თეგი: საცობები

კალაძის თქმით, საცობების პრობლემის მოწესრიგებისთვის ერთადერთი ალტერნატივა არსებობს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საცობებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ერთადერთი ალტერნატივა, რაც „აღნიშნული მიმართულების მოწესრიგების საშუალებას იძლევა, ეს არის ის რეფორმა, რომელიც მერიას დაწყებული აქვს და რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს.“ კალაძის თქმით, საცობების პრობლემა გამოწვეულია ქალაქში კერძო ავტომობილების სიჭარბის გამო. „ყველაზე დიდი პრობლემა, რაც საცობებთან დაკავშირებით არის, გაზრდილი ავტომობილების რაოდენობაა. მე საზოგადოებას წარვუდგინე მონაცემები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2012 წლისთვის, ქალაქში დაახლოებით, 180 000 ერთეული ავტომობილი გადაადგილდებოდა და დღეის მდგომარეობით პიკის საათში 600 000-ზე მეტი გადაადგილდება. ერთადერთი ალტერნატივა, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვაწესრიგოთ აღნიშნული მიმართულება [ქალაქის საცობები], ეს არის ის რეფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყებული, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. ახალი ავტობუსები, შესაბამისი საავტობუსო ზოლების გაჩენა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარალელურად, ჭკვიანი შუქნიშნის პროექტის განხორციელება, რომელზეც უკვე დაფინანსება მიღებული გვაქვს - ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში გადაადგილება იყოს შესაძლებელი. თუმცა, ვიმეორებ კერძო ავტომობილების ნაწილში გვაქვს ზრდა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება და წინ მიდის. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 47% ფლობს ავტომობილს და მგონია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.  

კახა კალაძე: საცობების მთავარი მიზეზია ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა

თბილისის მერის განცხადებით, თბილისისთვის საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების „გადაჭარბებული რაოდენობაა“. კახა კალაძის ქმით, საცობების მიმართულებით იმისთვის, რომ „რაღაცები გამოსწორდეს“, ერთადერთი გზა ის პოლიტიკაა, რომელსაც დედაქალაქის მერია ატარებს. „საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს თბილისში პიკის საათში. წარმოგიდგენიათ? გუშინ ამას ავტოსაგზაო შემთხვევები დაემატა, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა ცხადია ამ ყველაფერს აქვს თავისი გავლენა. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით რაღაცები გამოვასწოროთ, ეს არის ის პოლიტიკა, რასაც დედაქალაქის მერია ატარებს - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, ავტობუსები. იცით, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები მალე დაგვემატება დედაქალში, რომ შევძლოთ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა. შევძლოთ, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ავტობუსი ასევე, მიკროავტობუსი და რა თქმა უნდა, ის ინფრასტრუქტურული პროექტები. მესმის, ამ სამუშაოების დროსაც არის დისკომფორტი, პრობლემა. დღეს წერეთლის გამზირი გადაკეტილია და მოძრაობა ჭირს, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სხვანაირად შეუძლებელია. მაშინ რა ვქნათ, არ გავაკეთოთ? ნახეთ ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით, ოპოზიცია ჩვეულებრივი სპეკულანტები არიან. აღნიშნული თემით სპეკულირებენ. მე გამოვედი, კიდევ ერთხელ ვთქვი და ხაზი გავუსვი - თუ გაქვთ რაიმე და იცით, მზად ვართ მოიტანეთ ან გააკეთეთ განცხადებები და გავაკეთებთ. მაგრამ უბრალოდ ძახილი, რომ ის არასწორს აკეთებს.. კარგი, მე არასწორს ვაკეთებ, რა არის სწორი გვითხარით. მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ექსპერტები ჩართულნი არიან და გვეუბნებიან, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ვაშაძის თემა მინდა გავიხსენო, გამოვიდა თქვა, რომ მერი არასწორად აკეთებს, „სისტრამ“ დაუწერა რაღაცები და იმას არ ასრულებსო. გამოდგა, რომ ეს არის ტყუილი, სიცრუე. თვითონ აღნიშნული კომპანიაც გამოვიდა, სიცრუეში დაადანაშაულა ბატონი ვაშაძე. მერე, მივმართე მას, რომ თუ იცის რამე, წარმოადგინოს და მზად ვართ განვიხილოთ. გამოვიდა და კომისიები შევქმნათო, სასაცილოა ეს ყველაფერი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.