ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონო წვდომა მოიპოვეს უცხოური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაზე და მათი კონტრაგენტი საწარმოების იდენტური დასახელების იურიდიული პირები დააფუძნეს საქართველოში.

„მსჯავრდებულებმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და საფრანგეთში ოპერირებად კომპანიებს, რომელთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ ელექტრონული ფოსტის მიმოწერიდან, კონტრაგენტი საწარმოების სახელით გაუგზავნეს ცრუ შეტყობინებები და გასაწევი მომსახურების/შესაძენი საქონლის ღირებულება, მოტყუებით გადმოარიცხვინეს საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, 2020 წლის განმავლობაში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ არარეზიდენტი კომპანიების კუთვნილ ჯამში 655 808 აშშ დოლარს.

გამამტყუნებელი განაჩენით ოთხივე მსჯავრდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.