პირებმა, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, მუნიციპალიტეტს ლიცენზიისთვის 20 მარტამდე უნდა მიმართონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„საზოგადოებამ უკვე იცის, რომ 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან განსხვავებული მოდელი ამოქმედდება - ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონვე შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირველ აპრილს ვეღარ მიიღებენ უვადო ნებართვებს. გარდა ამისა, გაიზრდება უნებართვო საქმიანობაზე ჯარიმების გადასახადი“, - განაცხადა კახა კალაძემ.