მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ პრორუს ექსპრეზიდენტ იგორ დოდონს დღეს ახალი ბრალი წაუყენა. ამის შესახებ მოლდოვის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
ექსპრეზიდენტს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება 2008-2009 წლებში, როდესაც ის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი იყო.
„მას ბრალად ედება 2008 წლის მაისში ბრძანების გაფორმება, რომლის საფუძველზეც 2008 წლის მაისში „ენერგოკომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გააფორმა ხელშეკრულება უნგრულ კომპანიასთან ელექტროენერგიის გაბერილ ფასად შესყიდვის თაობაზე, რამაც სახელმწიფოს $11,9 მილიონის ზარალი მიყენა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამ ქმედებებმა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვია.
ცნობისათვის, დოდონს მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა 2016 წლიდან 2020 წლამდე ეკავა.
2022 წლის 24 მაისს სამართალდამცავმა უწყებებმა მოლდოვის მეხუთე პრეზიდენტის, იგორ დოდონის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
ჩხრეკა ჩატარდა პასიური კორუფციის, უკანონო გამდიდრების, ღალატისა და კრიმინალური ორგანიზაციის მიერ სოციალისტური პარტიის დაფინანსების საქმის ფარგლებში. 26 მაისს მას 30 დღით შინაპატიმრობა შეეფარდა.
მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული არ აღიარა და საქმეს პოლიტიკურად უწოდა.