თეგი: თაღლითობა

აშშ-ის საელჩო: ვაფასებთ საქართველოს პოლიციის მხრიდან გამორჩეულ თანამშრომლობას სავიზო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში

აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს პოლიციის მხრიდან გამორჩეულ თანამშრომლობას სავიზო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში. „გასულ კვირას თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა თაღლითობაში ეჭვმიტანილი პიროვნება, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება, სავარაუდოდ, საქართველოს ორი მოქალაქისთვის ფულის სანაცვლოდ ვიზების აღებაში დახმარების გამო. ეს საქმე აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ახლო თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია და წარმოაჩენს საქართველოს შესაძლებლობებს სავარაუდო ყალბი დოკუმენტაციის გამოძიებაში. აშშ-ის საელჩო შეახსენებს პოტენციურ აპლიკანტებს, რომ მსგავსი ტიპის მოვაჭრეებს არ აქვთ სავიზო პროცესში დახმარების უნარი. ვიზისა და დოკუმენტაციის გაყალბება დანაშაულია, რომელსაც აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საქართველოში საწარმო დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გაუხსნეს. დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, დაზარალებულებს გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო მოტყუებით საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის მიზნით, მიღებული შემოსავლები, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, ფიქტიური დანიშნულებებით, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ გადარიცხეს. აღნიშნულით, ბრალდებულებმა უკანონოდ მიღებული, დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები, ბრალდებულების საკუთრებაში არსებული ოთხი ძვირადღირებული უძრავი ქონება და ორი ავტომანქანა. პროკურატურის მიერ ჩატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურამ ლატვიის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ „ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან და თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, მას დაახლოებით 34 000 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინეს ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა განათავსა პირად საბანკო ანგარიშებზე და პირადი საჭიროებისთვის განკარგა, რითაც მოახდინა დაახლოებით 20 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.  

საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერნეთაღლითობის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით გავრცელდა ინფორმაცია გათამაშების შესახებ, ბანკი კი არანაირი მსგავსი სახის ონლაინგათამაშების ორგანიზებას არ ახდენს, - საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერნეთაღლითობის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.  ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება, სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტსივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას,  გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს. „ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინგათამაშების ორგანიზებას არ ახდენს. გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტსივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას. პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა. დამატებით მოგიწოდებთ, დაიცვათ შემდეგი წესები: შემოწმების გარეშე არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება; გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი – ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის მისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი (კონტენტი); ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს; გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი – www.WHO.is, მომხმარებელს კონკრეტული მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. გადახდის სანდო წყარო – ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ., PayPal) მეშვეობით. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 032 2 406 406. საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებები კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე“, – ნათქვამია განცხადებაში.  

პროკურატურამ, კახეთში, სახელმწიფოს მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 13 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა ინდივიდუალური განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება მოითხოვეს. სარეგისტრაციო წარმოებისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. ასევე, განმცხადებელმა პირებმა, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების  მიზნით, ერთმანეთის სასარგებლოდ იცრუეს და დაადასტურეს, თითქოსდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, მომიჯნავედ, ფლობდნენ უძრავ ქონებას. მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 122,700 ლარად ღირებულ  79232 კვ.მ.  უძრავ ქონებას. პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), ხოლო მის თანასოფლელებს -  180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით  (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით), 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობაში დახმარება)  წარედგინათ. ბრალდებულები  გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთმევათ. საქართველოს პროკურატურა, ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს“, - ნათაქვამია პროკურატურის განცხადებაში.  

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი იყო, თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სხვადასხვა ვებ-გვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც, ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც ვითომდა უნდა დაწყებულიყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. „თაღლითური განზრახვის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულის მიერ ბინების გაყიდვის თაობაზე ფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებებიც, რომლის დამოწმებაც შემდგომ ნოტარიული წესით ხდებოდა. ბრალდებული დაკავებულ იქნა აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბინის შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი პირისგან, 30 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. წინასწარი მონაცემებით, ბრალდებულის მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა ჯამში აღემატება ნახევარ მილიონ აშშ დოლარს. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სხვა შესაძლო დაზარალებულ პირთა დადგენის მიზნით“, - აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პროკურატურა: კორუფციული დანაშაული გამოვავლინეთ

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, კორუფციული დანაშაული გამოავლინა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთ ფერმერს შესთავაზეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბორჯომისა და ახალქალაქის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებს თითქოსდა ქვეიჯარით გადასცემდნენ და სანაცვლოდ მას 25 000 ლარი მოსთხოვეს. დაზარალებულმა ბრალდებულებს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 11 200 ლარი გადასცა. ვინაიდან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს არ ჰქონდათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვისა და სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი, დაზარალებულმა ვერ შეძლო მათი გამოყენება და აღნიშნულის შედეგად, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების 7 ფაქტი გამოავლინა

თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 7-ვე პირს წარედგინა, - საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა. „პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს. რის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე, ჯამში 1 405 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 301 530 ლარის ზიანი მიაყენეს. ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ. შვიდივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენის და მხილების მიზნით. დღემდე, დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 58 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 921 829 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი დამნაშავედ ცნო - პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კომუნიკაცია დაამყარეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და მომგებიანი ინვესტიციის და მომსახურების გაწევის ცრუ პირობებით, ათეულობით ათასი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი განათავსეს პირად საბანკო ანგარიშებზე და დანაწევრებით განახორციელეს ტრანზაქციები, ასევე უკანონოდ მიღებული თანხებით შეიძინეს ძვირადღირებული ავტომობილები, რა გზითაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. ბრალდებულებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან/სასამართლოსთან და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია როგორც მოცემული დანაშაულის, ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მონაწილე პირების შესახებ. შესაბამისად, საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები და თითოეულ ბრალდებულს თანამშრომლობის ხარისხის შესაბამისი სასჯელი განესაზღვრა, ასევე დაეკისრათ ჯარიმა, ჯამში, 67 000 ლარის ოდენობით. განაჩენით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ გამოძიების ეტაპზე დაყადაღებული 360 000 ლარის ღირებულების სამი ავტომანქანა და 15 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.  

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონო წვდომა მოიპოვეს უცხოური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაზე და მათი კონტრაგენტი საწარმოების იდენტური დასახელების იურიდიული პირები დააფუძნეს საქართველოში. „მსჯავრდებულებმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და საფრანგეთში ოპერირებად კომპანიებს, რომელთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ ელექტრონული ფოსტის მიმოწერიდან, კონტრაგენტი საწარმოების სახელით გაუგზავნეს ცრუ შეტყობინებები და გასაწევი მომსახურების/შესაძენი საქონლის ღირებულება, მოტყუებით გადმოარიცხვინეს საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, 2020 წლის განმავლობაში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ არარეზიდენტი კომპანიების კუთვნილ ჯამში 655 808 აშშ დოლარს. გამამტყუნებელი განაჩენით ოთხივე მსჯავრდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.