თეგი: ტაქსი

A კატეგორიის ნებართვა ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მუდმივ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე A კატეგორიის ნებართვა ფასიან აქტივად გადაიქცევა და ტაქსის მძღოლებს მუდმივ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ. ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი აპრილიდან ამოქმედდება როგორც ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტი 2023 წლის პირველ აპრილს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს გადასცემს ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე ერთხელ მაინც ფლობდა ან 2023 წლის 20 მარტამდე აიღებს ასეთ ნებართვას. ამასთან, პირველი აპრილიდან გაცემული ახალი A კატეგორიის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას. აქტივაციის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე. A კატეგორიის ნებართვა, რომელიც არ გააქტიურდება დადგენილ ვადაში, ავტომატურად გაუქმდება აღნიშნული ვადის გასვლისთანავე. მისი საფასური უცვლელია და დაანგარიშდება დღიურად. ერთ ფიზიკურ პირზე მხოლოდ ერთი ნებართვა გაიცემა.

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები. „20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა, იჯარის წესით გადასცენ ნებართვა ვინმეს თუ გაყიდონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

A კატეგორიის ტაქსის ნებართვების აქტივაცია 2024 წლის პირველ აპრილამდე იქნება შესაძლებელი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი შევა ძალაში. „20 მარტს დასრულდა A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა. პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. პირველი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ბაზარზე ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც პირველ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. ნებართვის შენახვას თუ გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება – დღეში სამი ლარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძის განცხადებით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, A კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა შეეძლებათ. „პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსისთვის დაშვებული იქნება საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა. ეს ნიშნავს, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის და არა მოძრაობისთვის, არ დაჯარიმდებიან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

ცნობილია 19 ქუჩა, რომლებზეც A კატეგორიის ის ტაქსები იმოძრავებენ, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის 19 ქუჩასა და გამზირზე შეეძლებათ. ეს ქუჩებია: მოსკოვის გამზირი; ჯავახეთის ქუჩა; ვიქტორ კუპრაძის ქუჩა; სესილია თაყაიშვილის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ქეთევან დედოფლის გამზირი; გრიგოლ ორბელიანის მოედანი; რუსთაველის გამზირი; თამარ მეფის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; პეკინის გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი; ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; პეტრე იბერის ქუჩა. 5 ქუჩა/გამზირზე ისინი გადაადგილებას ვერ შეძლებენ. ეს ის ქუჩებია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. კერძოდ: ილია ჭავჭავაძის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავა ქუჩის ნაწილი, ილია ვეკუასა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩები. მერიის ინფორმაციით, A კატეგორიის იმ ტაქსების ოდენობა, რომელთა ასაკი 10 წელს აღემატება, 3500-ია.  

თბილისის მერიამ A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, სტიკერების გაცემა დაიწყო

თბილისის მერიამ 22 მაისიდან დაიწყო სპეციალური სტიკერების დარიგება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „1-ელი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც 10 წლამდე ავტომობილი ჰყავთ, ვაძლევთ შესაძლებლობას, საავტობუსო ზოლებში იმოძრაონ. 22 მაისიდან დავიწყეთ სტიკერების გაცემა, რაც იქნება მაიდენტიფიცირებელი იმისა, რომ აღნიშნულ ავტომობილს აქვს შესაძლებლობა, იაროს საავტობუსო ზოლში. ეს სტიკერი უნდა განთავსდეს ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. დანარჩენ ავტომობილებს, რომელიც არის A კატეგორიის და ასაკით 10 წლის ზემოთ, მხოლოდ იმის უფლება ექნებათ, რომ მგზავრი აიყვანონ და ჩაისვან საავტობუსე ზოლში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დაწყებულია QR კოდების გაცემაც, რაც ტაქსებში მგზავრობის ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა. „პარალელურად დაწყებული გვაქვს QR კოდების გაცემა. რაც იძლევა საშუალებას, რომ მგზავრმა ბარათითაც შეძლოს მგზავრობის საფასურის გადახდა. ეს ტაქსის მძღოლებისთვისაც მნიშვნელოვანია. ასე მათ ექნებათ საშუალება, უფრო მეტ მგზავრს მოემსახურონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  

ტაქსის ლიცენზია მთელ საქართველოში სავალდებულო იქნება - მთავრობის ინიციატივა

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება. დოკუმენტი პარლამენტში 2023 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრიდა და მისი განხილვები კომიტეტებში უკვე დაიწყო. კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდება 63-ვე მუნიციპალიტეტში: საშუალოდ, ამ უფლების მიღების ფასი 50-75 ლარი იქნება; იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ლიცენზიის გარეშე გადაიყვანს ადამიანს, მას 200 ლარით დააჯარიმებენ; სანებართვო ვალდებულებების დარღვევისთვის სანქცია 100 ლარი იქნება. მთავრობის გათვლით, პირელივე წელს, როცა სავალდებულო გახდება ლიცენზიის აღება, საბიუჯეტო შემოსავლები 488 ათასი ლარით გაიზრდება, 3 წელში კი ჯამში - თითქმის 2 მილიონ ლარამდე. კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან 34-ში არ იქნება საჭირო დამატებითი კადრების აყვანა, დანარჩენ 29 მუნიციპალიტეტში კი თანამშრომელთა რაოდენობა 48-ით უნდა გაიზარდოს. საკანონმდებლო პაკეტი 6 კანონპროექტს მოიცავს, მათ შორის არის: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საბიუჯეტო კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. დოკუმენტი მიღების შემთხვევაში 2025 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. მანამდე მუნიციპალიტეტებმა ლიცენზიის გაცემის წესი უნდა შეიმუშაონ.