თეგი: ახალქალაქი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი : ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა

ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა, რამაც როგორც მიწის, ისე მდინარის დაბინძურება გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ადგილზე აიღეს შესაბამისი სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა (მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება) და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა).

ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა შეუფარდა

პოლიციის მიერ ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ განცხადება შს სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ახალქალაქში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა. მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა 1985 წელს დაბადებული ა.მ. ზემოაღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 24 აგვისტოს ა.მ. სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგს, რომელზეც პარტიის წარმომადგენელმა ისაუბრა ახალქალაქში მათი თანაპარტიელის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, რასაც ოჯახის მიმართ განხორციელებული ტერორი და პოლიტიკური დევნა უწოდა. აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, ვასაჯაროებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე ა.მ.-ის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარდა ჩხრეკა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.  

კაცს, რომელმაც მეუღლის ოჯახის 5 წევრს დანით დაზიანებები მიაყენა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ოჯახის ხუთი წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა ს.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. " ბრალდებული 2021 წლის 11 დეკემბერს, მეუღლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაზიანებები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის წარედგინა. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ახალქალაქში ჰესების კასკადი გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ახალქალაქი ჰესების კასკადის“ ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჰესის ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელები - კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, ამ ფონდის მმართველი დირექტორი ალექს ბენარდი და ისლანდიური სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელი კომპანიის LANSVIRKJUN-ის ვიცე-პრეზიდენტი რიკი რიკარდსონი. ჰესი კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს. ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH-მა განავითარა LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანია HYDRO ENERGY-სთან ერთად. LANSVIRKJUN-ი წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას და მისთვის ახალქალაქის პროექტი არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიცია. ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. რომეო მიქაუტაძე ასევე გაეცნო კასკადური ტიპის მცირე სადგურების საქმიანობას და დაათვალიერა სოციალური პროექტები საპროექტო ტერიტორიის მახლობლად არსებულ სამ სოფელში - სპორტული დარბაზი სოფელ კორხში და სოფელ ორჯაში წყლის სატუმბი სადგური. ამ პროექტებით 7000-ზე ადამიანი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით.  

პროკურატურა: ახალქალაქში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სექსუალური კავშირის იძულების ფაქტზე ერთი პირი დაკავეს

საქართველოს პროკურატურამ, ახალქალაქში გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა. „დაზარალებულისგან არაერთი უარის მიღების შემდეგ, 13 დეკემბერს, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და მოკვლის განზრახვით, დაზარალებულს სადარბაზოში, სახლის კართან ალკოჰოლურ სასმელთან და ტკბილეულთან ერთად პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საბრძოლო მდგომარეობამდე მიყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, დაზარალებულის მიერ პოლიეთილენის პარკის გახსნის დროს მოვიდა მოქმედებაში, რის შედეგადაც, დაზიანდა მისი საცხოვრებელი ბინა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიებმა ტენდერებით 2,6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 49 სახელმწიფო შესყიდვით, 2014-2022 წლებში 2,687,008 ლარი მიიღეს - აქედან 1,928,488 ლარი (71.7%) დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი რძლის ძმა იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ხაჩიკ მოსოიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები, შპს „ვემი“ და შპს „გოლდ 777“ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს. „ხაჩიკ მოსოიანი 2013-2014 წლებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, 2018-2019 წლებში კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ხაჩიკ მოსოიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები, შპს „ვემი“ და შპს „გოლდ 777“ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ. შპს „ვემ“ მისმა რძალმა, ერანუჰი ალექსანიანმა 2014 წლის მაისში დააფუძნა და სახელმწიფო შესყიდვების მიღება დაიწყო ახალქალაქის მერიაში, სადაც მის ძმას, ხაჩატურ ალექსანიანს იურიდიულ სამსახურში ჯერ სპეციალისტის, 2015-2021 წლებში კი უფროსის პოზიცია ეკავა. შპს „ვემს“ ხაჩიკ მოსოიანის ოჯახი 2019 წლამდე ფლობდა. სხვადასხვა დროს კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი იყო თავად ხაჩიკ მოსოიანიც და მისი შვილი, ვარდ მოსოიანიც. შპს „ვემმა“, 2014-2018 წლებში 23 სახელმწიფო შესყიდვით 1,324,297 ლარი მიიღო. აქედან, 18 შესყიდვით, ჯამში, 1,144,874 ლარზე (86.4%) ხელშეკრულებები ახალქალაქის მერიამ გაუფორმა. ასევე, 497 957 ლარი (37.6%) კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. მოსოიანებმა კომპანია 2019 წლის იანვარში მას შემდეგ გაყიდეს, რაც შპს „ვემის“ მიერ 2014 წელს ახალქალაქის მერიაში, ოთხი სოფლის წყლის რეაბილიტაციაზე 75 000 ლარად მოგებული ტენდერის გამო, ახალქალაქში გაერთიანებული წყალმომარაგების ოფისის მენეჯერი ვარდ მოსოიანი დააკავეს. მას, 2018 წელს, მითვისება–გაფლანგვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. გამოძიების მტკიცებით, ვარდ მოსოიანის მეუღლის, ერანუჰ ალექსანიანის სახელზე რეგისტრირებულმა კომპანიამ სამუშაოები ახალქალაქის წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკით და მუშა-ხელით განახორციელა. შპს „ვემის“ გაყიდვის შემდეგ, ხაჩიკ მოსოიანმა, 2019 წლის აპრილში, შპს „გოლდ 777“ დააფუძნა. დღემდე შპს „გოლდ 777“-ს 26 შესყიდვით 1,362,711 ლარი დაერიცხა. აქედან ახალქალაქის მერიამ, 15 შესყიდვაზე, ჯამში, ხელშეკრულებები 783,614 ლარზე (57.5 %) გაუფორმა. ასევე, 655,632 ლარი (48.1%) ხაჩიკ მოსოიანის კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, მისი კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. ჯამში, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ორივე კომპანიამ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით 1,153,589 ლარი (ჯამურად მიღებული თანხის 42.9%) მიიღო. ხაჩიკ მოსოიანმა, 2021 წლის 12 აგვისტოს მმართველი პარტიის ანგარიშზე 5 000 ლარი შეიტანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.