თეგი: „ნიკორა“

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო 2 შეტყობინება 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ. სურსათის ეეროვნული სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური.“ „შეტყობინებების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს ინსპექტირება „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მარკეტებში (ს/კ 206255808) მისამართებზე: თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N62/495; თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის, ასევე, მიკვლევადობით დადგენილ სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1.6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი „კოტლეტი კიევურით“ მარაგდებოდა. სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე. მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს,“ - ნათქვამია სააგეტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განახლება: "ნიკორა" ადასტურებს, რომ მათთან ნაყიდი პროდუქტით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა  „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე „გრაკოს“, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია „ჯეო დისტრიბუცია." რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ პრობლემის განვრცობის მასშტაბი ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით,“ - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11 წლამდე პატიმრობა ემუქრება „ნიკორას“ მოლარე კონსულტანტს, რომელმაც შსს-ს ცნობით, კლიენტის ქულები დახარჯა

პოლიციამ სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის, „ნიკორას“ თანამშრომელი და მისი თანამზრახველი დააკავა. მათ ბრალად ედებათ კლიენტის დაგროვილი ქულების დაუფლება და დახარჯვა. 20 და 21 წლის ახალგაზრდებს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ამით სუპერმარკეტების ქსელს მიადგა „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“. საქმე აღძრულია ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ მონაცემებში შეღწევის კვალიფიკაციით - სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით. შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 2004 წელს დაბადებული ა.ე. და 2003 წელს დაბადებული ჯ.უ. დააკავეს. „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯ.უ.-მ და ა.ე.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეიმუშავეს სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გეგმა, კერძოდ: ა.ე. რომელიც დასაქმებული იყო სს „ნიკორა ტრეიდში“ მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ „ნიკორას“ მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ აწვდიდა მათ ჯ.უ.-ს. თავის მხრივ, ჯ.უ.-მ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში ჩაწერა „NIKORA SUPERMARKET“-ის აპლიკაცია, სადაც სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით, არეგისტრირებდა ა.ე.-ს მიერ მიწოდებულ ამავე მაღაზიის მომხმარებლების პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს, რის შემდგომაც ჯ.უ. მიდიოდა სს „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიებში და მოლარეების შეცდომაში შეყვანის გზით, ხარჯავდა მომხმარებელთა ბარათებზე დაგროვილ ქულებს. ქულების გახარჯვის შედეგად მიღებულ სარგებელს კი, ინაწილებდა ა.ე.-სთან ერთად.აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სს „ნიკორა ტრეიდს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.