თეგი: ტაქსები

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ - კალაძე

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ. აქტიურად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უშუალოდ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და უწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მიმდინარე წლის მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ. დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით. „იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები, მათ შორის მგზავრებისთვის, შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს ე.წ. სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში. შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო გაცილებით ნაკლები იქნება. ეს „სტიკერი“ განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი დეტალია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.  

22 მაისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საავტობუსო ზოლში გადაადგილების მანიშნებელი სტიკერები დაურიგდებათ - თბილისის მერია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 22 მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური სტიკერების გაცემა დაიწყება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სტიკერს მიიღებენ ტაქსის ის მძღოლები, რომელთა ავტომობილების ასაკი 10 წელს არ აღემატება. „22 მაისიდან ვიწყებთ სპეციალური სტიკერების დარიგებას, რომელიც იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს. სტიკერები დაურიგდებათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამასთან, პირველი ივნისიდან ამ სტიკერის მქონე ტაქსებს საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება ექნებათ. სტიკერების მიღება ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. სტიკერი განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის ტაქსებმა როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე სპეციალური მანიშნებელი უნდა გამოიყენონ - კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე მიმართავს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთაც 10 წლამდე ასაკის ავტომობილი ჰყავთ, საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის გამოიყენონ როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანიშნებელი, რათა არ დაჯარიმდნენ. „ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. როგორც იცით, ბოლო გადაწყვეტილებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელსაც ჰყავთ 10 წლამდე ასაკის ავტომობილი, მივეცით საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. მათ უნდა აიღონ სპეციალური სტიკერი, რომელიც უნდა განათავსონ წინა საქარე მინაზე, ზედა მარჯვენა კუთხეში. ასევე, აუცილებელია სპეციალური ტაქსის მანიშნებელი, რომელიც ჩვენ დავურიგეთ. იყო შემთხვევები, როდესაც საავტობუსო ზოლში ისე გადაადგილდებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ტაქსის მანიშნებელი ან სტიკერი – ეს იწვევს დაჯარიმებას. მანიშნებელიც და სტიკერიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და გაითვალისწინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოწერილი იქნება ჯარიმა. ჯარიმების გამოწერა არავის სიამოვნებს, უბრალოდ, დავიცვათ წესრიგი და ის რეგულაციები, რომელიც არის გაწერილი და რომელთან დაკავშირებით თქვენ სრული ინფორმაცია გაქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება სტიკერების გაცემის პროცესს, მერის ინფორმაციით, დღეისთვის გაცემულია 1 600-ზე მეტი სტიკერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ავტომანქანა უკვე დაშვებულია საავტობუსო ზოლში. თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ A კატეგორიის ტაქსის იმ მძღოლებისთვის, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს აღემატება, რეგულაცია არ იცვლება – ისინი საავტობუსო ზოლში მხოლოდ მგზავრის აყვანისა და ჩამოსმით უფლებით სარგებლობენ. ამასთან, თბილისის მერმა სხდომაზე QR კოდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის 200-ზე მეტი QR კოდია გაცემული, რომლის საშუალებით მგზავრს შეუძლია, ელექტრონულად გადაიხადოს, ხოლო მძღოლს თანხა მომენტალურად აესახება ანგარიშზე.