ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის ტერიოტორიის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება 24 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს.
„გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება.
რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა.
მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა.
„გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა.
მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“.
ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა).
- 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან.
ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.
ასევე წაიკითხეთ: