თეგი: მკვლლეობა

შსს: 9 თვეში, განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან უმეტესობა - 47 შემთხვევა გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს აღნიშნული დანაშაულის 3 ფაქტი აღირიცხა. რაც შეეხება სიცოცხლის წინააღმდეგ სხვა დანაშაულებებს - უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მკვლელობის მცდელობის 44 ფაქტი გამოვლინდა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის კი - 36. ამასთან, დარეგისტრირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის 982 შემთხვევა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 141 ფაქტი.  

თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

1984 წელს დაბადებული ხ.ვ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.“ „მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.