თეგი: „დიდგორი“

თავდაცვის ძალებს „დიდგორის“ ტიპის კავშირგაბმულობის ჯავშანმანქანები გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული შვიდი ერთეული „დიდგორის“ ტიპის მრავალმიზნობრივ პლატფორმაზე შექმნილი სპეციალიზირებული კავშირგაბმულობის მანქანა გადაეცა. ჯავშანმანქანების გადაცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გამოფენილი ჯავშანმანქანები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს გაეცნენ. „შვიდი ერთეული ინტეგრირებული ქსელების მანქანა თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დაპროექტდა და შეიქმნა. კავშირგაბმულობის მანქანის ეკიპაჟი ოთხი სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. ჯავშანმანქანა ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის შტაბსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირის უზრუნველყოფისთვის გამოიყენება. ინტეგრირებული ქსელების მანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან და აფეთქებისგან დაცვას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს. ინტეგრირებული ქსელების მანქანა „დიდგორების“ ოჯახის ერთ-ერთი წევრია, რომელიც „დელტას“ სპეციალისტების მიერ შეიქმნა და ქართულ თავდაცვის ძალებს გადაეცა. სამომავლოდ, აღნიშნული ჯავშანმანქანებით თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფა კვლავ გაგრძელდება“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ დაიწყო

სამთავრობო უწყებებს შორის კრიზისულ სიტუაციებში კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით შექმნილი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს და მასში ყველა სახელმწიფო უწყება მონაწილეობს. სწავლება კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. „თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ყურადღება საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობასა და მის ეფექტიანობაზე გაამახვილა. გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და სწავლებაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოგვიანებით, გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან და სწავლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების ინფრასტრუქტურა - სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალ შენობა დაათვალიერა, სადაც იმიტირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და ფორმირებული გენერალური შტაბია მოწყობილი, ამავე სივრცეშია განთავსებული სტრატეგიული და ოპერატიული დონის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სხვადასხვა უჯრედი. მონაწილეებს კომპეცენტიის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების შესრულება ჰიბრიდული თუ სხვა გამოწვევების ფონზე კოორდინირებული ურთიერთქმედებით მოუწევთ,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბური და გამორჩეულია. მასში საშტაბო ნაწილის გარდა სხვადასხვა სასწავლო უბანზე ძალების მიზიდვით საველე კომპონენტებიც გათამაშდება. საშტაბო ნაწილში სწავლების არქიტექტურაში ახალი უწყებათშორისი კომპონენტები ჩამოყალიბდა - სტრატეგიული კომუნიკაციების უწყებათშორისი ჯგუფი და სიმულაციური მედიაცენტრი. საველე ნაწილს კი, სრულიად ახალი კომპონენტები დაემატა, მათ შორისაა საზღვაო, ასევე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) ელემენტები. საველე კომპონენტებში პირველად ჩაერთვებიან მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ტერიტორიული რეზერვისა და წინააღმდეგობის ელემენტებთან ერთად.