თეგი: გარდაბანი

გარდაბანში დაკარგულ არასრულწლოვნებს ეძებენ

სამართალდამცველები ორ დაკარგულ გოგოს ეძებენ. სამძებრო სამუშაოში სამართალდამცველები არიან ჩართულნი. ოჯახების ცნობით, არასრულწლოვნები უკვე 5 დღეა, არ გამოჩენილან. სხვა ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.  

პროკურატურა: გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 19-19 წლით თავისუფლება მიესაჯათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 20 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ავტომანქანაში მყოფ თანასოფლელის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 21 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეძენა, შენახვა, ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე წარედგინათ. სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პროკურატურა: გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

გარდაბანში მკვლელობა მოხდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა, რასაც ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ცნობილია, კაცი სამართალდამცავებმა დააკავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.   

„გარდაბანი 3“-ის მშენებლობის დასაწყებად აუქციონი გამოცხადდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონი გამოცხადდება, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თბოსადგურის ასაშენებლად აუქციონის შედეგად შეირჩევა ინვესტორი, რომელსაც მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დაევალება. „მთავრობამ მოიწონა ინფორმაცია თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოძიების მიზნით შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ წილთა 100%-ის გასხვისების თაობაზე იმ პირობით, რომ იგი კერძო ინვესტორის მიერ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან ჩამოყალიბებული და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. წილის გასხვისების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად კი ობიექტის ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში მიღება განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, დღის წესრიგში უფრო მაღალი სიმძლავრის (350-430 მგვტ) თბოელექტროსადგურის უახლოეს მომავალში მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხი დადგა. მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიახლის შესახებ მედიასთან დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის მთავრობამ შესაბამისი ტექნიკური პირობები განსაზღვრა. „ინვესტორის შერჩევის მთავარი პირობა ასევე იქნება თბოსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ხარჯი 1 მგვტ-სთვის. იცით, რომ გარანტირებული სიმძლავრის ტარიფი ისაზღვრება კაპიტალური დანახარჯების შესაბამისად და იმისთვის, რომ ელექტროენერგია რაც შეიძლება, დაბალ ფასად მივიღოთ, გვინდა, ახალი თბოსადგურის მშენებლობა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს. ეს ის პარამეტრებია, რომელიც ქსელის სტაბილურობისთვის არის განსაზღვრული. „როდესაც განახლებადი ენერგიის პროექტებზე ვსაუბრობთ, ხშირად მათი ინტეგრირება ქსელში შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ სტაბილური გენერაციის წყაროებიდან შესაბამისი სიმძლავრეები არ გვაქვს. ახალი თბოსადგური კი დაგვეხმარება ქსელში მეტი განახლებადი ენერგიის პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი გვაქვს, რამდენიმეთვიანი შერჩევის შემდეგ, მუშაობას დავიწყებთ. არაუმეტს ოთხ წელიწადში კი სადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა. დაინტერესებულ კომპანიათა წინადადებების მისაღებად, აუქციონი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროცესს, სპეციალურად შექმნილი კომისიის მეშვეობით, კორპორაცია უხელმძღვანელებს“, – აღნიშნულია ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციაში.