თეგი: მარიამობა

პატრიარქი: კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგების დროს განაცხადა, რომ „კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს“. „გილოცავთ მარიამობას, დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა. შესთხოვეთ, რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას. პატრიარქმა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ მრევლს სიონობაც მიულოცა „დღეს ჩვენ ვიხსენიებთ ჩვენს წინაპრებს. ასე რომ, ზეიმი ორმაგია - ზეციური და ქვეყნიერი. აგრეთვე ვულოცავთ ჩვენს წინაპრებს მარიამობის დღესასწაულს. თქვენ ახლა იგალობეთ „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“. კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობლისა. ვისაც გაქვთ დრო და საშუალება, დღეს წაიკითხოთ „ღვთისმშობლის დაუჯდომელი“. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. მე მუდამ თქვენთან ვარ სულით და ხორცით. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა ილია მეორემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

მართლმადიდებლური ეკლესია, ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.