თეგი: „გირჩი“

პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის წესი შეცვალა

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 98 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანას, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის წესს ეხება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონს ემატება მუხლი „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლების დროებითი წესი“. ცვლილების თანახმად, 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებათ. ცვლილებების ინიციატორები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია. კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

პარლამენტთან აქციაზე „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ

პარლამენტის წინ, პარტია „გირჩის“ აქცია - სახელწოდებით „არა მონობას“ იმართება, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ აპროტესტებენ.  „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადონ თუ თავდაცვის ახალი კოდექსი მაისიდან ძალაში შევა. მისივე თქმით, ფიზიკურად უნდა დაიცვან ერთმანეთი და კანონის აღსრულება ვერ უნდა მოხერხდეს. „ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი, არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს! არა მონობას, სადაც ადამიანებს იძულებით უფასოდ ამუშავებენ „ვიშკაზე“ და შლაგბაუმის გამღებად, ყარაულებად. აი, ამას ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ქართული ჯარის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმა“, - განაცხადა ხვიჩიამ. „ეს სისტემა არის მორალისგან დაცლილი ბოროტება, რომელიც მხოლოდ აზიანებს ამ ქვეყნის თავდაცვა-უსაფრთხოებას. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ორგანიზატორი, ვინ იქნება იქ, ვის რა ტრანსპარანტი ეკავება ხელში, ვინ ჩაიწერს ქულებს და ვინ რა ხასიათზე გაიღვიძებს. არც იმას აქვს მნიშვნელობა რომ რუსული ტიპის რეჟიმს, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის და რომელსაც ათი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებისთვის (და ბევრი გააკეთა საპირისპირო მიზნისთვის), ასეთი ტიპის აქციით უკან ვერ დაახევინებ. პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში სავალდებულო გაწვევის გაუქმების მოთხოვნით შეიძლება შეიკრიბოს ბევრი ადამიანი. თავისთავად ეს შეკრების ფაქტი არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ამ თემაზე მომავალი შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის, როცა ეს რუსული ნაგავი უკვე გატანილი გვექნება ხელისუფლებიდან“, - აცხადებს თავის მხრივ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. თავდაცვის ახალი კოდექსით, სამხედრო ვალდებულება ყველა რელიგიის წარმომადგენელს ექნება