თეგი: იმერეთი

იმერეთის გუბერნატორი: ძლიერი ქარის გამო 69 შენობა და ათამდე ავტომანქანა დაზიანდა

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წუხელ ძლიერი ქარის გამო 69 შენობა და ათამდე ავტომანქანა დაზიანდა. „იმერეთის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იყო ძლიერი ქარი. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. არის რიგი მუნიციპალიტეტები, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია, ქუთაისში 3 000-მდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება. ჩართულია ყველა სამსახური, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ აღნიშნული პრობლემები. პარალელურად ხდება ზარალის დათვლა, წინასწარ ციფრებზე ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა შალამბერიძემ. ცნობისთვის, იმერეთში მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან.  

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისხევში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული ორ კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.  

არასამთავრობი: იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა დეკლარაციების ნაწილში დარღვევები და ფაქტობრივი უზუსტობები აღმოჩნდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმერეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს, საიდანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოჩნდა, მათ შორის: დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარია - ქუთაისის, ტყიბულის, თერჯოლის, საჩხერის, წყალტუბოს, სამტრედიის, ხარაგაულის, ხონის, ჭიათურის, ზესტაფონის, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებზე, რომლის დეტალურად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.  

იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვანზე განხორციელებული იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ვანში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალებით ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს.  

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული გ.მ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მარკეტის მოლარე ოპერატორს, ძალის გამოყენებით გასტაცა სალაროს უჯრა, მასში არსებული თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. პოლიციამ ძარცვის შედეგად დაუფლებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ ძარცვას გულისხმობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.