საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, დილის 7 საათიდან დაიწყო. დღის პირველ ნახევარში, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებული იყო მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან.
ამასთან, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24 საათიან მკაცრ მონიტორინგს.
„ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით:
მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ასევე, მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დასრულდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, კერძოდ ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ მონკვეთზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.