სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგების დროს განაცხადა, რომ „კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს“.
„გილოცავთ მარიამობას, დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა. შესთხოვეთ, რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას.
პატრიარქმა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ მრევლს სიონობაც მიულოცა
„დღეს ჩვენ ვიხსენიებთ ჩვენს წინაპრებს. ასე რომ, ზეიმი ორმაგია - ზეციური და ქვეყნიერი. აგრეთვე ვულოცავთ ჩვენს წინაპრებს მარიამობის დღესასწაულს. თქვენ ახლა იგალობეთ „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“. კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობლისა.
ვისაც გაქვთ დრო და საშუალება, დღეს წაიკითხოთ „ღვთისმშობლის დაუჯდომელი“. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. მე მუდამ თქვენთან ვარ სულით და ხორცით. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა ილია მეორემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.