საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მსოფლიოში შექმნილ მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთია პასუხისმგებელი.
„ევროკავშირის სანქციების მიზანშია რუსეთის უნარი, ომი გააგრძელოს. საერთაშორისო ვაჭრობაში მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი და ამ აგრესიის შეწყვეტის ნაცვლად, საერთაშორისო სანქციებზე პასუხისმგებლობის გადატანას აქტიურად ცდილობს. ეს არის დეზინფორმაცია. ევროკავშირი, ომის შედეგების გადაწყვეტის საქმეში მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად სრულ სოლიდარობას განაგრძობს. პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს ჯოზეფ ბორელი.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და სწორედ ეს არის მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში.
ომამდე უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში. მისი პროდუქტი აუცილებელია რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, როგორიცაა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.