თეგი: მძღოლები

A კატეგორიის ნებართვა ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მუდმივ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე A კატეგორიის ნებართვა ფასიან აქტივად გადაიქცევა და ტაქსის მძღოლებს მუდმივ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ. ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი აპრილიდან ამოქმედდება როგორც ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტი 2023 წლის პირველ აპრილს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს გადასცემს ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე ერთხელ მაინც ფლობდა ან 2023 წლის 20 მარტამდე აიღებს ასეთ ნებართვას. ამასთან, პირველი აპრილიდან გაცემული ახალი A კატეგორიის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას. აქტივაციის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე. A კატეგორიის ნებართვა, რომელიც არ გააქტიურდება დადგენილ ვადაში, ავტომატურად გაუქმდება აღნიშნული ვადის გასვლისთანავე. მისი საფასური უცვლელია და დაანგარიშდება დღიურად. ერთ ფიზიკურ პირზე მხოლოდ ერთი ნებართვა გაიცემა.

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა, რომლებსაც არ აქვთ ნებართვა, 20 მარტამდე უნდა აიღონ - კალაძე

პირებმა, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, მუნიციპალიტეტს ლიცენზიისთვის 20 მარტამდე უნდა მიმართონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „საზოგადოებამ უკვე იცის, რომ 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან განსხვავებული მოდელი ამოქმედდება - ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონვე შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირველ აპრილს ვეღარ მიიღებენ უვადო ნებართვებს. გარდა ამისა, გაიზრდება უნებართვო საქმიანობაზე ჯარიმების გადასახადი“, - განაცხადა კახა კალაძემ.