თეგი: მხატვარი

ბოსტონში, ცნობილი ქართველი მხატვარი დეივიდ დათუნა გარდაიცვალა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი - მხატვარი დეივიდ დათუნა 48 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. დეივიდ დათუნა ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადებაა. ხელოვანი, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ბოსტონის კლინიკაში 24 მაისს გარდაიცვალა. Business Insider-ის და სხვა მრავალი გამოცემის თანახმად დეივიდ დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება. მხატვრის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს. თავად ხელოვანის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლო, არამედ ერთგვარი განცალკევებული ორგანიზმია. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „საქართველო — მილიონთა იმედი“ მან საქართველოს მიუძღვნა.

94 წლის ასაკში მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე გარდაიცვალა

94 წლის ასაკში მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, ჯიბსონ ხუნდაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1957-1960 წლებში იყო ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, 1962-1964წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების განყოფილებისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ხატვა-ფერწერის პედაგოგი. ხუნდაძის გამოფენები მოეწყო საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში, უკრაინაში, ისლანდიასა და შვეიცარიაში; ავტორია ჟურნალ-გაზეთებში თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე გამოქვეყნებული წერილებისა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კულტურის სამინისტროს ფონდში, საფრანგეთის, აშშ, იტალიის, ავსტრიის კერძო კოლექციებში. არის მე-6 მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1956), ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ ლაურეატი (1997), ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრიზის მფლობელი (1999). ამასთან, მხატვარს მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ასევე  საქართველოს სახელმწიფო პრემია, ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია. არის ღირსების ორდენოსანი.