„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმერეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს, საიდანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოჩნდა, მათ შორის: დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარია - ქუთაისის, ტყიბულის, თერჯოლის, საჩხერის, წყალტუბოს, სამტრედიის, ხარაგაულის, ხონის, ჭიათურის, ზესტაფონის, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებზე, რომლის დეტალურად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.