თეგი: ხილი

სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივი წარმოების ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოების ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობა არ ფიქსირდება. მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდების ნარჩენების შემცველობაზე შესამოწმებლად, სარეალიზაციო ობიექტებიდან ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის 108 ნიმუში აიღო. „ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, პესტიციდების შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. ტესტირება ჩატარდა 68 მოქმედ ნივთიერებაზე, მათ შორის, ქლორორგანულ და ფოსფორორგანულ, ასევე, დითიოკარბამატულ პესტიციდებზე. გამოკვლეულია ხილისა (ატამი, ვაშლი, ვაშლატამა) და კენკროვნების 44 ნიმუში, ბოსტნეულის (კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) 13 და ბაღჩეულის (საზამთრო, ნესვი) 51 ნიმუში. სურსათში პესტიციდების ნარჩენების დონე რეგულირდება „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №623 დადგენილებით არის დამტკიცებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, სურსათის ნიმუშებში პესტიციდების შემცველობა არ დაფიქსირებულა, რაც ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის და სურსათის ეროვნული სააგენტოს გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგია. 2022 წელს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით, სააგენტოს მიერ დაგეგმილია არაცხოველური წარმოშობის სურსათის 236 და ცხოველური წარმოშობის სურსათის 102 ნიმუშის (სულ 338 ნიმუში) ლაბორატორიული ტესტირება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოდან ბოლო 8 თვის განმავლობაში 105.1 მლნ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული

2022 წლის პირველი სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 8 თვის განმავლობაში საქართველოდან 105.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.5%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. "2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მნიშვნელოვანი წილი შემდეგ პროდუქციას უჭირავს: თხილი - აღნიშნულ პერიოდში, ექსპორტის ღირებულებამ 45.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება. თხილის ექსპორტი 35 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც 33.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული. ატამი და ვაშლატამა - ექსპორტის ღირებულებამ 28.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება. მოცვი - ექსპორტის ღირებულებამ 8.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 49.0%-ით აღემატება. ვაშლი - ექსპორტის ღირებულებამ 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.5%-ით ნაკლებია", - აღნიშნიშნულია ინფორმაციაში.