თეგი: ენერგოკრიზისი

გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს

გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, თანხმა დაიხარჯება ელექტროენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების კომპენსირებისთვის. ამასთან, გერმანიის მმართველი კოალიცია შეთანხმდა, რომ მოქალაქეები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ხოლო საწარმოები საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ. "ერთჯერადად სტუდენტები 200, ხოლო პენსიონერები 300 ევროს მიიღებენ. ამას გარდა, 2023 წლიდან გაიზრდება შემწეობა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.   ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და თუ ზამთარში ძალიან აცივდა, ცალკეულ უბნებში დენს დღეში ორი საათით გავთიშავთ  

დმიტრო კულებას თქმით, ენერგოკრიზისის დასაძლევად უკრაინას ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება

ენერგოკრიზისის დასაძლევად ქვეყანას სჭირდება ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში, ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იმისთვის, რომ აღვადგინოთ ენერგოსისტემა, ჩვენ გვჭირდება ორი რამ: ტრანსფორმატორები, ეს არის ენერგოსისტემის ყველაზე დიდი ნაწილი და გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, რათა ჩამოვაგდოთ მტრის რაკეტები, რომლებითაც ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ხორციელდება“, – განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, რუსული რაკეტებისგან თავდაცვის სისტემების გარეშე ენერგეტიკული კრიზისი გაგრძელდება, რადგან აღდგენილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას კვლავ სარაკეტო დარტყმებით გაანადგურებენ. „ეს წრე უნდა გავარღვიოთ. გვჭირდება ორი ელემენტი – სათადარიგო ნაწილები ენერგეტიკული სისტემისთვის და რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მის დასაცავად“, – აღნიშნა კულებამ.  

პაკისტანში ენერგორესურსების დაზოგვის მიზნით, სავაჭრო ცენტრები და ბაზრები 08:30 საათისთვის დაიხურება

პაკისტანის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, სავაჭრო ცენტრები და ბაზრები საღამოს 8:30 საათისთვის დაიხურება. ეს ენერგორესურსების დაზოგვის ახალი გეგმის ნაწილია, რომელიც პაკისტანის ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. Associated Press წერს, რომ პაკისტანმა ხსენებული ნაბიჯი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების ფონზე გადადგა. ხელისუფლებამ საქორწილო დარბაზებისა და რესტორნების საღამოს 10 საათზე დახურვის ბრძანებაც გასცა. მთავრობის შეფასებით, ზომები ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვას და იმპორტირებულ ნავთობზე დანახარჯების შემცირებას, რაზეც პაკისტანი ყოველწლიურად 3 მილიარდ დოლარს ხარჯავს. პაკისტანი ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილს იმპორტირებული ნავთობით გამოიმუშავებს. გადაწყვეტილებას ჯერჯერობით, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სავაჭრო ცენტრების, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელებს სურთ, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება გააუქმოს.