წინასწარი კვლევით, AstraZeneca-ს „ბუსტერ“ დოზა „ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტიანია

კომპანია AstraZeneca-ს განცხადებით, კვლევის წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ მათი გამაძლიერებელი დოზა კორონავირუსის შტამის „ომიკრონის“ წინააღმდეგ ანტისხეულების უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს.

ანტისხეულების გაზრდილი პასუხი იმ ადამიანებში დაფიქსირდა, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინით (Vaxzevria) ან მ-რნმ ვაქცინით აიცრნენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ენდრიუ პოლარდმა განაცხადა, რომ Vaxzevria-ს მესამე დოზა იმავე ვაქცინის ორი საწყისი დოზის ან მ-რნმ და ინაქტივირებული ვაქცინების შემდეგ, აძლიერებს იმუნიტეტს.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება.