩევითად ცილოვან პროდუქტებზე უარის თქმა - აუტანლობის მიზეზით; ცილოვანი შიმშილის ფონზე განვითარებული გამოხატული და მნიშვნელოვანი კუნთების განლევა და სისუსტე; ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციონერების ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება. აღნიშნული სინდრომის მანკიერი წრიდან გამოსასვლელად ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად - საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ - ცილოვანი შიმშილი - გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას. ამასთან აღსანიშნავია, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა. შესაბამისად, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ანალოგიურ პირობებში, დასახელებული რეკომენდაციების შეუსრულებლად, იქნება არაეფექტიანი, მომავალში კვლავ ვერ გამოიღებს დადებით შედეგებს და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის ზემოაღნიშნული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს“, - აღნიშნულია დასკვნაში. 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა N157 ბრძანებით შექმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით. სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა;გიორგი პაპიაშვილი;აიდა გოზალოვა; თენგიზ წულაძე; ნინო ზავრაშვილი. „ექსპერტთა ჯგუფმა ჯამში 6-ჯერ მოინახულა მიხეილ სააკაშვილი. კერძოდ, ვიზიტები განხორციელდა 2021 წლის 16 და 18 ნოემბერს - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, 23 ნოემბერსა და 12 დეკემბერს - სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 11 იანვარს და 22 აპრილს - N12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტებისას ჯგუფის წევრები სინჯავდნენ პაციენტ მიხეილ სააკაშვილს, ეცნობოდნენ მის სამედიცინო დოკუმენტაციას და ესაუბრებოდნენ ადგილობრივ სამედიცინო/მკურნალ პერსონალს. შესაბამისად, სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა ექვსი დასკვნა. 2021 წლის 17 ნოემბრის ვიზიტის შედეგად, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, გასცა რეკომენდაცია, რომ პაციენტის მკურნალობა დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებდა. იგივე რეკომენდაცია იქნა გამეორებული 2021 წლის 18 ნოემბრის ვიზიტის შედეგად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისას (დაფიქსირდა ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული გულყრა). 2021 წლის 19 ნოემბერს პაციენტი გადაყვანილ იქნა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებისას და ჰოსპიტალიდან N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი დამატებით ოთხჯერ მოინახულა (23.11.2021, 12.12.2021, 11.01.2022 და 22.04.2022). საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფის მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.  

პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშორებით მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე კითხვები აქვს

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს უწევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. „მას შესახლების დღიდან არაერთხელ ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და მიეწოდა სათანადო მკურნალობა, როგორც N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. პენიტენციური სამსახური სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით. თუმცა იგი, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს. მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. დამატებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში არსებული ფართო ჩამონათვალიდან კვების ნებისმიერი პროდუქტი. გარდა ამისა, იგი რეგულარულად იღებს ამანათებსაც. შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის სრულად ხელმისაწვდომია საკვების მრავალფეროვანი რაციონი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა 788 ვიზიტორი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირს აქვს მისი მონახულების შესაძლებლობა. „მას აქვს ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლება, რასაც არ იყენებს, საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, სრულად დაცულია მისი ყველა სხვა უფლება. შესაბამისად, აპელირება მისი უფლებების შესაძლო დარღვევაზე არის მანიპულაციური მეთოდით არსებული ვითარების მკვეთრად დამახინჯების მცდელობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც 28 აპრილს პენიტენციურ სამსახურს მიაწოდა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის დანართი, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, არ არის საჯარო. დოკუმენტი მოიცავს მსჯავრდებულის ჩივილებს, მიღებულ მედიკამენტებს, ექსპერტების შთაბეჭდილებებსა და დამატებით რეკომენდაციებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. არგუმენტირებული პასუხის მიღების, გაანალიზებისა და პოზიციების დაზუსტების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საჭიროების გათვალისწინებით და მსჯავრდებულის ინტერესების შეუფერხებლად დაცვის მიზნით, მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. ექსპრეზიდენტის ოჯახი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ხელისუფლებას დროს 2 მაისამდე აძლევს.

რა განაცხადეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შემდეგ

ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის ჯგუფის წევრები დასკვნას ორშაბათს ან სამშაბათს გამოაქვეყნებენ. წულაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაადგილებისას, დაცემის მაღალი რისკი აქვს. „წონა მეტად დაკლებულია, 63 კილოგრამია. კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. მისი მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. ვეღარ იტყვი, როდის, რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. პროგნოზირება ძალიან ძნელია. კომბინირებული და რთულად სამართავი პაციენტია. გადაადგილება შეუძლია, რამდენიმე მეტრს გაივლის. ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. გადაადგილებისას, სავარაუდოდ, დაცემის მაღალი რისკი აქვს. მისი წამოდგომა და გადაადგილება რისკთან არის დაკავშირებული მაშინაც კი, როდესაც პალატიდან საპირფარეშოში შესვლას დააპირებს. არაერთხელ ვთქვით, რომ მგონი „ვივამედის" კლინიკაც ამ აზრზეა ახლა, რომ მისი მკურნალობა აღარ უნდა გაგრძელდეს ამ კლინიკაში. ჩვენი აზრია, რომ საზღვარგარეთ უნდა წავიდეს და იქ უმკურნალონ, ესენი ფიქრობენ, რომ გაათავისუფლონ. ისინი საუბრობენ, რომ სჯობს, სხვაგან გაგრძელდეს მისი მკურნალობა, ან სხვა ტიპით“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ მედიასთან. თავის მხრივ, კონსილიუმის კიდევ ერთმა წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ საქართველოს პირობებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს პატიმრად გრძნობს და სტრესი არ ეხსნება, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, ნებისმიერი კლინიკაში იგივე რეზულტატი იქნება. „კლინიკა „ვივამედმა” ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, სადაც ითხოვენ სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ. იქ არ არის ნათქვამი, რომელ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. მე ძალიან კარგად მესმის ამ კლინიკის თანამშრომლების და დირექციის, უკვე 10 თვეა მიხეილ სააკაშვილი აქ იმყოფება. ყველა მხრიდან დიდი წნეხი აქვთ და რეზულტატებიც არ აქვთ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და არ უმჯობესდება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი პოზიცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აპრილის დასკვნაში დავწერეთ, ჩვენს პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია. ის რამაც გამოიწვია ეს დაავადება, სტრესი ადამიანს არ ეხსნება. იმ გარემოში იმყოფება, რომელ გარემოშიც დაავადდა, არანაირი აზრი არ აქვს ერთი კლინიკიდან მეორე კლინიკაში გადაყვანას, ან კიდევ სხვაგან ან ვიღაცის ჩამოყვანას, ერთი ან ორი სპეციალისტის ჩამოყვანას. თუ ჩვენ გვინდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყოს, მე არ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე, გადავადება იქნება თუ დროებით გადაყვანა. ვფიქრობ, საქართველოს პირობებში, სადაც ის თავს პატიმრად გრძნობს, სადაც არ ეხსნება ეს სტრესი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, ნებისმიერი კლინიკაში იგივე რეზულტატი იქნება”, - აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ. „დღეს ჩვენ ვესაუბრეთ კლინიკა ,,ვივამედის” დირექტორს, ნინო ნადირაძეს. ჩვენ დღეს სხვა ექიმებთან არ გვისაუბრია. დღეს მისი სამედიცინო ისტორია არ გვინახავს, დანიშნულება ვნახეთ. ჩვენ ბოლო ორი კვირის ისტორია არ გვინახავს. პრინციპში დიდი ცვლილებები არ იქნება. დასკვნას ორშაბათს ან სამშაბათს გამოვაქვეყნებთ. შეიძლება თეორიულად დავუშვათ, რომ ადგილი თვითდაზიანებას აქვს. რას ვგულისხმობ თვითდაზიანებაში, განზრახ არ ჭამდეს საჭმელს და ისევ შიმშილს აგრძელებდეს?კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი კონსილიუმის წევრ ექიმებს ასეთი შთაბეჭდილება არ რჩება, მაგრამ არიან ექიმები, რომლებიც ასე თვლიან. შედეგი ახლა არის ძალიან ცუდი, რადგან არის საშინელი კახექსია, კუნთების განლევა, უჭირს ადგომა. 10 თვის მკურნალობის შედეგად დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე მაისში, როცა ამ კლინიკაში შემოვიდა. შესაბამისად, იმას არ ვამბობ, რომ ეს კლინიკა არაკომპეტენტურია და მათ არ შეუძლიათ მკურნალობა, ეს შედეგი დადგებოდა ნებისმიერი ქვეყნის კლინიკაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის მოხსნილი ის მიზეზი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია”, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.