თეგი: იანვარი-მარტი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით ზრდა +109.6%-ს შეადგენს, - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. „განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +83.8%-ს შეადგენს. საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“,-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 102%-ით გაიზარდა

2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 102%-ით გაიზარდა, - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ით გაიზარდა თურქეთიდან, 73.2% ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ. 2023 წლის 1 კვარტალში, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით აღსანიშნია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი და სხვა, ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით, ასევე, გამოირჩევა ევროკავშირი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.