გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი : ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა

ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა, რამაც როგორც მიწის, ისე მდინარის დაბინძურება გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ადგილზე აიღეს შესაბამისი სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა (მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება) და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა).