ენერგოკრიზისის დასაძლევად ქვეყანას სჭირდება ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში, ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იმისთვის, რომ აღვადგინოთ ენერგოსისტემა, ჩვენ გვჭირდება ორი რამ: ტრანსფორმატორები, ეს არის ენერგოსისტემის ყველაზე დიდი ნაწილი და გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, რათა ჩამოვაგდოთ მტრის რაკეტები, რომლებითაც ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ხორციელდება“, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, რუსული რაკეტებისგან თავდაცვის სისტემების გარეშე ენერგეტიკული კრიზისი გაგრძელდება, რადგან აღდგენილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას კვლავ სარაკეტო დარტყმებით გაანადგურებენ.
„ეს წრე უნდა გავარღვიოთ. გვჭირდება ორი ელემენტი – სათადარიგო ნაწილები ენერგეტიკული სისტემისთვის და რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მის დასაცავად“, – აღნიშნა კულებამ.