თეგი: მგზავრობა

თბილისის მერი: 40 000 სამგზავრო აბონემენტია გაყიდული, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის

"დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 40 000 სამგზავრო აბონემენტი, რომელთა დიდი ნაწილი ერთთვიანი და ერთწლიანია", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დღეის მდგომარეობით უკვე გაყიდულია 40 000 აბონემენტი. მათი დიდი ნაწილი მოდის ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ტარიფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურისა და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის. ჩვენ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრ არასწორ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტები. დავტოვეთ ერთჯერადი გადახდაც. მოქალაქეს შეუძლია, გადაიხადოს „მეტრომანის“ საშუალებით. ინტეგრირებულ ტარიფში შემოვიყვანეთ მიკროავტობუსიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთიან სისტემაში მოვაქციეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერია მომავალშიც არაერთ სასარგებლო პროექტს განახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. „ვერანაირი თქვენი კრიტიკა ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე დიდი ბოროტება ჩაიდინეთ ამ ქალაქისთვის – ქალაქს წაართვით ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტი – ტრამვაი, აყარეთ ლიანდაგები, გაყიდეთ, ჯართში ჩააბარეთ. თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე. თქვენ ისტორიას დარჩებით, როგორც ადამიანები, რომლებმაც დედაქალაქს მოჰპარეს ყველაზე ღირებული, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ტრამვაი. ეს არის ძალიან დიდი უბედურება, რაც თქვენ გააკეთეთ ამ ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი - კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი. "გვახსოვს ყველას წლების წინ თუ როგორი ტრანსპორტი ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას. ასევე, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელს და მომავალ წელს ქალაქს ეყოლება 18-მეტრიანი ავტობუსები. ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით თუ რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით. ძალიან მიხარია, ის, რომ რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული. 1 360 795 მგზავრობა, რაც ძალიან კარგია. მხოლოდ ავტობუსებმა გადაიყვანეს 580 816 მგზავრი. მგზავრთა ნაკადის ზრდა გვაქვს მეტროშიც. 23 დეკემბერში მეტროში დაფიქსირდა 527 636 მგზავრ-მომსახურება. 2022 წლის იანვართან და თებერვალთან შედარებით მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე სწრაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველასთვის კომფორტული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული. ეს მონაცემი არის იმის მაჩვენებელი, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის“, - განაცხადა კალაძემ.  

დროის გარკვეულ მონაკვეთებში, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უფასო იქნება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 15 აპრილს, საღამოს 23:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, 16 და 17 აპრილს, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. „აღდგომას, საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. რაც შეეხება 16 და 17 აპრილს, ამ დღეებში, სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ისინი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგური დიდუბიდან დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. ასევე, „დელისის“ მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენაც, მარჯანიშვილის მეტროდან და სადგურის მოედნიდან კუკიას სასაფლაოს მიმართულებით, ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, სარაჯიშვილის მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუა მთის ქუჩიდან და ვარკეთილის მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე, ნახსენები დროის განმავლობაში, ავტობუსები უფასოდ ივლიან“, - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა.