თეგი: ბრალი

მოლდოვის პროკურატურამ იგორ დოდონს ახალი ბრალი წაუყენა

მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ პრორუს ექსპრეზიდენტ იგორ დოდონს დღეს ახალი ბრალი წაუყენა. ამის შესახებ მოლდოვის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. ექსპრეზიდენტს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება 2008-2009 წლებში, როდესაც ის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი იყო. „მას ბრალად ედება 2008 წლის მაისში ბრძანების გაფორმება, რომლის საფუძველზეც 2008 წლის მაისში „ენერგოკომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გააფორმა ხელშეკრულება უნგრულ კომპანიასთან ელექტროენერგიის გაბერილ ფასად შესყიდვის თაობაზე, რამაც სახელმწიფოს $11,9 მილიონის ზარალი მიყენა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ამ ქმედებებმა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვია. ცნობისათვის, დოდონს მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა 2016 წლიდან 2020 წლამდე ეკავა. 2022 წლის 24 მაისს სამართალდამცავმა უწყებებმა მოლდოვის მეხუთე პრეზიდენტის, იგორ დოდონის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა პასიური კორუფციის, უკანონო გამდიდრების, ღალატისა და კრიმინალური ორგანიზაციის მიერ სოციალისტური პარტიის დაფინანსების საქმის ფარგლებში. 26 მაისს მას 30 დღით შინაპატიმრობა შეეფარდა. მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული არ აღიარა და საქმეს პოლიტიკურად უწოდა.

პროკურატურამ, კახეთში, სახელმწიფოს მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 13 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა ინდივიდუალური განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება მოითხოვეს. სარეგისტრაციო წარმოებისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. ასევე, განმცხადებელმა პირებმა, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების  მიზნით, ერთმანეთის სასარგებლოდ იცრუეს და დაადასტურეს, თითქოსდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, მომიჯნავედ, ფლობდნენ უძრავ ქონებას. მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 122,700 ლარად ღირებულ  79232 კვ.მ.  უძრავ ქონებას. პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), ხოლო მის თანასოფლელებს -  180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით  (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით), 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობაში დახმარება)  წარედგინათ. ბრალდებულები  გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთმევათ. საქართველოს პროკურატურა, ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს“, - ნათაქვამია პროკურატურის განცხადებაში.