თეგი: გზა

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ საქართველოსკენ გზის გაყვანის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ განაცხადა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოსკენ გზის გაყვანის აუცილებლობის საკითხი კიდევ ერთხელ წამოსწია. „ერთი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა რუსეთის ფედერაციაში ზოგადად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა. ამიტომ, გროზნი-შატოი-იტუმ-კალი-შატილის გზის მშენებლობას ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ჩეჩნეთის ეკონომიკის, ტერიტორიული განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა რუსტამ შაპტუკაევმა. კელი დეგნანი: ვიდრე რუსეთი დაიწყებს საუბარს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე, აუცილებელია, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან მისი თქმით, ჩეჩნეთის მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა ფედერალურ ცენტრს შესაბამისი წერილებით. შაპტუკაევი ამბობს, რომ ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს "ეს საკითხი განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს აყვანილი". „ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის დავალებით, ეს საკითხი პრიორიტეტულია. დღემდე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობამ შეასრულა სამუშაოები ამ ავტომაგისტრალის აშენების აუცილებლობის დასასაბუთებლად, რაც ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კვანძის გაფართოებას და მოიცავს ისეთ მთავარ კვანძს, როგორიცაა იტუმ-კალი-შატილის მარშრუტი“, - აცხადებს შაპტუკაევი. გროზნი-ინფორმის ცნობით, შაპტუკაევმა გზის მშენებლობის დაწყების ვადებთან დაკავშირებით შეკითხვასაც უპასუხა. „ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღები დადგენილი არ არის, ვიმედოვნებთ, რომ ეს უახლოეს მომავალში იქნება მითითებული. თუ რომელი უწყებები ააშენებენ გზას, მხოლოდ შესაბამისი დირექტივების მიღების შემდეგ შევძლებთ პასუხის გაცემას“. გროზნი-ინფორმი აღნიშნავს, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის გზის მშენებლობა საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანოს, გააძლიეროს საერთაშორისო ურთიერთობები და შეამციროს სატრანსპორტო ხარჯები ტვირთების გადაზიდვისას რუსეთიდან სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანში, საქართველოსა და თურქეთში“. აღსანიშნავია, რომ თბილისმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობის საკითხი ქართული მხარის დღის წესრიგში არასოდეს ყოფილა. ამის შესახებ მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა. დეპარტამენტში მცდარი უწოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისმა პროექტის განხორციელებაზე თანხმობა განაცხადა. საქართველოსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის საზღვარზე გზისა და სასაზღვრო გადასასვლელის მშენებლობის საკითხი განიხილეს მარტში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც გროზნოში გაიმართა. უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა და ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ისაუბრეს გზის "სტრატეგიულ მნიშვნელობაზე" და მის მნიშვნელობაზე უცხოურ ბაზრებზე გასასვლელად.  

ლარსის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), ჩატარებული ინტენსიური სამუშაოებისა და შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტი დროებითი გზის საშუალებით იმოძრავებს, პარალელურ რეჟიმში კი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაიგეგმება და ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა და ამ დრომდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  

თუშეთის გზის პროექტი იწყება

ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო  მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ტენდერი უკვე გამოცხადდა გზის პირველი 13.5 კმ-იანი მონაკვეთის საგზაო  მოძრაობის  უსაფრთხოების  გაუმჯობესების  სამუშაოებზე. აგვისტოში ტენდერი კიდევ 14.7 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. გზის 28.2 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოების საერთო საორიენტაციო ღირებულება 49 მილიონი ლარი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე ტენდერი თუშეთის გზის ყველა მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. ფშაველა-ომალოს გზის საგზაო  მოძრაობის  უსაფრთხობის გაუმჯობესების პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოამზადა. პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას. ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით.  დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები. თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა. გზა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. გზა არის ვიწრო და ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები. რთული რელიეფისა  და  მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება. 

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფლად მიმდინარეობდა - გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, დილის 7 საათიდან დაიწყო. დღის პირველ ნახევარში, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებული იყო მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან. ამასთან, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24 საათიან მკაცრ მონიტორინგს. „ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით: მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ასევე, მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დასრულდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, კერძოდ ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ მონკვეთზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

29 აპრილს, დევდორაკის გვირაბში 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 29 აპრილს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. „საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: 15-17 ივნისს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 15 ივნისის 00:00 სთ-დან 17 ივნისის 00:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.