თეგი: ნაურუ

ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩინეთისთვის „საშიში სეპარატისტის“ გამარჯვების შემდეგ, მიკრონეზიაში მდებარე ქვეყანა ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ნაურუს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცდილობს, განაახლოს ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც ტაივანს საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. „პოლიტიკის ამგვარი ცვლილება ნაურუს განვითარებაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ განაცხადა ქვეყნის ხელმძღვანელობამ. ჩინეთი ნაურუს გადაწყვეტილებას მიესალმა.  მსოფლიოში დარჩა 12 სახელმწიფო, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ ტაივანთან როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ჩინეთმა ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა

ჩინეთმა ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. შესაბამის ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ და ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლაიონელ აინგიმეამ პეკინში გამართულ ცერემონიაზე ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და ნაურუ გეოგრაფიულად ერთმანეთისგან შორს არიან და უზარმაზარი ოკეანეებით არიან დაშორებულები, ორი ხალხის მეგობრობას დიდი ისტორია აქვს,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩინეთსა და ნაურუს შორის ელჩების დონეზე კავშირები დაუყოვნებლივ განახლდება.  მანამდე, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნაურუს მთავრობის ქმედება ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, სუვერენული გადაწყვეტილებაა, ის მაინც იმედგაცრუებას იწვევს. დეპარტამენტი ქვეყნებს მოუწოდებს, გააფართოონ ჩართულობა ტაივანთან. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური ურთიერთობების სანაცვლოდ, რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება,“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.