თეგი: ბაქო-თბილსი-ჯეიჰანი

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

„ყაზახეთის ნავთობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენით გადაზიდვა რეალურად შესაძლებელია“, - ამის შესახებ Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ გაუცხადა, რითაც გამოეხმაურა Reuters-ის ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „ვინაიდან აქ პირდაპირი მილსადენი არ არის, ყაზახეთიდან კონტეინერებით უნდა ჩამოვიდეს ნავთობი ბაქოში. შემდეგ, ბაქოდან ორი მიმართულებით წავა: „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით. პირველ და მეორე ნავთობსადენსაც აქვს დაახლოებით 20%-იანი რეზერვი, რომ ნედლეულის დამატებითი რაოდენობა გაატაროს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყაზახეთის ნავთობის ევროპაში გადასაზიდად, აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით, ინფრასტრუქტურა მზადაა, ბუნებრივია, საქართველოც მიიღებს სარგებელს“, - აცხადებს არაბიძე. 27 ივლისს საქართველოს პრემიერის და სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტისას რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. მათ შორის ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით. „რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით მთავარია სატრანზიტო ნაკადები. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო და ე.წ შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არამხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - განაცხადა 15 ივლისს ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელმა ყასიმ ტლეპოვმა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ყაზახეთის ნავთობის ევროპაში გადაზიდვის მეორე ალტერნატივად, „საქართველოს რკინიგზას“ განიხილავს. „მეორე ვარიანტია ყაზახეთის ნავთობპროდუქტების „საქართველოს რკინიგზით“ გადატანა. სქემა ასეთია - ნავთობპროდუქტები ყაზახეთის რკინიგზით ჩადის ბაქოში, შემდეგ ბაქოდან „საქართველოს რკინიგზის“ გავლით ევროპისკენ მიემართება. ეს ძირითადად „ბაქო-სუფსის“ მიმართულებიდან უნდა მოხდეს“, - აცხადებს გია არაბიძე Europetime-თან. Reuters-ის ცნობით, აზერბაიჯანულ მხარესთან ხელშეკრულება ყაზახური ნავთობის გადაზიდვის შესახებ აგვისტოს ბოლოს უნდა გაფორმდეს, ხოლო ნედლეულის გადაქაჩვა „ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის" მილსადენით ერთი თვის შემდეგ დაიწყება. თუმცა გამოცემა წერს, რომ ყაზახეთის ნავთობის გარკვეული მოცულობები „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე გადაზიდა. ამას გასულ კვირას „საქართველოს რკინიგზის “ მიერ გასაჯაროებული მონაცემებიც ადასტურებს. 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა. გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი, შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა. გია არაბიძე მიიჩნევს, რომ „ბაქო-თბილის-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით, ყაზახეთის ნავთობის გადაზიდვას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. „ესაა რეალური სქემა და მისი შესრულება შესაძლებელია. მთავარია ნავთობპროდუქტები ჩამოვიდეს ბაქოში, საიდანაც მისი გამოტანის საშუალება არსებობს. ესაა სწრაფი და იოლი გზა შუა აზიის ენერგორესურსების გადმოსაზიდად“. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს ყაზახეთისთვის ტრანსკასპიური მარშრუტი მიმზიდველი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის სასამართლომ 5 ივლისს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. 6 დღეში კრასნოდარის სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და კომპანიას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. ცნობილია, რომ „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი არ გამორიცხავს, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საკითხზე, ივლისში მომხდარი ინციდენტის გამო, ყაზახეთმა ახალი პროექტების განხორციელება გადაწყვიტოს. „ნოვოროსიისკის“ მარშრუტი ყაზახეთისთვის საიმედო აღარ არის. პირველ ეტაპზე მოხდება ყაზახეთის ნავთობპროდუტების „საქართველოს რკინიგზის“, „თბილისი ბაქო ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით გადაზიდვა. ყაზახეთის რესურსებიდან გამომდინარე აუცილებლად დაიწყება ფიქრი იმაზე, რომ პირდაპირი მილსადენი აშენდეს და შეუერთდეს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ნავთობსადენს, რომლის გაძლიერებაც მისი გამტარუნარიანობიდან გამომდინარე შესაძლებელია. რაც შეეხება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან გაზის ტრანზიტს, როგორც თურქმენეთის ასევე ყაზახეთის შემთხვევაში, აუცილებლად ასაშენებელია ახალო გაზსადენი, რომელიც კასპიის ზღვაზე გაივლის“, - აღნიშნა არაბიძემ.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის ტერიოტორიის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება 24 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს.  Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან  სმილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა. „გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა.  მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“.  ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე