თეგი: ევროკომისარი

ბორელი: მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთია პასუხისმგებელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მსოფლიოში შექმნილ მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთია პასუხისმგებელი. „ევროკავშირის სანქციების მიზანშია რუსეთის უნარი, ომი გააგრძელოს. საერთაშორისო ვაჭრობაში მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი და ამ აგრესიის შეწყვეტის ნაცვლად, საერთაშორისო სანქციებზე პასუხისმგებლობის გადატანას აქტიურად ცდილობს. ეს არის დეზინფორმაცია. ევროკავშირი, ომის შედეგების გადაწყვეტის საქმეში მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად სრულ სოლიდარობას განაგრძობს. პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს ჯოზეფ ბორელი. მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მისივე თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და სწორედ ეს არის მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში.  ომამდე უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში. მისი პროდუქტი აუცილებელია რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, როგორიცაა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა

საქართველოს 15 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში​ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ევროკომისარმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა. შეხვედრა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მე-20 შეხვედრის ფარგლებში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა. განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანზე როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. აღინიშნა, რომ საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, მეტი აქცენტი გაკეთდა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროებაზე ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. ამ მხრივ, ისეთი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამასთან, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ პოტენციალზეც, რომელიც საქართველოს, როგორც ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ ქვეყანას აქვს. ითქვა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ასევე ითქვა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე განახლებადი ენერგორესურსების ათვისების წახალისების სქემის შესახებ, რომელმაც ჯამში, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა მოიტანოს. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ევრიკომისარ კადრი სიმსონის ვიზიტს საქართველოში ევროკომისიასთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით.  

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის მიმართავენ

ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას, - სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის განცხადებით მიმართავს და სთხოვს, ევროკომისიის შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის. „2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზაზე. ამასთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული თორმეტი რეკომენდაციის შესრულება, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობაა. აღნიშნული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და, შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ ზედამხედველობას უწევს ხელისუფლების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას 2023 წლის გაზაფხულზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შუალედური შეფასება მოამზადოს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ძალიან დაეხმარება საქართველოსა და მის პარტნიორებს დაინახონ თუ რა ეტაპზეა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში, მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პრიორიტეტების შესრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების ხელმომწერები: „ღია საზოგადოების ფონდი“; „კავშირი საფარი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI); „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC); „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია); „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „თბილისი პრაიდი“; „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“; „მწვანე ალტერნატივა“; „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD); „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“ (GFSIS); „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC); „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED).