თეგი: კინო

პრეზიდენტი: ყურადღებით ვადევნებ თვალს, რაც კინოსექტორში ხდება, ეს არის საბჭოთა წესების გაგრძელება

პრეზიდენტი კინოცენტრთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „ყურადღებით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება და არამხოლოდ კინოსექტორში - ესაა გაგრძელება საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ არცერთი რეჟიმის პირობებში“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში როცა ხელისუფლება გრძნობს, რომ მისი მხარდაჭერა შერყეულია და არჩევნების მოგება გარანტირებული აღარაა, ამას ვერ ეგუებიან და „იწყება თავდავიწყება“. „მე კონსტიტუციით ვარ ყველა უფლების დაცვის გარანტორი, ამიტომ ეს ყველაფერი მეხება და ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება და არამხოლოდ კინო სექტორში. ეს არის გაგრძელება იმ საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ და არ გამოვსულვართ არც ერთი რეჟიმის დროს. ვიღაცამ არ მოიტანოს ახლა ის, რომ მანამდე, წინა ხელისუფლება ამაში იყო უმწიკვლო და დღეს არის... არ მთავრდება ეს, როგორც კი ხელისუფლება შედის თავის მმართველობის იმ პერიოდში, როცა გრძნობს, რომ შეიძლება მისი ლეგიტიმურობა, ხალხში მხარდაჭერა ცოტა შერყეულია, რაც ბუნებრივია დემოკრატიულ სისტემაში. არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მთავრობა და ხელისუფლება თუ არის რამდენიმე წელი ხელისუფლებაში, ჩადის მისი რეიტინგი, ჩვენთან ვერ ეგუებიან ამას, რომ რეიტინგი ჩადის, გარანტირებული აღარ არის არჩევნების მოგება და მერე იწყება თავდავიწყება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

აზერბაიჯანი და თურქეთი ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ერთობლივ ფილმს გადაიღებენ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კინოს სააგენტოს (ARKA) და ცნობილ თურქულ კინოკომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება ARKA. მემორანდუმი სააგენტოსა და თურქეთის ცნობილ კინოკომპანიებს Skala Film Production-სა და Tulpar Film-ს შორის გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, დაგეგმილია ერთობლივი ფილმის, სახელწოდებით - Altin Qatar (ოქროს მატარებელი) წარმოება, რომელიც უახლოეს მომავალში აზერბაიჯანისა და თურქეთის ბაზრებზე გამოვა. ფილმი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მე-20 საუკუნის დასაწყისის ურთიერთობს შეეხება. თურქული კომპანიები აზერბაიჯანის კინოინდუსტრიაში ინვესტიციებს პირველად ახორციელებენ. ფილმს ფინანსურ მხარდაჭერას თურქები გაუწევენ. მემორანდუმში ასევე ასახულია TURKSOY-ის წევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერის მიღების საკითხიც.